საქმე №ას-1269-2024 12 თებერვალი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს “F.M.G.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.მ.ფ–ის“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – „ს–ში“ რეგისტრირებული დიზაინის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,F.M.G.“ არის მუყაოს კოლოფის დიზაინის მოწმობის მფლობელი, რომელიც დარეგისტრირებულია „ს–ში“ რეგისტრაციის ნომრით #D659, რეგისტრაციის თარიღი - 2016 წლის 15 იანვარი.
2. 2014 წლის 05 აპრილს შპს ,,ფ.მ.ფ–ა“ (უკრაინა) და შპს ,,კ–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N61/05-04-12, რომლის თანახმად, შპს ,,ფ.მ.ფ.“ (გამყიდველი) იღებს ვალდებულებას შპს ,,კ–ს“ (მყიდველი) მიყიდოს წვენის პროდუქცია. გამყიდველი აძლევს ექსკლუზიურ უფლებას მყიდველს საქართველოს ტერიტორიაზე ივაჭროს წვენების პროდუქციით სავაჭრო ნიშნით „моя семья“, კონტრაქტის მოქმედების ვადით.
3. 2017 წლის 10 იანვარს შპს ,,F.M.G.“-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ,,კ–ის“ და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ შპს „კ–ის“ მხრიდან განსაკუთრებული უფლების ხელყოფის აღკვეთისა და საქონლის განადგურების თაობაზე.
4. 2016 წლის 30 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო შპს „კ–ის" მიერ შემოტანილ საქონელს, 2016 წლის 1 დეკემბრის C9603 (20002) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ნაწილს, კერძოდ, 32428,87 ლარის საბაჟო ღირებულების 21504 ცალი 0.95 ლიტრიან ხილის ნექტარს, რომელიც განთავსებულია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში _ "თბილისი" (მდებარე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........ი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ).
5. შპს ,,F.M.G.“-ის სარჩელზე შეჩერებულია საქმის წარმოება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
6. სასარჩელო მოთხოვნა
6.1. შპს „ფ.მ.ფ–მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „F.M.G.“ -ის მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ფ.მ.გ–ის“ კუთვნილი ს–ში რეგისტრირებული დიზაინი, მოწმობის #D659, რეგისტრაციის თარიღი: 2016 წლის 15 იანვარი, დიზაინის ავტორი მერალ შამოიანი.
6.2. დადგინდეს, რომ სადაო დიზაინი რეგისტრაციის #D659 არ წარმოადგენს საავტორო უფლებებით დაცვის ობიექტს.
6.3. სარჩელში აღნიშნულია შემდეგი: შპს ,,F.M.G.” (საქართველო) არის მუყაოს კოლოფის დიზაინზე მოწმობის მფლობელი, რომელიც დარეგისტრირებულია „ს–ში“ რეგისტრაციის #D659, განაცხადის შეტანის თარიღით 2015 წლის 2 თებერვალი, რეგისტრაციის თარიღი 2016 წლის 15 იანვარი და ის ძალაშია 2025 წლის 2 თებერვლამდე, ვადის გაგრძელების უფლებით.
6.4. 2017 წლის 10 იანვარს კომპანია შპს ,,F.M.G.” -ის (საქართველო) მიერ აღძრული იქნა სარჩელი კომპანია შპს „კ–ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვება შპს "კ–ი"-სთვის ხილის წვენების იმპორტის აკრძალვა და უკვე იმპორტირებული განსაბაჟებელი საქონლის დაყადაღება იმ მოტივით, რომ აღნიშნული საქონლის შეფუთვა მსგავსი იყო კუთვნილი, საქართველოში დაცული კოლოფის დიზაინისა. შპს ,,კ–ი“ წარმოადგენს ხილის წვენების моя семья ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც ჩამოსხმულია მუყაოს კოლოფში. მოსარჩელეს შპს „ფ.მ.ფ“-სა (უკრაინა) და შპს „კ–ს“ შორის 2014 წელს გაფორმებულია ექსკლუზიური ხელშეკრულება ამ საქონლის იმპორტზე საქართველოში. აღნიშნული საქმე კვლავ განხილვის სტადიაზეა თბილისის საქალაქო სასამართლოში და შეჩერებულია მისი განხილვა დამოკიდებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე საქმის განხილვის დასრულებამდე მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
6.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,F.M.G.” (საქართველო) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, ყადაღა დაედო შპს „კ–ის“ მიერ იმპორტირებულ საქონელს შეჩერებულს საბაჟოზე. გარდა ამისა, ამ განჩინებით სასამართლომ აუკრძალა იმპორტი შპს „კ–ს“ საქართველოში პროდუქციისა, რომელიც შეფუთული იქნებოდა მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მქონე მუყაოს კოლოფში. ეს აკრძალვა ეხება არა მარტო შპს „კ–ს“ არამედ ნებისმიერ იმპორტიორს საქართველოში.
6.6. სადავო დიზაინის #D659 მფლობელმა „ს–ში“ შეტანილ განაცხადს დაურთო აღწერილობა, რომლის თანახმადაც განცხადებულია მუყაოს სამ განზომილებიანი, კოლოფი, მასზე დატანილია წარწერა წითელ ფერში კირილიცაზე „наш сад“. საგანაცხადო მასალა შეიცავს კოლოფის მხოლოდ ერთ გამოსახულებას. ს–ის ვებ-გვერდიდან ასევე ჩანს, რომ დიზაინი წარმოადგენს რუხი ფერის მართკუთხა პარალელეპიპედს, მის ერთ გვერდით წახნაგზე დატანილია წითელი ფერის ასოებით ჩანაწერი „наш сад “. ხოლო ზედა, ანუ ფუძის მოპირდაპირე წახნაგზე დატანილია მწვანე ფერის სახურავი. სხვა ხედები დიზაინისა არ არის გამოქვეყნებული, არ ჩანს მათი არსებითი მნიშვნელობის არქონის გამო ან იმ მიზეზით, რომ ასეთები განმცხადებელს არ ჩაუბარებია ს–ში სავარაუდოდ. ს–ში წარდგენილია სადაო დიზაინის ფოტოსურათი კომპანია „Tetrapack“-ის მიერ დამზადებული კოლოფისა, რომელზეც დატანილი იყო მოპასუხის ან მისი მონათესავე კომპანიის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი „наш сад”.
საქართველოში ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული და იმპორტირებული შეფუთვები პროდუქტისა, რომლებსაც გააჩნიათ ისეთივე ძირითადი მახასიათებელი ნიშნები, რაც სადავო დიზაინს #D659 და ეს ხდებოდა სადაო დიზაინზე განაცხადის ს–ში შეტანის თარიღზე ადრე. „ტეტრა პაკის“ მიერ შექმნილი და წარმოებული მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მუყაოს კოლოფები საქართველოს ბაზარზე ფართოდ იყო გავრცელებული სადაო დიზაინზე #D659 განაცხადის შეტანამდე, ანუ 2015 წლის 2 თებერვლამდე. წარმოდგენილია წერილი ,,შპს ვ-ბ-დან ს–გან“ (PepsiCo-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში). "შპს ვ-ბ-დან ს–ოს“ ჯგუფში შედის კომპანია „სოფლის ნობათი“, რომელიც 15 წელია საქართველოში აწარმოებს და ჰყიდის რძის პროდუქტებს. წარმოდგენილი წერილის თანახმად, კომპანია „შპს ვ-ბ-დან ს–ო“ 2015 წელზე უფრო ადრეულ პერიოდში ახდენდა და დღემდე ახორციელებს წარმოებას პროდუქციისა: სავაჭრო დასახელებით: „სოფლის ნობათი“, „მხიარული მერძევე“, „სოფლის სახლი“ „სანდორა“. აღნიშნული პროდუქცია კი ჩამოსხმულია კომპანიების „ტეტრა პაკი“ და ნორვეგიული კომპანიის „EloPack“-ის მიერ წარმოებულ მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მუყაოს კოლოფებში. „ტეტრა პაკი“ (Tetra Pak) წარმოადგენს შვედურ-შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს საკვების შესაფუთებს. მისი სათავო ოფისები მდებარეობს ლუნდში, შვედეთი და პულში, შვეიცარია. კომპანია აწარმოებს რძის პროდუქტების, სასმელების, ყველის, ნაყინის და სხვა მზა საკვების ტარასა და შეფუთვას. „ტეტრა კლასიკი“ (Tetra Classic) არის კომპანია „ტეტრა პაკის“ (Tetra Pak)-ის მიერ წარმოებული პირველი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მქონე შეფუთვის დასახელება, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ 1952 წელს წარმოადგინა საჯაროდ. TetraBrik (ტეტრა ბრიკ), მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის შეფუთვა, გამოშვებული იქნა 1963 წელს ხანგრძლივი და ძვირადღირებული განვითარების პროცესის შემდეგ. გაყიდვების მაჩვენებლის თვალსაზრისით, ის ყველაზე პოპულარულია Tetra Pak-ის შეფუთვებს შორის. კომპანიის ისტორიის თანახმად, 1963 წელს „Tetra Brik“ შეფუთვა წარმოდგენილი იქნა შვედეთში ჯერ მოტოლაში და შემდგომ – სტოკჰოლმში. მომდევნო წლებში კი ამ პროდუქციის წარმოების მოცულობამ 2,7 მილიონ მუყაოს კოლოფს გადააჭარბა ყოველწლიურად. დიზაინი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მქონე მუყაოს კოლოფზე რეგისტრირებულია მალაიზიის საპატენტო უწყებაში 2008 წლის 4 იანვარს. დიზაინის მფლობელია TETRA LAVAL HOLDINGS & FINANCES S. A. დიზაინი ძალაშია 2023 წლის 4 იანვრამდე მისი შემდგომი განახლების უფლებით. დიზაინის რეგისტრაციის ნომერია 08-00010-0406. აღნიშნულ დიზაინზე მონაცემები ხელმისაწვდომია საჯაროდ, დიზაინებისა და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო საძიებო ვებ გვერდზე www.tmdn.org. უნდა აღინიშნოს, რომ TETRA LAVAL HOLDINGS & FINANCES S.A. წარმოადგენს ჰოლდინგს, რომლის შემადგენლობაშიც შედის შვედური კომპანია „ტეტრა პაკ“. ასევე, კომპანია TETRA LAVAL HOLDINGS & FINANCES S.A.-ს სახელზე რეგისტრირებულია გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი რეგისტრაციის ნომრით 66037, რომელიც 1985 წლიდან დღემდე ძალაშია კოსტა-რიკაში. ევრაზიის საპატენტო უწყების (სათავო ოფისით მოსკოვში) მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული იქნა გადაწყვეტილება საპატენტო განაცხადზე პატენტის გაცემის შესახებ „სიგ ტექნოლოჯი აგ“-ს (შვეიცარია) სახელზე. აღნიშნული გამოგონების ობიექტია - თხევადი პროდუქტებისთვის განკუთვნილი მუყაო-პლასტმასისაგან დამზადებული ჭურჭლის განმეორებით დახურვადი ჩამოსხმის ელემენტი და მისი აწყობის ხერხი. თუ დავაკვირდებით გამოგონების აღწერილობას თანდართულ ფიგურებს 8 და 9 აღმოვაჩენთ, რომ გამოგონების ფორმულით დაცული სითხის ჩასასხმელი მუყაოს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის კოლოფის ფორმა იდენტურია სადაო დიზაინისა. შესაბამისად, უდავოა, რომ სადაო დიზაინით დაცული მუყაოს კოლოფი ჯერ კიდევ 2009 წლიდან არის ცნობილი და შესაბამისად, სადაო დიზაინი არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პოზიციაში მიუთითა, რომ მოსარჩელე კომპანიის მესაკუთრეები ახორციელებენ ბიზნეს საქმიანობას კომპანიებთან „სანტრეიდი“ და მაქსიმუს+“, შესაბამისად, აღნიშნული კომპანიები ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში იყენებდნენ ამ დიზაინის კოლოფს „მაია სემიას" და „ნაშ სად"-ს სასაქონლო ნიშნებით. თანდართულია იმპორტის საბაჟო დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის სასაქონლო ზედნადებების რეესტრი (rs.ge-დან ამოღებული რეპორტის სახით), რომლიდანაც ჩანს ამ ახალ კოლოფში ჩამოსხმული წვენი ვისთან, სად, როდის და რა ფასში გაიყიდა.
7.2. 2007-2008 წელს აშშ-ში კრიზის შემდგომ ბანკებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეამცირეს სესხების გაცემა და ითხოვდნენ უკვე გაცემული სესხების ვადაზე ადრე დაბრუნებას. იგივე ხდებოდა უკრაინაშიც და აღნიშნული უკრაინული კომპანია „ფ.მ.ფ–იც“ აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. იმ დროისთვის კომპანია შპს „მ–ი“ თანამშრომლობდა ამ უკრაინულ კომპანიასთან და მისი დისტრიბუტორი იყო საქართველოში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ის მზა ნატურალური წვენის პროდუქციას ყიდულობდა და შემდგომ ახდენდა მის იმპორტს და გაყიდვას საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული უკრაინული კომპანია მუშაობდა ძირითადად ბანკებიდან აღებული კრედიტების ხარჯზე, ისინი იძულებულნი იყვნენ ყველა სესხი ვადაზე ადრე გადაეხადათ და ფაქტობრივად ვეღარ მუშაობდნენ, რადგან საბრუნავი თანხები არ ჰყოფნიდათ და ქარხანა სამი თვის განმავლობაში იყო გაჩერებული.
7.3. ამ პერიოდში, მათი გაყიდვების მენეჯერი იყო ბ-ნი ს.ფ–ო და ის თბილისში იყო ჩამოსული შემდეგი წინადადებით, ციტირება სიტყვა-სიტყვით: „ან თქვენ თავად ყიდულობთ კოლოფებს და ჩვენ ვასხამთ წვენს მხოლოდ თქვენთვის, ან დაივიწყეთ ეს წვენის ბიზნესი, რადგან ჩვენ ფაქტობრივად არ გვყოფნის საბრუნავი თანხები შემდგომი მუშაობისთვის“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი გვთავაზობდნენ ჩვენ ე.წ. „პრივატ ლეიბლის“ რეჟიმში მუშაობას, რაც სწორედ იმაში გამოიხატებოდა რომ ჩვენ ჩაურიცხავდით მათ კოლოფების თანხას რომ მათ ამ ჩარიცხული ფულით კოლოფები ეყიდა და ისინი კი ამ კოლოფებში წვენს ჩამოასხამდნენ. შემდგომ კი როდესაც საბოლოოდ შეფუთული წვენის პროდუქცია მზად იქნებოდა შემდგომი ტრანსპორტირებისთვის საბოლოო პროდუქციის ღირებულებას ჩაურიცხავდით ამ წინასწარ ჩარიცხული კოლოფების თანხების გამოკლებით. საქართველოს მთელი მასშტაბით გაყიდვების ასეთი სტრუქტურა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება, რომელიც მხოლოდ უმსხვილეს ბრენდებს აქვთ (როგორიც არის „პროქტერ ენდ გემბლი“, „კოკა კოლა“, „უნილივერი“ და სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანიები). მსოფლიო მასშტაბით „პრივატ ლეიბლი“, ანუ რომ ვთარგმნოთ „საკუთარი სასაქონლო ნიშნის წარმოება“ ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ამ რაღაცა გარკვეული სასაქონლო ნიშნის ან დიზაინის მესაკუთრე და უკვეთავ პროდუქციის წარმოებას ამ ნიშნის/დიზაინის ქვეშ სხვა უცხო ქარხანას.
7.4. უკრაინულმა „ფ.მ.ფ–მა“ შესთავაზა მოპასუხეს, რომ „თქვენ კოლოფები იყიდეთო, ჩვენ წვენს ჩამოვასხამთ და თქვენი ინტერესი ის იქნება, რომ ჩვენ დაგიდებთ სალიცენზიო ხელშეკრულებას ჩვენ კუთვნილ სასაქონლო ნიშან „მოია სემია“-ზე მასზე რომ თუ ხუთი წლის განმავლობაში იყიდითო 16 მილიონ ლიტრ წვენს მაშინ ამ ნიშანს ჩვენ გაგიფორმებთო და თუ ვერ იყიდითო წვენის მაგ რაოდენობას, მაშინ წვენის იმ ლიტრაჟის რაც დაგრჩათ საყიდელი გარკვეულ თანხას გადაგიხდითო. ყველა ეს პირობა იყო ჩადებული სალიცენზიო ხელშეკრულებაში. მოპასუხე მხარე დათანხმდა მათ და გადაწყვიტეს ახალი კომპანიის რეგისტრაცია - შპს „მ–ს“.
7.5. მოპასუხის განმარტებით, კოლოფის ფორმა შემუშავებული ქონდათ და ტექნიკურად შეთანხმებული 2008 წლიდან და შესაბამისად ამ ფორმის კოლოფის ქვეშ წვენის გაყიდვა დაიწყეს 2009 წლიდან. მოპასუხის განმარტებით, არსებობს გარკვეული მსოფლიო პრაქტიკა იმისა, რომ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები რეგისტრირდება ცალკე კომპანიებზე, რადგან ეს არის საკუთრების ცალკე დარგი, ექვემდებარება ცალკე აღრიცხვას და მოპასუხემ შესაბამისად 2013 წელს დაარეგისტრირა შპს „F.M.G.” და შემდგომ მასზე არეგისტრირებდნენ მათ კუთვნილ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს. შესაბამისად ამ კომპანიაზე დაარეგისტრირეს მათი კუთვნილი კოლოფის დიზაინი და მოცულობითი სასაქონლო ნიშანი, რომელსაც იყენებდნენ 2009 წლიდან და რომლის დამზადებაშიც იხდიდნენ ფულს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ფ.მ.ფ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინტერნეტ გვერდიდან ამობეჭდილი სტატიები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რელევანტურ მტკიცებულებებად, ვინაიდან ბუნდოვანია მათი მოპოვების წესი და ეჭვქვეშ აყენებს მათ ავთენტურობას, მით უფრო, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სადავო გახადა შესაგებლით მოპასუხე მხარემ, რის საწინააღმდეგოდაც მოსარჩელეს დამატებით, სსსკ-ით დადგენილი წესით მოპოვებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
8.3. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ განმარტა, რომ ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში იყენებდნენ ამ დიზაინის კოლოფს „მაია სემიას" და „ნაშ სად"-ს სასაქონლო ნიშნებით, რის დასტურადაც წარმოადგინა თანდართული იმპორტის საბაჟო დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის სასაქონლო ზედნადებების რეესტრი (rs.ge-დან ამოღებული რეპორტის სახით), რომლიდანაც ჩანს ამ ახალ კოლოფში ჩამოსხმული წვენი ვისთან, სად, როდის და რა ფასში გაიყიდა. კოლოფის ფორმა შემუშავებული ქონდათ და ტექნიკურად შეთანხმებული 2008 წლიდან და შესაბამისად ამ ფორმის კოლოფის ქვეშ წვენის გაყიდვა დაიწყეს 2009 წლიდან. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა პარტნიორი კომპანიების წერილები.
8.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა, მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო დიზაინს არ გააჩნია სიახლე და ინდივიდუალურობა.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ფ.მ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ფ.მ.ფ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „F.M.G.”-ის კუთვნილი ს–ში რეგისტრირებული დიზაინი, მოწმობის #D659, რეგისტრაციის თარიღი: 2016 წლის 15 იანვარი, დიზაინის ავტორი მერალ შამოიანი; დადგინდა, რომ სადაო დიზაინი რეგისტრაციის #D659 არ წარმოადგენს საავტორო უფლებებით დაცვის ობიექტს.
10.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო თავად მოპასუხის მხრიდან, მის რეგისტრაციამდე წლების განმავლობაში. ამდენად, რეგისტრირებული დიზაინი არ აკმაყოფილებს კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს, რაც ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია.
11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
11.1. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მეორე მოთხოვნის ნაწილში ისე დააკმაყოფილა ის. სასამართლომ გადაწყვეტილება დააყრდნო სააპელაციო ეტაპზე წარდგენილ ახალ ფაქტობრივ მდგენელზე, რაც შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს. სარჩელით წარდგენილი მოთხოვნა და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე ფაქტობრივი გარემოებები არ იყო საკმარისად წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, რამაც ლოგიკურად გამოიწვია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, დაყენებული იყო ორი მოთხოვნა: ერთი დიზაინის ბათილობისა და მეორე - დიაინის საავტორო უფლებებით დაცვის არმქონე ობიექტად მიჩნევის შესახებ. სააპელაციო პალატამ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღნიშნული მოთხოვნებიდან პირველზე სააპელაციო პალატამ იმსჯელა, მაგრამ არასწორად, თუმცა, მეორე მოთხოვნა ისე დააკმაყოფილა და ასახა სარეზოლუციო ნაწილში, რომ მასზე არ უმსჯელია.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
20. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
21. სსსკ-ის 36325-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი ან კოლექტიური ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება ან სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
22. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ: ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც წარდგენილია ს–ში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა აღნიშნული განაცხადის შეტანამდე ან პრიორიტეტის თარიღამდე; გ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღის შემდეგ, მაგრამ წარდგენილია ს–ში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ თარიღამდე. ხოლო 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ: ბ) დიზაინი ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-10 მუხლს; გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4–მე-10 პუნქტების მოთხოვნებს.
23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) მე-5 მუხლის „ა“ (სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია), 6.1 (რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან), 6.2. „ა“ და „დ“ პუნქტებით, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური, იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას, ან მის განმასხვავებელუნარიანობას).
24. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში შეფასების საგანია ის, თუ რამდენად წარმოადგენს მხარეთა სადავო ობიექტები დიზაინური გაგებით სიახლისა და ინდივიდუალურობის თვისებების მატარებელს და რამდენად შესაძლებელია მისი ცალკე ობიექტად რეგისტრაცია.
25. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან; სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. იმავე მუხლის მე-3 პუნქტისა და კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ს–ში მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე; რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება კი წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
26. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტურია ან მსგავსია და რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, მიუხედავად საქონლის იდენტურობისა ან მსგავსებისა, თუ ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას. ჩამოთვლილი წინაპირობების არსებობისას, კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს.
27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიციაა, რომ სადავო დიზაინი არ შეიცავს სიახლისა და ინდივიდუალურობის ნიშნებს, ასევე, სადავო დიზაინზე #659 განაცხადის შეტანამდე, ანუ 2015 წლის 2 თებერვლამდე „ტეტრა პაკის“ მიერ შექმნილი და წარმოებული მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მუყაოს კოლოფები საქართველოს ბაზარზე ფართოდ იყო გავრცელებული. აღნიშნულ თარიღამდე უფრო ადრეულ პერიოდში შპს „ვ-ბ-დან ს–ო“ ახორციელებდა პროდუქციის წარმოებას სავაჭრო დასახელებით: „სოფლის ნობათი“, „მხიარული მერძევე“, „სოფლის სახლი“ „სანდორა“. პროდუქცია კი ჩამოსხმულია კომპანიების „ტეტრა პაკი“ და ნორვეგიული კომპანიის „EloPack“-ის მიერ წარმოებულ მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მუყაოს კოლოფებში. „ტეტრა პაკი“ (Tetra Pak) წარმოადგენს შვედურ-შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს საკვების შესაფუთებს. მისი სათავო ოფისები მდებარეობს ლუნდში, შვედეთი და პულში, შვეიცარია. კომპანია აწარმოებს რძის პროდუქტების, სასმელების, ყველის, ნაყინის და სხვა მზა საკვების ტარასა და შეფუთვას. „ტეტრა კლასიკი“ (Tetra Classic) არის კომპანია „ტეტრა პაკის“ (Tetra Pak)-ის მიერ წარმოებული პირველი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მქონე შეფუთვის დასახელება, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ 1952 წელს წარმოადგინა საჯაროდ. TetraBrik (ტეტრა ბრიკ), მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის შეფუთვა, გამოშვებული იქნა 1963 წელს ხანგრძლივი და ძვირადღირებული განვითარების პროცესის შემდეგ. გაყიდვების მაჩვენებლის თვალსაზრისით, ის ყველაზე პოპულარულია Tetra Pak-ის შეფუთვებს შორის. კომპანიის ისტორიის თანახმად, 1963 წელს „ტეტრა ბრიკ“ შეფუთვა წარმოდგენილი იქნა შვედეთში ჯერ მოტოლაში და შემდგომ – სტოკჰოლმში. მომდევნო წლებში კი ამ პროდუქციის წარმოების მოცულობამ 2,7 მილიონ მუყაოს კოლოფს გადააჭარბა ყოველწლიურად. დიზაინი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მქონე მუყაოს კოლოფზე რეგისტრირებულია მალაიზიის საპატენტო უწყებაში 2008 წლის 4 იანვარს. დიზაინის მფლობელია TETRA LAVAL HOLDINGS & FINANCES S. A. დიზაინი ძალაშია 2023 წლის 4 იანვრამდე მისი შემდგომი განახლების უფლებით. დიზაინის რეგისტრაციის ნომერია 08-00010-0406. აღნიშნულ დიზაინზე მონაცემები ხელმისაწვდომია საჯაროდ, დიზაინებისა და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო საძიებო ვებ გვერდზე www.tmdn.org. TETRA LAVAL HOLDINGS & FINANCES S.A.-ს სახელზე რეგისტრირებულია გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი რეგისტრაციის ნომრით 66037, რომელიც 1985 წლიდან დღემდე ძალაშია კოსტა-რიკაში.
28. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, მისი მითებით, ამ დიზაინის კოლოფს „მაია სემიას" და „ნაშ სად"-ს სასაქონლო ნიშნებით ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში იყენებდნენ.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მქონე შეფუთვის დასახელება გამოიყენებოდა 1952 წლიდან. მისი გამოყენება გულისხმობდა საჯაროდ მის განთავსებას. შესაბამისად, ასეთი სახით მისი გამოყენება აკმაყოფილებს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, რომლის თანახმად, დიზაინის საჯარო ხელმისაწვდომობა გულისხმობს ობიექტის გამოქვეყნებას, გამოფენას, სავაჭრო მიმოქცევაში ჩართვას ან სხვა გზით საჯარო ცნობადობას განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. დიზაინის სიახლე დასტურდება იმ შემთხვევაში, თუ კი ის არ ყოფილა საჯაროდ ხელმისაწვდომი გამოქვეყნებამდე. თუ კი დადასტურდება იდენტური ობიექტის არსებობა, ეს გამორიცხავს ინდივიდუალურობას და შესაბამისად სიახლესაც, ამავდროულად, მცირე მნიშვნელობის ცვლილება არ გულისხმობს სიახლეს ან ინოვაციურობას. რაც შეეხება დიზაინის ინდივიდუალურობას, იმისთვის, რომ ის ჩაითვალოს ასეთად, აუცილებელია, რომ საერთო შთაბეჭდილებით განსხვავდებოდეს უკვე არსებული სხვა დიზაინისგან გონიერი, საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის თვალში.
30. მოცემულ შემთხვევაში, რადგან დადასტურებულია, რომ მოპასუხე სადავო დიზაინს იყენებდა 2009-13 წლებში, ხოლო ფორმალურად დარეგისტრირდა 2015 წელს, გამოირიცხება მისი სიახლითა და ინდივიდუალიზმით დახასიათება. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, დიზაინზე ინფორმაციის გახსნა არ გაითვალისწინება, თუ იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში თავად მოპასუხე მხარე უთითებს, რომ სადავო დიზაინის კოლოფს „მაია სემიას" და „ნაშ სად"-ს სასაქონლო ნიშნებით ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში იყენებდა. შესაბამისად, დიზაინი მისი რეგისტრაციის მომენტისთვის არ აკმაყოფილებდა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, დიზაინი ინდივიდუალურია, თუ საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ის ახდენს ინფორმირებულ მომხმარებელზე, განსხვავდება საერთო შთაბეჭდილებისაგან, რომელსაც იმავე მომხმარებელზე ახდენს სხვა დიზაინი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. რეგისტრაციის მომენტისთვის ასევე არ სრულდებოდა აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ დიზაინს აქვს სიახლე, თუ განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე არც ერთი მისი იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ სადავო დიზაინი იყო საჯაროდ განთავსებული მოპასუხის მიერ რეგისტრაციამდე, შესაბამისად, „დიზაინის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა დიზაინის რეგისტრაციის ბათილობა. ამავდროულად, სწორადვე იქნა დადგენილი, რომ სადავო დიზაინი (ND659) არ არის საავტორო უფლებით დაცვადი ობიექტი.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “F.M.G.”-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს “F.M.G.”-ს (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით მ.შ–ის (პ.ნ. .........) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება: N24082134796; გადახდის თარიღი: 08.10.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი