საქმე №ას-349-2025
15 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - შპს „კ.ტ.მ.ა–ქ–ა“, შპს კ.ტ.მ.ა–ჩ–ი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.მ–ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელთა მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, გათვისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „კ.ტ.მ.ა–ქ–ისა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან პირველი დამსაქმებელი) და შპს კ.ტ.მ.ა–ჩ–ის“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან მეორე დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა:
1.1.1. პირველი დამსაქმებელი კომპანიის 06.02.2023 წლის #023-004/1 ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.1.2. მოსარჩელის აღდგენა პირველ მოპასუხე კომპანიაში ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე;
1.1.3. პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 07.03.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად დარიცხული 500 ლარის დაკისრება;
1.1.4. მეორე დამსაქმებელი კომპანიის 06.02.2023 წლის #023-001 ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.1.5. მოსარჩელის აღდგენა მეორე მოპასუხე კომპანიაში ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე;
1.1.6. მეორე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 07.03.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად დარიცხული 1875 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხეთა შესაგებელი
2.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47.1-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი, კერძოდ კომპანიებში განხორციელებული რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია ექსპორტის მენეჯერის პოზიციის გაუქმება.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის მიერ 06.02.2023 წელს #023-004/1 ბრძანებით გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 07.04.2023 წლიდან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს 01.12.2023 წლისა, იძულებითი განაცდურის სახით, ყოველთვიურად დარიცხული 500 ლარის, სულ ჯამში დარიცხული 3 866.66 ლარის გადახდა; ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოპასუხის მიერ 06.02.2023 წელს #023-001 ბრძანებით გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მეორე მოპასუხე კომპანიაში გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობისათვის მეორე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3750 ლარის გადახდა; მეორე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 07.04.2023 წლიდან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის, იძულებითი განაცდურის სახით, ყოველთვიურად დარიცხული 1 875 ლარის გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის გაჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. პირველი და მეორე მოპასუხე კომპანიები არიან შპს ,,კ.ტ.მ–ის’’ შვილობილი კომპანიები, რომელთა 100% წილის მესაკუთრე პარტნიორია შპს ,,კ.ტ.მ–ა’’.
4.3. მოსარჩელე 2019 წლის 11 ივნისიდან დასაქმებული იყო მეორე მოპასუხე კომპანიაში ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე, განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 1875 ლარს.
4.4. აღნიშნულის პარალელურად, 2021 წლის 1 ივლისიდან მოსარჩელე დასაქმდა პირველ მოპასუხე კომპანიაში ასევე ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე, 2023 წლის 1 იანვრამდე ვადით. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 500 ლარს.
4.5. დასაქმებული ორივე მოპასუხესთან შრომით საქმიანობას ახორციელებდა ერთდროულად ერთ სამუშაო სივრცეში.
4.6. თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო უზრუნველეყო:
- ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
- შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი;
- ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
- შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება კონტროლი;
- გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/ გამოფენაში მონაწილეობის მიღება;
- ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
- საჭიროების შემთხვევაში ახალი პროდუქციის შექმნა და შეთავაზება ახალ ბაზარზე;
- საჭიროებიდან გამომდინარე იმპორტთან დაკავშირებით დავალებების შესრულება.
4.7. პირველი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2023 წლის 6 თებერვლის N023-004/1 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე 2023 წლის 7 მარტიდან გათავისუფლდა ექსპორტის მენეჯერის პოზიციიდან, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.8. ასევე, მეორე მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2023 წლის 6 თებერვლის N023-001 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე 2023 წლის 7 მარტიდან გათავისუფლდა ექსპორტის მენეჯერის პოზიციიდან, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.9. N023-004/1 და N023-001 ბრძანებების დასაბუთების ნაწილში, დასაქმებულს განემარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა პირველ და მეორე დამსაქმებელ კომპანიებში ექსპორტის მენეჯერის თანამდებობის გაუქმება.
4.10. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია ორივე კომპანიისაგან ერთი თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობით.
4.11. 2023 წლის 23 მარტის N23.03/232 და 23.03/231 ბრძანებებით, ,,ტექნიკურ ხარვეზზე’’ მითითებით, დამსაქმებლებმა ცვლილება განახორციელეს 2023 წლის 6 თებერვლის N023-004/1 და N023-001 ბრძანებებში და სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის ნაცვლად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითეს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4.12. აპელანტთა მოსაზრებით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის წინაპირობების არარსებობასთან მიმართებით, რადგანაც შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა გამოიწვია მოპასუხე კომპანიებში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ და იმ ფინანსურმა სიძნელეებმა, რომელთა გამოც კომპანია იძულებული გახდა შეემცირებინა საშტატო ნუსხა.
4.13. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის უკანონობაზე, უარყოფს კომპანიებში რეორგანიზაციის განხორციელებას და აპელირებს სადავო ბრძანებებში მითითებულ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის განსხვავებულ სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით არ დგინდება ობიექტური გარემოების არსებობა, რასაც შეეძლო გაემართლებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
4.14. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე. ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისათვის (იხ. სუსგ #ას-1404-2022, 15.02.2023 წ.).
4.15. უდავოა რომ თავდაპირველად მიღებული გათავისუფლების თაობაზე ბრძანებებით მოსარჩელე დამსაქმებელი კომპანიებიდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტზე (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) მითითებით, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას ობიექტური გარემოების არსებობისას. ასევე უდავოა, რომ შრომითი ხელშეკრულების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდგომ, 2023 წლის 23 მარტს დამსაქმებლებმა გამოსცეს დამატებითი ბრძანებები ტექნიკური უზუსტობის გასწორების მოტივით, რომელთა საფუძველზეც შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად განსაზღვრეს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) და მიუთითეს კომპანიაში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე.
4.16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, არ იქნა გათვალისწინებული დამსაქმებლების მტკიცება რეორგანიზაციასა და აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით, ხოლო სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია იმგვარი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გაამართლებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
4.17. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მითითებული მსჯელობა და განმარტებულია, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია რეორგანიზაციის საფუძვლით, რის გამოც სასამართლოს უნდა შეეფასებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ დასახელებული ნორმით განსაზღვრული წინაპირობების საფუძველზე.
4.18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მტკიცება სადავო ბრძანებებში ტექნიკური ხასიათის უზუსტობის დაშვებასთან მიმართებით, რადგანაც ბრძანებათა გამოცემა და მათი დასაბუთება განხორციელდა 2023 წლის 6 თებერვალს, ხოლო აღნიშნულ ბრძანებებში შესწორებები შევიდა შრომითი ხელშეკრულების ფაქტობრივად შეწყვეტის (07.03.2023 წ.) შემდგომ - 2023 წლის 23 მარტს. საგულისხმოა, რომ არც თავად ბრძანებები და არც დასაბუთებები არ შეიცავს ჩანაწერს რეორგანიზაციასთან მიმართებით, ხოლო დასაბუთებაში აღნიშნული გარემოება ექსპორტის მენეჯერის პოზიციის გაუქმებასთან მიმართებით, ვერ განიხილება კომპანიაში განხორციელებულ რეორგანიზაციად. მხოლოდ ერთი საშტატო ერთეულის გაუქმებაზე აპელირება დასაქმებულის მხრიდან ვერ აღიქმებოდა რეორგანიზაციად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ორივე ბრძანება შეიცავს მითითებას სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა დამოუკიდებელ ობიექტურ საფუძველს ითვალისწინებს და რისი დადასტურებაც დამსაქმებლის მოვალეობაა.
4.19. სშკ-ის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წერილობით შეტყობინებაში დაასაბუთოს ის ობიექტური გარემოება, რომელიც, მისი შეხედულებით, ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
4.20. სშკ-ის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
4.21. განსახილველ შემთხვევაში, მართალია დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულს აცნობა 1 თვით ადრე და შესაბამისად მისცა ერთი თვის კომპენსაცია, თუმცა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წარდგენილი ინფორმაცია არ შეიცავდა საკმარის დასაბუთებას, თუ რა ობიექტური გარემოება ამართლებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. მხოლოდ მითითება ექსპორტის მენეჯერის პოზიციის გაუქმებასთან მიმართებით, ვერ მიიჩნევა საკმარის საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. წერილობით დასაბუთებაში სულ მცირე მითითებული უნდა ყოფილიყო ის წინაპირობები, რამაც განაპირობა კონკრეტული პოზიციის გაუქმების საჭიროება, ასევე მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იყო თუ არა სხვა ალტერნატიულ პოზიციაზე დასაქმებულის გადაყვანა და ამ გზით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება. ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ თავად დასაქმებული უარყოფს მის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმებას და სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას.
4.22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით საქმეზე წარმოდგენილი „დასაბუთებები“ მათში ასახული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნევა სშკ-ის 47.3-ე მუხლით დამსაქმებლისათვის დაწესებული ვალდებულების ჯეროვან შესრულებად, რადგანაც ზოგადი მითითება პოზიციის გაუქმებასთან მიმართებით, შესაბამისი წინაპირობების მიუთითებლობის გათვალისწინებით, ვერ განიხილება კოდექსით დადგენილი სტანდარტით დასაბუთებად.
4.23. რაც შეეხება დამსაქმებლების მიერ გამოცემულ ბრძანებებს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ, აღნიშნული ბრძანებები იურიდიული ძალის მატარებელი ვერ იქნება, ვინაიდან ხარვეზის გამოსწორება თუ ბრძანებაში მართლაც იყო ხარვეზი, უნდა მომხდარიყო 06.02.2023 წლიდან - 07.03.2023 წლამდე პერიოდში, ვიდრე დასაქმებულთან შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობა. 07.03.2023 წელს მხარეთა შორის უკვე შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, 23.03.2023 წელს გამოცემული ბრძანებები, რომლითაც დამსაქმებლებმა შეცვალეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი და მიუთითეს დავის შემთხვევაში მათთვის ხელსაყრელი საფუძველი, ვერ იქნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგების მომტანი უკვე შეწყვეტილ შრომით ურთიერთობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელი ნებისმიერი საფუძვლით გამოავლენს ნებას დასაქმებულთან და დამსაქმებლის მიერ დავის წამოწყების შემთხვევაში, შეცვლის გამოვლენილი ნების საფუძვლებს მისთვის ხელსაყრელი საფუძვლით, რაც სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია.
4.24. ამასთანავე, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება თავად რეორგანიზაციის ჩატარება. მხოლოდ ზეპირი აპელირება კი, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე და კადრების შემცირების საჭიროებასთან მიმართებით, ვერ მიიჩნევა საკმარის ფაქტორად რეორგანიზაციის განხორციელების ფაქტის დადასტურებისათვის და აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულის გათავისუფლებასთან მიმართებით.
4.25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (იხ. სუსგ #ას-1256-2023, 25.11.2023 წ.), რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1) „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო.
4.26. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლებმა ვერ უზრუნველყვეს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაედასტურებინათ მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები რეორგანიზაციის განხორციელებასა და აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართებულობასთან მიმართებით.
4.27. საგულისხმოა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი პროცესუალური საკითხი სასამართლო მთავარი სხდომის დანიშვნასა და შესაბამისად, მტკიცებულებების წარდგენის შეზღუდვასთან მიმართებით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგანაც საქალაქო სასამართლოს მხრიდან მთავარი სხდომა დაინიშნა სარჩელისა და შესაგებლის წარდგენის შემდგომ, რისი უფლებაც სასამართლოს მინიჭებული აქვს სსსკ-ის 207.1-ე მუხლის საფუძველზე (მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტების მოთხოვნა სასამართლო მოსამზადებელი სხდომის დანიშვნასთან მიმართებით დაუსაბუთებელია, რადგანაც იმავე სსსკ-ის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამზადებელი სხდომა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე, თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა...
4.28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დასაქმებულმა სარჩელი აღძრა 2023 წლის 28 მარტს, მოპასუხე კომპანიებს სარჩელი ჩაჰბარდათ 2023 წლის 6 აპრილს, ხოლო შესაგებელი წარდგენილ იქნა 2023 წლის 18 აპრილს. 2023 წლის 18 აპრილს სასამართლომ მიიღო განჩინება საქმის მედიატორისათვის გადაცემისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. უდავოა, რომ სამედიაციო მორიგება მხარეთა შორის ვერ შედგა, რის შემდგომაც 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება, ხოლო 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით დაინიშნა სასამართლო მთავარი სხდომა.
4.29. ამდენად, სასამართლო მთავარი სხდომა დაინიშნა სარჩელის წარდგენიდან დაახლოებით 3 თვის შემდგომ, რა დროის მანძილზეც მოპასუხეებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და უზრუნველყოთ მათი პოზიციის მართებულობის დასაბუთება. საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარე ვერ უთითებს ვერც იმ საპატიო გარემოებაზე, თუ რამ განაპირობა თავად შესაგებლის წარდგენის ეტაპზე მტკიცებულებების წარუდგენლობა, რა ხელშემშლელი ფაქტორი არსებობდა და რატომ ვერ უზრუნველყო მოპასუხე მხარემ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, საკუთარი უფლებების ჯეროვანი და დროული უზრუნველყოფა.
4.30. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელირება სასამართლო მთავარი სხდომის დანიშვნასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით დაუსაბუთებელი და გადაჭარბებულია, შესაბამისად ამ მხრივაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/გაუქმების პროცესუალური წინაპირობა.
4.31. რაც შეეხება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წინაპირობას (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც მართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას), სააპელაციო სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში არც კონკრეტული პუნქტით განსაზღვრული ობიექტური გარემოებაა სახეზე, რასაც შეეძლო გაემართლებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. აღნიშნულზე არც თავად აპელანტი მიუთითებს, იმ დასაბუთებით, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა არა „ო“, არამედ „ა“ ქვეპუნქტმა.
4.32. სსსკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება არა დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელს, რომელმაც უნდა შეძლოს ობიექტური გარემოებების და შესაბამისად საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება.
4.33. კანონმდებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ამგვარი ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია მომეტებული პასუხისმგებლობითა და განსაკუთრებული სიფრთხილით, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შეფასებით გადაწყვიტოს ობიექტური გარემოებით გათავისუფლების შემთხვევა. კანონმდებლის ამგვარი მიდგომითაა განპირობებული სშკ-ის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის ჩანაწერით დამსაქმებლის ვალდებულებაც - ამ საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში კანონის 48-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წერილობით შეტყობინებაში დაასაბუთოს ის ობიექტური გარემოება, რომელიც, მისი შეხედულებით, ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
4.34. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლები სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში იმყოფებიან მათთან დასაქმებულ თანამშრომლებთან და გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან გულისხმიერი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოიჩინონ თითოეული თანამშრომლის კანონით გარანტირებული უფლებებისადმი (სსკ-ის 8.3 და 316.2 მუხლები).
4.35. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით აპელანტებს არ დაუსახელებიათ არავითარი ობიექტური გარემოება, რომელიც გაამართლებდა შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლი შეიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძველს, მათ შორის ამავე მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ნორმით კონკრეტულად დასახელებული შემთხვევების გარდა, სხვა ობიექტური საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რისი დასაბუთებისა და დადასტურების ვალდებულება დამსაქმებელს აწევს. აპელანტის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები კი, ვერ განიხილება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმგვარ ობიექტურ გარემოებად, რაც გაამართლებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
4.36. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობის პირობებში, მიზანშეწონილია მოხმობილი იქნეს სშკ-ის 48.8-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი სადავოობისას, დასაქმებული უფლებამოსილია მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, ან ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღდგენის ნაცვლად, მოითხოვოს კომპენსაცია.
4.37. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დასაქმებულის მოთხოვნა. კერძოდ, პირველი მოპასუხის ნაწილში, რამდენადაც დადგენილი იქნა ვადიანი შრომითი ურთიერთობის არსებობა, 2023 წლის 1 იანვრამდე ვადით, რომელიც ერთი წლის შემდგომ კვლავ გაგრძელდა 1 (ერთი) წლის ვადით და სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია/იძულებითი განაცდური, 07.04.2023 წლიდან, არაუმეტეს - 01.12.2023 წლისა, იძულებითი განაცდურის სახით, ყოველთვიურად დარიცხული 500 ლარის, ჯამში დარიცხული 3866.66 ლარის გადახდა; ხოლო მეორე მოპასუხის ნაწილში, რამდენადაც დადგენილი იყო უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კონკრეტულ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენაცია - 3750 ლარის ოდენობით და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 07.04.2023 წლიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 1875 ლარის ოდენობით.
4.38. ორივე შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა დამსაქმებლის მხრიდან გაცემული ერთი თვის კომპენსაცია და შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაიწყო ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვის შემდგომ - 07.04.2023 წლიდან.
4.39. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ #ას-931-2022, 6.10.2022 წ.).
4.40. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც ბათილად იქნა ცნობილი მეორე დამსაქმებელი კომპანიის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკისათვის, კომპენსაციის სახით - 3750 ლარის მიკუთვნება, რაც შეადგენს 2 თვის სახელფასო ანაზღაურებას, ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის მოქმედებდა უვადო შრომის ხელშეკრულება.
4.41. სშკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
4.42. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 394.1-ე და 408.1-ე მუხლებზე დაყრდნობით გამართლებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. საქმეზე დადგენილია, რომ ა) დამსაქმებელებმა უკანონოდ შეწყვიტეს, შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან (მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება), ბ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდში მოსარჩელემ ვერ შეძლო სახელფასო ანაზღაურების მიღება (ზიანი) გ) რომ არა დამსაქმებელთა უკანონო ბრძანებები მოსარჩელე შეძლებდა შემოსავლის მიღებას (მიზეზობრივი კავშირი). განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელთა უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
4.43. წინამდებარე დავის ფარგლებში, რამდენადაც დადგინდა მოპასუხეთა მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაუმართლებელი შეწყვეტა, საფუძვლიანად უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რის გამოც მოპასუხეებს მოსარჩელიის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 7 აპრილიდან, ყოველთვიურად პირველი მოპასუხის ნაწილში - 500 ლარის ოდენობით (ჯამში - 3866.66 ლარი), ხოლო მეორე მოპასუხის ნაწილში - 1875 ლარის ოდენობით და აღნიშნულ ნაწილშიც არ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
5. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დასაქმებულის სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
5.2. კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დამსაქმებლების მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ამასთან, სამუშაო ძალა რეალურად შემცირდა.
5.3. კასატორების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ისე დანიშნა მთავარი სხდომა, რომ მოპასუხეებს მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა მოუსპო. საქალაქო სასამართლომ პირდაპირ მთავარი სხდომა დანიშნა, რაც საპროცესო დარღვევაა. კასატორები მიიჩნევენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.
5.4. კასატორებმა მიუთითეს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებებს ახლდა დასაბუთება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. დამსაქმებლებს არ შეუცვლიათ დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების საფუძველი, მათ ტექნიკური ხარვეზი გაასწორეს, რაც დავის დაწყებამდე მოხდა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამაართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილს მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დადგენილი.
11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შესაბამისი უფლებრივი რესტიტუციაა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით, გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი) (იხ. სუსგ №ას-161-2021, 04.06.2021 წ.).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს (მოპასუხეებს) ორი ძირითადი საკასაციო პრეტენზია აქვთ - 1) სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დამსაქმებელების მძიმე ფინანსური მდგომარეობა; სამუშაო ძალა რეალურად შემცირდა; სადავო ბრძანებები შეიცავს შესაბამის დასაბუთებას; გათავისუფლების საფუძველი არ შეცვლილა, ტექნიკური ხარვეზი გასწორდა; 2) საქალაქო სასამართლომ პირდაპირ მთავარი სხდომა დანიშნა, რაც საპროცესო დარღვევაა; მოპასუხეებს მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა შეეზღუდათ; საბოლოო ჯამში მათი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (სუსგ: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მართებულადაა დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14.1. მოსარჩელე 2019 წლის 11 ივნისიდან დასაქმებული იყო მეორე მოპასუხე კომპანიაში ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე, განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 1875 ლარს;
14.2. აღნიშნულის პარალელურად, 2021 წლის 1 ივლისიდან მოსარჩელე დასაქმდა პირველ მოპასუხე კომპანიაში ასევე ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე, 2023 წლის 1 იანვრამდე ვადით. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 500 ლარს;
14.3. პირველი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2023 წლის 6 თებერვლის N023-004/1 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე 2023 წლის 7 მარტიდან გათავისუფლდა ექსპორტის მენეჯერის პოზიციიდან, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე;
14.4. ასევე, მეორე მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2023 წლის 6 თებერვლის N023-001 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე 2023 წლის 7 მარტიდან გათავისუფლდა ექსპორტის მენეჯერის პოზიციიდან, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე;
14.5. N023-004/1 და N023-001 ბრძანებების დასაბუთების ნაწილში, დასაქმებულს განემარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა პირველ და მეორე დამსაქმებელ კომპანიებში ექსპორტის მენეჯერის თანამდებობის გაუქმება;
14.6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია ორივე კომპანიისაგან ერთი თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობით;
14.7. 2023 წლის 23 მარტის N23.03/232 და 23.03/231 ბრძანებებით, ,,ტექნიკურ ხარვეზზე’’ მითითებით, დამსაქმებლებმა ცვლილება განახორციელეს 2023 წლის 6 თებერვლის N023-004/1 და N023-001 ბრძანებებში და სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის ნაცვლად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითეს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო ბრძანებებში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტზე (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) და განმარტავს: იმისათვის, რომ დადგინდეს „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობა, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის; ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნების ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. სუსგ №ას-715-2019, 04.07.2019წ.; №ას-660-2020, 11.03.2022წ.; №ას-800-2022, 27.07.2023წ.).
16. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტული და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-1001-2018, 05.03.2021წ; №ას-1185-2022, 19.10.2022წ; №ას-523-2023, 06.07.2023წ.).
17. სშკ-ის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წერილობით შეტყობინებაში დაასაბუთოს ის ობიექტური გარემოება, რომელიც, მისი შეხედულებით, ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
18. სშკ-ის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულს აცნობა 1 თვით ადრე და შესაბამისად მისცა ერთი თვის კომპენსაცია, თუმცა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წარდგენილი ინფორმაცია არ შეიცავდა საკმარის დასაბუთებას, თუ რა ობიექტური გარემოება ამართლებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. წერილობით დასაბუთებაში სულ მცირე მითითებული უნდა ყოფილიყო ის წინაპირობები, რამაც განაპირობა კონკრეტული პოზიციის გაუქმების საჭიროება, ასევე მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იყო თუ არა სხვა ალტერნატიულ პოზიციაზე დასაქმებულის გადაყვანა და ამ გზით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება.
20. ამდენად, დამსაქმებელებს სშკ-ის 47.3-ე მუხლით დაწესებული ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებიათ, რადგანაც ზოგადი მითითება პოზიციის გაუქმებასთან მიმართებით, შესაბამისი წინაპირობების მიუთითებლობის გათვალისწინებით, ვერ განიხილება კოდექსით დადგენილი სტანდარტით დასაბუთებად. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, განჩინება, რადგან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები ბათილია, რასაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რესტიტუცია მოჰყვა შედეგად და მის შედეგებს საკასაციო სასამართლო აღარ შეაფასებს, რადგან დასაქმებულს არც საკასაციო და არც სააპელაციო საჩივრები არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება სადავო ბრძანებებში ტექნიკური ხასიათის უზუსტობის დაშვებასთან მიმართებით, რადგანაც ბრძანებათა გამოცემა და მათი დასაბუთება განხორციელდა 2023 წლის 6 თებერვალს, ხოლო აღნიშნულ ბრძანებებში შესწორებები შევიდა შრომითი ხელშეკრულების ფაქტობრივად შეწყვეტის (07.03.2023 წ.) შემდგომ - 2023 წლის 23 მარტს. საგულისხმოა, რომ არც თავად ბრძანებები და არც დასაბუთებები არ შეიცავს ჩანაწერს რეორგანიზაციასთან მიმართებით, ხოლო დასაბუთებაში აღნიშნული გარემოება ექსპორტის მენეჯერის პოზიციის გაუქმებასთან მიმართებით, ვერ განიხილება კომპანიაში განხორციელებულ რეორგანიზაციად. მხოლოდ ერთი საშტატო ერთეულის გაუქმებაზე აპელირება დასაქმებულის მხრიდან ვერ აღიქმებოდა რეორგანიზაციად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ორივე ბრძანება შეიცავს მითითებას სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა დამოუკიდებელ ობიექტურ საფუძველს ითვალისწინებს და რისი დადასტურებაც დამსაქმებლის მოვალეობაა.
22. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ქმნის დასაქმებული პირების შემცირების შესაძლებლობას რეორგანიზაციის საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, ფარავს უფრო ფართო შემთხვევებს, რომლებიც დამსაქმებელს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, იძულებულს ხდის, შეწყვიტოს საქმიანობა და შესაბამისად, - შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან.
23. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დამსაქმებელი კომპანიის ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსით (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა), ბათილია და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ-ები ას-1298-2021, 16.06.2022წ; N ას-466-2021, 27.09.2022წ; N ას-388-2021, 31.10.2022წ; . N ას-300-2022, 15.02.2023წ.; №ას-1042-2024 11.10.2024 წ).
24. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება თავად რეორგანიზაციის ჩატარების ფაქტი.
25. კასატორების პრეტენზიას, პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნით (მოსამზადებელი სხდომის დაუნიშვნელობით) მათი სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს:
25.1. „საპროცესო კოდექსის ის თავი, რომელიც საქმის მომზადების სტადიას ეხება, ითვალისწინებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესაძლებლობასაც (205-ე მუხლი), მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მოსამზადებელი სხდომა საქმის მომზადების სტადიის სავალდებულო ელემენტია და მისი დანიშვნა ყოველთვის აუცილებელია, არამედ მისი დანიშვნა სსსკ-ის 205-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, მოსამართლის მიხედულებაზეა დამოკიდებული“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი“; მეორე გამოშვება, შვსებული და გადამუშავებული; რედაქტორი; პროფესორი რომან შენგელია გამომცემლობა „მერიდიანი“; 2015; გვ. 415). საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან საქმის მომზადების მიზანს (სსსკ-ის მე-200 მუხლი); მოპასუხის პასუხს /შესაგებელს/ (სსსკ-ის 201-ე მუხლი); მოქმედებას, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით (სსსკ-ის 203-ე მუხლი) და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას (სსსკ-ის 205-ე მუხლი). „საქმის მომზადება შეიძლება დაიწყოს სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ (სსსკ-ის 183-ე მუხლი) დაუყოვნებლივ... მომზადების ეტაპზე სასამართლომ საბოლოოდ უნდა დააზუსტოს და განსაზღვროს გარემოებები, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს (მტკიცების საგანი), მტკიცებულებები, რომელთა საშუალებით მხარეებს სურთ ამ გარემოებების დამტკიცება (დადასტურება), მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (კანონი), რომლის გამოყენებითაც უნდა მოხდეს დადასტურებული გარემოებების იურიდიული შეფასება (კვალიფიკაცია) და ბოლოს, ამ საქმეზე გადაწყვეტილების წინასწარი (არასაბოლოო) პროექტი“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი“; მეორე გადამუშავებული და შესწორებული გამოცემა; გამომცემლობა „სამართალი“, 2007წ; გვ. 358-359). სსსკ-ის 205-ე მუხლით დადგენილი საპროცესო მოწესრიგება მოსამზადებელი სხდომის დანიშვის შესახებ „... არაა საქმის მოზადების სტადიის სავალდებულო და აუცილებელი ელემენტი“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი“; მეორე გადამუშავებული და შესწორებული გამოცემა; გამომცემლობა „სამართალი“, 2007წ; გვ. 369);
25.2. კასატორთა არგუმენტები არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობები განმტკიცებულია საკანონმდებლო დანაწესით, რაც მოსარჩელის შემთხვევაში სსსკ-ის 177-ე და 178-ე მუხლებით განსაზღვრულ, ხოლო 201-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისადმი წაყენებულ მოთხოვნებში გამოიხატება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე განსაზღვრავს, თუ ვის წინააღმდეგ აღძრა სასარჩელო მოთხოვნა, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი მტკიცებულებების მიხედვით, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დოკუმენტი წარუდგინოს სასამართლოს. საპროცესო კანონის ამგვარი მოწესრიგება იმას ემსახურება, რომ საქმის მომზადება არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სსსკ-ის 203-ე მუხლით დადგენილი მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით, უკავშირდება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მომზადებას და საამისოდ კანონი სანიმუშო ჩამონათვალს ადგენს (სსსკ-ის 203.1-ემუხლი), რომელთა გარდა, მოსამართლეს სხვა მოქმედებების შესრულებაც შეუძლია, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას (სსსკ-ის 203.2-ე მუხლი). რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ეს მხარეთა მისათითებელი მტკიცების ტვირთი ფარგლებში თავსდება და არა სასამართლოს ინიციატივაში, მოპასუხის მიერ შედავებულ ფაქტობრივ გარემოებას „გამოესარჩლოს“ მოსარჩელის ნაცვლად და „გააბათილოს“ (შეადრ. სუსგ #ას-1426-2023, 26.01.2024 წ.);
25.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს მათ მიერ წერილობით წარდგენილ შესაგებელში სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ, არც რაიმე დამატებითი ვადა უთხოვიათ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად.
25.4. მოსამზადებელი სხდომის ჩატარება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება (იხ. სუსგ #ას-1472-1392-2017, 18.01.2018 წ.).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამდენად, გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერების შეფასებისას, სასამართლო იკვლევს მხოლოდ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ საფუძვლებს, თუნდაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სხვა საფუძვლები იკვეთებოდეს (იხ. სუსგ №ას-1391-1312-2012, 10.01.2014 წ.; №ას-151-147-2016, 19.04.2016 წ.).
27. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. პროცესის ხარჯები
28.1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.ტ.მ.ა–ქ–ისა“ და შპს კ.ტ.მ.ა–ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს კ.ტ.მ.ა–ჩ–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2025 წლის 1 აპრილს, საგადახდო დავალებით N122 გადახდილი 2250 ლარის 70 % - 1575 ლარი;
3. შპს „კ.ტ.მ.ა–ქ–ას“ (ს/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2025 წლის 1 აპრილს, საგადახდო დავალებით N032 გადახდილი 193.34 ლარის 70 % - 135.33 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი