ბს-1178-1140(კ-08) 25 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. წ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 10 ივლისს ო. წ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მის სასარგებლოდ სამივლინებო თანხის _ 2496,8 ლარისა და ზიანის _ 6291,6 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა დავალიანების გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის თანხა და 6441,40 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. წ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ო. წ.-ის სასარგებლოდ სამივლინებო თანხის _ 2496,80 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა; ო. წ.-ს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 194 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ო. წ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით ო. წ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ...-ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბალანსზე სამივლინებო თანხა _ 2497 ლარი ასახულ იქნა 2000 წლის საბიუჯეტო კრედიტორულ დავალიანებაში, შესაბამისად _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაერთ ანგარიშგებაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, მოსარჩელის კუთვნილი სამივლინებო თანხა კვლავ ინსტიტუტის ბალანსზე იყო აღრიცხული კრედიტორულ დავალიანებად. მოსარჩელემ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის აპრილში. სამინისტროსათვის მიმართვის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ...-ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გადავიდა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო, მოპასუხისათვის ზიანის სახით, 7 წლის განმავლობაში, გადახდილი თანხის ყოველთვიურად 3%-ის დაკისრების თანობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამივლინებო თანხა 2000 წლიდან 2007 წლამდე, მოპასუხის ბალანსზე არ ირიცხებოდა. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამ პერიოდში, არ გააჩნდა მოსარჩელისათვის თანხის გადახდის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ვალდებულება, ასევე იგი ამ პერიოდში მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ არ გამოდიდრებულა, რაც ზიანის ანაზღაურების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო.
სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2007 წლამდე, სამივლინებო თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ეკისრებოდა, დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამინისტროს უმოქმედობა წარმოადგენდა ზიანის გამომწვევ მიზეზს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და იგი ანგარიშვალდებული იყო საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. შესაბამისად, გარკვეული ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო მისთვის შესაბამისი თანხის გამოყოფაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში 2007 წლამდე არ განხორციელებულა. ამიტომ, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა ძირითადი სამივლინებო თანხა, თუმცა ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს არ წარმოადგენდა, ვინაიდან, არ დასტურდებოდა მისი ბრალეულობა და ზიანის გამომწვევ მიზეზად მისი ქმედების არსებობა, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინება ო. წ.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. წ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 დეკემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. წ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების _ 6441,40 ლარის 5 პროცენტს _ 322,07 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აქედან გამომდინარე, ო. წ.-ს მოცემულ დავასთან დაკავშირებით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა _ 96,621 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. წ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განაჩინება;
ო. წ.-ს დაეკისროს მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 322,07 ლარის 30 პროცენტი _ 96,621 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.