Facebook Twitter

საქმე№ას-1147-2024

27 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „კ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.თ–ი (მოსარჩელე)

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ წერილობით გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების და მისი დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება, მორალური ზიანის და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.თ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „კ.ბ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან დამსაქმებელი), შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სს „კ.ბ–ის“ 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელე გ.თ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

1.2.მოსარჩელე გ.თ–ი აღდგენილი იქნეს სს „კ.ბ–ში“ სესხის ოფიცერის პოზიციაზე;

1.3.სს „კ.ბ–ს“ გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისროს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად დარიცხული 1500 ლარის გადახდა;

1.4. დაევალოს სს „კ.ბ–ს“ მოსარჩელისათვის 8 სამუშაო დღის ანაზღაურება დარიცხული 545.45 ლარის ოდენობით, ასევე აღნიშნული თანხის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის მასვე დაეკისროს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოსარჩელისათვის ანაზღაურება 2023 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.5. მოპასუხე სს „კ.ბ–ს“ მოსარჩელე გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისროს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ვალდებულება დარიცხული 1636.36 ლარის ოდენობით (24 სამუშაო დღეზე), მასვე დაეკისროს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოსარჩელისათვის ანაზღაურება 2023 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.6.დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება - 10000 ლარის ოდენობით.

1.7.დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 9620 ლარის ოდენობით.

2.მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისთვის, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე სს „კ.ბ–ს“ დაეკისრა მოსარჩელე გ.თ–ის სასარგებლოდ პროპორციულად, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების, ფულადი ანაზღაურების, დარიცხული 750 ლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე სს „კ.ბ–ს“ დაეკისრა მოსარჩელე გ.თ–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 22.50 ლარის გადახდა. მოსარჩელე გ.თ–ს დაეკისრა სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 488.60 ლარის გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მხარეებს შორის 17.10.2022 წელს დაიდო შრომის ხელშეკრულება 17.04.2023 წლამდე 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. მოსარჩელემ დაიკავა სესხის ოფიცრის პოზიცია სს "კ.ბ–ის" ვარკეთილის სერვისცენტრში. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში დარიცხული 1500 ლარით. შრომითი ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდებოდა ვადის ამოწურვისას, თუკი მხარეები ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე წერილობითი შეთანხმებით არ გააგრძელებდნენ ხელშეკრულების მოქმედების ვადას. შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სამუშაო საათები, ყოველწლიური ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება და ავადმყოფობასთან დაკავშირებული შვებულება, ისევე როგორც შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები განისაზღვრებოდა შრომის შინაგანაწესის თანახმად.

4.2. მოსარჩელეს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლითანავე, კერძოდ 17.04.2023 წელს დაებლოკა იუზერი და საკუთარი იუზერით ვეღარ ახორციელებდა მოპასუხის პროგრამაში შესვლას სამუშაოს შესასრულებლად. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 კვირით ადრე მხარეთა შორის წერილობითი ფორმით შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა და არც ახალი წერილობითი შრომის ხელშეკრულება დადებულა.

4.3. მოპასუხის შინაგანაწესის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს საინფორმაციო სისტემების წვდომების მართვის პოლიტიკა, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, არსებული მომხმარებლის წვდომების გაუქმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელსა და ბანკს შორის წყდება თანამშრომლობა. თანამშრომლობის შეწყვეტის პროცესი იწყება ადამიანური რესურსების (HR) ქვეგანყოფილებიდან, რომელიც პასუხისმგებელია უზრუნველყოს თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების მომზადება “2.05. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და შეჩერება” პოლიტიკით განსაზღვრული წესის შესაბამისად და უზრუნველყოს შესაბამისი პირების დასტურების შეგროვება. ყველა შესაბამისი დასტურის მიღების შემდეგ პერსონალის შერჩევისა და ტალანტების დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი პასუხისმგებელია MS NAV-ში განახორციელოს გათავისუფლების ოპერაციის გატარება, რის საფუძველზეც ავტომატურად ხორციელდება AD-ში თანამშრომლის სისტემური მომხმარებლის დაბლოკვა გათავისუფლების თარიღიდან, ასევე ავტომატურად ხორციელდება თანამშრომლის სისტემური მომხმარებლის დაბლოკვა ბიზნეს აპლიკაციაში, გარდა Temonos და Neomedia სისტემებისა. გათავისუფლების ოპერაციის გატარების შემდეგ MS NAV სისტემა ავტომატურად ახორციელებს შეტყობინების გაგზავნას Service Desk-ზე. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სერვის დესკის განყოფილება პასუხისმგებელია უზრუნველყოს თანამშრომლის სისტემური მომხმარებლის დაბლოკვა მანუალურ ბანკში არსებულ ყველა იმ სისტემაში, სადაც არ ხორციელდება ავტომატური დაბლოკვა და/ან უზრუნველყოს საკითხის ესკალირება შესაბამის განყოფილებებთან.

4.4. შინაგანაწესის პაროლების პოლიტიკის ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, პაროლები არ უნდა გამჟღავნდეს სხვა პირებთან, მათ შორის მენეჯმენტთან და სისტემურ ადმინისტრატორებთან. ამავე ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ საკუთარი უნიკალური ID/username. ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს საშუალება თავად განსაზღვროს საკუთარი პაროლი.

4.5. შინაგანაწესის შვებულებით სარგებლობის პოლიტიკის ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, მოპასუხე კომპანიის თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რომელიც განისაზღვრება არანაკლებ 24 სამუშაო დღით წელიწადში (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 31) და გამოითვლება პროპორციულად 2 დღით თვეში. თანამშრომლისათვის, რომელსაც უწევს მუშაობა შაბათს ეს დღე ითვლება ერთ სრულ სამუშაო დღედ. ასეთი თანამშრომლების მიერ 2 კვირიანი შვებულების მოთხოვნისას, ერთი შაბათი ჩაითვლება არასამუშაო დღედ. კრედო ანიჭებს თანამშრომლებს დამატებით შეღავათებს, კერძოდ, დასაქმებულს შეუძლია ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით საშტატო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის შემდეგ. შვებულება გამოიყენება თანამშრომლის ხელმძღვანელის ნებართვით და HR ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, რათა ხელი არ შეეშალოს სამუშაოს ნორმალურ მსვლელობას. 1.1. პუნქტის თანახმად, გამოსაცდელი ვადის პერიოდში თანამშრომელს არ ეკუთვნის წლიური ანაზღაურებადი შვებულება. გამონაკლისის სახით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაშვებია შვებულება არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, ან გამოსაცდელი ვადის დასრულებისთანავე - არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. გამონაკლისს ამტკიცებს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სერვისცენტრის შემხვევაში გამონაკლისს ამტკიცებს სერვისცენტრის მმართველი. 1.2. თუ თანამშრომელს აქვს 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა, წლიური შვებულება ეკუთვნის გამოსაცდელი ვადის დასრულებისთანავე. თუ გამოსაცდელი ვადა მეტია 3 თვეზე და ნაკლებია 6-ზე გამოსაცდელი ვადის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ.

4.6. შინაგანაწესის ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და პროცედურების თანახმად, გამოსაცდელ პერიოდში თანამშრომლის მოვალეობების შესრულების ეფექტურობის შეფასებას (რომელიც ტარდება ამ პერიოდის დასასრულს) მოჰყვება სამუშაო ურთიერთობების შეწყვეტა ან გაგრძელება. თუ გამოსაცდელი პერიოდის შედეგები უარყოფითია, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება. თანამშრომელი, რომლის ხელშეკრულებაც ამგვარად შეწყდა არ იქნება უფლებამოსილი მიიღოს დამატებითი კომპენსაცია. თუ გამოსაცდელი პერიოდი დამთავრდა და თანამშრომელი აგრძელებს მუშაობას, ითვლება, რომ გამოსაცდელი პერიოდი გასულია და შრომითი ხელშეკრულების შემდგომი შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების დასრულების სტანდარტული პროცედურის საფუძველზე. გამოსაცდელი პერიოდის დამთავრების შემდგომ შეფასებაზე და შედეგების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომელთან ერთად. როდესაც კრედო და წარმატებული კანდიდატი მიაღწევენ შეთანხმებას შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება... შრომითი ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით. შრომით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი და შესაბამისი ახლად მიღებული თანამშრომელი. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე HR განყოფილება უშუალო ხელმძღვანელს უგზავნის მეილს და ატყობინებს თუ რომელ თანამშრომელს გასდის 5 ხელშეკრულების ვადა და ითხოვს ხელშეკრულებების გაგრძელებას... HR განყოფლების მიერ გამოგზავნილ მეილს ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ პირველ რიგში ეთანხმება უშუალო უფროსი/შესაბამისი თანამდებობის პირები.

4.7. მოსარჩელემ 16.05.2023 წელს მოპასუხისაგან მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების გადაცემა, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი ფორმით დასაბუთება.

4.8. 15.05.2023 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს მეილზე გაუგზავნა შეთანხმების/მორიგების პროექტი, მოსარჩელისათვის შეთავაზებული იყო დარიცხული 416.67 ლარის გადახდა, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა. მორიგების ფარგლებში შეთავაზებული თანხის არსი და წარმომავლობა მორიგების აქტში მითითებული არ იყო.

4.9. 25.05.2023 წელს მოსარჩელეს მოპასუხისაგან ჩაბარდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, სადაც მითითებულია, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება დასრულდა 2.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო 2023 წლის 17 აპრილს და წერილობითი შეთანხმებით მოსარჩელესთან შემდგომი შრომითი ურთიერთობა - ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა, ხოლო 2023 წლის 18 აპრილს მოსარჩელეს უკვე გათიშული ჰქონდა ძირითად საბანკო საოპერაციო პროგრამასთან წვდომა. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ორგანიზაციის მხრიდან ბრძანება ვადის გასვლის გამო არ გამოიცემა. დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, სისტემატიურად ვერ სრულდებოდა ორგანიზაციის მიერ დადგენილი გეგმები, ამასთან ერთად მოსარჩელის ხელმძღვანელები მის სამუშაო პროცესთან მიმართებაში არ იყვნენ კმაყოფილები, შენიშვნები ჰქონდა დასაქმებულს მიღებული შრომით დისციპლინასთან დაკავშირებით (არ გამოცხადება, დაგვიანება და სამსახურიდან გაუფრთხილებლად ადრე გასვლა). ეს იყო ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც დასაქმებულთან არ გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა.

4.10. 17.04.2023 წლიდან - 25.04.2023 წლამდე პერიოდში მოსარჩელეს საკუთარი იუზერით მოპასუხის წერილობითი დავალება არ მიუღია და სამუშაო არ შეუსრულებია.

4.11. სს„კ.ბ–ის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის 01.11.2023 წლის წერილით დგინდება, რომ საბანკო პროგრამა CSS სისტემაში შესვლა, როგორც დადგენილი წესი დღემდე ხდება სს "კ.ბ–ის" მხრიდან თანამშრომელზე განპიროვნებული კონკრეტული მომხმარებლის სახელით და პაროლით. მოქმედ თანამშრომლებს გადაეცემათ აგრეთვე კომპიუტერული მოწყობილობები სხვადასხვა პროგრამებით და კორპორაციული ელექტრონული ფოსტა, რომლებიც ასევე დაცულია თანამშრომლის მომხმარებლის სახელით და პაროლით. საბანკო პროგრამა CSS-ში შესვლისას ყოველ ჯერზე კონკრეტულად პროგრამის ინტერფეისში ზედა მარჯვენა კუთხეში აუცილებლად ისახება პროგრამაში შესული თანამშრომლის სახელი და გვარი მისი იდენტიფიცირებისათვის. პროგრამული “ლოგებით” ასევე შესაძლებელია კონკრეტულად იდენტიფიცირება რომელ წელს, თვეს და რიცხვში, ასევე რომელ საათზე, წუთების და წამების სიზუსტით განხორციელდა სისტემაში შესვლა, მაგ. სამუშაო კომპიუტერულ მოწყობილობაში შესვლა. საბანკო პროგრამა CSS-ის პროგრამული არქტიტექტურა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით ან საგამოცდო პერიოდით ახალ დასაქმებულ თანამშრომელზე იძლევა საშუალებას განისაზღვროს წვდომის კონკრეტული ვადა, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც თანამშრომელთან ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა/დასრულება და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თანამშრომელთან არ გაგრძელდება შრომითი ურთიერთობა სისტემურად ავტომატურ რეჟიმში ითიშება/დეაქტივაცია ხდება კონკრეტული თანამშრომლის სახელის და პაროლის, რომელსაც აღარ აქვს უფლებამოსილება და შესაძლებლობა განახორციელოს რაიმე მოქმედებები.

4.12. სს „კ.ბ–ის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის, ასევე დირექტორის 14.11.2023 წლის წერილით დგინდება, რომ გ.თ–ი ელექტრონულად CSS პროგრამაში “სესხის ოფიცრის ველში” მითითებული აღმოჩნდა 2023 წლის 18 აპრილიდან - 22 აპრილის ჩათვლით, კერძოდ ცხრამეტი სესხის განაცხადზე (მათ შორის ორჯერ ერთ-ერთ კლიენტზე იოსები ქოიავა) ამავე კლიენტ ი.ქ–ზე გაცემულია ორი სასესხო პროდუქტი “სამომხმარებლო სესხი” და საკრედიტო ლიმიტი, დანარჩენი ყველა განაცხადი უარყოფილია და არ არის დადასტურებული. ყოველივე აღნიშნული ნიშნავს, მხოლოდ განაცხადების კონკრეტულ “სესხის ოფიცრის” პროგრამულ ველში მითითებას, რომელიც განხორციელებული იყო ნ.გ–ის CSS-ში რეგისტრირებული და კუთვნილი მომხმარებლის სახელით. ამგვარად, 2023 წლის 17 აპრილიდან - 25 აპრილის ჩათვლით ამავე ცხრამეტ განაცხადზე პროგრამულად ყველა მონაცემების დამმუშავებელი არის მითითებული ნ.გ–ის CSS-ის იმ პერიოდში მოქმედი მომხმარებელი. პროგრამული და სისტემური ლოგებით დასტურდება, რომ მოქმედებებს ახორციელებდა თანამშრომელი: ნ.გ–ი. მოქმედი პოლიტიკის მიხედვით, იმ შემთხვევაში როდესაც საქმე ეხება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას/ დასრულებას - ის საქმეები, რომელიც მუშავდებოდა ყოფილი თანამშრომლის მიერ, მისი სახელი კვლავ რჩება CSS-ში. სამსახურებრივი საქმეების, რომელთა დამუშავება დაწყებული იყო წინა თანამშრომლის მიერ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა /დასრულების შემთხვევაში გადაბარება/გადაწერა ხორციელდება, როგორც წესი უკვე მოქმედ რომელიმე თანამშრომელზე თვის ბოლო კვირაში. მოცემულ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულებით გ.თ–თან შრომითი ურთიერთობის დასასრული გახლდათ 2023 წლის 18 აპრილი, როდესაც დაიბლოკა მის კომპიუტერში და პროგრამა CSS-ში შესასვლელი მომხმარებლის ანგარიში. ასევე დასტურდება, რომ პროგრამული და სისტემური “ლოგებით” გ.თ–ის მომხმარებლის სახელით სისტემაში (მათ შორის მასზე განპიროვნებულ ან ნებისმიერ სხვა კომპიუტერში და შესაბამისად სხვადასხვა საოპერაციო პროგრამებში) შესვლა ბოლოს განხორციელდა 2023 წლის 13 აპრილს 17:43 საათზე. სს „კ.ბ–ის“ „პაროლების პოლიტიკის” და „საინფორმაციო სისტემებზე წვდომის მართვის პოლიტიკის” მიხედვით დაუშვებელია და უხეშ დარღვევას წარმოადგენს სხვისი მომხმარებლის სახელით პროგრამულ უზრუნველყოფაში რაიმე მოქმედებების განხორციელება.

4.13. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ანაზღაურებადი შვებულების ფულადი კომპენსაცია დასაქმებულს დამსაქმებლისაგან არ მიუღია. განსახილველი სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს მომართა 10.07.2023 წელს.

5.პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. სარჩელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია.

5.2. მართლზომიერია მოსარჩელის მოთხოვნა გამოუყენებლი ანაზღაურებადი შვებულების ფულადი კომპენსაციის სახით დარიცხული 750 ლარის, 12 დღის სახელფასო ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

5.3. არამართლზომიერია მოსარჩელის მოთხოვნა 8 სამუშაო დღის სახელფასო ანაზღაურებისა და მისი გაცემის დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია.

5.4. არამართლზომიერია მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

6.პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით მოსარჩელეს მას შემდეგ რაც 2023 წლის 25 მაისს ეცნობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ჩაბარდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, წარმოეშვა უფლება დაეწყო ე.წ. გასაჩივრების კანონით დადგენილი პროცედურები.

6.1. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს ზემოხსენებული დასაბუთების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ წარუდგენია სარჩელი სასამართლოში. ხოლო სასამართლოს მიერ სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს აღნიშნული განჩინება საქმეზე მტკიცებულების სახით არ წარუდგენია და დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვის შესახებ კონკრეტული თარიღები არ მიუთითებია, რის გამოც სასამართლომ 2023 წლის 10 ივლისს წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.

6.2. სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. ასევე, 8 დღის სახელფასო ანაზღაურების დაკისრების და მისი დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, მოთხოვნების უსაფუძვლობაზე მიუთითა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნები. ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნები მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

6.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა მატერიალური ზიანის - 9620 ლარის, (კუთვნილი ავტომობილის რეალიზაციის საფასური) დაკისრების თაობაზე.

6.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ფულადი კომპენსაციის სახით დარიცხული 750 ლარის, 12 დღის სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დასაბუთებული იყო. ხოლო მოთხოვნა საშვებულებო კომპენსაციის ანაზღაურების დაყოვნებისთვის 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დააკმაყოფილა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გააბათილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გამო და დაკარგა აღნიშნული უფლების სასამართლო წესით რეალიზების შესაძლებლობა. ხანდაზმულობის გამო პირველი ინსტანციის სასამართლომ სიღრმისეულად აღარ შეაფასა სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლიანობა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სადავო იყო სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, პირველ რიგში ის უნდა შეფასებულიყო და დაასკვნა, რომ დასაქმებულის სარჩელი არ იყო ხანდაზმული.

9.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 128-ე მუხლზე, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 48-ე მუხლზე, ასევე განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების შესახებ გასაჩივრების ვადა და მისი გამოთვლის წესი ორგანული კანონით არის დადგენილი, რაც არც მხარის და არც სასამართლოს ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება.

9.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მხარეებს შორის 2022 წლის 17 ოქტომბერს, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაიდო შრომის ხელშეკრულება 2023 წლის 17 აპრილამდე. 2023 წლის 25 მაისს მოსარჩელეს მოპასუხისგან ჩაბარდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, სადაც მითითებულია, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება დასრულდა 2.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო 2023 წლის 17 აპრილს და წერილობითი შეთანხმებით მოსარჩელესთან შემდგომი შრომითი ურთიერთობა - ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ ორგანული კანონით დადგენილი, სარჩელის წარდგენის 30 დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისთვის დაიწყო 2023 წლის 26 მაისიდან.

9.4. სააპელაციო საჩივარზე აპელანტმა დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის განსახილველად მიღებაზე და სარჩელი თანდართული მასალებით დაუბრუნდა უკან. სარჩელის რეგისტრაციის ბარათიდან დგინდება, რომ თავდაპირველი სარჩელი მოსარჩელეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა 2023 წლის 23 ივნისს, კერძოდ კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის ფარგლებში, ხოლო წინამდებარე სარჩელი წარდგენილია განმეორებით 2023 წლის 10 ივლისს. შესაბამისად სშკ-ის 138-ე (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140- ე მუხლები), 139-ე (ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება) და 140-ე (სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან) მუხლებზე დაყრდნობით, არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ხანდაზმულობის ვადის გაშვება.

9.5. დამატებით სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხანდაზმულობასთან მიმართებით მოსარჩელის პოზიცია არ იქნა გაზიარებული იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს საქმეში არ ჰქონდა წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განჩინება და არ ჰქონდა მითითებული, რომ სარჩელი განმეორებით იყო შეტანილი.

9.6. აღნიშნული არგუმენტაციასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 27.06.2023 წლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია იმავე მოსამართლის მიერ, ვინც საბოლოოდ არსებითად განიხილა წინამდებარე სარჩელი. ამასთან, „საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტიდან“ დგინდება, რომ დასაქმებულის სარჩელი მოსამართლეზე ელექტრონულ პროგრამაში განაწილდა არა შემთხვევითი, არამედ პირდაპირი განაწილების პრინციპით, რის საფუძვლადაც იმავე დოკუმენტში მითითებულია - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სარჩელის განმეორებით წარდგენა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელე საქმეში არც სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე წარმოადგენდა 2023 წლის 27 ივნისის განჩინებას, საქმის მასალებიდან ცალსახა იყო, რომ სარჩელი წარდგენილი იყო განმეორებით და სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამაში დაცული ინფორმაციით დაედგინა თავდაპირველი სარჩელის წარდგენის თარიღი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს შესრულებული ჰქონდა მტკიცების ტვირთის ის სტანდარტი, რაც ასეთ ვითარებაში მოეთხოვებოდა და არ არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

9.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის მოტივით სიღრმისეულად აღარ იმსჯელა და კონკრეტული დასკვნები არ მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნების ფაქტობრივ-სამართლებრივი გამართულობის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე სადავო ფაქტობრივი გარემოება, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს დასაქმებულის სარჩელი და სააპელაციო საჩივარში მითითებულ დანარჩენ საკითხებთან მიმართებით სააპელაციო პალატა მოცემულ ეტაპზე შეფასებებს ვერ გააკეთებს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო საჩვრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

10.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 3 ივნისის სხდომაზე, სააპელაციო საჩივარზე დართული ახალი მტკიცებულებების დაშვებას (2023 წლის 26 ივნისის N2/17312-23 განჩინება და ამონაწერი საქართველოს საერთო სასამართლოების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემიდან), რომლის წარდგენაც მოსარჩელეს პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზეც შეეძლო და წარუდგენლობის საპატიო მიზეზიც არ დაუსაბუთებია. დაუსაბუთებელია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სააპელაციო წესით საქმის განხილვის სტადიაზე მტკიცებულების დაშვების სამართლებრივი საფუძველი.

10.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მოსამზადებელი სხდომის არც ერთ სტადიაზე არც ზეპირად წარმოუდგენია სარჩელის ხანდაზმულობის საპასუხო არგუმენტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელშიც თავად მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლის ნებით კი არ შეწყდა, არამედ ვადის გამო დასრულდა და გამოსაცდელი ვადა აღარ გაგრძელებულა, შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნებას დამსაქმებელი ვერ გამოავლენდა.

10.4. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინებით საქმის ხელახლა განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნებას და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება.

10.5. სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობა მხოლოდ მოპასუხის მითითებით გამოიკვლია, შესაბამისად მოთხოვნის ვადაში წარდგენის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა წარმოადგინეს ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო პალატამ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

15. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს სსს-ის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: N ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; N ას-1167-2019, 22.07.2020წ; N ას-942-2021, 11.03.2022წ; N ას-1147-2021, 31.03.2023წ; N ას-785-2022, 6.04.2023წ; N ას-824-2022, 25.05.2023წ; N ას-1136-2023, 16.11.2023წ.) სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ-ები საქმეზეებზე: №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ; №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ; №ას-209-196-2015, 30.07.2015წ; №ას-825-791-2016, 12.06.2017წ; №ას-8-2023, 25.05.2023წ.).

16. როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო კანონის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1118-1145-2011,10.01.2012წ.; №ას-173-2021,31.01.2021წ). აღნიშნულს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი, ფაქტობრივი გარემოებების დამდეგნი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც თვითონ მას რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება მხარეთა შეჯიბრების პრინციპის დასაცავად (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-657-618-2012, 10.12.2012წ.; №ას-1308-1234-2012, 4.02.2013წ.; №ას-1136-2023, 16.11.2023წ).

17. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საფუძვლად დაუდო ის მოტივაცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობათა მოტივით სიღრმისეულად აღარ იმსჯელა, არ მიიღო კონკრეტული დასკვნები საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნების ფაქტობრივ-სამართლებრივი გამართულობის თაობაზე. შესაბამისად, დაასკვნა, რომ ვინაიდან არ დგინდებოდა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე სადავო ფაქტობრივი გარემოება, პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა უნდა განეხილა დასაქმებულის სარჩელი.

18. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების შესახებ გასაჩივრების ვადა და მისი გამოთვლის წესი საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე: მხარეებს შორის 17.10.2022 წელს დაიდო შრომის ხელშეკრულება 17.04.2023 წლამდე 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. მოსარჩელემ დაიკავა სესხის ოფიცრის პოზიცია სს "კ.ბ–ის" ვარკეთილის სერვისცენტრში. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში დარიცხული 1500 ლარის ოდენობით. შრომითი ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდებოდა ვადის ამოწურვისას, თუკი მხარეები ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე წერილობითი შეთანხმებით არ გააგრძელებდნენ ხელშეკრულების მოქმედების ვადას. შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სამუშაო საათები, ყოველწლიური ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება და ავადმყოფობასთან დაკავშირებული შვებულება, ისევე როგორც შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები განისაზღვრებოდა შრომის შინაგანაწესის თანახმად.

20. სშკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად. (იხ. სუსგ-ები: ას-208-2024 23.06.2025წ.; №ას-1477-2024 28.02.2025წ.; ას-1124-2023 8.11.2024წ.; №ას-555-2023 28.02.2024წ.)

21. სასამართლო მოიხმობს სშკ-ის 48-ე მუხლს, რომელიც ადგენს სშკ-ის 47-ე მუხლით დადგენილი საფუძვლებით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებლის ვალდებულებას, დასაქმებულის მოთხოვნით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებული მოსაზრების ჩაბარებისა და განსაზღვრავს შრომითი დავების გასაჩივრების წესს. კერძოდ, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების თანახმად: დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე წერილობითი შეტყობინება; დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული კანონმდებლის დანაწესი გამოსაცდელი ვადით მყოფი პირების მიმართ არ ვრცელდება და სწორედ იმ გარემოებითაა განპირობებული, რომ აღნიშნული მუხლი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებაზე სარჩელის სასამართლოში წარდგენისათვის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს ამავე გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთების დასაქმებულისათვის გადაცემის ფაქტს. რაც შეეხება გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევას, დამსაქმებელი არ არის ვალდებული მიუთითოს შეწყვეტის საფუძვლები, რადგან გამოსაცდელი ვადის თაობაზე სახელშეკრულებო პირობა განისაზღვრება, როგორც ნებაზე დამოკიდებული პირობა. გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენაა. გამოსაცდელი ვადა, ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულმა უნდა შეაფასოს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია, სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია, პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისათვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა მოიპოვოს დასაქმებულის, ანუ შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი. (სუსგ Nას-17-2021, 20.05.2021წ.).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს შეწყვეტის საფუძვლები. აღნიშნული კანონისმიერი დათქმის შეზღუდვის შემთხვევაში, სასამართლო დაუსაბუთებლად ჩაერევა დამსაქმებლის იმ კომპეტენციაში, რაც იმპერატიულადაა შეზღუდული. შესაბამისად, რადგან დამსაქმებელს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს დაუსაბუთებლად აქვს, მის მიერ ამ უფლების გამოყენების შემოწმება სასამართლოს კომპეტენცია ვერ იქნება. ამგვარად, გამოსაცდელი ვადით პირთან (დროებით დასაქმებულთან) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის პრეროგატივაა და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომლის გამოყენებაც დამსაქმებელს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია. შესაბამისად, დამსაქმებელს, არც ამ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება წარმოეშობა.

24. ზემოთ აღნიშნულ სამართლებრივ მსჯელობებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობას, სშკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გასაჩივრების ვადის გამოთვლაზე. საკასაციო სასამართლო, საქართველოს შრომითი კოდექსის მე-17 მუხლზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ იმპერატიული დანაწესი „გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“ სადავო შემთხვევაში, რელევანტურია, რადგან სხვაგვარ შეთანხმებას არ შეიცავს მოსარჩელესთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. ამ მოცემულობას ვერ შეცვლის ვერც საქმის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეებს შორის 2022 წლის 17 ოქტომბერს დაიდო შრომის ხელშეკრულება, 2023 წლის 17 აპრილამდე გამოსაცდელი ვადით, რომელიც შეწყდა გამოსაცდელი ვადის ამოწურვისთანავე. 2023 წლის 16 მაისის წერილის პასუხად, 2023 წლის 25 მაისს, მოსარჩელეს მოპასუხისგან ჩაბარდა წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება დასრულდა 2.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო, 2023 წლის 17 აპრილს და წერილობითი შეთანხმებით მოსარჩელესთან შემდგომი შრომითი ურთიერთობა - ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. დასაქმებულის მხრიდან გამოსაცდელ ვადაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების მოთხოვნა, შემდეგ დამსაქმებლის მიერ გაცემული წერილი ვერ გახდება ასეთი ტიპის შრომით დავებში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4-7 პუნქტების შესაბამისი წესით ათვლის წინაპირობა.

25. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის სიმცირეს შრომის სამართლის თეორიაში თავისი დატვირთვა აქვს, კერძოდ, სადავო ფაქტები მტკიცებადი უნდა იყოს, ასევე დარღვეული უფლების აღდგენა დროის მცირე მონაკვეთში უნდა მოხდეს, რათა შემდგომ, ვითარების ცვლილებამ, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის შეუძლებლობა არ განაპირობოს. აღნიშნულ გარემოებას უკავშირდება, სასამართლო დავებში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ზოგადი წესის არსებობა( 30 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრება).

26. როგორც უკვე აღინიშნა, 2023 წლის 17 აპრილს, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ შრომითი ხელშეკრულების 2.4 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი შეთანხმებით მოსარჩელესთან შემდგომი შრომითი ურთიერთობა - ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. შესაბამისად, ცნობილი იყო გამოსაცდელი ვადის ამოწურვისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

27. სადავო შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას გასაჩივრების ვადის გამოთვლის შესახებ, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა სშკ-ის 48-ე მუხლის გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება განსახილველ შემთხვევაზე, რადგან მოსარჩელე გამოსაცდელი ვადით იყო დასაქმებული. შესაბამისად, დამსაქმებელს კანონით არ ევალება დასაქმებულისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების დასაბუთება. მითუმეტეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ ხელშეკრულება შეწყდება ვადის ამოწურვისას, თუკი მხარეები ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე წერილობითი შეთანხმებით არ გააგრძელებენ ხელშეკრულების მოქმედების ვადას. (იხ. ტ.1, ს/ფ 26). საქმის მასალებით, არ დასტურდება, რომ 2023 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, დასაქმებულთან რაიმე ახალი შეთანხმება შედგა შრომითი ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე, ხოლო ხელშეკრულებით იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მისი ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდებოდა. საკასაციო პალატის დასკვნით, სასამართლო დავის აღძვრის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის გამოსაცდელი ვადის შეწყვეტიდან, 30 დღეში, უნდა წარედგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში.

28. აქვე, საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

29. საკასაციო სასამართლო, გაამახვილებს ყურადღებას, იმ გარემოებაზე, რომ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება მოპასუხის საპროცესო თავდაცვის არსებითი სახეა და მისი დამტკიცების შემთხვევაში, იგი სარჩელის წარუმატებლობას განაპირობებს.

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სსკ 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

31. ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება (იხ., სუსგ. საქმეზე №ას-498-2020, 25.11.2020წ).

32. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. ამასთან, რადგან მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის და არა სამართლის საკითხია, ეს ფაქტი მოპასუხის შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე უნდა იყოს წამოყენებული, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სწორ საპროცესო სტადიაზე განახორციელა(იხ. მოპასუხის შესაგებელი), ამასთან, ხანდაზმულობაზე მოპასუხე უთითებს სააპელაციო და საკასაციო განხილვის ეტაპზეც. შესაბამისად, მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტობრივ გარემოებაზე, ამით სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობა.

33. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებელი მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტზე მითითებას და არა ამ ფაქტის დამტკიცებას ავალდებულებს, ხოლო როდესაც მოპასუხე სარჩელს უარყოფს აღნიშნული საფუძვლით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს გადადის და მას ევალება ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი. (იხ. სუსგ №ას-1504-1424-2017, 2018 წლის 9 თებერვალი; საქმე № ას-621-2024, 9 ოქტომბერი, 2024წ ).

34. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორმა შეძლო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება. შესაგებელში მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაც შეეხება მოსარჩელეს, მას შესაგებლით შედავებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების/შეწყვეტის დამადასტურებელ გარემოებებზე, სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე არ მიუთითებია.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოსაც და შეუძლია ახლებურად დაადგინოს ფაქტები, ასევე არ გაიზიაროს ქვედა ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, თავად გამოეკვლია სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი და საერთო სურათის, ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობის საფუძველზე, დაედგინა მოთხოვნის წარმოშობისა და მისი განხორციელების სამართლებრივი ფარგლები და თავადვე გადაეწყვიტა სადავო საკითხი.

36. კასატორის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის საოქმო განჩინებაც, რომლითაც საქმეს დაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა) და შეაფასოს, იკვეთება თუ არა ისეთი ახალი/საპატიო გარემოება, რაც საფუძველს მისცემდა მოსარჩელეს საქმის განხილვის კონკრეტულ სტადიაზე სასამართლოსთვის ახალი მტკიცებულება წარედგინა.

37. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე სამართლებრივ დასკვნას.

38. საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს საკასაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებიც არაარსებითია მოცემული დავის ფარგლებში. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

39. საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებას და, ზემოხსენებული სამართლებრივი მითითებების საფუძველზე, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, რომელმაც თვითონ უნდა გამოიკვლიოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, შეაფასოს სშკ-ის 48-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი ამავე კოდექსის მე-17 მუხლთან მიმართებით, ასევე, მითითებული ფაქტების და გარემოებების გამოკვლევის და ერთობლივი შეფასების, შედეგად გამოიტანოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით.

40. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „კ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი