Facebook Twitter

საქმე Nას-758-2025

18 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ.ხ–ძემ (შემდეგში: „მოსარჩელე" ან “დაზარალებული”) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, გ.ს–ძის (შემდეგში: „მოპასუხე", „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ, და მოითხოვა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის 6 ეპიზოდზე, მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება 7000 ლარის ოდენობით; მოპასუხე გ.ს–ძისთვის მოსარჩელე მ.ხ–ძის სასარგებლოდ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე, მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება 3000 ლარის ოდენობით; მოპასუხე გ.ს–ძისთვის მოსარჩელე მ.ხ–ძის სასარგებლოდ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადევნების ფაქტზე, მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება 5000 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მხარეთა შორის გარკვეული სახის უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული ფიზიკური ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტები, რაც გამორიცხავს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ხ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ.ს–ძეს (პ/ნ ..........) მოსარჩელე მ.ხ–ძის (პ/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისრა ფიზიკური ძალადობის გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხე გ.ს–ძეს (პ/ნ .........) მოსარჩელე მ.ხ–ძის (პ/ნ .........) სასარგებლოდ დაეკისრა მუქარის გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხე გ.ს–ძეს (პ/ნ .........) მოსარჩელე მ.ხ–ძის (პ/ნ ..........) სასარგებლოდ დაეკისრა ადევნების გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც, მოპასუხე გ.ს–ძეს მოსარჩელე მ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ფიზიკური ძალადობის გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხე გ.ს–ძეს მოსარჩელე მ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მუქარის გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 2 000 (ორი 21 ათასი) ლარის ოდენობით; 5. მოპასუხე გ.ს–ძეს მოსარჩელე მ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ადევნების გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

4.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 02.08.2022 წელს დაიწყო გამოძიება გ.ს–ძის მიერ მ.ხ–ძის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე.

4.2.2. მ.ხ–ძე 05.08.2022 წელს ცნობილი იქნა დაზარალებულად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (6 ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

4.2.3. მ.ხ–ძე 31.10.2022 წელს ცნობილი იქნა დაზარალებულად მის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 6 ეპიზოდიანი, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

4.2.4. გ.ს–ძე 26.08.2022 წელს ცნობილი იქნა ბრალდებულად. მას ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა: 1) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის მარტის თვეში (დაახლოებით 20 მარტს), დაახლოებით 17:00 საათიდან - 19:00 საათამდე დროის პერიოდში, გ.ს–ძემ ქ. თბილისში, .........., მდებარე კუთვნილ ბინა N38-ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ხ–ძეს მუშტი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმები (ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად). ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 126-1;

2) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის მარტის თვეში (დაახლოებით 20 მარტის შემდგომ 5 დღის ინტერვალში), დაახლოებით 19:00 საათიდან - 20:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ. მცხეთაში, კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას, გ.ს–ძემ ეჭვიანობის ნიადაგზე, მ.ხ–ძეს რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმა, რის შემდგომაც სახეში შეასხა წყალი (ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად). ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი მიადგა მორალური სახის ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 126-1;

3) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 13 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე, გ.ს–ძემ ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ხ–ძეს მუშტი დაარტყა თვალში და მოქაჩა თმები (ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად). ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 126-1;

4) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის ივნისის თვეში (დაახლოებით 10 ივნისს), დაახლოებით 17:00 საათიდან - 20:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ. მცხეთაში, გ.ს–ძემ ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ხ–ძეს ხელი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმები (ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად). ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი მიადგა მორალური სახის ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 126-1;

5) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის ივლისის თვეში (დაახლოებით 10 ივლისს), დღის საათებში, ქ. თბილისში, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ს–ძემ მ.ხ–ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომაც მკლავზე ხელის ძლიერად მოჭერით ჩასვა ავტომანქანაში (ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად). ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი მიადგა მორალური სახის ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 126-1;

6) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, ავჭალის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას, გ.ს–ძემ მ.ხ–ძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს მასთან არ გაეწყვიტა ურთიერთობა, სახის არეში გაარტყა ხელი, რის შემდგომაც დაახლოებით ათჯერ მუშტები დაარტყა თავში და მოქაჩა თმები. გ.ს–ძემ მ.ხ–ძეს ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპის არეში და მკლავზე, რის შემდგომაც იგი ჩააგდო ავტომანქანის წინა და უკანა სავარძლებს შორის. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 126-1;

7) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, ავჭალის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას, გ.ს–ძე მ.ხ–ძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს მასთან არ გაეწყვიტა ურთიერთობა, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ.ს–ძის აღნიშნული მუქარა მ.ხ–ძემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 151-1.

4.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენით გ.ს–ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 20 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოების 20 მარტის შემდგომ 5 დღის ინტერვალის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე უხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (13 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 10 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 10 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (29 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები დანაშაულთა ერთობლიობით და საბოლოოდ, გ.ს–ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4.2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიებლის საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის საკასაციო საჩივარი.

4.2.7. 2022 წლის 2 აგვისტოს გ.ს–ძის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N022368. შემაკავებელი ორდერის ოქმში აღნიშნულია, რომ გ.ს–ძემ 2022 წლის 29 ივლისს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მის ინტიმურ პარტნიორს, ასევე, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი მ.ხ–ძესთან. აგრეთვე, გ.ს–ძე ამყარებს არასასურველ კომუნიკაციას მ.ხ–ძესთან, რაც გამოიხატება მუქარაში, ადევნებაში, რამაც გამოიწვია მსხვერპლის ცხოვრების სტილის შეცვლა. ასევე, ადგილი აქვს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და მუქარას პირადი ცხოვრების შესახებ გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი N001658. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ს–ძის სარჩელი შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ ძალაში დარჩა ელექტრონული ზედამხედველობა.

4.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ვალდებულების ძალთ კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე (ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) და 992-ე მუხლზე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.) 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

4.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმის განხილვის დროს ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია არსებული მტკიცებულებები და ჩადენილი ქმედება ბრალდებულის მიერ აღიარებული იქნა) გ.ს–ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 20 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოების 20 მარტის შემდგომ 5 დღის ინტერვალის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე უხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (13 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 10 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 10 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (29 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები დანაშაულთა ერთობლიობით და საბოლოოდ, გ.ს–ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

4.5. გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ გ.ს–ძემ ჩაიდინა: 1. გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი); 2. გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); 3. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებებით, ასევე, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენებისა საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და 4. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.6. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის მარტის თვეში (დაახლოებით 20 მარტს), დაახლოებით 17:00 საათიდან - 19:00 სათამდე დროის პერიოდში, გ.ს–ძემ ქ. თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონი, .......... მდებარე კუთვნილ ბინა N38-ში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ხ–ძეს მუშტი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმები ვინაიდან, მას როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი.

4.7. 2022 წლის მარტის თვეში (დაახლოებით 20 მარტის შემდგომ ხუთი დღის ინტერვალში), დაახლოებით 19:00 საათიდან - 20:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ. მცხეთაში, კუთვნილ მანქანაში ყოფნისას, გ.ს–ძემ ეჭვიანობის ნიადაგზე, მ.ხ–ძეს რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმა, რის შემდეგაც სახეში შეასხა წყალი ვინაიდან, მას როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი.

4.8. 2022 წლის 13 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, ......, გ.ს–ძემ ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ხ–ძეს მუშტი დაარტყა თვალში და მოქაჩა თმები ვინაიდან, მას როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი.

4.9. 2022 წლის ივნისის თვეში, დაახლოებით 10 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათიდან - 20:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ. მცხეთაში, გ.ს–ძემ ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ხ–ძეს ხელი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმები, ვინაიდან, მას როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი.

4.10. 2022 წლის ივლისის თვეში, დაახლოებით 10 ივლისს, დღის საათებში, ქ. თბილისში, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ს–ძემ მ.ხ–ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომაც მკლავზე ხელის ძლიერად მოჭერით ჩასვა ავტომანქანაში ვინაიდან, მას როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი. 29. 2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, ავჭალის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას, გ.ს–ძემ მ.ხ–ძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს მასთან არ გაეწყვიტა ურთიერთობა, სახის არეში გაარტყა ხელი, რის შემდგომაც დაახლოებით ათჯერ მუშტი ჩაარტყა თავში და მოქაჩა თმები. გ.ს–ძემ მ.ხ–ძეს ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპის არეში და მკლავზე, რის შემდეგაც იგი ჩააგდო ავტომანქანის წინა და უკანა სავარძლებს შორის. აღნიშნული ქმედების შედეგად, მ.ხ–ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური სახის ზიანი.

4.11. 2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, ავჭალის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას, გ.ს–ძე მ.ხ–ძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს მასთან არ გაეწყვიტა ურთიერთობა, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ.ს–ძის აღნიშნული მუქარა მ.ხ–ძემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში.

4.12. 2022 წლის მარტის თვიდან 2022 წლის 29 ივლისამდე დროის პერიოდში, გ.ს–ძე არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მ.ხ–ძესთან, რაც გამოიხატებოდა ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ მასთან მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციასა და შეხვედრებში. გ.ს–ძე მ.ხ–ძეს დაჟინებით სთხოვდა მათ შორის არსებული ურთიერთობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ძალადობითა და მათ შორის არსებული სქესობრივი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, რის გამოც მ.ხ–ძე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. გარდა ზემოაღნიშნულისა, დროის მითითებულ პერიოდში, გ.ს–ძე მუდმივად აკონტროლებდა მ.ხ–ძის კუთვნილ სოც. ქსელ „ფეისბუქის პირად გვერდს და „მესენჯერში“ არსებულ მიმოწერებს, რის გამოც მ.ხ–ძე იძულებული გახდა წაეშალა სოც. ქსელ „ფეისბუქის“ პირადი გვერდი. რიგ შემთხვევებში, გ.ს–ძე, მ.ხ–ძის ნების საწინააღმდეგოდ ამოწმებდა ამ უკანასკნელის მობილურ ტელეფონში არსებული მიმოწერების შინაარსს, რის გამოც მ.ხ–ძე იძულებული ხდებოდა კუთვნილი მობილური ტელეფონი დაეტოვებინა სახლში და თან ჰქონოდა სამსახურებრივი ტელეფონი. ასევე, 2022 წლის 01 აპრილიდან 10 აპრილამდე დროის პერიოდში, გ.ს–ძემ ინტერნეტ საკომუნიკაციო საშუალება „WhatsApp“-ის საშუალებით, მ.ხ–ძეს გადაუგზავნა ამ უკანასკნელის ფოტოსურათი, სადაც ასახული იყო მ.ხ–ძის იმჟამინდელი მდგომარეობა. აღნიშნული ფოტოსურათის გადაგზავნით, გ.ს–ძემ მ.ხ–ძეს მიანიშნა, რომ მას მუდმივად უთვალთვალებდა.

4.13. 2022 წლის მარტის თვიდან 2022 წლის 29 ივლისამდე დროის პერიოდში, გ.ს–ძე ფიზიკური ძალადობის მუქარით, მ.ხ–ძეს უკრძალავდა მის დაუკითხავად სახლიდან გასვლას და მეგობრებთან შეხვედრას, ასევე მას არ აძლევდა უფლებას კომუნიკაცია დაემყარებინა მის ყოფილ მეუღლესთან და მ.ხ–ძისგან, მოითხოვდა სრულ მორჩილებას. გ.ს–ძის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, მ.ხ–ძე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, რაც გამოიხატა სოციალური ქსელის გაუქმებაში, მისი მობილური ტელეფონით შეზღუდული დროით სარგებლობაში, სახლში მიმავალი და სახლიდან მომავალი მარშრუტების შეცვლაში, თავისუფალი დროის საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ გამოყენებაში და მუდმივ სტრესში, რომ მას ყოველთვის ვიღაც უთვალთვალებდა.

4.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ განაჩენს არ გააჩნია პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველ საქმეში, თუმცა, ვინაიდან განაჩენი, როგორც მტკიცებულება, წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ და იგი ადასტურებს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ხოლო აღნიშნული ფაქტის გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, სასამართლომ ის დადგენილად მიიჩნია. პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა, რომლებიც არიან გ.ს–ძის მეზობლები მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის კონკრეტული დეტალები, მოწმეებმა განმარტეს, რომ ეზოში ხედავდნენ მ.ხ–ძეს და გ.ს–ძეს ერთად, თუ როგორ მოდიოდნენ ეზოში და ადიოდნენ გ.ს–ძის ბინაში. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები მოწმეებს არ გადმოუციათ.

4.15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი ასევე დასტურდება გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზის დასკვნებითაც.

4.16. საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებისას მხარეთა შორის ელექტრონული ფორმით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ოქმი (დათარიღებული 10/08/2022წ., (ტ. II, ს.ფ. 158-166)), რომლითაც ჩანს, რომ გ.ს–ძე დაჟინებით ითხოვს მ.ხ–ძისგან შეხვედრას, მოსარჩელე კი სხვადასხვა მიზეზებით, თავს არიდებს მოპასუხესთან შეხვედრას. მოპასუხის მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადასტურებს თუნდაც დათვალიერების ოქმის შემდეგი ჩანაწერი: „(სავარაუდოდ) გ.ს–ძე: „რა ხდება მითხარი"; (სავარაუდოდ) მ.ხ–ძე; „არაფერი, უბრალოდ არ მინდა შენთან შეხვედრა, ვნერვიულობ და ვერ გამოვდივარ, მეშინია"; (სავარაუდოდ) გ.ს–ძე: „რას ქვია ვერ გამოდიხარ და მატყუებ თუ სხვაგან ხარ შენ წასული, ვსიო მე მოთმინების ფიალა მევსება უკვე რა, აღარ შემიძლია, მე გითხარი ნორმალურად გამოდიხარ გამოდი, არ გამოხვალ და აი ნახავ სად წახვალ და რას ვიზამ"; (სავარაუდოდ) მ.ხ–ძე: „რა მოხდება? სად წახვალ?“……..”

4.17. მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი ასევე დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც დამტკიცდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი N001658. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით კი გ.ს–ძის სარჩელი შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ ძალაში დარჩა ელექტრონული ზედამხედველობა.

4.18. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ საქმეზე იკვეთება დელიქტური პასუხისმგებლობის ყველა წინაპირობა, რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

4.19. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. “ერთად რეალური ცვლილებებისათვის” 09.08.2022 წელს გაცემული ცნობით დგინდება, რომ მ.ხ–ძე აღნიშნულ ორგანიზაცაში გადის ფსიქოთერაპიული კონსულტაცია, რისი საჭიროებაც წარმოიშვა პარტნიორი მამაკაცისაგან განხორციელებული სქესობრივი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან (ტ. I, ს.ფ. 84). ამავე ორგანიზაციის მიერ 26.08.2022 წელს გაცემული ინფორმაციით კი დასტურდება, რომ მ.ხ–ძეს გამოხატული აქვს პოსტ-ტრავმული შფოთვითი აშლილობა (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური კომპონენტებით); შფოთვა, კონცენტრაციის დეფიციტი, უძილობა, ენერგიის უქონლობა, უსუსურობის გრძნობა. მოულოდნელი და განმეორებადი პანიკის შეტევები, თანდართული ტაქიკარდიით, თავბრუსხვევითა და ოფლიანობით. შიში - ფობიური აშლილობა (ისეთი ადგილების მიმართ შიში, საიდანაც პანიკის შემთხვევაში გაქცევა გაჭირდებოდა მაგ.: ტრანსპორტი, ჩაკეტილი სივრცე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები). (ტ. I, ს.ფ. 85-86)

4.20. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური) ზიანი, ზიანის ხარისხისა და სიმძიმის, მორალური ზიანის ცხოვრების ხარისხზე ზეგავლენის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების (რაც მოცემულ შემთხვევაში, გამოიხატა ტანჯვაში), მოპასუხის პასუხისმგებლობის ხარისხის, ასევე, უზენაესი სასამართლოს მიერ მორალურ ზიანზე ჩამოყალიბებული პრაქტიკისა და დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული არაქონებრივი ზიანის ოდენობა ფიზიკური ძალადობის გამო 7000 ლარი უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 6000 ლარის ანაზღაურება; მუქარის გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 2000 ლარით, ხოლო ადევნების გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 4000 ლარით.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს პრეიუდიციული ძალა სამოქალაქო საქმეზე, თუმცა გაიზიარეს სისხლის სამართლის განაჩენში მოყვანილი გარემოებები.

5.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები რომლებიც დაადასტურებდა ერთ ეპიზოდს მაინც, გარდა მხარის ზეპირი ახსნა-განმარტებისა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მოპასუხემ მაინც წარადგინა მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი მტკიცებულებები, რომლებზეც სასამართლომ არ იმსჯელა. კერძოდ, სატელეფონო ზარების და მიმოწერის დეტალურ ამონაწერზე რაც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის ორმხრივი ურთიერთობა იყო და ადევნებას ადგილი არ ჰქონია. ასევე, არ იმსჯელა მოპასუხის მიერ წარდგენილ, მოსარჩელის ყოფილი კოლეგების ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელემ მათთან აღიარა წინა დღით, სახლში ყოფნისას შემთხვევით შეეჯახა სამზარეულოს კარს და მიიღო დაზიანება, რაც გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას.

5.4. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არაქონებრივ ზიანთან მიმართებით, არასწორად განმარტა სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, მისი შეფასებით, ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მუქარის ან ადევნების ნიადაგზე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.

5.5. კასატორი არ ეთანხმება დაკისრებულ თანხას 12 000 ლარს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობა და ასევე სასამართლო პრაქტიკა რომლის თანახმადაც, ბევრად უფრო მძიმე ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში უზენაესი სასამართლო ამცირებდა მოთხოვნილ თანხას.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეზე ძალადობის ფაქტი და აღნიშნულიდან გამომდინარე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერება.

10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1. მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 316-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს(იხ. სუსგ-ები: N ას-912-2021, 08.02.2022წ; N ას-1285-2018, 1.04.2022წ; N ას-1614-2022, 17.03.2023წ; N ას-934-2023, 3.10.2024წ;).

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში („გენერალური დელიქტი“): 1) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 2) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი( გამონაკლის შემთხვევების გარდა). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (შდრ: სუსგ №ას-352-2022, 20 აპრილი, 2022; №ას-1243-2021, 26 იანვარი, 2022 წ; №ას-1129-2013, 26 დეკემბერი, 2023 წ; №ას-934-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, ,,პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში (შდრ. გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 10, თბილისი, 2019).

14. ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), (იხ. სუსგ №ას-332-317-2016, 2016 წლის 9 დეკემბერი).საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. (სსკ-ის 412-ე მუხლი). პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non).

15. ზიანი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების, სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია. შესაბამისად, ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ კომპონენტს, რომლის თანახმად, თუ არ იკვეთება ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი წარმოიშობა. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე – განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა/მისი მოცულობა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (იხ.: სუსგ №ას-352-2022, 20 აპრილი, 2022 წელი; №ას-934-2023, 3 ოქტომბერი, 2023 წელი; №ას-108-2023, 30 იანვარი, 2025 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმის განხილვის დროს ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია არსებული მტკიცებულებები და ჩადენილი ქმედება ბრალდებულის მიერ აღიარებული იქნა) გ.ს–ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 20 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოების 20 მარტის შემდგომ 5 დღის ინტერვალის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე უხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (13 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 10 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაახლოებით 10 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (29 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები დანაშაულთა ერთობლიობით და საბოლოოდ, გ.ს–ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

17. გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ გ.ს–ძემ ჩაიდინა: 1. გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი); 2. გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); 3. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებებით, ასევე, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენებისა საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და 4. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

18. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა განაჩენით დადგენილი გარემოებები.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როდესაც საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს.

20. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადების თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 4 აპრილი, 2019 წელი).

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არა გამარტივებული, არამედ ჩვეულებრივი წესით მიმდინარეობს, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პრეიუდიციული ძალის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, არამედ იგი მტკიცებულებათა ზოგადი სტანდარტით შეფასებას ექვემდებარება.

22. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

23. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს ადასტურებს გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც. სამედიცინო დასკვნაში მითითებულია, რომ დაზარალებულს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობის და ნაჭდევის სახით, ხოლო ფსიქოლოგიურ დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ქმედების შეედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ასევე საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომლის თანახმადაც დაზარალებული რეგისტრირებულია „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინორ ეაბილიტაციის საქართველოს ცენტრში“. (იხ. ტ.1 ს/ფ 120-133).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი ასევე დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც დამტკიცდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი N001658. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით კი გ.ს–ძის სარჩელი შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ ძალაში დარჩა ელექტრონული ზედამხედველობა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენში მითითებული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნას განხილული, მოპასუხეს განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეზე იკვეთება დელიქტური პასუხისმგებლობის ყველა წინაპირობა, რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

26. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არაქონებრივ ზიანთან მიმართებით, არასწორად განმარტა სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, მისი შეფასებით, ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მუქარის ან ადევნების ნიადაგზე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.

27. საკასაციო სასამართლო კვლავ მოიხმობს სსკ-ის 413-ე მუხლს, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

28. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ სმკ-ის 413-ე მუხლით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის მიღწევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (იხ. სუსგ #ას-1156-1176-2011, 20.01.2012). ერთ-ერთ საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413.2 მუხლით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენაა, რაც ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში გამოიხატება (იხ. სუსგ, №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი 2015 წელი).

29. აქვე, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წელს, საქართველომ განახორციელა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (ასევე ტექსტში მოხსენიებული - სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება და მიიღო ზომები ქვეყნის შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

30. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცის მიზნებია: ა. დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა; ბ. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით; გ. შეიმუშაოს კომპლექსური ჩარჩოები, პოლიტიკური კურსი და ზომები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და დასახმარებლად; დ. ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით; ე. მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს ორგანიზაციებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურ თანამშრომლობაში, რათა შემუშავებულ იქნეს კომპლექსური მიდგომა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად (მუხლი 1) და ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე. (მუხლი 2.1)

31. კონვენციის მიზნებისთვის: ა. „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; დ. „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე. (მუხლი 3).

32. სტამბოლის კონვენციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებთან მიმართებაში. ამავე კონვენციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია ძალადობის აქტების ჩამდენი პირებისგან ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაფერისი სახელმწიფო კომპენსაცია გადაეცემა მათ, ვინც დაზარალდა სხეულის მძიმე დაზიანების ან ჯანმრთელობის შერყევის გამო იმ შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალი ვერ იფარება სხვა წყაროებით, როგორიცაა, ძალადობის აქტების ჩამდენი პირი, დაზღვევა ან სახელმწიფო სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფა. აღნიშნული პირობა ხელს არ უშლის მხარეებს, მოითხოვონ დამნაშავისგან მიღებული კომპენსაციის რეგრესის წესით დაბრუნება, თუ ეს რისკის ქვეშ არ აყენებს მსხვერპლის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მსხვერპლს, რომელსაც ძალადობის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა ან მიადგა ფსიქოლოგიური ზიანი, შეუძლია მოძალადისგან მოითხოვოს კომპენსაცია, კომპენსაციის გადახდის ვალდებულება უპირველესად სწორედ ძალადობის ჩამდენ პირს წარმოეშობა.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს ძალადობის ფორმებს, კერძოდ, ფიზიკურ ძალადობაში მოიაზრება ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობა მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთი მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას (იხ. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი).

34. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად. ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით.

35. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ძალადობის მსხვერპლთათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მოპასუხე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მოსარჩელეზე, ადგილი ჰქონდა მუქარასაც. შესაბამისად, დასტურდება მოსარჩელეზე ფიზიკური ძალადობისა და ამ ქმედებების გამო ძალადობის მსხვერპლისათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების ფაქტი.

36. სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა, ზიანის მიყენების შედეგად მოთხოვნილებების და როგორც შედეგი - ხარჯების გაზრდა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. საქმეზე დადგენილი ფაქტობივი გარემოებების გათვალისწინებით,

37. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“ (იხ., №ას-866-816-2015, 12 თებერვალი, 2016წ.; №ას-95-90-2013, 14.06.13წ.; Nას-594- 562-2015, 6.11.2015, Nას-797-940-2015, 10.09.2015წ.).

38. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ.,სუსგ №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი).

39. საქმეში წარმოდგენილი “ერთად რეალური ცვლილებებისათვის” 09.08.2022 წელს გაცემული ცნობით დგინდება, რომ მ.ხ–ძე აღნიშნულ ორგანიზაცაში გადის ფსიქოთერაპიული კონსულტაციას, რისი საჭიროებაც წარმოიშვა პარტნიორი მამაკაცისაგან განხორციელებული სქესობრივი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან (ტ. I, ს.ფ. 84). ამავე ორგანიზაციის მიერ 26.08.2022 წელს გაცემული ინფორმაციით კი დასტურდება, რომ მ.ხ–ძეს გამოხატული აქვს პოსტ-ტრავმული შფოთვითი აშლილობა (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური კომპონენტებით); შფოთვა, კონცენტრაციის დეფიციტი, უძილობა, ენერგიის უქონლობა, უსუსურობის გრძნობა. მოულოდნელი და განმეორებადი პანიკის შეტევები, თანდართული ტაქიკარდიით, თავბრუსხვევითა და ოფლიანობით. შიში - ფობიური აშლილობა (ისეთი ადგილების მიმართ შიში, საიდანაც პანიკის შემთხვევაში გაქცევა გაჭირდებოდა მაგ.: ტრანსპორტი, ჩაკეტილი სივრცე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები). (ტ. I, ს.ფ. 85-86).

40. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური) ზიანი, ზიანის ხარისხისა და სიმძიმის, მორალური ზიანის ცხოვრების ხარისხზე ზეგავლენის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების (რაც მოცემულ შემთხვევაში, გამოიხატა ტანჯვაში), მოპასუხის პასუხისმგებლობის ხარისხის, ასევე, უზენაესი სასამართლოს მიერ მორალურ ზიანზე ჩამოყალიბებული პრაქტიკისა (იხ. სუსგ. ას-182-2023 5 ოქტომბერი, 2022 წელი; ას-1102-1038-2015, 22.01.2016; ას-1584-2022, 02.11.2023; №ას-38-2021 18.05.2021; №ას-1129-2020, 16.03.2021) და დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის (იხ. ECHR: Case of Z v. Finland (1997); Case of G.N. and Others v. Italy (2009); Case of V.C. v. Slovakia (2011); Case of G.S. v. Bulgaria (2012); Case of Mehmet and Bekir Senturk v. Turkey (2013) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ კასატორს მართებულად დაეკისრა ფიზიკური ძალადობის, მუქარისა და ადევნების გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის 12000 ლარის ანაზღაურება.

41. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

42. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

43. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/დამატებით ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ს–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. გ.ს–ძეს (პ/ნ .........), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გ. ბ–ძის (პ/ნ ..........) მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2025 წლის 13 ნოემბერს №1763023511 საგადახდო დავალებით გადახდილი 600 ლარის 70 % - 420 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი