16 თებერვალი, 2026 წელი,
საქმე №ას-787-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ბ.№? პ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 1 სექტემბრიდან თ.თ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) შპს ბ.№? პ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან დამსაქმებელი) მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე მუშაობდა.
2. დასაქმებულის ყოველთვიური ფიქსირებული შრომითი ანაზღაურება 500 ლარს შეადგენდა.
3. მოპასუხის 2021 წლის 4 იანვრის ბრძანებით, შრომით ანაზღაურებასთან მიმართებით საწარმოს მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზის მხედველობაში მიღებიდან გამომდინარე დაწესებულების სპეციალისტებს, კერძოდ, ექიმ-დერმატოლოგებსა (მ.უ–ვა, ნ.ბ–ნიძე) და ექიმ-გინეკოლოგს (მოსარჩელე), ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება 2021 წლის 3 იანვრიდან მოეხსნათ და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და შიდა სტანდარტის ფარგლებში გამომუშავებული ოდენობის მიხედვით მათ მხოლოდ წინარე შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი შრომითი ანაზღაურება განესაზღვრათ.
4. დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის მოკვლევის მასალებში მითითებულია, რომ დამსაქმებელს უფლება არ ჰქონდა ცალმხრივად, ყოველგვარი შეთანხმებისა და კონსულტაციის გარეშე, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობა შეეცვალა და დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება გაეუქმებინა.
5. 2022 წლის 22 ნოემბერს, მოსარჩელის მიმართ დამსაქმებელმა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ბრძანება მიიღო, რომლის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიამ ნოემბრის მეორე ნახევარში მოპასუხე კლინიკაში პაციენტ თ.ნ–თვის გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად გამოავლინა, რომ დასაქმებული არასრულყოფილად (ხარვეზებით) აწარმოებოდა „ამბულატორიული პაციენტის ვიზიტებისა და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალს", კერძოდ, იგი არ იყო ზონარგაყრილი, დანომრილი და დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული, რაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მხრიდან კანონით განსაზღვრული მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებდა.
ზემოაღნიშნული დარღვევისთვის მოსარჩელეს საყვედური გამოეცხადა, რაც მის პირად საქმეში შეიტანეს.
6. მიუხედავად სახელფასო ანაზღაურების გაუქმებისა მოსარჩელე იმავე მოცულობის სამუშაოს ასრულებს, მის სამუშაო მოვალეობებში არაფერი არ შეცვლილა.
7. დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა:
7.1. სრულად გადახდევინებამდე 2021 წლის 3 იანვრიდან დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაკისრებოდა 500 ლარის ოდენობით (დაქვითვის გარეშე) ხელზე ასაღები ხელფასის, ასევე, ხელფასის გაცემის დაყოვნებისთვის ყოველდღიურად 0.07%-ის - დღეში 0.35 ლარის (ხელზე ასაღები, დაქვითვის გარეშე) გადახდა და მისი დარიცხვა ხელფასის სრულად გადახდევინებამდე გაგრძელებულიყო;
7.2. ბათილად ცნობილიყო დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ მოპასუხის 2022 წლის 22 ნოემბრის ბრძანება.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სრულად გადახდევინებამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს, 2021 წლის 3 იანვრიდან დაქვითვის გარეშე 500 ლარის ოდენობით ხელზე ასაღები ხელფასის გადახდა დაეკისრა; სრულად გადახდევინებამდე, ხელფასის გაცემის დაყოვნებისთვის, დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა, ყოველდღიურად 0.07%-ის - დღეში 0.35 ლარის (ხელზე ასაღები, დაქვითვის გარეშე) ანაზღაურება; მოსარჩელისთვის 3 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა; დანარჩენ ნაწილში დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დამსაქმებლის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შრომითი ანაზღაურების გაუქმება საწარმოს მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზით (რომლითაც საწარმოს საფინანსო მდგომარეობის გაუარესება დგინდებოდა) იყო გამოწვეული, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს საქმეზე არ წარუდგენია.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ დამსაქმებელს შემოსავლები შეუმცირდა, რამაც ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ხელფასის გაუქმება გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზეც მიაქცია, რომ მიუხედავად სახელფასო ანაზღაურების გაუქმებისა, მოსარჩელე იმავე მოცულობის სამუშაოს ასრულებდა, რასაც ხელფასის გაუქმებამდე ასრულებდა, მის სამუშაო მოვალეობებში არაფერი არ შეცვლილა (ეს ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია).
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 11.1 პუნქტზეც მიუთითა, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით იყო შესაძლებელი, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელ განუყოფელ ნაწილს შეადგენდა და ძალაში მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ შევიდოდა. ასეთი წერილობითი შეთანხმება კი, საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ უსაფუძვლოდ დაკავებული ხელფასისა და მისი დაყოვნებისთვის ყოველდღიურად პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო.
10.2. რაც შეეხებოდა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, აღნიშნულ ბრძანებას დასაქმებულის მიერ „ამბულატორიული პაციენტის ვიზიტებისა და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალის" არასრულყოფილად წარმოება დაედო საფუძვლად, კერძოდ, იგი არ იყო ზონარგაყრილი, დანომრილი და დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული, რაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მხრიდან კანონით განსაზღვრული მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებდა.
ზემომითითებული საკითხის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანების 1-ლი, მე-2, მე-15 პუნქტებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
ვინაიდან საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით გაცნობილი იყო მის უფლება-მოვალეობებს, მისთვის ცნობილი იყო მითითებული ბრძანების შინაარსი და კანონის მოთხოვნა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანებისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
10.3. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელით დასაქმებული 2021 წლის 3 იანვრიდან ხელფასის სრულად გადახდევინებამდე პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას მოითხოვდა და წინამდებარე სარჩელი 2022 წლის 28 ოქტომბერს აღიძრა, ხოლო დაზუსტებული სარჩელი 2022 წლის 21 დეკემბერს იქნა წარდგენილი, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად არ მიიჩნია.
გარდა ამისა, 2022 წლის 21 დეკემბრის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ 2022 წლის 22 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რაც მან კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში გაასაჩივრა. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მოპასუხის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობა გამოირიცხებოდა.
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- 2019 წლის 3 იანვრიდან, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ ექიმებს, მათ შორის, მოსარჩელეს, გამომუშავებითი ანაზღაურების პარალელურად ფიქსირებული ხელფასის სახით დამატებით 500-500 ლარი დაენიშნათ. ასეთი მოცემულობა მანამდე გრძელდებოდა, ვიდრე საყოველთაოდ აღიარებული კოვიდ-პანდემიის გამო მოპასუხე დაწესებულებაში კრიზისული მდგომარეობა არ შეიქმნებოდა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
15. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დასაქმებულის მოთხოვნა. მისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც გადაწყვეტილების ამ ნაწილზე საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს (სსსკ-ის 264.2 მუხლი).
16. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გაანალიზების პროცესში სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სათანადო არგუმენტები წარმოადგინა და მართებულად მიიჩნია, რომ უსაფუძვლოდ დაკავებული ხელფასისა და მისი დაყოვნებისთვის ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი წარუმატებელი იყო.
დასახელებული დასკვნის საფუძველს ქმნის შემდეგი გარემოებები:
16.1. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. იხ. სუსგ: საქმე №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 07.10.2015).
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სახელფასო ანაზღაურება დაუსაბუთებლად გაუუქმეს, საკასაციო პალატის ზემომოხმობილი პრაქტიკიდან გამომდინარე დადგენილი მტკიცების ტვირთს განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით მას დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის ხელფასის მართლზომიერად შემცირების მტკიცების ვალდებულებას.
სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
16.2. მოცემულ შემთხვევაში, შესაბამის მტკიცებულებაზე (მტკიცებულებებზე) დაყრდნობით დამსაქმებელმა სასამართლოს ვერ დაუდასტურა, რომ საწარმოს ფინანსური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, შემოსავლები მკვეთრად შეუმცირდა, რამაც შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ფიქსირებული ხელფასის სრული მოცულობით გაუქმება გამოიწვია.
16.3. საქმის მასალებით დადგენილია და არც მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ მიუხედავად სახელფასო ანაზღაურების გაუქმებისა, მოსარჩელე იმავე მოცულობის სამუშაოს ასრულებდა, რასაც ხელფასის გაუქმებამდე ასრულებდა და მის სამუშაო მოვალეობებში არაფერი არ შეცვლილა.
ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით უსაფუძვლოდ დაკავებული ხელფასისა და მისი დაყოვნებისთვის ყოველდღიურად პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სარჩელის წარმატებულობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სრულადაა გასაზიარებელი.
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ბ.№? პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ბ.№? პ–ას“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 919.16 ლარის (საგადასახადო დავალება # 1754902141, გადახდის თარიღი - 8.11.2025) 70% - 643.41 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია