Facebook Twitter

საქმე №ას-504-2023 11 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, არჩილ კოჭლამაზიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ძ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ–ძის უფლებამონაცვლე ა.ქ–ძე (მოსარჩელე)

მესამე პირი – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.ქ–ძე (შემდგომში მოსარჩელე) 1996 წლიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში საკუთრების უფლებით ფლობდა უძრავ ქონებას, სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (დაზუსტებული ფართობი: 4400 კვ.მ. ს/კ: .........).

2. მოსარჩელე და ვ.ძ–ი (შემდგომში მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) არიან მეზობლები.

3. 2013 წლის აგვისტოში, მოსარჩელის მიწის ნაკვეთში ჯილეხით დაეცა მოპასუხის კუთვნილი საქონელი, რომელიც მუნიციპალიტეტის ვეტერინარული სამსახურის გადაწყვეტილებით, ეპიზოოტიური რისკების შემცირების მიზნით, იქვე დაწვეს და დამარხეს. ცხოველის დაცემის ადგილს, მიმდებარე ტერიტორიასა და გამოყენებულ ტექნიკას ჩაუტარდა დეზინფექცია. აღებული იქნა პათოლოგიური მასალა კვლევისთვის და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა ჯილეხი. ამასთანავე, ცხოველის დაცემის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა იძულებითი ვაქცინაცია.

4. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 სექტემბრის N9/6518 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში აღებულ ნიადაგის სინჯებში (ცხოველის დაცემის ადგილი და ცხოველის დამარხვის ადგილი) ლაბორატორიული კვლევის შედეგად ჯილეხი არ დადგინდა.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის საექსპერტო დასკვნის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთის (მდებარე, თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ........., ს/კ: ........., დაზუსტებული ფართობი: 4400.00 კვ.მ.) საბაზრო ღირებულება 2021 წლის აპრილის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 22 000 ლარს. ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ ვინაიდან უცნობი იყო მიწის ნაკვეთზე ჯილეხის ბაქტერიის გავრცელების არეალი, შეუძლებელი იყო მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის დადგენა.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 2020 წლის 20 ივლისს მან მეზობლებისგან შეიტყო, რომ 2012 წელს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ჯილეხით მოკვდა მოპასუხის საქონელი, რომელიც მუნიციპალიტეტის ვეტერიანარულ სამსახურს იქვე დაუწვავს და დაუმარხავს. აღნიშნული ფაქტი მოპასუხემ დამალა და მოსარჩელისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი. ინფორმაციის მიღებისთანავე, მოსარჩელე დაუკავშირდა სურსათის უვლენლობის სამსახურს და დარეკა საპატრულო პოლიციაში. მოსარჩელის განცხადებით, ვინაიდან მიწის ნაკვეთის შემდგომი გამოყენება და რეალიზაცია შეუძლებელია მასში დამარხული ჯილეხით დაავადებული საქონლის გამო, მას მიადგა მატერიალური ზიანი, რაც უნდა განისაზღვროს მიწის საბაზრო ღირებულებით და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საექსპერტო დასკვნით დადგენილი თანხის, 22 000 ლარის ანაზღაურება.

7. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

8. რაიონული სასამართლოს განჩინება საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში მესამე პირი).

9. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირმა სარჩელი არ ცნო.

10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

12. უფლებამონაცვლედ ცნობის განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა.ქ–ძე (შემდგომში მოსარჩელის უფლებამონაცვლე).

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის უფლებამონაცვლის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა 22 000 ლარის გადახდა.

13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე იყო იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც ჯილეხით მკვდარი საქონელი დაწვეს და დამარხეს, ეს პირუტყვი კი, ეკუთვნოდა მოპასუხეს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა მოსარჩელის ნაკვეთში. სასამართლომ მიუთითა მოპასუხის განზრახ ქმედებაზე, რომ მან მიწის ნაკვეთის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა მოსარჩელეს და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ შემთხვევით შეიტყო. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ეს დაავადება შეუძლებელია სრულად გაუვნებელყოფილად ჩაითვალოს. შესაბამისად, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1003-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ვლინდებოდა დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

14. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებას არასწორად დაუდო საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი მაშინ, როდესაც დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობები: სახეზე უნდა იყოს ზიანი, რომელიც მიყენებული იქნება მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. ზიანის მიმყენებელი კი მიიჩნევა ბრალეულად, თუ იგი ვერ დაამტკიცებს ბრალის არარსებობას. მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანის მტკიცების ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს. განსახილველ დავაში, მოპასუხისთვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება, ვინაიდან როგორც ლაბორატორიული კვლევებით ირკვევა, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აღებული ნიადაგის სინჯებში (მათ შორის, ცხოველის დაცემისა და დამარხვის ადგილებიდან აღებულ სინჯებში) ჯილეხი არ დადგინდა. ვერც მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა ვერ ადასტურებს მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას (დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპერტისათვის უცნობია მიწის ნაკვეთზე ჯილეხის გავრცელების არეალი). ამასთან, დაავადებული ცხოველი დამარხულია დაახლოებით 4 კვ.მ მიწის ფართობზე, ხოლო სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მთლიანი, 4400 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რაც, ზიანის არარსებობასთან ერთად, გაუგებარს ხდის მისი მოცულობის ამგვარ განსაზღვრას.

14.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლიც, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ცხოველის მფლობელობაზე არ იყო დამოკიდებული ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო ყველა განხორცილებულ ქმედებაზე პასუხისმგებელი იყო სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი უწყება - ვეტერინარული სამსახური, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ცხოველის დაცემის ადგილზე დაწვისა და იქვე დამარხვის შესახებ. საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დგინდება, რომ ისინი ითხოვდნენ ლეშის სხვა ადგილას გადატანას, თუმცა ვეტერინარიის სამსახურმა გადაწყვიტა მისი ადგილზე გაუვნებელყოფა. ამასთან, სსკ-ის 1003-ე მუხლი ადგენს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როდესაც ცხოველის მფლობელმა მიიღო ყველა შესაძლო ზომა მესამე პირთა დასაცავად. აღნიშნული კი, საქმეში არსებული რეაგირების ოქმით დადასტურებულია - მოპასუხემ დროულად მიმართა სათანადო ორგანოებს.

14.4. კასატორის განცხადებით, ეჭვს ბადებს მოსარჩელის განცხადება იმის შესახებ, რომ მან 2013 წელს მომხდარი ფაქტის შესახებ 2020 წლის ივლისში შეიტყო. ჯილეხის გავრცელების ფაქტი სოფელში საკმაოდ რეზონანსული ამბავი იყო და თითქმის მთელ სოფელში გავრცელდა ეს ინფორმაცია, ჩატარდა მასობრივი ვაქცინაცია, ხოლო ვინაიდან მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი წლების მანძილზე ამუშავებდა მიწის ნაკვეთს და ხშირი კონტაქტი ჰქონდა მეზობლებთან, ალბათობის მაღალი ხარისხით, შეიტყობდა კიდეც ჯილეხით გარდაცვლილი ცხოველის შესახებ.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

17. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებას არასწორად დაუდო საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1003-ე მუხლები მაშინ, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი წინაპირობები (მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის; ზიანის მიმყენებლის ბრალი), ასევე, არ ვლინდებოდა ცხოველის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. კასატორი სადავოდ ხდის, ასევე, მოპასუხისთვის დაკისრებული ზიანის ოდენობასა და მისი გამოთვლის წესს.

18. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს ძირითადი მსჯელობის საგანია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1003-ე მუხლების გამოყენების მართლზომიერება.

19. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე Nას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187).

20. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. ხოლო, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს (იხ. სუსგ საქმე N ას-515-515-2018, 06 ივლისი, 2018 წელი; Nას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი; ას-1366-2019, 16 ივნისი, 2020 წელი).

21. ამდენად, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

22. წინამდებარე დავაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის დაავადებული ცხოველის დაწვისა და დამარხვის შედეგად მიწის ნაკვეთის ნაყოფიერების გაუარესების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

23. ამრიგად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი ), 1003-ე (ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

24. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს (ზიანის მიმყენებელს) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1426-2018, 11.04.2019; საქმე №ას-769-737-2016, 20.06.2018; საქმე№ ას-176-163-2015; საქმე №ას-1570-2019, 29.05.202). შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ოთხივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-72-72-2018, 15.02.2018; საქმე №ას-809-776-2016; 04.04.2017).

25. სსკ-ის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესსაც: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

26. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ცხოველის იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობას იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ნორმის მიხედვით, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად. აღნიშნული ნორმების თანახმად, ცხოველის მფლობელს უპირობოდ არ ეკისრება პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის მფლობელმა არ მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად, ე.ი. სახეზე გვაქვს მისი განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება (იხ. სუსგ საქმე N3კ-482-02, 28.06.2002).

27. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის მის ბრალეულობას მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში და აცხადებს, რომ ვინაიდან ჯილეხით გარდაცვლილი ცხოველის მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში დამარხვის გადაწყვეტილება მას არ მიუღია (აღნიშნული ქმედება განახორციელა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა უწყებამ), მას არც დაავადებული პირუტყვის დაწვისა და დამარხვის შედეგად მიწის ნაკვეთის დაზიანებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა. თავის მხრივ, მოსარჩელე მიუთითებს ზიანის მიყენებაში მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაზე (სადავო ფაქტის მოპასუხის მხრიდან დაფარვასა და მოსარჩელისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობაზე), რამაც მისთვის ქონებრივი დანაკლისი გამოიწვია.

28. კასატორის პრეტენზიის შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის აგვისტოში მოპასუხის კუთვნილი საქონელი დაეცა მოსარჩელის მიწის ნაკვეთში; ცხოველის დაცემის ფაქტზე მოპასუხემ დაუყოვნებლივ გამოიძახა სურსათის ეროვნული საგენტოს რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, რომელმაც ეჭვი მიიტანა საქონლის დაავადებაზე, ჯილეხზე, რის თაობაზეც აცნობა ადგილობრივ თვითმმართველობას და ითხოვა დახმარება. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს რეგიონალურ სამმართველოს და ეპიზოოტიური რისკების შემცირების მიზნით გადაწყდა პირუტყვის დაწვა და დამარხვა მისი დაცემის ადგილზე. აღნიშული გადაწყვეტილება მიიღო ვეტერინარმა (შემთხვევის დადგომის დროისთვის მოქმედი ნორმატიული აქტიც - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის2005 წლის 16 სექტემბრის #2-217 ბრძანება „საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ - სრულად გამორიცხავდა ცხოველის მეპატრონის როლს ჯილეხით დაავადებული ცხოველის გამოვლენისას გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელებისას, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იყო შესაბამისი რაიონის, ქალაქის მთავარი სახელმწიფო ვეტინპექტორის სამსახური). პირუტყვი დამარხეს დაახლოებით 4 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი ტექნიკის გამოყენებით, ხოლო ცხოველის დაცემის ადგილს, მიმდებარე ტერიტორიას და გამოყენებულ ტექნიკას ჩაუტარდა დეზინფექცია, აღებული იქნა პათოლოგიური მასალა კვლევისთვის და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა ჯილეხი. ამასთანავე, ცხოველის დაცემის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა იძულებითი ვაქცინაცია (იხ. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორის 2020 წლის 28 ივლისის #9510/09 ახსნა-განმარტებითი ბარათი; ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი; მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები).

29. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დელიქტური მოთხოვნის ფაქტობრივი წანამძღვრების შემოწმებისას არასრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (მტკიცებულებები), შესაბამისად, თვლის, რომ არსებობს ამ მოტივით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანაპირობა. საქმის ხელახალი განხილვისას კი, სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების პირობებში (სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ) სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს, როგორც სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები, ისე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დელიქტური ვალდებულების არსებობა-არარსებობის შესახებ.

30. რაც შეეხება ზიანის გამოთვლის წესსა და მის ოდენობას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს შემდეგს: როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ირკვევა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22 000 ლარის გადახდა, ხოლო მითითებული თანხა სასამართლომ დაიანგარიშა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის შესაბამისად.

31. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს .

33. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე № ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას აფასებს სასამართლო.

34. მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. მან კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, თუ ექსპერტის დასკვნა უპირისპირდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკითხი უნდა გაირკვეს სწორედ ექსპერტის ზეპირი განმარტებების მიღების, საკუთრივ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯრებისა და დეტალური შესწავლის საფუძველზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევ მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი).

35. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საექსპერტო დასკვნაში (სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის #5002329821 დასკვნა), რომელსაც სააპელაციო სასამართლო მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას დაეყრდნო, ექსპერტის წინაშე დასმული იყო ორი ძირითადი შეკითხვა: 1. საექსპერტო დასკვნის წარმოდგენისთვის რა საბაზრო ღირებულებას შეადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთი, მისამართზე: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ........., ს/კ: ........, დაზუსტებული ფართობი: 4400 კვ.მ.; 2. დადასტურების შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთის ქვეშ, მისამართზე: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ........., ს/კ: ......., დაზუსტებული ფართობი: 4400 კვ.მ., მდებარეობს ჯილეხის დაავადების შედეგად გარდაცვლილი ცხოველის სამარხი, რა ზიანს განიცდიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ნივთი და მისი საბაზრო ღირებულება (იხ. ტ. 1. ს.ფ 89).

36. დადგენილია ასევე, რომ საექსპერტო დაკვნის დასკვნით ნაწილში ექსპერტმა განმარტა შემდეგი: „1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ .........ში მდებარე 4400.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ........) საბაზრო ღირებულება 2021 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 22000 ლარს. 2. ვინაიდან ექსპერტიზისათვის უცნობია მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ..........) ჯილეხის ბაქტერიის გავრცელების არეალი, შეუძლებელია დადგინდეს უძრავ ნივთზე მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა“.

37. ამრიგად, მითითებული დასკვის შინაარსიდან ცალსახად ირკვევა, რომ ექსპერტმა მის წინაშე დასმულ მთავარ შეკითხვას უძრავ ნივთზე მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის შესახებ უარყოფითად უპასუხა (შეუძლებლად მიიჩნია მატერიალური ზიანის ოდენობის გამოთვლა, რადგან მისთვის უცნობი იყო სამარხის ფართობი, ასევე, დაავადების გავრცელების არეალი; იხ. ტ. 1. ს.ფ 90). შესაბამისად, გაურკვეველია, ზიანის ოდენობის გამოთვლისას რატომ დაეყრდნო სააპელაციო პალატა საექსპერტო დასკვნაში ექსპერტის მიერ გაცემულ მეორე შეკითხვას, მთლიანი უძრავი ქონების - 4400 კვ.მ ფართობის - საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ მაშინ, როდესაც, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირუტყვი დამარხეს დაახლოებით 4 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე (იხ. ტ. 1. ს.ფ 219-220; 224-225). ამასთან, საყურადღებოა, საქმეში წარდგენილი კიდევ ერთი მტკიცებულება - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 სექტემბრის #9/6518 წერილი, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში აღებულ ნიადაგის სინჯებში (ცხოველის დაცემის ადგილი და ცხოველის დამარხვის ადგილი) ლაბორატორიული კვლევის შედეგად ჯილეხი არ დადგინდა (იხ. ტ. 1. ს.ფ 2290.

38. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად უნდა შეაფასოს სარჩელის საფუძვლიანობა.

40. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ძ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი