Facebook Twitter

16 თებერვალი, 2026 წელი,

საქმე №ას-787-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ქ.ბ.№? პ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.თ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ქ.ბ.№? პ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, განმცხადებელი, დამსაქმებელი) წინააღმდეგ თ.თ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა:

1.1. სრულად გადახდევინებამდე 2021 წლის 3 იანვრიდან დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაკისრებოდა 500 ლარის ოდენობით (დაქვითვის გარეშე) ხელზე ასაღები ხელფასის, ასევე, ხელფასის გაცემის დაყოვნებისთვის ყოველდღიურად 0.07%-ის - დღეში 0.35 ლარის (ხელზე ასაღები, დაქვითვის გარეშე) გადახდა;

1.2. ბათილად ცნობილიყო დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ მოპასუხის 2022 წლის 22 ნოემბრის ბრძანება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით:

4.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

4.3. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4.4. სრულად გადახდევინებამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს, 2021 წლის 3 იანვრიდან დაქვითვის გარეშე 500 ლარის ოდენობით ხელზე ასაღები ხელფასის გადახდა დაეკისრა;

4.5. სრულად გადახდევინებამდე, ხელფასის გაცემის დაყოვნებისთვის, დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა, ყოველდღიურად 0.07%-ის - დღეში 0.35 ლარის (ხელზე ასაღები, დაქვითვის გარეშე) ანაზღაურება;

4.6. მოსარჩელისთვის 3 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა; 4.7. დანარჩენ ნაწილში დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დამსაქმებელმა, რომელმაც ამავე სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების მე-4 და მე-6 პუნქტების განმარტება ითხოვა, რაც იმით დაასაბუთა, რომ შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელეს 2019 წლის 3 იანვრიდან-2021 წლის 3 იანვრამდე სახელფასო ანაზღაურება 500 ლარით ჰქონდა განსაზღვრული. ხსენებული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის 20%-ისა და დაგროვებითი პენსიის 2%-ის ოდენობით თანხა იქვითებოდა, რის შესაბამისადაც დასაქმებულისთვის ხელზე გასაცემი თანხა ყოველთვიურად 392 ლარს შეადგენდა. სახელფასო უწყისებისა და წლიური საბალანსო მონაცემების გარდა აღნიშნული გარემოება საგადასახადო ორგანოში საწარმოს ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციებითაც დგინდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი შემდეგი საკითხის განმარტებას ითხოვდა: დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნისთვის 3 თვის სახელფასო ანაზღაურება მოსარჩელეზე როგორ უნდა გაცემულიყო, მას უნდა გადასცემოდა ხელზე ასაღები 1 176 (3 X 392) ლარი თუ 1 500 (3 X 500) ლარი უნდა მიკუთვნებოდა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

7. ზემომითითებული განჩინება განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

9. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას.

ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი ხასიათი, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა.

საგულისხმოა ისიც, რომ, დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს და გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1762-2018, 27.02.2019).

10. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების განსამარტი მე-4 და მე-6 პუნქტების შინაარსი შემდეგია:

„შპს „ქ. ბ.№? პ–ას“, დაეკიროს, თ.თ–ძის სასარგებლოდ, 2021 წლის 3 იანვრიდან ხელფასის - 500 ლარის გადახდა, ხელზე ასაღები დაქვითვის გარეშე, ხელფასის სრულად გადახდევინებამდე“;

„მიღებული გადაწყვეტილება - თ.თ–ძისათვის 3 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში - მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“;

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში რაიმე გაუგებარ და ორაზროვან დებულებაზე ვერ მიუთითა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა, გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილული საქმის სამართლებრივ შედეგთან მიმართებით.

ამდენად, განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე. უფრო მეტიც, დასაქმებულის სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში და არც საკასაციო საჩივარში განმცხადებელი არ უარყოფდა, რომ დასაქმებულს ყოველთვიურად ხელფასის სახით 500 ლარი ერიცხებოდა.

12. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსამარტი გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანი არაა, ასევე არაა გამოკვეთილი განსამარტი გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შემშლელი გარემოებანი და წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ქ.ბ.№? პ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია