Facebook Twitter

საქმე №ას-967-2025 12 თებერვალი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ლ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფუილების უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ლ–ძის პოზიციით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. შესაბამისად, მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით.

2. კასატორის მტკიცებით სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და ეწინააღდეგება უზანესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასა და კანონმდებლობას.

3. საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარუდგენლობის გამო. მართალია, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე უთითებდა მხარე, თუმცა სარჩელი არასრული თანდარული მასალებით ჩაიბარა

4. მოპასუხის დედამ, რომელსაც არ ჰქონდა შვილისთვის დოკუმენტაციის გადაცემის შესაძლებლობა. ასევე, მას არ განემართა გადაცემის ვალდებულების შესახებ.

5. კასატორის მოსაზრებით, საქმე თვილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი არ არის, რადგან მოპასუხის იურიდიული მისამართი ხაშურია. ასევე, შესაგებლის წარდგენა ადასტურებს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა ინტერესი საქმეზე დაკარგული, დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან საკუთრების უფლება მოსარჩელეს აქვს უკანონოდ.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო პალატა საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:მა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რომ სს ხ.ბ.ს–ომ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა მ.ლ–ძის (შემდგომში - „აპელანტი“) წინააღმდეგ და №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (შემდგომში - „სადავო ნივთი“) დაბრუნება მოითხოვა.

12. მოსარჩელემ განმარტა, რომ იყო სადავო ნივთის მესაკუთრე და აპელანტი ამ ნივთს არამართლზომიერად ფლობდა. მოსარჩელემ სარჩელს დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც სადავო ნივთზე მისი საკუთრება დასტურდებოდა.

13. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და აპელანტს მასზე შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა განუსაზღვრა, ამასთანავე განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

14. სასამართლოს გზავნილი აპელანტის დედას, მ.ლ–ძეს ჩაჰბარდა 2024 წლის 13 მაისს. ამის მიუხედავად, აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ე.ი. 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

16. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს... უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

17. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

18. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

19. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს თავის იმ მისამართზე გაეგზავნა, სადაც რეალურად ცხოვრობს. ამას მისი შედავება განსჯადობაზეც ადასტურებს. კასატორის ის შედავება, რომ მოპასუხის დედამ არ იცოდა გზავნილის გადაცემის ვალდებულების შესახებ, დაუსაუბუთებელია, რადგან გზავნილის დასტურზევე აქვს მიწერილი ჩამბარებელ პირს, რომ აღნიშნულ საქმის მასალებს გადასცემს მის შვილს. მ. ლ–ძეს. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ჩამბარებელმა პირმა იცოდა საკუთარი ვალდებულების შესახებ და ინფორმირებული იყო. ამასთან, დადასტურებულია, რომ ხელი მოეწერა გზავნილის იმ ასლს, შესაბამისად დადასტურებულად იცოდა ჩაბარების შინაარსი.

21. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ სასამართლომ მოპასუხის ოჯახის წევრს პროცესუალურად მართლზომიერად ჩააბარა გზავნილი, ამიტომ ამ კუთხით არ არსებობს რამე სახის დარღვევა. აქედან გამომდინარე, შესაგებლის წარდგენის ვადა აითვალა 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით, რა პერიოდის განმავლობაშიც სასამართლოში არ წარდგენილა შესაგებელი. შესაბამისად, სსსკ-ის 2321-ე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობამ, ასევე სარჩელში მითითებული გარემოებებით მოთხოვნის იურიდიულმა გამართლებამ შექმნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერი საფუძველი.

22. რაც შეეხება კასატორის იმ შედავებას, რომ თითქოს დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ვერ იქნება გაზიარებული.

23. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

24. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

25. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

26. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ვინდიკაციური მოთხოვნის ყველა კუმულაციური წინაპირობა, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია.

27. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დასაბუთების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (105 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. მ.ლ–ძეს (პ.ნ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შ. კ–ის (პ.ნ. ........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N28524489133; გადახდის თარიღი: 28.07.2025) 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი