საქმე №ას-1012-2024
7 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.თ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლა (მოსარჩელე)
დავის საგანი – სხდომის ოქმების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, განაკვეთის შევსება და საგაკვეთილო საათების ღირებულების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
საკთხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ.თ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის (შემდეგში: მოპასუხე, სკოლა ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა: სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, განაკვეთის შევსება და საგაკვეთილო საათების ღირებულების ანაზღაურება.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.3. მოსარჩელე 2017 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად, ხოლო 2020 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.
4.4. 2020 წლის 24 აგვისტოს #68 ბრძანებით, საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ვაკანტური საათების შესავსებად გამოცხადდა ღია კონკურსი, ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოს #71 ბრძანებით შეიქმნა საკონკურსო კომისია ე.ჩ–ძის თავმჯდომარეობით; 2020 წლის 31 აგვისტოს საკონკურსო კომისიის სხდომის #01 ოქმით და 2020 წლის 01 სექტემბრის #2 ოქმით გამოცხადებულ 5 ვაკანტურ საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად შეირჩა მოსარჩელე, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წელს ჰქონდა 9 საგაკვეთილო საათი - 5 ქართული ენა და ლიტერატურა, 4- გამოყენებითი ხელოვნება და დაინიშნა მესამე კლასის დამრიგებლად.
4.5. დადგენილია, რომ წეროვნის #2 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2021 წლის 29 ივნისის N05 სხდომის ოქმით (საკითხი 6) განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა; მოსარჩელის ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვა (პირველი სემესტრი) 5 საათით განისაზღვრა; 2021 წლის 09 სექტემბრის #07 ოქმით პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცდა 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმა; 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში მოსარჩელეს განესაზღვრა კვირაში 11 საგაკვეთილო საათი.
4.5.1. მოსარჩელეს მინიჭებული აქვს დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია, ასევე მას ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII) და მიღებული აქვს 47 ქულა. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ თ.ც–ძეს მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი და გაცემულია უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატი(იხ.სფ.57;ტ.2) ხოლო ნ.უ–ძეს მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი(იხ.ტ.2.სფ.58).
4.5.2. მოსარჩელემ 2020 წლის 1 სექტემბრიდან (მას შემდეგ, რაც მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი) არაერთხელ დააყენა მოთხოვნა დირექციის წინაშე განაკვეთის შევსებაზე (15 19 საათამდე), ამასთანავე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ქ.მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, თუმცა უშედეგოდ, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4.5.3. დადგენილია, რომ წეროვნის #2 საჯარო სკოლის დირექტორის სახელზე შეტანილი იქნა მშობელთა არაერთი განცხადება მოსარჩელის ნაცვლად მე-3 კლასში სხვა დამრიგებლის დანიშვნის შესახებ; ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფ. ი–ის სახელზე პედაგოგთა კოლექტიური განცხადება იქნა წარდგენილი დასაქმებულის ქმედებებთან დაკავშირებით.
4.5.4. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის დირექტორს და მოითხოვა საგაკვეთილო საათების გაზრდა 15 საათამდე, მისი სტატუსის შესაბამისად, ანალოგიური მოთხოვნით მომართა სასამართლოსაც. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ლ. კალანდაძის 2020 წლის 08 ოქტომბრის წერილს, რომლის მიხედვით მას განემარტა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მე-5 თავის 21-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, ,,საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/ წამყვან/მენტორ მასწავლებლებს, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით), ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით) ასეთის არსებობის შემთხვევაში’’.
4.5.5. მოსარჩელემ, 2023 წლის 26 სექტემბერს, მიმართა სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლას და მოითხოვა ინფორმაცია 15 საათიანი საათობრივი დატვირთვის მქონე პედაგოგების შრომის ანაზღაურების შესახებ. 2023 წლის 3 ოქტომბრის წერილის თანახმად, 2021-2022, 2022-2023, 2023-2024 ს/წ პედაგოგის 1 კვ. საათის ანაზღაურება შეადგენს 30,49 (დარიცხული), ხელზე ასაღები 24,40 ლარი, ხოლო დანამატი 2021-2022წ. 670 ლარს, ხოლო დანამატი 2022-2023 ს/წ და დღემდე შეადგენს 795 ლარს. 2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა თვეში 342,45 ლარს (დარიცხული), ხელზე ასაღები 290 ლარი, რაც იყო პედაგოგის ხუთი საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება დანამატთან ერთად, შესაბამისად სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის მიერ დაკლებული 10 საგაკვეთილო საათის ღირებულება არის თვეში 746 ლარი დანამატთან ერთად. (1 საათის -24,40 ლარი, 5 საათის- 122 ლარი +168 ლარი დანამატი, სრულად იღებდა 290 ლარს, 2021-2022 ს/წლებში, 15 საათობრივი დატვირთვის მქონე პედაგოგები: 15 საათის -366 ლარი, დანამატი - 670 ლარი, სრულად ასაღები თანხა-1036 ლარი, 1036-290=746 ლარი).
4.5.6. დადგენილია, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სკოლაში პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცდა სკოლის ახალი სასწავლო გეგმა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მასწავლებლებზე საათების განაწილების ბადე. სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2022 წლის 7 სექტემბრის N06 სხდომის ოქმით (საკითხი N4) განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა, მოსარჩელის ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვა (პირველი სემესტრი) 13 საათით განისაზღვრა. ქართული ენა და ლიტერატურა 11 საათი, დასავლური ლიტერატურა - 2 საათი; მისი დარიცხული ხელფასი ამ დროისთვის შეადგენდა 977,01 ლარს.
4.5.7. 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სკოლაში პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცდა სკოლის ახალი სასწავლო გეგმა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მასწავლებლებზე საათების განაწილების ბადე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის N05 სხდომის ოქმით (საკითხი N4) განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა, მოსარჩელის ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვა 13 საათით განისაზღვრა; ქართული ენა და ლიტერატურა 11 საათი, XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურა - 2 საათი; მისი დარიცხული ხელფასი ამ დროისთვის შეადგენდა 1085,37 ლარს.
4.5.8. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის ხელფასი შედგენს თვეში 1085,37 ლარს (დარიცხული), ხელზე ასაღები - 868 ლარი, რაც არის პედაგოგის 13 საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება დანამატთან ერთად, შესაბამისად, სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის მიერ დაკლებული ორი საგაკვეთილო საათის ღირებულება არის თვეში 293 ლარი დანამატთან ერთად. (1 საათის - 24,40 ლარი, 13 საათის - 317,20 ლარი +551 ლარი დანამატი, დღეის მდგომარეობით სრულად იღებს 868 ლარს, 15 საათობრივი დატვირთვის მქონე პედაგოგები: 15 საათის - 366 ლარი, დანამატი - 795 ლარი, სრულად ასაღები თანხა - 1161 ლარი, 1161-868=293 ლარი).
4.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ახორციელებდა. მოპასუხე ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშავოს სასკოლო სასწავლო გეგმა, რომლითაც ზუსტდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული აუცილებელი დატვირთვები, განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
4.7. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ 2020 წლის 24 აგვისტოს #68 ბრძანებით, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ვაკანტური საათების შესავსებად გამოცხადდა ღია კონკურსი, ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოს #71 ბრძანებით შეიქმნა საკონკურსო კომისია ე.ჩ–ძის თავმჯდომარეობით; 2020 წლის 31 აგვისტოს საკონკურსო კომისიის სხდომის #01 ოქმით და 2020 წლის 01 სექტემბრის #2 ოქმით გამოცხადებულ 5 ვაკანტურ საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად შეირჩა მოსარჩელე, რომელსაც 2020- 2021 სასწავლო წელს ჰქონდა 9 საგაკვეთილო საათი - 5 ქართული ენა და ლიტერატურა, 4 - გამოყენებითი ხელოვნება და დაინიშნა მესამე კლასის დამრიგებლად.
4.8. დადგენილია, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მოსარჩელე დირექტორისაგან მოითხოვდა საგაკვეთილო საათების გაზრდას 15 საათამდე, თუმცა ასეთი თხოვნით მას არ მიუმართავს კათედრის სხვა მასწავლებლებისათვის, რომლებთან შეთანხმებითაც უნდა გადაწყვეტილიყო აღნიშნული საკითხი, რადგან ნუნუ უშარიძეს და თ.ც–ძეს მინიჭებული ქონდათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, თავისუფალი საათები სკოლაში არ არსებობდა და მისთვის საათების გაზრდა უნდა განხორციელებულიყო მათ ხარჯზე. ასევე, მესამე კლასის, მეთერთმეტე კლასის და მეხუთე კლასის მშობელთა განცხადებები ადასტურებენ, რომ ისინი წინააღმდეგი იყვნენ, რომ მათი შვილების პედაგოგი ყოფილიყო მოსარჩელე(იხ.ტ.1.სფ.155- 162). ასევე დადასტურებულია, რომ იგი არ ესწრებოდა პედაგოგიური საბჭოს სხდომებსაც, სადაც უშუალოდ იხილებოდა და მტკიცდებოდა მომდევნო წლის სასწავლო გეგმა. აღსანიშნავია, რომ სხდომებზე თ.თ–ს საწინააღმდეგო მოსაზრება საგაკვეთილო საათებთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია და საბჭო გადაწყვეტილებას იღებდა ხმების უმრავლესობით; ხოლო რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც დირექტორს ავალდებულებდა სტატუსის შესაბამისად მისი საგაკვეთილო საათები შეევსო 15 საათამდე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სხვა პედაგოგებსაც ქონდათ უფროსი პედაგოგის სტატუსი, მოსარჩელეს არ მიუთითებია. ამასთან, დადგენილია, რომ მას ეტაპობრივად გაეზარდა საგაკვეთილო საათების რაოდენობა და საქმის განხილვის მომენტისთვის შეადგენს 13 საათს. რაც შეეხება მოთხოვნას დარჩენილი 2 საათით შევსებისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ზემოთდასახელებული მსჯელობის შესაბამისად, უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ პედაგოგისთვის საათების გადანაწილებისას ყურადღება უნდა მიექცეს ნამსახურობის ხარისხს და დამსახურებას წლების მანძილზე გაწეული შრომის შესაბამისად, რაც უნდა ვლინდებოდეს მათ შორის მოსწავლეთა და მშობელთა კეთილგანწყობაში.
4.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სხვა უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელთან გათანაბრების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ირკვევა, რომ სკოლის დირექტორმა ეტაპობრივად უზრუნველყო მისთვის საათების დამატება, ასევე საქმის განხილვის დროისთვის მოსარჩელეს უკვე განსაზღვრული ჰქონდა 13 საგაკვეთილო საათი.
4.10. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 26 ივნისის საქართველოს მთავრობის #390 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში, სქემის 37-ე მუხლის თანახმად, ,,საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე’’. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული თავი რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა ეძღვნება მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებლებს, ამდენად ქართულის მასწავლებელთან მიმართებით ხსენებული ნორმა არარელევანტური იყო.
4.11. აპელანტმა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა, 2020 წლის 07 თებერვლის მთავრობის #87 დადგენილება, რომელიც ასევე ეხება მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის - ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნის/საგნების მასწავლებლებს, რომლის მიხედვით ,,საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთი არსებობის შემთხვევაში და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე’’ რაც შეეხება, ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის #40/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 სექტემბრის #100/ნ ბრძანების 51 პუნქტს, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/ წამყვან/მენტორ მასწავლებლებს, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით), ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით) ასეთის არსებობის შემთხვევაში’’, მოცემული ნორმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 01 თებერვლის 24/ნ ბრძანებით ამოღებულია.
4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და განმარტა, რომ სოფელ წეროვნის №2 საჯარო სკოლაში 2021-2022 წლის, 2022-2023 წლის და 2023-2024 სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა და დამტკიცება ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისად მოხდა. აქვე დადგენილია, რომ პედაგოგიური საბჭოს სხდომებს რიგ შემთხვევებში (2021 წლის 09 სექტემბრის სხდომის ოქმი #7) არ ესწრებოდა მოსარჩელე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ესწრებოდა, მას საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია სადავო საკითხთან 25 დაკავშირებით. აპელანტი აღნიშნავს, რომ დასწრებას და პოზიციის დაფიქსირებას აზრი არ ჰქონდა, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომის ოქმებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი.
4.13. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელანტის პოზიცია არ შეიცავს იმ გარემოებებზე მითითებას, რის გამოც სასამართლოს გაუჩნდება მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციაზე ვარაუდი. პალატა აღნიშნავს, ერთი მხრივ, რომ მოსარჩელე/აპელანტი არ უთითებს, რა ნიშნით განხორციელდა მის მიმართ დისკრიმინაცია (სქესი, ასაკი, გარკვეული შეხედულება თუ სხვა), მეორე მხრივ, გარდა მოსარჩელის ახსნა - განმარტებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, თუნდაც მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა, რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ზოგადია და არ დასტურდება პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. არ იკვეთება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა; ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ დაძლია იმ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს წარმოშობდა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე არ ესწრებოდა პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, ასევე თითქოს მოსწავლეები და მშობლები მისი საგანმანათლებლო ხარისხით უკმაყოფილოები იყვნენ. კასატორის განმარტებით, ის სამსახურში არათანაბარი მოპყრობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, რომლის დასადასტურებლადაც მიუთითებდა სკოლის დირექტორის მხრიდან, პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე მისი განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციაზე, რის შემდეგაც აგრესიის თავიდან ასარიდებლად იძულებული იყო აღარ დასწრებოდა სხდომებს.
5.3. სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისთვის მას ჰქონდა 5 საგაკვეთილო საათი და იბრძოდა, რომ საათები შევსებულიყო უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისად, რისთვისაც მან მიმართა, როგორც სკოლის დირექციას, ისე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. სკოლის დირექტორის მხრიდან დისკრიმინაცია განაპირობა კასატორის მცდელობამ, დაეცვა თავისი უფლებები.
5.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის სხვა პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი და თუ არ ჰქონდათ, რატომ ჰქონდათ მეტი საგაკვეთილო საათი მოსარჩელესთან შედარებით. აღნიშნულზე სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ სხვა პედაგოგებს ჰქონდათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი თუმცა საათები თანაბრად მაინც ვერ გადანაწილდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ქართული ენისა და ლიტერატურის სხვა პედაგოგების უფროსი მასწავლებლის სტატუსს, შესაბამისად კასატორი მათთან შედარებით კანონით მინიჭებული უპირატესობით სარგებლობს, თუმცა მათთან შედარებით იმყოფება არათანაბარ მდგომარეობაში.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ ასკვნის, რომ მოსარჩელეს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
10. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მიუხედავად მისი სტატუსისა (მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი), უსაფუძვლოდ არ გაათანაბრეს სხვა უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებთან. მისი მოთხოვნაა საგაკვეთილო საათების გაზრდა 15 საათამდე.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, კასატორსა და იმავე საგნის, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს შორის საგაკვეთილო საათების თანაბრად განაწილების საკითხი და გამოვლინდა თუ არა კასატორის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
13. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“. ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება (იხ. სუსგ #ას-98-94-2016, 26.07.2016 წ.; #ას-368-2019, 31.07.2019 წ. N ას-1350-2019, 27.11.2019 წ; N ას-1061-2021, 18.02.2022წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ; №ას-1441-2023, 12.07.2024წ.)
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 2017 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად, ხოლო 2020 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.
16. 2020 წლის 24 აგვისტოს #68 ბრძანებით, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ვაკანტური საათების შესავსებად გამოცხადდა ღია კონკურსი, ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოს #71 ბრძანებით შეიქმნა საკონკურსო კომისია ე.ჩ–ძის თავმჯდომარეობით; 2020 წლის 31 აგვისტოს საკონკურსო კომისიის სხდომის #01 ოქმით და 2020 წლის 01 სექტემბრის #2 ოქმით გამოცხადებულ 5 ვაკანტურ საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად შეირჩა თ. თ–ი, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წელს ჰქონდა 9 საგაკვეთილო საათი - 5 ქართული ენა და ლიტერატურა, 4- გამოყენებითი ხელოვნება და დაინიშნა მესამე კლასის დამრიგებლად.
17. დადგენილია, რომ წეროვნის #2 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2021 წლის 29 ივნისის N05 სხდომის ოქმით (საკითხი 6) განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა; თ.თ–ის ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვა (პირველი სემესტრი) 5 საათით განისაზღვრა; 2021 წლის 09 სექტემბრის #07 ოქმით პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცდა 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმა; 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში თ. თ–ს განესაზღვრა 11 საგაკვეთილო საათი კვირაში. თ.თ–ს მინიჭებული აქვს დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია, ასევე მას ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII) და მიღებული აქვს 47 ქულა. ასევე თ.ც–ძეს მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი და გაცემულია უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატი(იხ.სფ.57;ტ.2) ხოლო ნ.უ–ძეს მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი(იხ.ტ.2.სფ.58).
18. 2020 წლის 1 სექტემბრიდან (მას შემდეგ, რაც მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი) მოსარჩელემ არაერთხელ დააყენა მოთხოვნა დირექციის წინაშე განაკვეთის შევსებაზე (15 -19 საათამდე), ამასთან ერთად, თ.თ–მა მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ქ.მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, თუმცა უშედეგოდ, მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილდა.
19. დადგენილია, რომ წეროვნის #2 საჯარო სკოლის დირექტორის სახელზე შეტანილი იქნა მშობელთა არაერთი განცხადება თ. თ–ის ნაცვლად მე-3 კლასში სხვა დამრიგებლის დანიშვნის შესახებ; ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფ. ი–ის სახელზე პედაგოგთა კოლექტიური განცხადება იქნა წარდგენილი თ. თ–ის ქმედებებთან დაკავშირებით. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის დირექტორს და მოითხოვა საგაკვეთილო საათების გაზრდა 15 საათამდე მისი სტატუსის შესაბამისად, ანალოგიური მოთხოვნით მომართა სასამართლოსაც,
20. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ლ. კალანდაძის 2020 წლის 08 ოქტომბრის წერილს, რომლის მიხედვით მას განემარტა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მე-5 თავის 21-ე მუხლის 5 1 პუნქტის თანახმად, ,,საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/ წამყვან/მენტორი მასწავლებლებს, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით), ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით) ასეთის არსებობის შემთხვევაში’’.
21. 2023 წლის 26 სექტემბერს, თ.თ–მა მიმართა სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლას და მოითხოვა ინფორმაცია 15 საათიანი საათობრივი დატვირთვის მქონე პედაგოგების შრომის ანაზღაურების შესახებ. 2023 წლის 3 ოქტომბრის წერილის თანახმად, 2021-2022, 2022-2023, 2023-2024 ს/წ პედაგოგის 1 კვ. საათის ანაზღაურება შეადგენს 30,49 (დარიცხული), ხელზე ასაღები 24,40 ლარი, ხოლო დანამატი 2021-2022წ. 670 ლარს, ხოლო დანამატი 2022-2023 ს/წ და დღემდე შეადგენს 795 ლარს. 2021-2022 სასწავლო წლისთვის თ.თ–ის ხელფასი შეადგენდა თვეში 342,45 ლარს (დარიცხული), ხელზე ასაღები 290 ლარი, რაც იყო პედაგოგის ხუთი საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება დანამატთან ერთად, შესაბამისად, სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის მიერ დაკლებული 10 საგაკვეთილო საათის ღირებულება არის თვეში 746 ლარი დანამატთან ერთად. (1 საათის -24,40 ლარი, 5 საათის- 122 ლარი +168 ლარი დანამატი, სრულად იღებდა 290 ლარს, 2021-2022 ს/წლებში, 15 საათობრივი დატვირთვის მქონე პედაგოგები: 15 საათის -366 ლარი, დანამატი - 670 ლარი, სრულად ასაღები თანხა-1036 ლარი, 1036-290=746 ლარი).
22. დადგენილია, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სკოლაში პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცდა სკოლის ახალი სასწავლო გეგმა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მასწავლებლებზე საათების განაწილების ბადე. სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2022 წლის 7 სექტემბრის N06 სხდომის ოქმით (საკითხი N4) განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა, თ.თ–ის ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვა (პირველი სემესტრი) 20 13 საათით განისაზღვრა. ქართული ენა და ლიტერატურა 11 საათი, დასავლური ლიტერატურა - 2 საათი; მისი დარიცხული ხელფასი ამ დროისთვის შეადგენდა 977,01 ლარს. 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სკოლაში პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცდა სკოლის ახალი სასწავლო გეგმა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მასწავლებლებზე საათების განაწილების ბადე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის N05 სხდომის ოქმით (საკითხი N4) განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა, თ.თ–ის ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვა 13 საათით განისაზღვრა; ქართული ენა და ლიტერატურა 11 საათი, XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურა - 2 საათი; მისი დარიცხული ხელფასი ამ დროისთვის შეადგენდა 1085,37 ლარს.
23. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, თ.თ–ის ხელფასი შედგენს თვეში 1085,37 ლარს (დარიცხული), ხელზე ასაღები - 868 ლარი, რაც არის პედაგოგის 13 საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება დანამატთან ერთად.
24. კასატორის პრეტენზიის თანახმად, ის უსაფუძვლოდ არ არის გათანაბრებული სხვა უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებთან და ითხოვს საგაკვეთილო საათების გაზრდას 15 საათამდე.
25. აღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის გაქტობრივ გარემოებებზე: გარდა კასატორისა, სოფელ წეროვნის #2 საჯარო სკოლაში, ნ. უ–ძეს და თ.ც–ძეს მინიჭებული ჰქონდათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, სკოლაში არ არსებობდა თავისუფალი საათები და მოსარჩელისთვის საათები უნდა გაზრდილიყო ამ მასწავლებლების საგაკვეთილო საათების ხარჯზე.
26. საქმეში წარმოდგენილი მესამე კლასის, მეთერთმეტე კლასის და მეხუთე კლასის მშობელთა განცხადებების თანახმად, ისინი წინააღმდეგები იყვნენ, რომ მათი შვილების პედაგოგი ყოფილიყო მოსარჩელე (იხ. ტ1, ს/ფ 155-162). ასევე დასტურდება, რომ კასატორი არ ესწრებოდა პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, სადაც უშუალოდ იხილებოდა და მტკიცდებოდა მომდევნო წლის სასწავლო გეგმა. მოსარჩელე აღნიშნულ სხდომებზე საგაკვეთილო საათებთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებას არ აფიქსირებდა და საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობთ იღებდა.
27. დადგენილია, რომ პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, რიგ შემთხვევებში, (2021 წლის 09 სექტემბრის სხდომის ოქმი #7) არ ესწრებოდა მოსარჩელე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ესწრებოდა, მას საწინააღმდეგო პოზიცია, სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ დაუფიქსირებია.
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ ნორმატიულ აქტზე, რომელიც დირექტორს დაავალდებულებდა სტატუსის შესაბამისად, მისი საგაკვეთილო საათები შეევსო 15 საათამდე, მითუმეტეს, რომ სხვა პედაგოგებსაც ჰქონდათ უფროსი პედაგოგის სტატუსი.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
30. მოცემული კანონის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს სკოლა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ახორციელებს. ზოგადი განათლების მიზანი კი არის საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ამ მიზნის მიღწევისთვის კი სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს არა მარტო ფინანსურად უზრუნველყოფს, არამედ შესაბამისი სამინისტროს მეშვეობით შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებაც, რაც გულისხმობს საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში მომსახურების გაწევას.
31. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას. იგი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშავოს სასკოლო გეგმა, რომლითაც ზუსტდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული აუცილებელი დატვირთვები, განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, ასევე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს. "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს.
32. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას.
33. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იქმნება თვითმმართველობის შემდეგი სუბიექტები - სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ა1“ ქვეპუნქტების მიხედვით, პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანართის მე-20 მუხლის თანახმად, საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომელთა შემადგენლობა და ფუნქციები აისახება სასკოლო სასწავლო გეგმაში. კათედრაზე გაერთიანებული იქნება საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი.
34. ეროვნული სასწავლო გეგმის 21-ე მუხლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის. მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლაში სასკოლო სასწავლო გეგმას მასწავლებლების/კათედრების და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო; სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა დამტკიცდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე. სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა სასკოლო საათობრივი ბადის განსაზღვრა. ეს უკანასკნელი კი, 23-ე მუხლის მიხედვით მოიცავს თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება, შესაბამისი პედაგოგის მითითებით.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლას გააჩნია სასწავლო გეგმა, რომელიც სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს კვირის მიხედვით ჩასატარებელი საგნების დასახელებას, საათების რაოდენობას და შესაბამის პედაგოგს. სასწავლო გეგმის დამტკიცება ხდება პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე, რასაც წინ უსწრებს საკითხის კათედრების მიხედვით განხილვა და შემდგომ სამეურვეო საბჭოსთან.
36. მოქმედი კანონმდებლობით სასკოლო სასწავლო გეგმის ვადა ერთი წლით განისაზღვრება. ამ ვადის გასვლის შემდგომ კი, ხდება ახალი სასკოლო სასწავლო გეგმის მიღება. ამასთან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 1 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და ამ ვადის დადგომამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე სკოლა ვალდებულია შეიმუშავოს და დაამტკიცოს ახალი სასწავლო გეგმა. ამდენად, მისი შემუშავება და დამტკიცება ყოველწლიურად, ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე (15 სექტემბერი) ერთი კვირით ადრე უნდა მოხდეს.
37. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს #174/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო სკოლაში საგნის ვაკანტური საათების არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსით მასწავლებლის ვაკანსიის ვერ შევსების შემთხვევაში საჯარო სკოლა უფლებამოსილია გამოაცხადოს ღია კონკურსი.
38. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის პრეტენზია სხვა უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელთან გათანაბრების თაობაზე, დაუსაბუთებელია. საქმის მასალების თანახმად, ირკვევა, რომ სკოლის დირექტორმა ეტაპობრივად უზრუნველყო მისთვის საათების დამატება. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის განხილვის დროისთვის მოსარჩელის საგაკვეთილო საათების ოდენობა შეადგენდა 13 საგაკვეთილო საათს. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს, რომ პედაგოგისთვის საათების განაწილებისას ყურადღება უნდა მიექცეს ნამსახურობის ხარისხს და დამსახურებას წლების მანძილზე გაწეული შრომის შესაბამისად, რაც უნდა ვლინდებოდეს მათ შორის მოსწავლეთა და მშობელთა კეთილგანწყობაში. საგულისხმოა, რომ სკოლაში სხვა მასწავლებელებსაც აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ამასთან, მოსარჩელე არ უთითებს ისეთ გარემოებას, რომ სკოლას ჰქონოდა სასკოლო საათობრივი ბადით გასანაწილებელი(თავისუფალი) საათები; არ უთითებს ისეთ ვითარებაზე, რომ მას სხვა უფროს მასწავლებლებზე ადრე ჰქონდა შესაბამისი სტატუსი მიღებული ან/და მათ დაუსაბუთებლად გაეზარდათ განაწილებული საათები(15 საათამდე). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საგაკვეთილო საათების შევსებისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა.
39. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება.
40. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, მის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის ამკრძალავ გენერალურ დათქმას შეიცავს ძირითადი კანონი _ საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს რა ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორობას, კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი დისკრიმინაციის აკრძალვის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს ის დათქმა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია კანონის წინაშე, რაც შეეხება ნორმაში ჩამოთვლილ განმასხვავებელ ნიშნებს, ისინი არ არის ამომწურავი და სადავოობისას სწორედ ზემოხსენებული დათქმიდან გამომდინარე, ფართო განმარტებას საჭიროებს, ანუ ნებისმიერი, მათ შორის ნორმით გაუთვალისწინებელი ნიშნით პირისადმი განსხვავებული მოპყრობა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში შემოწმებას შეიძლება დაექვემდებაროს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას.
42. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
43. უშუალოდ დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97).
44. საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი #7798/08, 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) ევროსასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს.
45. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე ევროსასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულია დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მეთოდები _ ე.წ „შეფასების ტესტები“: საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, ხოლო მეორეს _ ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით. საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კლასიკური, სპეციფიკური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“.
46. დანარჩენ შემთხვევებში, მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი), რომლის მიხედვითაც: ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. შეფასების ტესტთან მიმართებაში ევროსასამართლო არ ადგენს დისკრიმინაციის საფუძვლების იერარქიას, არამედ მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ანუ, თუ არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ან თუ არ არსებობს გონივრული თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის (იხ. Mizzi v. Malta, # 26111/02).
47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობების სუბორდინაციული ბუნება დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტობრივ შესაძლებლობას ანიჭებს ურთიერთობის ძლიერ მხარეს _ დამსაქმებელს, სწორედ ამიტომ, შრომის კოდექსი შრომითი ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიცავს ანტიდისკრიმინაციულ დებულებებს, რომლებიც შეესაბამება (დასაქმებასა და საქმიანობაში) დისკრიმინაციის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 111-ე კონვენციის პრინციპებს.
48. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციას აქვს ორი ელემენტი: არათანაბარი პირობების შექმნა და შევიწროება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამუშაო ადგილზე შევიწროება არის დისკრიმინაციის ფორმა, კერძოდ, პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნით განპირობებული არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. იმის განსასაზღვრად, ჰქონდა თუ არა ადგილი შევიწროებას, შემდეგი ფაქტორები უნდა იქნას მხედველობაში მიღებული: უკანონო და თუნდაც კანონიერი ხანგრძლივი ზეწოლა, სისტემური ხასიათი და დასაქმებულის შევიწროების მიზანი; მოვლენა, რომელიც ინსპირირებულია დასაქმებულის ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის საზიანოდ; სუბიექტური ფაქტორის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ დასაქმებულის შევიწროების განზრახვა (იხ.შრომის კოდექსის კომენტარი, ანდრეა ბორონის რედაქტორობით, გამომცემლობა ,,მერიდიანი", 2016წ. გვ.272.)
49. ამრიგად, პირი, რომელიც თავს უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლად განიხილავს, სასამართლოს წარუდგენს ფაქტებს და ამავე ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომლებმაც ნეიტრალურ მესამე პირს _ საქმის განმხილველ მოსამართლეს, უნდა ჩამოუყალიბოს ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული განმასხვავებელი ნიშნის გამო მის მიმართ განხორციელებულია უთანასწორო მოპყრობა (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV). მოსარჩელემ უნდა მიუთითოს დისკრიმინაციული მოპყრობის კონკრეტულ გარემოებებზე, მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მოპასუხეზე აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი. მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს კონკრეტულ პირთა წრეზე, რომელთან შედარებითაც ის იმყოფება არასათანადო მოპყრობაში (იხ. სუსგ. №ას-1599-2023, 26.01.2024; №ას-351-2024 26 ივნისი, 2024 წელი).
50. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „სამართალი აწესრიგებს საზოგადოებრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, რომელიც მიემართება პირთა განუსაზღვრელ წრეს. ამიტომაც, კონსტიტუციის მე-14 მუხლზე მსჯელობისას, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები. ამასთან, თუ პირთა დიფერენცირებას საფუძვლად უდევს მათი განსხვავებული ფაქტობრივი ანდა სამართლებრივი მდგომარეობა, სახეზე არ იქნება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შესაფასებელი მოცემულობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/1/536, II-19; 04.02.2014). გამონაკლისს წარმოადგენს დისკრიმინაციული მოპყრობის მეორე ფორმა – შევიწროება, რომლის შემთხვევაში არ არის აუცილებელი შედარების ობიექტის არსებობა (ზ.შველიძე, შრომითი დისკრიმინაციის სამოქალაქო სამართლით მოწესრიგებული სამართლებრივი შედეგები, გვ.147)
51. აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 04.02.2014წ).
52. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელზე, სადაც მოსარჩელეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენაზე არ დაუყენებია, თუმცა საგაკვეთილო საათების შევსების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ სპეციალურ კანონზე და ზოგადად აღნიშნა, რომ არახელსაყრელ პირობებშია ჩაყენებული სხვა პედაგოგებთან შედარებით(იხ. დაზუსტებული სარჩელი. ტ.2. ს/ფ 131-149).
53. რაც შეეხება მოსარჩელის შედავებას, რომ პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე, ხდებოდა მისი შეზღუდვა-შევიწროება, განსხვავებული აზრის გამო და მის მიმართ გამოხატული აგრესიის თავიდან ასარიდებლად, იგი იძულებული გახდა საერთოდ არ დასწრებოდა პედაგოგიური საბჭოს სხდომებს - აღნიშნული შედავება მხოლოდ სააპელაციო წესით განხილვისას იქნა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარში (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ.2, 291-303), რის გამოც სააპელაციო პალატას არ შეუფასებია სადავოდ ქცეული გარემოება, შესაბამისად, საკასაციო პალატაც მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სადავო საკითხი.
54. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თავი ვერ გაართვა მისი წილი მტკიცების ტვირთს, მიეთითებინა დისკრიმინაციული მოპყრობის შემცველ ფაქტებზე. მოსარჩელემ სარჩელში მხოლოდ ზოგადად მიუთითა დისკრიმინაციულ მოპყრობაზე და მტკიცების თვალსაზრისით ვერ მიუთითა დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების შესაბამისი ფაქტები და მტკიცებულებები იმ მინიმალური სტანდარტით, რაც მის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდს შექმნიდა.
55. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
56. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
57. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმი/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.თ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. თ.თ–ს (პ/ნ ........), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2024 წლის 26 სექტემბრის №23904463373 საგადასახადო დავალებით გადახდილი 900 ლარის 70 % - 630 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი