Facebook Twitter

საქმე №ას-1136-2025 12 თებერვალი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.ფ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 21 დეკემბერს სს „თ.ბ–სა“ და თ.ფ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2030621-11222592, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით, კრედიტის ვადა - 2024 წლის 25 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2021 წლის 25 აგვისტოს და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულების დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი თანხიდან 1771.48 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 1515.92 ლარით - პროცენტი, 110.55 ლარით - ჯარიმა, ხოლო 98.17 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.

5. 2023 წლის 12 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2030621-11222592 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება 34 033.54 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 13 728.52 ლარი, პროცენტი - 5696,51 ლარი და ჯარიმა - 14 444.72 ლარი.

6. 2023 წლის 12 ივნისს სს „თ.ბ–სა“ (ცედენტი) და შპს „ტ.კ–ს“ (ცესიონერი) შორის გაფორმდა ზემოთ მითითებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან თ.ფ–ის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დათმობილი მოთხოვნის მოცულობა განსაზღვრული იყო ცესიის ხელშეკრულების #1 დანართით. შესაბამისად, შპს „ტ.კ–ი“ (ს/კ ........) წარმოადგენს სს თ.ბ–ის (ს/კ .......) უფლებამონაცვლეს.

7. 2023 წლის 15 დეკემბერს კრედიტორმა (შპს „ტ.კ–ი“) 2020 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებით სასამართლოს მიმართა, რითაც შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ეს საკრედიტო ხელშეკრულება.

8. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

8.1. შპს „ტ.კ–მა“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში თ.ფ–ის მიმართ და მოპასუხისთვის შემდეგი ვალდებულებების დაკისრება მოითხოვა:

8.2. 2020 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2030621-11222592 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების, 22 088,82 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 13 728,52 ლარი, პროცენტი - 5860,3 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 2500 ლარი;

8.3. 2023 წლის 12 ივნისიდან (მოთხოვნის დათმობის თარიღი) 2020 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2030621-11222592 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 13 728,52 ლარზე, აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 251,68 ლარს; მოსარჩელე სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა: 2020 წლის 21 დეკემბერს სს „თ.ბ–სა“ და თ.ფ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2030621-11222592, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით, კრედიტის ვადა - 2024 წლის 25 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

8.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

8.5. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2021 წლის 25 აგვისტოს და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი თანხიდან 1771.48 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 1515.92 ლარით - პროცენტი, 110.55 ლარით - ჯარიმა, ხოლო 98.17 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.

8.6. 2023 წლის 12 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს, 2020 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2030621-11222592 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 34 033.54 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 13 728.52 ლარი, პროცენტი - 5696,51 ლარი და ჯარიმა - 14 444.72 ლარი.

8.7. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ იქნა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში - დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელ შემოსავლის დაკისრება.

8.8. 2023 წლის 12 ივნისს სს „თ.ბ–სა“ და შპს „ტ.კ–ს“ (ს/კ ........) შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკსა და თ.ფ–ს შორის დადებული 2020 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2030621-11222592 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შპს „ტ.კ–მა“. შესაბამისად, შპს „ტ.კ–ი“ (ს/კ .......) წარმოადგენს სს თ.ბ–ის (ს/კ .........) უფლებამონაცვლეს.

9. მოპასუხის შესაგებელი

სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი დავალიანების ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში ცნო, ხოლო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში არ ცნო. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოპასუხემ მიუთითა მის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ.ფ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: - 2020 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2030621-11222592 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 19 838,82 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 13 728,52 ლარი, პროცენტი - 5 696, 51 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 250 ლარი. მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ მოთხოვნა მოპასუხე თ.ფ–ისათვის 2023 წლის 12 ივნისიდან (მოთხოვნის დათმობის თარიღი) 2020 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის #2030621-11222592 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 13 728,52 ლარზე, აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 22% სარგებლის გადახდის დაკისრების შესახებ, რაც ყოველთვიურად შეადგენს 251,68 ლარს - არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო საჩივარი

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა. სააპელაციო საჩივარი ასევე წარადგინა მოსარჩელემაც, რომელმაც დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

13. საკასაციო საჩივარი

13.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. საჩივრის თანახმად, მოპასუხეს საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტამდე გაფრთხილება და დამატებითი 2 კვირიანი ვადა არ მისცემია ვალდებულების შესრულებისთვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით. შესაბამისად, არ არსებობდა საკრედიტო ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტისა და თანხის ერთიანად მოთხოვნის საფუძველი.

13.3. სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხის მიერ მითითებულ ფორს-მაჟორულ ვითარებაზე, რომელიც გამოწვეული იყო კოვიდ პანდემიის გამო. ამ პერიოდში, მოპასუხემ ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება უმუშევრობის გამო, მაშინ, როდესაც პანდემიამდე მოპასუხე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მის ვალდებულებებს.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. აღნიშნულ საქმეზე საკასაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილი ჰქონდა შპს „ტ.კ–საც“, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შეუვსელობის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

21. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

22. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

23. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერების კვლევა, კერძოდ, სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს რამდენად იყო სახეზე საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის მოთხოვნის საფუძვლები გამართლებული.

25. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ითხოვდა მოვალისათვის თანხის დაკისრებას. შესაბამისად, მოვალის მიმართ, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი) და 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

26. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა სამსახურის დაკარგვამ, რამაც მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე მოახდინა ზეგავლენა.

27. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს _ „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-925-2022, 30.09.2022წ). 18. ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს _ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

28. იმის მიხედვით, რამდენად არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, იურიდიული ლიტერატურა ერთმანეთისგან მიჯნავს ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციებს, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

29. „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“ (იხ. ჩიტაშვილი ნ., სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17).

30. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულებები. კასატორის პრეტენზია დამყარებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევა განაპირობა სამსახურიდან გათავისუფლებამ.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს პოზიცია, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულებისა და შესრულების შეუძლებლობის ურთიერთმიმართება შემდეგია - „როგორც ყველაზე მკაცრი გვაროვნული ვალდებულება, ფულადი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 639). ფულის არქონის ფაქტი მოვალეს არ ათავისუფლებს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან, მიუხედავად მისი არქონის წარმომშობი მიზეზისა. გამონაკლისი დაიშვება ვალუტის კონვერტაციასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობისას ან სახელმწიფოს მიერ დაწესებული საქმიანობის აკრძალვისას. 23. ფული, როგორც ღირებულებათა საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლოა, მოვალეს არ გააჩნდეს, თუმცა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების, მოთხოვნისა და უფლების მის საკუთრებაში არსებობა ქმნის ვარაუდს, რომ ამგვარი აქტივი შესაძლოა ტრანსფორმირდეს ფულად - ვალდებულების შესრულების საგნად. მაშინაც კი, როდესაც მოვალე ქონებრივ სიკეთეთა არმქონე სუბიექტია, ივარაუდება, რომ არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც.

32. ამრიგად, იქ, სადაც ვალდებულების შესრულება ხდება ფულით, მხარისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რომლებიც უკიდურესად ართულებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა წარმოშვას არა ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების, არამედ შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ინსტიტუტის არსი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც სახეზეა ის პირობები, რომლებშიც ხელშეკრულება დაიდო, ხოლო თუ ეს პირობები იცვლება, მხარეს, რომლის ინტერესებიც შეცვლილი პირობების შედეგად შეუსაბამოდ ირღვევა, არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 212).

33. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ იკვეთება ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აპელირება, რომ მოპასუხემ პანდემიური ვითარების ფონზე სამსახურის დაკარგვის გამო მოითხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, რათა შეძლებოდა ვალდებულების შესრულება. ამჯერად კი ისეთი სახის შედავება, რომელიც დაფუძნებულია სწორედ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასა თუ მის გართულებას, არარელევანტურია, რადგან არსებობდა შესაძლებლობა სახელშეკრულებო პირობების შესახებ მოვალეს მიემართა და მოეთხოვა მისი ცვლილება გარემოებების შესაბამისად, რაც მან არ განახორციელა, ამიტომ სასამართლოსთვის არადამაჯერებელია საქმის წარმოების ეტაპზე აღნიშნული არგუმენტის მოხმობა. ამავდროულად, კასატორმა ვერ შეძლო იმ ლოგიკური მიზეზობრივი ბმის დასაბუთება, რაც საკრედიტო ურთიერთობასა და პანდემიურ ვითარებას შორის შესაძლოა არსებობდეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოპასუხის მიერ არ გამორიცხულა თუნდაც სხვა ფინანსური წყაროს არსებობის ფაქტიც.

34. რაც შეეხება ხელშეკრულების ფორმალური ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ მოპასუხის შედავებას, ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომლის თანახმად, თ.ფ–ის სააპელაციო საჩივრის ზემოაღნიშნული არგუმენტი წარმოადგენს ახალ გარემოებას (აღნიშნულ გარემოებაზე მითითებას არ შეიცავს არც სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი და არც საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხის მიერ დაფიქსირებული პოზიცია), რის გამოც, სსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.) საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მასზე მითითებისას, მოპასუხეს წარმოეშვა ამ გარემოების შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე მიუთითებლობის საპატიოობის მტკიცების ტვირთი, თუმცა რადგან ვერ დადასტურდა, ამიტომ საკასაციო სასამართლოც არაუფლებამოსილია ამ შედავების არსებით კვლევაში შევიდეს.

35. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ დაარღვია მის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულება, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.

36. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ.ფ–ს (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ე. დ. (პ.ნ. ..........) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება: N29352334653; გადახდის თარიღი: 17.09.2025) 300 ლარიდან 2,4 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი