საქმე №ას-746-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.გ–მა (შემდგომში მოპასუხე ან მოიჯარე) მონაწილეობა მიიღო სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო, მეიჯარე, მოსარჩელე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში (განაცხადის ნომერი: 00303 VII8; საგარანტიო თანხა - 912 ლარი, გაყიდვის ფასი 3240 ლარი). სააუქციონო ქონებას წარმოადგენდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე 86 859 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ .........) 15 წლით იჯარით გადაცემა.
2. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე და 2018 წლის 1 ნოემბერს მან სააგენტოს სასარგებლოდ გადაიხადა 912 ლარი;
3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ხელშეკრულება დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც მოპასუხემ განახორციელა 2018 წლის 10 დეკემბერს. რეგისტრაცია ამჟამად გაუქმებულია.
4. 2018 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის:
- 2.1. პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ქონების სარგებლობისათვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 3 240 ლარს, რომლის 1/12 ნაწილი (270 ლარი) მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე;
- 2.6. პუნქტის თანახმად, ბეს თანხა ითვლებოდა საიჯარო ქირის გადასახადში საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- 3.1.1. პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია: ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად, უზრუნველყოს ყოველი წლის დეკემბერში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა; დანართი N1 გულისხმობდა მეიჯარის მიერ ინფორმაციის წარდგენას საიჯარო ქონებაზე პირველადი პროდუქციის წარმოება/რეალიზაციის შესახებ;
- ხელშეკრულების 3.1.5. თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მეიჯარის შეტყობინების მიღებიდან მეიჯარის მიერ შეტყობინებითვე განსაზღვრულ ვადაში, გამოათავისუფლოს ქონება;
- 3.2.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს უფლება აქვს: მოითხოვოს იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელისაგან, აგრეთვე ქონებით სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრა და ქონებისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც უნდა მოხმარდეს დაზიანებული ქონების აღდგენას;
- 3.4.4. პუნქტის თანახმად, მეიჯარეს უფლება აქვს: ხელშეკრულების ვადის გასვლის, ცალმხრივად მოშლის ან სხვა მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოიჯარის თანხმობის გარეშე, ცალმხრივად გააუქმოს საჯარო რეესტრში წინამდებარე ხელშეკრულების რეგისტრაცია;
- 4.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა მოიჯარეს წაუყენა პრეტენზია იჯარის საგნის გამო იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა იჯარის საგნის მიმართ ხელშეკრულების დადებამდე, მოიჯარე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეიჯარეს. ამასთან, მას უფლება აქვს მესამე პირს წაუყენოს ყველა შესაგებელი, რაც მეიჯარეს აქვს მის მიმართ;
- 4.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულების დადასტურება მეიჯარის მიერ განხორციელდება მეიჯარის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უნდა ადასტურებდეს მოიჯარის მიერ ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულებას;
- 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარე იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი;
- 6.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- 6.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით;
- 6.6. პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება;
- მე-7 მუხლის თანხმად, ხელშეკრულება წყდება: ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლით; მოიჯარის მიერ ხელშეკრულების 3.4.3 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების განხორციელების შემთხვევაში; მოიჯარის მიერ ხელშეკრულების 6.6. მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში; მხარეთა ურთიერთშეთანხმებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
- 9.1. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით, ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნას პირადად ან კურიერის მეშვეობით. ქვემოთ მითითებულ მისამართებზე ან სხვა მისამართზე წინასწარი შეტყობინებით;
5. მხარეებს შორის არ ყოფილა შეთანხმება იმის თაობაზე, ვადაგადაცილების რამდენი შემთხვევის შემდეგ წარმოეშობოდა მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება;
6. მოპასუხეს არასდროს შეუსრულებია საიჯარო ხელშეკრულების 2.1, 3.1.1, 3.2.2, 4.2, 6.2, 6.3, და 9.1 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები;
7. 2019 წლის 5 თებერვალს, 18 თებერვალს, 19 აპრილს და 29 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა შეტყობინება ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ;
8. 2019 წლის 6 სექტემბრის N1/7-385 ბრძანებით მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. იმავე წლის N1/7-428 ბრძანებით კი N1/7-385 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც დაკორექტირდა დაკისრებული თანხა. არცერთი შეტყობინება მოპასუხეს არ ჩაბარებია.
9. სასარჩელო მოთხოვნა:
9.1. მეიჯარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოიჯარის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა საიჯარო ქირის დავალიანების, 2430 ლარის, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 301.05 ლარისა და ინფორმაციის წარუდგენლობის გამო პირგასამტეხლოს - 100 ლარის, ჯამურად 2830.05 ლარის გადახდა.
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
12. მოპასუხის შეგებებული სარჩელი
12.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ დაკისრებოდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის, 912 ლარის უკან დაბრუნება.
13. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
13.1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის მიმართ მოპასუხის შესასრულებელი ვალდებულება (საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს სახით) განისაზღვრა 46.60 ლარით; მოსარჩელეს უარი ეთქვა 2 784.45 ლარის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
14.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-ე-317-ე, 327-ე, 558-ე, 561-ე, 581-ე, 592-ე მუხლებით და გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი და მომდევნო ორი თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობის პირობებში მეიჯარეს სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, თუმცა ვინაიდან მან ხელშეკრულება შეწყვიტა არა სამი, არამედ 9 თვის შემდეგ, აღნიშნულით ხელი შეუწყო დავალიანების ხელოვნურად გაზრდას, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნა მართლზომიერი იყო 3 თვის შეუსრულებელი ვალდებულებისთვის, რაც შეადგენდა 810 (270x3) ლარს.
15.3. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მართლზომიერად იქნა მიჩნეული საიჯარო ქირის დაკისრება 3 (სამი) თვის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის, შესაბამისად, ასევე მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ ვადის (3 თვის) გათვალისწინებით, რაც ჯამურად შეადგენდა 858.6 ლარს (810+48.60). (0,1% 31 დღეზე (4.01.2019წ-04.02.2019 წ) – 8.37 ლარი. 540 ლარის 0.1% 28 დღეზე (04.02.2019-04.03.2019წ.) – 15.12 ლარი, ხოლო 810 ლარის 0.1% 31 დღეზე (04.03.2019-04.04.2019წ.) – 25.11 ლარი. ამ თანხების ჯამი შეადგენს 858.6 ლარს (810 ლარს+48.60).
15.4. სააპელაციო პალატამ ასევე იმსჯელა მოპასუხის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის, 912 ლარის, საბოლოო ანგარიშსწორების თანხაში ჩათვლის შესახებ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლით და აღნიშნა შემდეგი: ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები გადადიან ახალ სამართლებრივ რეჟიმში და აღნიშნული ასევე გულისხმობს საბოლოო ანგარიშსწორებასაც, ხოლო ვინაიდან მოპასუხეს დაეკისრა 3 თვის საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს, 858.6 ლარის, ასევე ინფორმაციის წარუდგენლობის გამო პირგასამტეხლოს, 100 ლარის (ჯამურად 958.6 ლარის) გადახდა, ამასთან, მხარეთა შორის არ ყოფილა რაიმე შეთანხმება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა (912 ლარი) გადასახდელ ქირაში არ ჩაითვლებოდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა მართებულად იქნა ჩათვლილი საიჯარო ქირის ანგარიშში და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად მოპასუხის შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ სწორად განისაზღვრა 46.60 ლარით.
16. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
16.2. საკასაციო საჩივრის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა იჯარის ხელშეკრულების ნორმები, ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე 561-ე მუხლები და არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხის არაერთი გაფრთხილების შემდგომ მასთან გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერების პრინციპს. შესაბამისად, კასატორმა არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მხოლოდ 3 თვის საიჯარო ქირის დავალიანებისა და შესაბამისი დროის გათვალისწინებით გადაუხდელი პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
19. წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია საიჯარო ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტის სასამართლოთა მიერ განმარტების მართებულობა და, შესაბამისად, მოპასუხისთვის დაკისრებული საიჯარო ქირის ოდენობის გონივრულობა.
20. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია ნამსჯელი საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გამოყენების მართლზომიერებაზე. ერთ-ერთ საქმეში (სუსგ საქმე №ას-862-828-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი) საკასაციო პალატამ იმსჯელა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრობლებაზე, რომელსაც ადგილი მაშინაც აქვს, როდესაც პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა (იხ., სუს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-528-501-2015). შესაბამისად, კეთილსინდისიერად ქცევის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. აღსანიშნავია სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ფუნქციაც, რომელიც ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება.
21. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის (შეწყვეტის) საფუძველი წარმოიშვა საიჯარო ქირის გადაუხდელობისას, სახელდობრ, მოსარჩელე განმარტავდა, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 15 წლის ვადით, ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 3240 ლარს, რომლის 1/12 ნაწილი (270 ლარი) მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 561-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. შესაბამისად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოიჯარეს შეეძლო გონივრულ ვადაში მოეშალა იჯარის ხელშეკრულება, ხელშეკრულების 6.6, 7.1.3 პუნქტებისა და სსკ-ის 558-ე და 561-ე მუხლების საფუძველზე.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არასდროს შეუსრულებია, მას მეიჯარისთვის გადახდილი ჰქონდა მხოლოდ საგარანტიო თანხა (912 ლარი). იმავდროულად, სადავო არ არის არც ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გამოყენების თაობაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, მეიჯარემ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა მხოლოდ 9 თვის შემდეგ.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ მომდევნო ორი თვის საიჯარო ქირის შეუსრულებლობის პირობებში მეიჯარეს სსკ-ის 561-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო ვინაიდან მან ხელშეკრულება შეწყვიტა არა სამი, არამედ 9 თვის შემდეგ, ხელი შეუწყო დავალიანების ხელოვნურად გაზრდას, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება ხელშეკრულების მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევის შეფასების ჭრილში მართებულია და არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გამოყენების სამართლებრივ საკითხებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი