ბს-117-116(კ-08) 2 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 13 თებერვალს ს. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლის 25 იანვრიდან 1993 წლის სექტემბარმდე მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, აფხაზეთის რეგიონში, რის გამოც ითხოვდა ვეტერანის სტატუსის მინიჭებას.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დავალებოდა მისი შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და შემდგომი ამორიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემა და მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა.
მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ს. ნ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 29.01. 2007 წლის ¹488 წერილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება-გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების საფუძველზე ვალდებული იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოემზადებინა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, რადგანაც კანონი მოცემულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარმოდგენის შესაძლებლობა, რისი უარმყოფელი გარემოებებიც დასაბუთებული უნდა იქნეს მის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მიიღოს პირის მიერ განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, ამასთან, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რომლის საერთო ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დღემდე არ მიუღია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 29.01. 2007 წლის ¹488 წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა. ამასთან, საბრძოლო მოკვლევის წარმოება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ევალება.
აპელანტის განმარტებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ინტერესია ახალი ვეტერანის მოწმობის მიღება, აღნიშნულს კი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულების საფუძველზე გასცემს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების შესამაბისად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ხდება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ. არც ერთ სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული, რომ იმ პირთა მიმართ, რომელთა მონაცემებიც (ჩარიცხვა-ამორიცხვა ან სხვა რაიმე დოკუმენტი) თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება, თავდაცვის სამინისტროა ვალდებული, ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა. მით უფრო, თავდაცვის სამინისტრომ ერთხელ უკვე მოახდინა ადმინისტრაციული წარმოება, გადაამოწმა არსებული საარქივო მასალები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფრმით.
აპელანტის მითითებით, სადავო საკითხი შესწავლილი და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ვეტარანთა დეპარტამენტის მიერ და არა თავდაცვის სამინისტროში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქმეზე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გადაამოწმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის არქივში დაცული, გარდაცვლილ და თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით. ამასთან, არც ერთ ნორმატიულ აქტში არ არის განსაზღვრული თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ მონაცემებიც თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება.
ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ,,საბრძოლო მოკვლევის” საფუძველზე, მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის "უტყუარად და დასაბუთებულად" მიჩნევა არ გულისხმობს აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანად და მათთან გათანაბრებულ პირებად განსაზღვრული არიან ის პირები, რომლებიც საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, ანუ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. მითითებული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტის მიხედვით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციად განისაზღვრა - ვეტერანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვა, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების (ვეტერანები) ზუსტი აღრიცხვა, ერთიან კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებული ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა.
ამდენად, საბრძოლო მოქმედებებში პირის მონაწილეობის დადასტურება და ვეტერანების სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა, მათი სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა განეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროშო შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იგია ვალდებული, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 8 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 25 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.