Facebook Twitter

საქმე №ას-61-2025

29 სექტემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

II კასატორი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.წ–ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი - მოძრავი ნივთის (ავტოსატრანსპორტო საშუალების) საკუთრებაში და მფლობელობაში გადაცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

გ.წ–ძემ (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდეგში ტექსტში წოდებულნი, როგორც „მოპასუხეები", „აპელანტები“, „კასატორები“), მიმართ ნივთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, გ.წ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოსარჩელე გ.წ–ძეს საკუთრებაში და მფლობელობაში გადასცეს ,,HYUNDAI SONATA”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით .....

3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 2019 წლის 02 იანვარს, ქ. თბილისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზიანდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული ,,HYUNDAI SONATA”-ს მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით ..... აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევის სამართალდამრღვევ პირად ცნობილ იქნა მოსარჩელე გ.წ–ძე. 2019 წლის 08 აპრილის, შსს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის N824/ს დასკვნის თანახმად, ავტომანქანის აღდგენა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

4.2.2 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.წ–ძეს დაეკისრა დაზიანებული ავტომობილის საბალანსო ღირებულება 12369.65 ლარის ოდენობით. გ.წ–ძემ სრულად აანაზღაურა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა.

4.2.3 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 20 აპრილის N8 ბრძანებით, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ განკარგვის მიზნით გადაეცა 40 ერთეული მოძრავი ქონება, მათ შორის ,,HYUNDAI SONATA”-ს მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით .....

4.2.4 მოსარჩელე გ.წ–ძემ წერილობით მიმართა როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ ,,HYUNDAI SONATA”-ს მარკის ავტომანქანის სახ.ნომრით ...., მის საკუთრებაში გადმოცემის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა.

4.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქვემდგომ ინსტანციაში წარდგენილი შესაგებლის მიხედვით, ორივე მოპასუხე სარჩელისაგან თავის დასაცავად მიუთითებდა „სახელმწიფო ქონების“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონისმიერი წინაპირობების არარსებობის შესახებ.

4.4 ამ კუთხით სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების“ შესახებ საქართველოს კანონის 29.1 მუხლის დისპოზიციაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებსა და წესს, რომლის თანახმადაც „ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით მიმართავს ქონების სააგენტოს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, რომ „თუ მოძრავი ქონება სარგებლობაში არ აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების მმართველი, ხოლო პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქონების მმართველის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით იღებს და შესაბამის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა“, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, „განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია: ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება; ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით პრივატიზება; გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება; დ) განაწილება; ე) განადგურება“.

4.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საბალანსო ღირებულება სრულად იქნა ანაზღაურებული მოსარჩელის მიერ. ამასთან, მოთხოვნის ოდენობას არ გამოკლებულა დაზიანებული ავტომობილის ნარჩენი ღირებულება. თუ კი დაზიანებული ავტომობილი, თუნდაც „ჯართი“ (შავი ან/და ფერადი ლითონის გროვა) წარმოადგენს რაიმე სახის ღირებულებას, ავტომობილის ღირებულების სრულად ანაზღაურება მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს დაზიანებული ნივთის საკუთრებაში გადაცემა.

4.6 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, თუ კი მოსარჩელეს არ გადაეცემა დაზიანებული ავტომობილი საკუთრებაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამისი საფუძვლის გარეშე / უსაფუძვლოდ მდიდრდება დაზიანებული ავტომობილის ნარჩენი ღირებულებით.

4.7 სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი. ამავე კოდექსის 976.1. მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

4.8 სააპელაციო პალატამ აპელირება გააკეთა „სახელმწიფო ქონების“ შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის ნორმატიული შინაარსით, „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანო მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით“. ციტირებულმა მუხლმა, პრაქტიკულად, სადაზღვევო კომპანიის მიერ სრული ღირებულების ანაზღაურების შემთხვევის დროს დაიცვა უსაფუძვლოდ სხვისი გამდიდრების რისკებისაგან მზღვეველი და მიუთითა ნივთის გადაცემის შესაძლებლობაზე. მართალია, მუხლის სუბიექტი (მზღვეველი) განსხვავებულია მოსარჩელე პირისაგან (ზიანის მიმყენებელი), თუმცა ამ წესის ანალოგიის გზით („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, 1. კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 2. კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია). 3. სპეციალური(საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით) გამოყენება შესაძლებლობას მისცემდა მეორე აპელანტს საწყის ეტაპზევე დაერეგულირებინა მოცემული ქონებრივი დავა, რაც არ განხორციელდა.

4.9 სააპელაციო პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

5. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5.2 კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით მიმართავს სახელმწიფო ქონების სააგენტოს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავ ქონებას გადასცემს სახელმწიფო ქონების სააგენტოს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია: ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება; ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით პრივატიზება; გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება; დ) განაწილება; ე) განადგურება.

5.3 განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 20 აპრილის N8 ბრძანების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით გადმოეცა 40 ერთეული მოძრავი ქონება, მათ შორის, ა/მ HYUNDAI SONATA სახელმწიფო ნომრით ..... გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ქონების სხვა პირზე გადაცემის წინაპირობები არ არსებობს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირების სპეციფიკა. თუ კი კანონით არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული წინაპირობები, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას სადავო ავტომობილი გადასცეს მოსარჩელეს.

5.4 კასატორი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სამართალწარმოების ყველა პროცედურა იყო დაცული. სუს-მა კანონის შესაბამისად განკარგა სადავო ქონება და ამ ქონებასთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის დამატებითი ვალდებულებების დაკისრება ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა აღსრულების ბიუროს მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამის შემდგომ კი სამსახურმა დაზიანებული მანქანა, რომელიც ვარგისი არ იყო შემდგომი ექსპლუატაციისთვის გადასცა ასევე სახელმწიფოს, რადგან სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ იყო მოლოდინი იმისა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა დაზიანებული ავტომანქანის მისთვის გადაცემას. ამასთან, სამსახურის ბალანსზე და სამსახურის სასარგებლოდ არ მიქცეულა არც გადახდილი თანხა და არც ნაშთი ქონება, შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე უსაფუძვლო გამდიდრებას არ ჰქონია ადგილი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ეყრდნობა სსკ 385-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვის წესს "ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი". აღსანიშნავია, რომ არც ეს მუხლი ესადაგება განსახილველ დავას, ვინაიდან გ.წ–ძემ თანხა სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების საფუძველზე გადაიხადა, ასევე ნათელია, რომ უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია სწორი იურიდიული კვალიფიკაციისა და დავის გადაწყვეტისათვის.

12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის მსჯელობის საგანია ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომანქანის სრული ღირებულების ანაზღაურების შემდგომ, მისი მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის კანონიერება.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 988.1 მუხლის თანახმად, პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს ვითომ-კრედიტორზე მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ-კრედიტორისაგან ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მესამე პირის მიმართ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს, რომელიც 976-ე მუხლის მიხედვით ახალ ვითომ-კრედიტორს რაიმეს გადასცემს მოთხოვნის წაყენების შემდეგ, შეუძლია თავდაპირველი ვითომ-კრედიტორისაგან მოითხოვოს დაბრუნება ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ცხადყოფს, რომ ანაზღაურების მოვალეობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-ე და 980-ე მუხლები.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794-794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.). 16. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა გამოიკვეთოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რისი შედეგია უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად მათი ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება. საკასაციო პალატამ სხვა დავაში განმარტა, რომ „...კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა... (შდრ. სუსგ. Nას-251-2021წ 11.06.2021წ. №ას-1376-2019, 13.12.2019წ.).

17. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. (შდრ. სუსგ.-ები № ას-1193-1122-2015, 31.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215- 2016, 25.05.2016, №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-960-2018, 22.11.2018; Nას-670-2023 22.04.2024წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, დაზიანდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილი HYUNDAI SONATA”, სახ.ნომრით ..... მიყენებული ზიანის შედეგად ავტომობილის აღდგენა მიზანშეუწონელია (ს.ფ 22-23), ხოლო დაზიანებული ავტომობილის საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 12 369.65 ლარი. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სრულად აანაზღაურა დაზიანებული ავტომობილის ღირებულება, რასაც არ გამოკლებია არც დაზიანებული ავტომობილის ნარჩენი ღირებულება და არც დაზიანებული ავტომობილი არ გადასცემია მოსარჩელეს.

19. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ქონების სრული კომპენსაცია, ანუ მას სრულად აუნაზღაურდა დაზიანებული ნივთის ღირებულება(საბალანსო ღირებულების შესაბამისად). მოსარჩელის მიერ დაზიანებული საგნის საბალანსო ღირებულების სრულად ანაზღაურების მიუხედავად, დაზიანებული ნივთი არ გადაეცა საკუთრებაში და არც მისი ღირებულების პროპორციულად არ შეუმცირდა ასანაზღაურებელი თანხა.

20. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების 2021 წლის 14 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 20 აპრილის N8 ბრძანებით, სააგენტოს განკარგვის მიზნით გადაეცა ,,ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანა, სახ.ნომრით ...., (იხ.ს.ფ. 61).

21. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ, მოპასუხის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშე არსებული ზიანი სრულად აანაზღაურა. მოსარჩელემ გადაიხადა მის მიერ დაზიანებული ავტომანქანის სრული საბალანსო ღირებულება, ხოლო მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსარჩელს არ გადასცა მის მფლობელობაში არსებული დაზიანებული ავტომობილი. სადავო ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შემდგომი რეალისაციის მიზნით გადაცემულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის და ამჟამად ირიცხება ამ უკანასკნელის ბალანსზე.

22. კასატორები განმარტავენ, რომ მოსარჩელისათვის მოძრავი ქონების მიკუთვნების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს და საკასაციო პრეტენზიას აფუძნებენ „სახელმწიფო ქონების“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებზე, კერძოდ, უთითებენ კანონის 29-მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის შესაბამისად, განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია: ა)აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება; ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით პრივატიზება; გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება; დ) განაწილება; ე) განადგურება.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო სსკ-ის მე-8.2 მუხლით, სახელმწიფო ორგანოების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. საქმის გარემობების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის დასკვნით, პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმებით და მართებულად მიიჩნიეს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან სახეზეა დაზიანებული ავტომობილის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა დაზიანებული ავტომობილის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. პროცესის ხარჯები

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ და „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი