საქმე №ას-630-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.გ. და ტ.კ–ია“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ–ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შემოწმების აქტისა და განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ქ–სა“ და შპს „ს.გ.ტ.კ–იას“ შორის, 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N1/58 ხელშეკრულება, რომელიც მათ შორის მოიცავდა შემდეგს: - გაზსადენის პერიოდული შემოვლა დათვალიერება, გაჟონვებისა და უწესრიგობის აღმოჩენის მიზნით (1.1.1. პუნქტი); - დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში, ავარიებისა და ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციას, მიმდინარე რემონტს, სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე დოკუმენტაციის გაფორმებას დადგენილი წესით (1.1.2. პუნქტი).
2. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, „შემსრულებელი“ უზრუნველყოფდა დამკვეთის ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის სათანადო ექსპლუატაციას. „შემსრულებელი“ არ იყო პასუხისმგებელი გაზის გამანაწილებელი სადგურის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიის დაცვა უნდა უზრუნველეყო „დამკვეთს“.
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 იანვრამდე.
4. შპს „ქ–სა“ და შპს „ს.გ.ტ.კ–იას“ შორის, 2018 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ იგივე შინაარსის N1/50 ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო მხარეთა შორის 2016 წლის 15 დეკემბერს და რომლის შინაარსიც სადავო არ გამხდარა მხარეთა შორის (იგულისხმება 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულება).
5. შპს „ს.გ.ტ.კ–ია“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ერთადერთ ლიცენზიანტს საქართველოს ტერიტორიაზე.
6. 2017 წლის 10 ივლისის N07534 შემოწმების აქტის თანახმად, მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი გაზგამანაწილებელი სადგურის გეგმიური შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევა. კერძოდ, დადგინდა ბუნებრივი გაზის მრიცხველზე მექანიკური ზემოქმედება, რაც განაპირობებდა მრიცხველის არასწორ მუშაობას. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბ/აირის დატაცებას. გამოძახებულ იქნენ გორის შსს-ს თანამშრომლები. მომხმარებელს შეუწყდა ბ/აირის მიწოდება. მრიცხველი მოიხსნა და გაიგზავნა ექსპერტიზაზე.
7. წარმოდგენილი სარჩელით, შპს „ქ–მა“ მოითხოვა 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N1/58 ხელშეკრულების 2.1.2, 2.1.3, 2.4.4 და 2.4.8 პუნქტების ბათილად ცნობა, ასევე, 2017 წლის 10 ივლისის N07534 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა; ამავე აქტის საფუძველზე გაზის შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და ბ/აირის უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
8. ინდივიდუალური აუდიტორის - გ.გ–ის 2018 წლის 30 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ბ/აირის შეწყვეტის შედეგად მოსარჩელის მიმართ მიყენებულმა ზარალმა, მისაღები მოგების ჩათვლით, სულ 92 913.69 ლარი შეადგინა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება მხარეთა შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 2.1.2, 2.1.3, 2.4.4, 2.4.8 პუნქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში შპს „ქ–ის“ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეში სარჩელის მოთხოვნებად დარჩა 2017 წლის 10 ივლისის N07534 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, ამავე აქტის საფუძველზე გაზის შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და ბ/აირის უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
11. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
შპს „ქ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 2016 წლის 15 დეკემბრიდან ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ქ–ს“ შორის მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის N1/58 ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის სავალდებულო მონაწილეობას მოპასუხის მიერ გაზსადენის პერიოდული შემოვლა დათვალიერების პროცესში გაჟონვისა და უწესრიგობის აღმოჩენის მიზნით; 2016 წლის 15 დეკემბრიდან ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ქ–ს“ შორის მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის N1/58 ხელშეკრულების 2.1.3. პუნქტის შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის სავალდებულო მონაწილეობას მოპასუხის მიერ შპს „ქ–ის“ ბალანსზე რიცხული მრიცხველის შემოწმების პროცესში; 2016 წლის 15 დეკემბრიდან ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ქ–ს“ შორის მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის N1/58 ხელშეკრულების 2.4.4. პუნქტის შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის სავალდებულო მონაწილეობას მოპასუხის მიერ შპს „ქ–ის“ ბალანსზე რიცხული მრიცხველის შემოწმების პროცესში; 2016 წლის 15 დეკემბრიდან ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ქ–ს“ შორის მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ 2016 წლის 15 დეკემბრის N1/58 ხელშეკრულების 2.4.8. პუნქტის შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის სავალდებულო მონაწილეობას მოპასუხის მიერ შპს „ქ–ის“ ბალანსზე რიცხული გგს-ში/გგს-თან დღე-ღამის ნებისმიერ დროს მისვლისას; უკანონოდ იქნეს აღიარებული მოპასუხის წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე - გორის მუნიც. სოფ. ...... არსებული გაზგამანაწილებელი სადგურის 2017 წლის 10 ივლისის შემოწმების ფაქტი; უკანონოდ იქნეს აღიარებული მოპასუხის წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე - გორის მუნიც. სოფ. ....... არსებული გაზგამანაწილებელი სადგურის 2017 წლის 10 ივლისის შემოწმების აქტი N07534; უკანონოდ იქნეს აღიარებული მოპასუხის წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე - გორის მუნიც. სოფ. ........ არსებული გაზგამანაწილებელი სადგურისათვის 2017 წლის 10 ივლისს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი; დაევალოს მოპასუხეს უზრუნველყოს მოსარჩელის კუთვნილი, გორის მუნიც. სოფ. ....... მდებარე გაზგამანაწილებელი სადგურისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვადის (5 თვისა და 22 დღე) განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყოს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაზის მიწოდების დღიდან; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 92 913.69 ლარის ოდენობით.
12. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
13. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ქ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ქ–მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, შპს „ქ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
15.2. სასამართლომ მიუთითა შემდეგი: მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი ზემოთ ხსენებული გარემოების კვლევის ფარგლებში, რაიონული სასამართლოს მიერ, სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები. მოწმე თ.თ–ის განმარტების თანახმად, ორი პიროვნება, რომლებიც მათ (მოპასუხის წარმომადგენლებს) გაეცნენ შპს „ქ–ის“ თანამშრომლებად, მათთან შემოწმების შემდეგ მოვიდნენ (29.01.2020 წლის სხდომის ოქმი 17:39-დან); მოწმე გ.გ–ის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენლებმა ჯერ მათი ოპერატორი გამოიძახეს (ქალბატონი, რომელიც ემსახურებოდა ამ ობიექტს), ხოლო შემდეგ ამ ოპერატორმა მოსარჩელის წარმომადგენლები გამოიძახა (იქვე 17:50-დან).
15.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ არ იყო სათანადოდ შეფასებული ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ მსჯელობას და დასკვნებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით (გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი წინააღმდეგობაში მოდიოდა გადაწყვეტილების მე-8 გვერდის ბოლო აბზაცში განვითარებულ მსჯელობასთან). კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 10 ივლისს მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი გაზგამანაწილებელი სადგურის შემოწმება განხორციელდა ისე, რომ მოპასუხეს წინასწარ არ უცნობებია მოსარჩელისათვის და არც აქტის შედგენას არ დასწრებია მოსარჩელის წარმომადგენელი, ხოლო გადაწყვეტილების მე-8 გვერდზე, ბოლო აბზაცში განვითარებული მსჯელობის თანახმად, შემოწმების აქტი შედგენილი იყო მოსარჩელის წარმომადგენლის მონაწილეობით, მიუხედავად აქტზე ხელმოწერის არარსებობისა.
15.4. ზემოაღნიშნული ურთიერთსაპირისპირო მსჯელობებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეზე გაურკვეველი რჩებოდა გარემოება იმის შესახებ, ესწრებოდნენ თუ არა მოსარჩელის წარმომადგენლები შპს „ქ–ის“ კუთვნილი მრიცხველის ლუქის გახსნისა და აქტის შედგენის პროცესს.
15.5. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ შეიცავდა მსჯელობას მტკიცებულებების კვლევისა და სამართლებრივ შეფასებების შესახებ ზიანის ოდენობის დადგენის თვალსაზრისით.
16. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.გ.ტ.კ–იამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. საკასაციო სასამართლოს განჩინება
17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
17.2. საკასაციო პალატის შეფასებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავდა მითითებას ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოც გამართლებული იქნებოდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნა. ამ მიმართებით, საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (მისი წარმომადგენლები გაზგამანაწილებელი სადგურის შემოწმებისას მოქმედებდნენ კანონის მოთხოვნების დაცვით) კვლევის ფარგლებში, რაიონული სასამართლოს მიერ, სხდომაზე უკვე დაიკითხნენ მოწმეები, ხოლო, თუ სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იყო სათანადოდ შეფასებული ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, თავად მიეცა მოწმეთა ჩვენებებისათვის სამართლებრივი შეფასება და გაეზიარებინა ან არ გაეზიარებინა ქვედა ინსტანციის მიერ მოწმეთა ჩვენებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგები.
17.3. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მეორე საფუძველს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას მტკიცებულებების კვლევისა და სამართლებრივ შეფასებების შესახებ ზიანის ოდენობის დადგენის თვალსაზრისით, პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად სარწმუნოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით ზიანის კონკრეტული ოდენობა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არც დასახელებული მითითება წარმოადგენს იმგვარ საფუძველს, რის გამოც, გამართლებული იქნებოდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განამრტებებისა და აუდიტის 2018 წლის 30 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტით დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, შპს „ქ–ს“ მიადგა მატერიალური ზიანი 92913.69 ლარი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ზიანის კონკრეტული ოდენობასთან დაკავშირებით, ხოლო, თუ სააპელაციო პალატას არასაკმარისად მიაჩნდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, ასევე, მათი შეფასება და არ ეთანხმებოდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას ზიანის ოდენობის დადგენის ნაწილში, მას შეეძლო თავად შეეფასებინა, მოსარჩელის მხრიდან თუ რამდენად რელევანტური და ჯეროვანი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი მოპასუხისათვის ზიანის კონკრეტული ოდენობით ანაზღაურების დასაკისრებლად.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ქ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, შპს „ქ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ 2017 წლის 10 ივლისის N07534 შემოწმების აქტი, ხოლო ამავე აქტის საფუძველზე განხორციელებული გაზის შეწყვეტა - უკანონოდ. შპს „ს.გ.ტ.კ–იის „შპს „ქ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 37 488.00 ლარის ოდენობით.
18.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, მოპასუხის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენდა დაესაბუთებინა, რომ გაზგამანაწილებელი სადგურის შემოწმებისას მოქმედებდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანების მე-10 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, აქტი შედგა მოსარჩელის წარმომადგენლის თანდასწრებით. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს შემოწმების პროცესში მოსარჩელის წარმომადგენლების მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მტკიცება გაზგამანაწილებელი სადგურის ისეთი შემოწმების შესახებ, რა დროსაც წინასწარ მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისთვის და არც აქტის შედგენას დასწრებია. აქედან გამომდინარე, დაადგინა, რომ კანონდარღვევით ჩატარდა აღნიშნული პროცედურები, რაც წარმოშობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველსაც.
18.3. რაც შეეხება ზიანის ოდენობის განსაზღვრას, სააპელაციო პალატამ მიუთითა ინდივიდუალური აუდიტორის 2018 წლის 30 აგვისტოს დასკვნაზე და საბოლოოდ მიიჩნია, რომ ის უნდა განსაზღვრულიყო 37 499 ლარით.
19. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
19.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, არასწორად განმარტა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანების მე-10 მუხლის მესამე პუნქტი. ასევე, უსაფუძვლოა ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობაც, რადგან მოპასუხე არ არის ბრალეული დამდგარ ზიანში.
19.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ფქტობრივი გარემოებები, როდესაც მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ შემოწმებასა და აქტის შედგენის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა ორივე მხარის წარმომადგენელი, მაგრამ შპს „ქ–ის“ წარმომადგენლებმა მას შემდეგ თქვეს უარი პროცესში მონაწილეობაზე, როდესაც დაფიქსირდა შპს „ქ–ის“ კუთვნილ მრიცხველზე მექანიკური ზემოქმედების ფაქტი.
19.4. ასევე, შემოწმების ადგილზე გამოცხადებული იყვნენ შპს „ქ–ის“ უფლებამოსილი თანამშრომლები, რადგან როგორც მოწმე გ.გ–მა თავის ჩვენებაში აღნიშნა, მოპასუხის თანამშრომლებს არ ჰქონიათ არანაირი საფუძველი გამოცხადებული პირების უფლებამოსილებაში შეეტანათ ეჭვი, რადგან ისინი გამოძახებულები იყვნენ „გგს“-ის ოპერატორის მიერ, რამდენადაც ისინი იყვნენ მოსარჩელის მხრიდან საკონტაქტო პირები, რომლებთანაც სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხის ოპერატორებს მანამდეც. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ მიმდინარე შემოწმების შესახებ დაუკავშირდნენ მოსარჩელის დირექტორს და აცნობეს მიმდინარე შემოწმების შესახებ, რის შემდეგაც თავად დირექტორიც გამოცხადდა. ამ კუთხით ასევე სწორად მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო, როდესაც აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონი არ უთითებს თუ ვინ ითვლება მხარის წარმომადგენლად.
19.5. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შედგენილ შემოწმების აქტზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა, ამ კუთხითაც პირველმა ინსტანციამ სწორად მიუთითა, რომ აქტის შედგენას ფიზიკურად ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი და აქტს ხელმოწერის არარსებობა არ გამორიცხავს იმას, რომ მოსარჩელის თანდასწრებით არ მომხდარა შემოწმება.
19.6. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მართალია მოსარჩელე დაესწრო შემოწმების პროცესს, მაგრამ თუნდაც არ დასწრებოდა, სავალდებულო მაინც არ იყო „გგს“-ის მესაკუთრის დასწრება, რადგან ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია შეუფერხებლად შევიდეს ტერიტორიაზე და განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რასაც საჭიროდ ჩათვლის. ამავდროულად, არც ერთი საკანონმდებლო რეგულირება არ ითვალისწინებს შემოწმების დროს „გგს“-ის მესაკუთრის დასწრების საჭიროებას, რაც დასტურდება სპეციალური კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტითაც, რომლის თანახმად, „ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენისთანავე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი (შესაბამისი მხარის თანდასწრებით) და აცნობოს ურთიერთობის მონაწილე მხარეებს აღნიშნული ფაქტის შესახებ“. შესაბამისად, შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს მონაწილე მხარის დასწრების გარეშე და მხოლოდ შემდეგ ეცნობოს მას ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შესახებ. სწორედ აღნიშნული ნორმა განიმარტა სააპელაციო პალატის მიერ არასწორად.
19.7. ასევე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცეზიანტი უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზის მომარაგება პირდაპირ მომხმარებელს, ამიტომ მოსარჩელისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა არ წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაც გამორიცხავს დელიქტური სამართლით ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობას.
19.8. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, კასატორის მოსაზრებით მხოლოდ ინდივიდუალური აუდიტორის, გ.გ–ის 201 წლის 30 აგვისტოს დასკვნა არ არის საკმარისი ზიანის ანაზღაურების დასადგენად. ამიტომ, ზიანის ოდენობაც დაუსაბუთებელია.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით, აღნიშნული საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული. ხოლო, 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ. №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022).
24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის კვლევის საგანია სააპელაციო სასამართლომ რამდენად მართლზომიერად ცნო მოპასუხე ბრალეულად და ამავე საფუძვლით რამდენად კანონიერად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. სწორედ ბრალეულობის დადგენის ნაწილში საკასაციო პალატას მოუწევს პირველ რიგში იმსჯელოს რამდენად ჰქონდა მოპასუხეს ვალდებულება სპეციალური შემოწმებისა და აქტის შედგენის დროს გამოეძახებინა მოსარჩელე შემთხვევის ადგილზე, ასევე, თუ კი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მოსარჩელე, თუმცა უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, ითვლება თუ არა სპეციალური მოწესრიგება მაინც დარღვეულად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო აღნიშნულ კითხვებზე მსჯელობით დაედგინა მოპასუხის ბრალეულობის საკითხი, რაც წარმოადგენს კიდეც საკასაციო საჩივრის მთავარ შედავებას.
25. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავდროულად, სსკ-ის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
26. საკასაციო პალატა, მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სპეციალურ, რეგულირებულ საქმიანობას გულისხმობს, შესაბამისად, 992-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების შემადგენლობის დადგენისთვის აუცილებელია მოპასუხის მოქმედება შედარდეს სპეციალურ მოწესრიგებას, რადგან სადავო საქმიანობა რეგულირებულია ნორმატიულად. ამ კონტექსტში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 („ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზის მომარაგება პირდაპირ მომხმარებელს ან განაწილების ლიცენზიატს“) და მე-3 („ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენისთანავე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი (შესაბამისი მხარის თანდასწრებით) და აცნობოს ურთიერთობის მონაწილე მხარეებს აღნიშნული ფაქტის შესახებ“) პუნქტებს.
27. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის დასაბუთებით, არ დადასტურდა აქტის კანონიერად შედგენის ფაქტი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს შემოწმების პროცესში მოსარჩელის წარმომადგენლების მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მტკიცება გაზგამანაწილებელი სადგურის ისეთი შემოწმების შესახებ, რომლის თანახმად, წინასწარ მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისთვის და არც აქტის შედგენას დასწრებია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონდარღვევით ჩატარდა აღნიშნული პროცედურები, რაც წარმოშობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველსაც.
28. ზემოაღნიშნულ დასაბუთებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სწორედ სპეციალური კანონის დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე. კერძოდ, მართალია, საქმეზე არ დასტურდება შედგენილ აქტზე მოსარჩელეების ხელმოწერა, მაგრამ სანაცვლოდ დადასტურდა (მოწმის ჩვენებით), რომ შემთხვევის ადგილას ნამდვილად იყვნენ მოსარჩელის წარმომადგენლები. სპეციალური კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი კი არ ავალდებულებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცეზიანტს აქტის შედგენისას ხელი მოაწერინოს შესაბამის მხარეს, არამედ კანონის თანახმად, „შესაბამისი მხარის თანდასწრებით“ აქტის შედგენა საკმარისია იმისთვის, რომ აქტი ნამდვილად და კანონიერად შედგენილად ჩაითვალოს.
29. მოცემულ საქმეზე, მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ აქტის შედგენის დროისთვის ორივე მხარე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი თქვა ხელმოწერაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, აქტზე ხელმოწერა არ წარმოდგენს სპეციალური რეგულირების აუცილებლობას. კანონი სავალდებულო სახეს მხოლოდ თანადასწრებას აძლევს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა არა ხელმოწერის აუცილებლობაზე, არამედ იმაზე, რამდენად იყო საკმარისი მოსარჩელეთა წარმომადგენლების ადგილზე ყოფნა - რაც, როგორც აღინიშნა, დადასტურებულია.
30. საქმეში თავად წარმომადგენლების უფლებამოსილების ნაწილშიც არის შედავება, კერძოდ, დასადგენი იყო რამდენად იყვნენ ადგილზე მყოფი პირები მოსარჩელის უფლებამოსილი პირები. ამ კუთხით საკასაციო პალატა იზიარებს კასატორისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე კომუნიკაცია განხორციელდა „გგს“-ის ოპერატორებისადმი მიმართვით, რომლებიც მოსარჩელის მხრიდან საკონტაქტო პირები არიან. აღნიშნულ პირებთან ჩვეული სამსახურეობრივი ურთიერთობა მოპასუხეს ჰქონდა მანამდეც. ამავდროულად, მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ მიმდინარე შემოწმების შესახებ დაკავშირება მოხდა მოსარჩელის დირექტორთანაც, რის შემდეგაც თავად დირექტორიც გამოცხადდა ადგილზე. შესაბამისად, ცალსახაა, რომ საკანონმდებლო რეგულირება მხარის თანდასწრების შესახებ დაცულია, რადგან ადგილზე მოსარჩელის დირექტორის გამოცხადება სწორედ ადასტურებს მხარის წარმომადგენლის ადგილზე თანადასწრების ვალდებულებას. ამ კუთხით საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას სადგურის შემოწმებისას მის არ დასწრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა, შემოწმებისას ადგილზე იმყოფებოდნენ მოსარჩელის კუთვნილი გაზგამანაწილებელი სადგურის თანამშრომლები, რომლებიც იცნობდნენ საქმიანობის სპეციფიკას და მათ რეგულარული კავშირი ჰქონდათ მოპასუხის ოპერატორთან. ამდენად, თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებოდნენ გაზგამანაწილებელ სადგურზე, სასამართლო მათაც მიიჩნევს უფლებამოსილ პირებად.
31. საბოლოოდ, საკასაციო პალატა განსაზღვრავს, რომ მოპასუხე მხარეს არ დაურღვევია სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაბამისად, გამოირიცხება სსკ-ის 408-ე, 411-ე, 992-ე მუხლების საფუძვლით მისი ბრალეულად ცნობის საფუძველიც. აქედან გამომდინარე, რადგან დადგინდა, რომ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი მოპასუხის მიმართ არ არსებობს, საკასაციო პალატა არაუფლებამოსილი ხდება იმსჯელოს თავად ზიანის ოდენობის მიმართულებით.
32. ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ს.გ. და ტ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით:
3. შპს „ქ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:
4. შპს „ქ–ს“ შპს „ს.გ. და ტ.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ჯამურად გადახდილი ბაჟის - 6520,9 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი