Facebook Twitter

საქმე №ას-528-2025 23 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.ბ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მესამე პირები - სს „ს.კ.ა–ი“, სს დ.ს.კ.ი–ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2019 წლის 9 ნოემბერს დ.ბ–სა (შემდგომში მსესხებელი, გარდაცვლილი მსესხებელი ან მამკვიდრებელი) და სს „ს.ბ–ს“ (შემდგომში ბანკი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტი შეადგენდა 150 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი - 300 თვე. საპროცენტო სარგებელი - 0%-დან 48%-მდე;

2. საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებელსა და ბანკს შორის 2019 წლის 9 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება (სესხი N6461992), რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 50 000 ლარი, 180 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა შემდეგი წესით: პირველი 12 თვის განმავლობაში, წლიური 10.6%, დარჩენილ ვადაზე წლიურ მცურავი საბაზისო განაკვეთს დამატებული 4.8%. მინიმუმ 9.5%. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.5%, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ისა. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ერთჯერადად 20 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო, წლიური 0.38%;

3. გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკსა და ლ.მ–ს (შემდგომში მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრე) შორის 2019 წლის 9 ნოემბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, .......... (ს/კ .........., მესაკუთრე - ლ.მ–ი, პ/ნ .......) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება).

4. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის საკრედიტო პორტფელი დაზღვეული იქნა სს „ს.კ.ა–ში“ და სს დ.ს.კ.ი–ოში“ (შემდგომში მზღვეველები ან მესამე პირები);

5. მსესხებელი გარდაიცვალა 2022 წლის 30 მარტს;

6. 2022 წლის 7 ოქტომბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ, როგორც მამკვიდრებლის, პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - დედამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი - სამკვიდრო აქტივები და სამკვიდრო პასივები;

7. 2022 წლის 16 აგვისტოს ბანკმა მამკვიდრებლის დედას (მოსარჩელეს) წერილობით განუმარტა, რომ მზღვეველებთან არ იქნა წარმოდგენილი „ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების“ 5.2. და 5.2.2. პუნქტების შესაბამისად დადგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე მსესხებლის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია. რადგან, წარმოდგენილ სამედიცინო ცნობაში მითითებულია: „სიკვდილის სხვა დაუზუსტებელი და არაზუსტად განსაზღვრული მიზეზები“, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის მითითებით, მზღვეველებთან წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მზღვეველებმა უარი განცხადეს თანხის ანაზღაურებაზე.

8. მოსარჩელის მოთხოვნა

გარდაცვლილი მსესხებლის დედამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა ბანკსა და მსესხებელს შორის დადებული N 6461992და N 7577469 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება მის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე; ასევე მამკვიდრებლის ანგარიშიდან ჩამოჭრილი 846.82 ლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.

9. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

10. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

10.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისროს 2021 წლის 9 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #7577469) გამომდინარე 22 844.18 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 19 795.87 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1805.60 ლარი, პირგასამტეხლო - 1198.70 ლარი, საკომისიო - 44.01 ლარი; 2021 წლის 9 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N7577469) გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი, არსებული დავალიანების ძირ თანხაზე - 19 795.87 ლარზე, წლიური 11.65%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 6.31 ლარს, 2020 წლის 14 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2021 წლის 9 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N6461992) გამომდინარე დაეკისროს 53222.30 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 46 301.95 ლარი, პროცენტი - 3942.64 ლარი, პირგასამტეხლო - 2890.86 ლარი, საკომისიო - 86.85 ლარი; 2021 წლის 9 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N6461992) გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი, არსებული დავალიანების ძირ თანხაზე - 46301.95 ლარზე, წლიური 9.5%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 12.05 ლარს, 2020 წლის 14 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მდებარე: ქ. თბილისი, ........./.......... (ს/კ .........., მესაკუთრე - ლ.მ–ი, პ/ნ ..........). იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის (იპოთეკის საგნის) რეალიზაციის (მათ შორის, კრედიტორის მიერ დასაკუთრების ან/და მხარეთა შეთანხმებით მესამე პირზე რეალიზაციის გზით, ან/და თანხის გადახდის სანაცვლოდ იპოთეკის საგნის გამოთავისუფლების, ან/და კერძო სპეციალისტის მეშვეობით, ან/და იძულებითი აღსრულების ფარგლებში, ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის) შედეგად ამონაგები თანხა, არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, ან ვერ მოხდება გირავნობის საგნ(ებ)ის მოძიება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აღსრულება გაგრძელდეს/მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

11. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

11.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი, შესასრულებელი ვალდებულებები სახეზე არ არის. სახეზეა სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს, რაც ათავისუფლებს გარდაცვლილი კლიენტის მემკვიდრეს, დაფაროს სასესხო ვალდებულებები.

12. დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების, სს „ს.კ.ა–ისა“ და სს დ.ს.კ.ი–ოს“ (შემდგომში მესამე პირები) პოზიცია:

12.1. მესამე პირების განმარტებით, საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულების საგანი არის არა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, არამედ ბანკის საკრედიტო პორტფელი, რომელიც დაზღვეულია მსესხებლის გარდაცვალების რისკზე. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ბანკი და სადაზღვევო კომპანიები. ვინაიდან დამზღვევისა და მოსარგებლის მიერ არ წარმოდგენილა არც გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მსესხებლის გარდაცვალების კონკრეტულად დადგენილი მიზეზის მითითებით და არც ექსპერტიზის დასკვნა, სადაზღვევო კომპანიისთვის უცნობი იყო მსესხებლის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. აღნიშნული კი, წარმოადგენს ფუნდამენტურ ინფორმაციას საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისთვის. რადგან, პორტფელი სწორედ მსესხებლის რისკზეა დაზღვეული და გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი წარმოადგენს იმ არსებით ინფორმაციას, რომლის იდენტიფიცირებაც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის არსებობის დასადგენად.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბანკსა და მსესხებელს შორის დადებული N6461992 და N7577469 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკა სადავო უძრავ ქონებაზე; მოსარჩელის მოთხოვნა მოსარჩელის მამკვიდრებლის ანგარიშიდან ჩამოჭრილი 846.82 ლარის ბანკისთვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბანკის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

14.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 286-ე, 301-ე, 411-ე, 867-ე-868-ე, 1421-ე, 1484-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელი გარდაიცვალა, ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, ბანკის მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაეფარა მზღვეველს, რაც ვერ განხორციელდა ბანკის ბრალეული ქმედების შედეგად (მან დროულად არ მიაწოდა სადაზღვევო კომპანიებს კლიენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია). სასამართლომ დაადგინა, რომ არ იკვეთება გარდაცვლილი კლიენტის უფლებამონაცვლის ბრალეულობა სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული, სავალდებულოდ მისაწოდებელი დოკუმენტების არასრულად წარდგენაში, რასაც მოჰყვა პროცესის გაჭიანურება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შინაარსზე (რომლის თანახმად, მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა სრულად შეასრულა მისი წილი ვალდებულება და მზად იყო წარედგინა ექსპერტიზის დასკვნაც სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდა ბანკის არადროული მოქმედების გამო. შესაბამისად, ვინაიდან ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით და ამ შესრულების მიღება ბრალეული გაჭიანურების გამო ვერ მოხდა, იპოთეკის საგნის მესაკუთრის მოთხოვნა წარმატებულია.

15.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მსგავს სამართლებრივ საკითხზე გერმანიის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რელევანტურობის შესახებ და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელ პრაქტიკაზე (იხ. საქმე №ას-1113-2018, 10 ივნისი, 2020 წელი), სადაც განმარტებულია შემდეგი: „ბანკს საკუთარი ინტერესების დასაცავად არ მიუმართავს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებისათვის. მას შეეძლო ესარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 844-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამ რესურსის უშედეგოდ ამოწურვის შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი ბანკის მოთხოვნის განხორციელება მსესხებლის უფლებამონაცვლის მიმართ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის შესაგებლიდან გამომდინარე, განუხორციელებადია, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი“

15.4. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ იყო სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სხვა საფუძველი, ვიდრე სიკვდილის მიზეზის დადგენაა, რომლის დადგენაშიც მოსარჩელე მხარეს ბანკის მხრიდან ბრალეულად შეეშალა ხელი, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მსესხებლის მემკვიდრე უნდა გათავისუფლდეს ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულების შესრულებისგან, ხოლო ვინაიდან არ არსებობობს ძირითადი უფლება, შესაბამისად, არ არსებობს მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის უფლებაც და ის უნდა გაუქმდეს.

15.5. სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე სასარჩელო მოთხოვნად არ იყო დაყენებული სასესხო ვალდებულებებისგან მოსარჩელის გათავისუფლება, ის საფუძლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას იპოთეკის გამუქმების თაობაზე და სწორედ ძირითადი უფლების არარსებობამ განაპირობა აქცესორული უფლების ბედი. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საგნის გათვალისწინებით, ის შესაგებელი, რასაც იპოთეკის საგნის მესაკუთრე იყენებს, მხოლოდ მსესხებელს ეკუთვნოდა. მსესხებლის უფლებამონაცვლეს კი წინამდებარე დავაში წარმოადგენს მოსარჩელე. რომ არა უფლებამონაცვლეობა, მას მაინც ექნებოდა ამგვარი მოთხოვნის დაყენების უფლება, რადგან თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.

15.6. სააპელაციო სასამართლომ ასევე უპასუხა აპელანტის პრეტენზიას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმართებულობის შესახებ და აღნიშნა, რომ, რომ არა ბანკის უმოქმედობა (მისი მხრიდან საკრედიტო პორტფელის ხელშეკრულებით ნაკისრი დოკუმენტაციის მზღვეველთან დროული გადაგზავნის ვალდებულების დარღვევა), ბანკი მოთხოვნას დაიკმაყოფილებდა სადაზღვევო კომპანიებიდან. სწორედ ხსენებულმა განაპირობა შეგებებული სარჩელის წარუმატებულობა.

16. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

16.2. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ბანკსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების ბუნება. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა საკრედიტო პორტფელის დაზღვევასთან და სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის ურთიერთგამომრიცხავი. ბანკსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებები არ წარმოადგენენ მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ სადაზღვევო ხელშეკრულებებს: იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მოსარგებლედ განსაზღვრულია ბანკი, პრეზუმირებულია, რომ სარგებლის მიმღებსაც წარმოადგენს მხოლოდ ბანკი. დამზღვევს, ბანკს, სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში თავისუფლად შეუძლია ალტერნატიულად აირჩიოს სარჩელის ადრესატი/მოპასუხე მხარე: ან სადაზღვევო კომპანია ან გარდაცვლილის თანამსესხებელი/მემკვიდრე, რომელ მხარეზე შეაჩერებს კრედიტორი არჩევანს მხოლოდ მის საფუძვლიან გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სადაზღვევო კომპანიის მიმართ მოთხოვნას ბანკი იძენს მხოლოდ მისი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მემკვიდრეებისთვის აღნიშნული მოთხოვნის გადაცემის უფლება (ედავოს სადაზღვევო კომპანიას) წარმოეშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რისკი, კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით არ იარსებებს (დაიფარება კრედიტი მემკვიდრის მიერ). მსგავსი მიდგომა სრულადაა გაზიარებული გერმანული სასამართლო პრაქტიკით, რომლიც უპირობოდ აღიარებს კრედიტორის უფლებამოსილებას, რომ საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელმა მოთხოვნა წარუდგინოს როგორც უშუალოდ გარდაცვლილის მემკვიდრეს, ასევე სადაზღვევო კომპანიას.

16.3. სასამართლო თავისი ინიციატივით გასცდა განსახილველი სარჩელის და მოსარჩელეთა მოთხოვნის ფარგლებს, თავად განსაზღვრა დამატებით კიდევ ერთი, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან მოსარჩელის გათავისუფლება და თავადვე დააკმაყოფილა იგი. აღნიშნული წარმოადგენს როგორც დისპოზიციურობის, ასევე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას. იმის გათვალისწინებით რომ იპოთეკის უფლება აქცესორულია, მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნით უპირველესად უნდა მოეთხოვათ სწორედ საკრედიტო ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლება/შესრულებულად აღიარება და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება, რაც წინამდებარე დავის ფარგლებში განხორციელებული არ ყოფილა, ხოლო სასამართლომ „გამოასწორა“ მოსარჩელეთა პროცესუალური შეცდომა.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს ბანკსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების ბუნება, რის გამოც, არასწორად დაასკვნეს, რომ არსებობდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

22. კასატორის პრეტენზიის შეფასების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს დაზღვევის ხელშეკრულების არსი და მისი სამართლებრივი ბუნება.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

24. დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს სიცოცხლე. სიცოცხლის დაზღვევა პირადი დაზღვევის სახეს წარმოადგენს და მისი ინტერესია დამზღვევის გარდაცვალების შემთხვევაში, დაზღვეულმა პირმა გარკვეული სარგებელი მიიღოს. ამასთან, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დამზღვევისა და მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობას. ნორმის მიზანია, სხვა პირის დაზღვევისას დაიცვას მისი სიცოცხლე, როგორც დაზღვევის ობიექტი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 844, www.gccc.ge).

26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებელსა და ბანკს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებები უზრუნველყოფილი იყო როგორც იპოთეკით (იპოთეკის საგნის მესაკუთრეა მოსარჩელე), ასევე ბანკის სასარგებლოდ დადებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულებებით (ბანკის საკრედიტო პორტფელი დაზღვეული იყო სს ს.კ.ა–სა და სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში). ხელშეკრულებების 5.1 მუხლის თანახმად, „უფლებამოსილი პირი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს აღნიშნულის თაობაზე, გონივრულ ვადაში მოიპოვოს სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოპოვებისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ბანკს აღნიშნული დოკუმენტაცია, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მზღვეველს“. 5.2 მუხლის მიხედვით, „სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე მზღვეველის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, უფლებამოსილი პირის მიერ ბანკისათვის წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: 5.2.1. კლიენტის გარდაცვალების მოწმობა; 5.2.2. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი, ცნობა კლიენტის გარდაცვალების შესახებ ფორმა N106ს-4, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კლიენტის გარდაცვალების/სიკვდილის კონკრეტული დადგენილი მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და კლიენტის ასაკი; 5.2.3. თუ დაზღვევის პირობების 5.2.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა არ შეიცავს ამავე ქვეპუნქტში მითითებულ ინფორმაციას, დამატებით, წარმოდგენილ უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს

აღნიშნული ინფორმაცია; 5.2.4. უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, დამატებით სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული ცნობა უბედური შემთხვევის შესახებ; 5.2.5. თუ კლიენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დამატებით ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების მიზეზის შესახებ და კლიენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების ხელთ არსებული დოკუმენტაცია (საქმის მასალები); 5.2.6. კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე ბანკისათვის მზღვეველის მიერ მოთხოვნილი, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია.

ხელშეკრულებების 5.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრული ან/და ხარვეზიანია, ბანკი უფლებამოსილ პირს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 20 (ოცი) კალენდარული დღისა და არაუმეტეს 5 (ხუთი) თვისა (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, რომელთან დაკავშირებითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბანკის მიერ დაწესებული ვადის განმავლობაში არ შეწყვეტილა გამოძიება ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება), ხარვეზის გამოსასწორებლად და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარსადგენად (იხ. ტ.1, გვ. 72 და 78).

27. დადგენილია ასევე, რომ მსესხებელი გარდაიცვალა 2022 წლის 30 მარტს, ხოლო მისი გარდაცვალების მეორე დღეს, 31 მარტს, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა გამოიჩინა განსაკუთრებული გულისხმიერება და მიუხედავად განცდილი სტრესისა, დაუყოვნებლივ მიმართა ბანკს, აცნობა მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე (მიაწოდა მის ხელთ არსებული დოკუმენტები (გარდაცვალების მოწმობა)), თუმცა ბანკმა სადაზღვევო კომპანიებს შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საბუთები წარუდგინა 22 დღის დაგვიანებით, 2022 წლის 22 აპრილს, რის გამოც, სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და ბანკს მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტი - ექსპერტიზის დასკვნა (სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად), ხოლო ვინაიდან ამ დროისთვის გარდაცვლილი უკვე დაკრძალული იყო, მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა შეექმნა მოთხოვნილი დოკუმენტი.

28. ამრიგად, უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებლის გარდაცვალების შემდგომ დაინტერესებულმა პირმა (მსესხებლის ოჯახის წევრმა) სრულად შეასრულა მისი წილი ვალდებულება და იგი მზად იყო წარედგინა ექსპერტიზის დასკვნაც მსესხებლის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა ბანკის არადროული ქმედებების გამო. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელე გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრე და მისი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების ერთადერთი მესაკუთრეა, ხოლო მსესხებელსა და ბანკს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებები უზრუნველყოფილი იყო ბანკის სასარგებლოდ დადებული საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულებებით.

29. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, ხოლო წინამდებარე შემთხვევაში ამ შესრულების მიღება ბანკის მხრიდან ბრალეული გაჭიანურების გამო ვერ მოხდა (საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება ბანკის ბრალეული უმოქმედობის გამო ვერ შესრულდა), საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის (იპოთეკის საგნის მესაკუთრის) მოთხოვნა გარდაცვლილი მსესხებლის სახელზე იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკისგან გათავისუფლების თაობაზე. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით კი, საფუძველი გამოეცალა მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას, მოპასუხემ ვერ დაძლია მასში ასახული მსჯელობა/დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

31. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4809 ლარის 70% - 3 366,3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.ბ–ს“ (ს.კ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N35945; გადახდის თარიღი: 08.05.2025) 4809 ლარის 70% - 3 366,3 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი