Facebook Twitter

13 თებერვლი, 2026 წელი,

საქმე №ას-1089-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.ფ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.წ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 5 ნოემბერს გ.ფ–ას (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი), ნ.კ–ძესა (შემდეგში - კრედიტორი) და გ.წ–ს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი დაიდო, რომლითაც კრედიტორმა კუთვნილი 396კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შ–ა-ნაგებობით (მდებარე: ქ.თბილისი, .........., ს.კ. N..........) მოპასუხისთვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა. იგივე მემორანდუმის ფარგლებში მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, რომ გამოსყიდვის უფლებით (2018 წლის მარტის ბოლომდე) ნასყიდობის საფასურის სანაცვლოდ კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაეცა მისი კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ............, ს.კ: ........... გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში კრედიტორი და მოსარჩელე შეთანხმდნენ, რომ ხსენებული ხელშეკრულების მიმართ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების ნორმები გამოიყენებოდა, რომლის შესაბამისად, კრედიტორს აეკრძალა ზემოაღნიშნული ნივთის გასხვისება, გაცვლა, იპოთეკით დატვირთვა, გაქირავება, იჯარით გაცემა, სხვა რაიმე სახით მესამე პირზე გადაცემა. ამავდროულად, მოსარჩელეს უფლება მიეცა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (2018 წლის მარტის ბოლომდე), შეუზღუდავად, საფასურის გარეშე ეცხოვრა გასხვისებულ ქონებაში.

2. შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღეში მოსარჩელემ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე: ქ.თბილისი, .........., ს.კ...........) იპოთეკისგან განთავისუფლების ვალდებულება იკისრა (იპოთეკარი - შპს „მ.ო.ფ–ი“). თავის მხრივ, მოპასუხემ იპოთეკარის წინაშე მოსარჩელის ვალდებულების შესრულების მოვალეობა იტვირთა, კერძოდ, შპს „მ.ო.ფ–ისგან“ მოსარჩელის მიერ აღებული სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი მოპასუხეს უნდა დაეფარა. მემორანდუმის ამავე პუნქტით მოპასუხემ განაცხადა, რომ სს „თ.ბ–გან“ კრედიტი ჰქონდა აღებული, რომლის ნაწილსაც ზემოაღნიშნული პირობის შესასრულებლად გამოიყენებდა (მე-8 პუნქტი).

3. შეთანხმების მე-9 პუნქტით მოპასუხემ პასუხისმგებლობა იკისრა, რომ დააფუძნებდა ბინათმშენებლობის ამხანაგობას, რომელსაც დაარეგისტრირებდა მისამართზე: ქ.თბილისი, ........, ს/კ.N.........). მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალ აშენებულ კორპუსში პირველ სართულზე კრედიტორს ორი საცხოვრებელი ფართი (საერთო ფართობი175-180 კვ.მ) და ორი დამოუკიდებელი ავტოსადგომი („0“ სართულზე) უნდა გადასცემოდა.

4. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ 15 დღის ვადაში მოპასუხესა და კრედიტორს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ და სანოტარო წესით უნდა დაემოწმებინათ. მემორანდუმზე ხელმოწერის დღიდან 30 სამუშაო დღეში მოპასუხეს უნდა დაეფუძნებინა ბინათმშენებლობის ამხანაგობა (გაეფორმებინა წერილობითი ხელშეკრულება და დაემოწმებინა სანოტარო წესით).

5. 2016 წლის 7 ნოემბერს, ზემოაღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე მოსარჩელესა (გამყიდველი) და კრედიტორს (მყიდველი) შორის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მესაკუთრისთვის უკან მიყიდვის პირობით კრედიტორმა შეიძინა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ......... (ს/კ. ..........).

6. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი 110 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით შეფასდა, რომელსაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე მყიდველი გამყიდველს ნატურით გადაუხდიდა, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (396.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შ–ა ნაგებობით, მისამართზე: ქ.თბილისი, ............ N21, ს/კ. N..........), გადაცემით, ხოლო, ნასყიდობის ფასი გამყიდველს ამავე ფორმით უნდა მიეღო.

ხელშეკრულების მე-6 პუნქტით, გამოსყიდვის პირობად განისაზღვრა, 2018 წლის მარტის ბოლომდე პერიოდში მოსარჩელის (გამყიდველი) მიერ გაცხადებული ნება-სურვილის შესაბამისად, კრედიტორის მიმართ ნასყიდობის ფასის ნატურით გადახდა და ნასყიდობის ზემოაღნიშნული საგნის იგივე ღირებულებით უპირობოდ უკან მიყიდვა. მოსარჩელის გამოსყიდვის უფლება შესრულებულად ჩაეთვლებოდა, თუკი ხელშეკრულების ვადაში იგი ნატურით გადაიხდიდა და კრედიტორს საკუთრებაში გადასცემდა უძრავ ქონებას მდებარეს: ქ.თბილისი, .......... ახალ აშენებულ კორპუსში, პირველ სართულზე, რომლის საერთო ფართობი 175-180კვ.მ იქნებოდა, „0“ სართულზე ორი დამოუკიდებელი ავტოსადგომით.

ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ვადის გასვლა და მოსარჩელის მიერ გაცხადებული პირობის შეუსრულებლობა, მყიდველს (კრედიტორი) ერთპიროვნული მესაკუთრის სტატუსს მიანიჭებდა. ამავდროულად, 2018 წლის მარტის შემდეგ არ იყო საჭირო გამყიდველის მიერ რაიმე დამატებითი ნებართვის ან განცხადების მიღება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან მისი ვადის ამოწურვამდე მოსარჩელე ქირის საფასურის გარეშე და შეუზღუდავად იცხოვრებდა იგივე მისამართზე, ქ.თბილისში, .......... (პუნქტი 14).

7. 2017 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ, მოპასუხემ, ლ.ნ–მა, ნ.ჯ–ძემ და მ.კ–ამ დააფუძნეს ინდმენაშენეთა ამხანაგობა „. ......... ქუჩა N21“, რომლის მიზანი იყო, დაფუძნების აქტით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად ემოქმედათ შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ........... ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა მოსარჩელე, ამხანაგობის საფინანსო საქმიანობას ხელმძღვანელობდა ამხანაგობის ხაზინადარი. ამხანაგობის ხაზინადარად დაინიშნა მოპასუხე.

8. ამხანაგობაში შენატანის სახით მოპასუხემ (მიწის მესაკუთრე წევრი) შეიტანა მიწის ნაკვეთი, მდებარე, ქ.თბილისში, .......... ქ.N21-ში, ფართობი - 396კვ.მ.

9. ამხანაგობა „......... ქუჩა N21“-ის წევრთა გადაწყვეტილებით, რომელშიც სრულად არის ასახული თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის ბრძანებით შეთანხმებული სარეგისტრაციო ფართი, უძრავი ქონება განაწილდა წევრებს შორის, მათ შორის მოპასუხეზე განაწილდა, მეშვიდე სართულზე მდებარე, ბინა N8, საერთო ფართით 127.40კვ.მ.

მოსარჩელეზე განაწილდა შემდეგი უძრავი ქონება:

1) +2.65 ნიშნული, სართული ორი, დამხმარე ფართი 19.1კვ.მ;

2) +5.60 ნიშნული, სართული სამი, ბინა N2, საერთო ფართი 100.75 კვ.მ;

3) +5.85 ნიშნული, სართული ოთხი, ბინა N4, საერთო ფართი 51.2 კვ.მ;

4) +12.10 ნიშნული, სართული ხუთი, ბინა N5, საერთო ფართი 113.80 კვ.მ;

5) +12.10 ნიშნული, სართული ხუთი, ბინა N6, საერთო ფართი 69.50 კვ.მ;

6) ავტოსადგომები მდებარე +0.00 ნიშნულზე:

7) ავტოსადგომი N1, ფართით 11.50 კვ.მ;

8) ავტოსადგომი N3, ფართით 11.30 კვ.მ;

9) ავტოსადგომი N4 ფართით 11.30 კვ.მ;

10) ავტოსადგომი N5 ფართით 11.30 კვ.მ;

11) ავტოსადგომები მდებარე +0.00 ნიშნულზე;

12) ავტოსადგომი N6 ფართი 17.30 კვ.მ.;

13) ავტოსადგომი N7, ფართი 19.50 კვ.მ.;

14) ავტოსადგომი N8, ფართი 19.40 კვ.მ.;

15) ავტოსადგომი N9, ფართი 13.60 კვ.მ.;

16) ავტოსადგომი N10 ფართი 23კვ.მ.;

17) ავტოსადგომი N11 ფართი 6.10კვ.მ.

10. მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა 2016 წლის 7 ნოემბრის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლით მოსარჩელის მიერ გაცხადებული პირობის შეუსრულებლობის გამო მყიდველს (კრედიტორი) უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, ..........) ერთპიროვნული მესაკუთრის სტატუსი მიენიჭა .

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისი, .......... (ს/კ ...........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორს გადაეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

12. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ 2023 წლის 14 სექტემბერს განხორციელდა აღსრულების იძულებითი ღონისძიება და მოსარჩელე გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში, .......... მდებარე N38 საცხოვრებელი ბინიდან.

13. მოსარჩელისა და მოპასუხის წინააღმდეგ კრედიტორმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მათთვის სოლიდარულად 177 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

14. კრედიტორის განცხადების დაკმაყოფილების შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული 14 ერთეული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

2018 წლის 4 ივნისის განჩინებით ზემოხსენებულ განჩინებაზე მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის გადაგზავნის შესახებ განჩინება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის კუთვნილი 10 ერთეული უძრავი ქონების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინება გაუქმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს 177 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო მოსარჩელის მიმართ კრედიტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (2018 წლის 18 აპრილის განჩინება).

დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ - ი.რ–მა სს ,,ხ.ბ.ს–გან“ 2018 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 65 000 აშშ დოლარი მიიღეს, ხოლო 2018 წლის 27 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ორივე მსესხებელმა 15 000 ლარი მიიღო.

2018 წლის 31 მაისს მოსარჩელემ სს ,,თ.ბ–გან“ მიიღო 50 000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი.

15. მცხეთაში, სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონება (,,კ–ი“, ს/კ. N.........) 2018 წლის 30 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მარიამ კოპალიანზე გაასხვისა, რის შემდეგაც უძრავი ნივთის მესაკუთრედ ეს უკანასკნელი აღირიცხა.

16. 2016 წლის 14 აპრილის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ,,გ–ში“ კუთვნილი წილი მხარემ გაასხვისა გ.ლ–ზე.

17. შპს ,,შ–ა’’ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომლის 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი და დირექტორია - მოპასუხე.

18. საკრედიტო მომსახურებაზე გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 27 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით შპს „შ–ამ“ სს ,,ვ.ბ.ჯ–გან“ მიიღო კრედიტი, რომლის უზრუნველსაყოფად სხვა ქონებებთან ერთად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, .......... ქ.N21-ში მდებარე შემდეგი უძრავი ნივთები:

- ავტოსადგომი N8 (მშენებარე) ნიშნული +0.00 19.40კვ.მ. ს/კ ........

- ფართი (მშენებარე) სართული 3, ბინა N2, 100.75კვ.მ. ს/კ ..........;

- ავტოსადგომი N7 (მშენებარე) ნიშნული +0.00 19.40კვ.მ. ს/კ ...........;

- დამხმარე ფართი (მშენებარე) ნიშნული+2.65 19.10 კვ.მ. ს/კ ...........;

- ფართი (მშენებარე) სართული 5, ბინა N5 113.80 კვ.მ. ს/კ ...........

19. საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილებით: სს ,,ვ.ბ.ჯ–ს“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა; სს „ვ.ბ.ჯ–ს“ სასარგებლოდ შპს ,,შ–ას“ და მოპასუხეს სს ,,ვ.ბ.ჯ–ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 185 709.82 აშშ დოლარის გადახდა. მათვე სოლიდარულად დაეკისრათ 18 537.06 ლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლებისათვის გაწეული 198 ლარის ოდენობით ხარჯის გადახდა.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დადგინდა მოსარჩელის, მოპასუხის, მ.კ–ასა და მ.წ–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების აუქციონზე რეალიზაცია.

სხვა ქონებებთან ერთად ამ გადაწყვეტილებით სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ნივთები:

- ქ.თბილისი, .......... ქუჩა N21, სართული 3, ბინა N2, ს/კ .........;

- ქ.თბილისი, .......... ქუჩა N21, სართული 5, ბინა N5, ს/კ .........;

- ქ.თბილისი, .......... ქუჩა N21, ავტოსადგომი N8, ს/კ ...........;

- ქ.თბილისი, .......... ქუჩა N21, ავტოსადგომი N7, ს/კ ............;

- ქ.თბილისი, .......... ქუჩა N21, დამხმარე ფართი, ს/კ .............;

20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ნ.კ–ძის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, .......... მდებარე ს/კ. N..........რეგისტრირებული 151.18კვ.მ საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 2016 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობით 332 900 ლარს (1 აშშ დოლარი - 2.4091 ლარი) შეადგენდა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით, ქ.თბილისში, .......... ქ.N21-ში N............, საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2016 წლის 24 ივნისს ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი სახლის კორექტირებული პროექტის მიხედვით, საპროექტო შ–ის მეორე დონეზე (+2.70) არსებული ავტოსადგომის შესასვლელი (,,ბ“ და ,,გ“ ღერძებს შორის 1 ღერძის გადაკვეთაზე) არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმების წესების მოთხოვნებს და ხსენებული საპროექტო შ–ის მეორე დონეზე (+2.70) არსებულ ავტოსადგომზე მოხვედრა ავტომობილით, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში შეუძლებელია.

21. ქ.თბილისში, ......... N21-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი მოცემული ეტაპზე ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

22. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ მოპასუხეთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის დასასაბუთებლადაც მიუთითა შემდეგზე:

22.1. მოპასუხის მხრიდან მესამე პირთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მოსარჩელემ დაკარგა ქ.თბილისში, ....... ქ.N8-ში მდებარე N38-ე ბინა (ს/კ ...........), რომლის საბაზრო ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეფასების შესაბამისად 138 000 აშშ დოლარს შეადგენდა;

22.2. კრედიტორის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელეს აეკრძალა მისი კუთვნილი 14 უძრავი ნივთის გასხვისება (შეზღუდვა მოქმედებდა 2018 წლის 18 აპრილიდან - 2020 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში). დაწესებული აკრძალვის გამო, მოსარჩელე ვერ ახერხებდა საკუთრების რეალიზაციას, რათა მშენებლობა ეწარმოებინა, ხოლო მოპასუხის მიერ ამხანაგობაში შეტანილი თანხა ამ მიზნისთვის საკმარისი არ იყო, შესაბამისად, მოსარჩელე იძულებული შეიქმნა სახსრები საკრედიტო დაწესებულებებიდან მიეღო, კერძოდ, სს ,,თ.ბ–გან’’ მოსარჩელემ 50 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი მიიღო, სს ,,ხ.ბ–გან’’ - 65 000 აშშ დოლარი და 15 000 ლარი, რაც მხარის ზიანს წარმოადგენს, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა;

22.3. მოპასუხისა და მისი კუთვნილი შპს „შ–ის“ ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ვ.ბ.ჯ–ს“ სასარგებლოდ მხარის კუთვნილი ხუთი უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისა და შემდეგ რეალიზაციის შედეგად მიყენებული 256 500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი ასევე მოპასუხის მიერ უნდა ანაზღაურებულიყო.

23. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

24. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.

25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

1). მოსარჩელის პირველ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:

- სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში მოსარჩელე, მოპასუხე და კრედიტორი შეთანხმდნენ, რომ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული 396კვ.მ არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ.თბილისი, .......... ქ.N21, ს.კ. ..........) მოპასუხისთვის გადაცემის სანაცვლოდ, გამოსყიდვის პირობით კრედიტორისთვის მოსარჩელეს უნდა გადაეცა მისი კუთვნილი უძრავი ნივთი (მდებარე: ქ.თბილისი, .........., ს.კ.: .............). გამოსყიდვის ვადად, განისაზღვრა 2018 წლის მარტის დასრულებამდე არსებული პერიოდი.

- ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში მოპასუხემ იკისრა პასუხისმგებლობა, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობას დააფუძნებდა, რომელსაც ქ.თბილისში, .......... ქ.N21-ში (ს/კ N..........) დაარეგისტრირებდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალ აშენებულ კორპუსში კრედიტორს პირველ სართულზე ორი საცხოვრებელი ფართი (საერთო ფართობი - 175-180კვ.მ) და „0“ სართულზე ორი დამოუკიდებელი ავტოსადგომი გადაეცემოდა.

- 2017 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ, მოპასუხემ, ლ.ნ–მა, ნ.ჯ–ძემ და მ.კ–ამ დააფუძნეს ინდ.მენაშენეთა ამხანაგობა „ ......... ქუჩა N21“, რომლის მიზანს წარმოადგენდა შემდეგი: დაფუძნების აქტით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად ემოქმედათ შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მისამართზე - ქ.თბილისი, ......... ქ.N21. ამხანაგობის თავმჯდომარედ მოსარჩელე აირჩიეს, ხოლო საფინანსო საქმიანობის ხელმძღვანელად - მოპასუხე, რომელიც ამხანაგობის ხაზინადარად იყო დანიშნული.

- ამხანაგობაში შენატანის სახით მოპასუხემ კრედიტორის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთი (მდებარე, ქ.თბილისი, .......... ქუჩა N21, ფართობი - 396კვ.მ) შეიტანა.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე კრედიტორმა კუთვნილი ქონება მოპასუხეს გადასცა, საბოლოოდ ქონება ინდ.მენაშენეთა ამხანაგობის - „ ......... ქუჩა N21“ საკუთრებაში აღირიცხა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს თავად მოსარჩელე წარმოადგენდა და რომლის ფარგლებშიც მას საკუთრებაში 5 საცხოვრებელი ბინა და 12 ავტოსადგომი გადაეცა.

ამდენად, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე მოსარჩელესა და კრედიტორს შორის ქონებათა გაცვლის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 521-ე მუხლი - გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს) გაფორმდა.

მართალია მემორანდუმის საფუძველზე კრედიტორის სასარგებლოდ მოსარჩელემ გამოსყიდვის პირობით კუთვნილი ქონება დათმო, ხოლო სანაცვლოდ კრედიტორმა მოპასუხეს საკუთრებაში სხვა ქონება გადასცა; საბოლოოდ, კრედიტორის მიერ გადაცემული უძრავი ქონება ერთობლივი მონაწილეობით დაფუძნებული ინდ.მენაშენეთა ამხანაგობის საკუთრებაში აღირიცხა, რომლის ფარგლებშიც აშენებული შ–ა-ნაგებობიდან კრედიტორს განსაზღვრული ოდენობის ქონება უნდა გადასცემოდა, სანაცვლოდ კი, მოპასუხისთვის საკუთრებაში უნდა დაებრუნებინა გამოსყიდვის უფლებით გადაცემული ქონება (სსკ-ს 509-ე მუხლი - თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე).

მართალია, ამხანაგობის მხრიდან კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულება მემორანდუმით შეთანხმებულ ვადაში (2018 წლის მარტის ბოლომდე პერიოდი) ვერ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელემ დაკარგა საკუთრების უფლება გამოსყიდვის უფლებით გაცემულ უძრავ ქონებაზე, თუმცა აღნიშნულთან მიმართებით პასუხისმგებლობა მოპასუხეს ვერ დაეკისრებოდა; რადგანაც სანაცვლოდ მიღებული უძრავი ქონება მოპასუხემ საკუთრებაში ამხანაგობას გადასცა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს თავად მოსარჩელე წარმოადგენდა, რომელსაც ამავე ამხანაგობის ფარგლებში აშენებულ ფართში არაერთი უძრავი ნივთი (საცხოვრებელი ფართები და ავტოსადგომები) გადაეცა (სსკ-ის 937.1 მუხლი - ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად).

2). სარჩელის მეორე მოთხოვნის (მოპასუხისთვის იმ ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც მოსარჩელის მიერ სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიღებული სესხისა და აღნიშნული თანხების ამხანაგობის სასარგებლოდ განკარგვაში ვლინდებოდა, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა კრედიტორის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 18 აპრილიდან - 2020 წლის 27 ნოემბრამდე თავის საკუთრებაზე მოქმედი შეზღუდვიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობისთვის საჭირო თანხების მობილიზების შეუძლებლობის შედეგად მიღებული სესხების - 50 000 აშშ დოლარის, 65 000 აშშ დოლარისა და 15 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას) უარყოფის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ შემდეგზე მიუთითა:

განსახილველ მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხი ბუნდოვანი იყო, კერძოდ არ იყო არგუმენტირებული რაში მდგომარეობდა ამ უკანასკნელის მიმართ მოსარჩელის პრეტენზია, მაშინ როდესაც შეზღუდვა მოქმედებდა კრედიტორის სარჩელიდან გამომდინარე და, არა - მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ან/და ბრალეული ქმედების შედეგად.

თავად განმარტება, რომ სესხად მიღებული თანხები ამხანაგობის საერთო ინტერესებს მოხმარდა, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ განაპირობებდა, რამდენადაც არ დგინდებოდა ფაქტი იმის შესახებ, რომ სესხად მიღებული თანხები მოსარჩელემ ნამდვილად ამხანაგობის საერთო მიზნებს მოახმარა, რაც შედავების არსებობის პირობებში, მხოლოდ ზეპირი განმარტებით დადასტურებულად ვერ მიიჩნეოდა.

ამასთან, მითითებული ფაქტის დამტკიცებულად მიჩნევის პირობებშიც კი, მოთხოვნა მოპასუხის მიმართ გაუმართლებელი იყო, ვინაიდან შესაბამისი წინაპირობების არარსებობის გამო აღნიშნულ ,,ზიანთან’’ მიმართებით მოპასუხეს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებოდა, ქონებაზე შეზღუდვა დაწესებული იყო არა მოპასუხის ქმედების, არამედ - კრედიტორის სარჩელის შედეგად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 199.3 მუხლი - თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 36330 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად).

3). სარჩელის კიდევ ერთი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის არსი შემდეგში მდგომარეობდა: მოპასუხისა და მისი კუთვნილი შპს „შ–ის“ ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ვ.ბ.ჯ–ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის კუთვნილი ხუთი უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისა და რეალიზაციის შედეგად მიყენებული 256 500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი მოპასუხის მიერ უნდა ანაზღაურებულიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა, შპს „შ–ის“ (რომლის 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი და დირექტორია - მოსარჩელე) ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ვ.ბ.ჯ–ს“ სასარგებლოდ ხუთი უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისა და რეალიზაციის შედეგად მიყენებული 256 500 აშშ დოლარის ოდენობით (ჯამურად 270 კვ.მ - 5 უძრავი ქონება, რომელიც 2020 წლის 27 ნოემბრის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეფასებულია 1კვ.მ. 950 აშშ დოლარად) ზიანის ანაზღაურებას.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის არც ეს პრეტენზია/მოთხოვნა არ გაიზიარა და შემდეგი განმარტება გააკეთა:

ამხანაგობის მესაკუთრე წევრები ერთობლივად მოქმედებდნენ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, რაც თავისთავად არ წარმოშობდა მოპასუხის რაიმე სახის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიმართ, ვინაიდან არ იკვეთებოდა მოპასუხის, როგორც ამხანაგობის მესაკუთრე წევრის მიერ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ ამხანაგობის საქმიანობის განხორციელების ფარგლებში ზიანის მიმყენებელი გარემოებების არსებობა.

ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის წინაპირობებს, კერძოდ უნდა ვლინდებოდეს პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამასთან, დასახელებული წინაპირობები უნდა ვლინდებოდეს, როგორც ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებისათვის (სსკ-ს 992-ე მუხლი - პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი (გენერალური დელიქტი)).

26. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

- იმის გამო, რომ სამმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტორის მიმართ მოპასუხემ არ შეასრულა, კასატორმა თავისი კუთვნილი ბინა დაკარგა. ამის შედეგად კასატორს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რაც დაახლოებით აღნიშნული ბინის ღირებულების - 138 000 აშშ დოლარის ტოლფასია.

- სს „ვ.ბ.ჯ–სთნ“ დადებული საკრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ხუთი უძრავი ქონება. ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა, რის შემდეგაც ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულება შეწყვიტა და მოპასუხისთვის თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედ არბიტრაჟს მიმართა.

არბიტრაჟის 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ბანკის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო კასატორმა 256 500 აშშ დოლარის ღირებულების ხუთი უძრავი ქონება დაკარგა.

როგორც მხარეთა შორის გაფორმებულ მემორანდუმში მოპასუხე აცხადებდა, ბინათმშენებლობისთვის სს „თ.ბ–ში“ მას სესხი ჰქონდა დამტკიცებული. სასესხო ხელშეკრულებაში კი, კრედიტის მიზნობრიობად - მიწის შეძენაა მითითებული, რაც ადასტურებს, რომ კრედიტორის კუთვნილი მიწის საფასური სწორედ მოპასუხის გადასახდელი იყო. მიუხედავად ამისა, 180 000 აშშ დოლარიდან, რაც მოპასუხემ სს „თ.ბ–გან“ მიიღო, ამხანაგობაში მან მხოლოდ 200 ლარი შეიტანა (იხ. წევრების მიერ ამხანაგობაში შეტანის შესახებ მოპასუხის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი), ხოლო „ვ. ბ–გან“ მიღებული 355 000 აშშ დოლარიდან, მოწინააღმდეგე მხარემ ამხანაგობაში შეიტანა მხოლოდ 177 725 ლარი და 55 000 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც სესხის ხელშეკრულების მიხედვით ეს თანხა მხოლოდ შესაბამის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.

- იმ მიზნით, რომ შეუფერხებლად გაგრძელებულიყო ამხანაგობის მიერ წარმოებული მშენებლობა, კასატორი, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე, იძულებული გახდა კრედიტი აეღო. ამ მიზნით გაფორმდა 2018 წლის 22 ნოემბრის, 2018 წლის 27 ნოემბრისა და 2018 წლის 31 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე აღებული თანხები სრულად ამხანაგობის მიზნების განხორციელებას მოხმარდა.

ამასთან, ამხანაგობის მიერ აშენებულ კორპუსში თავის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები მითითებული კრედიტების უზრუნველსაყოფად კასატორმა ვერ გამოიყენა, ვინაიდან კრედიტორის მიერ აღძრული სარჩელის უზრუნველსაყოფად მათზე ყადაღა იყო გავრცელებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული საკრედიტო ხელშეკრულებებით აღებული თანხების გადახდაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

28. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

29. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

30. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი უმთავრესი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ძალაში.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სამ სხვადასხვა ფაქტობრივ საფუძველს ემყარებოდა, თითოეულ არგუმენტთან მიმართებით საკასაციო პალატა გაანალიზებს შემდეგ გარემოებებს:

1). პირველ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ხსენებულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განაპირობებდა, სახელდობრ:

მხარეთა სამმხრივი შეთანხმების („მემორანდუმი“) საფუძველზე მოსარჩელემ კრედიტორის სასარგებლოდ გამოსყიდვის უფლებით დათმო კუთვნილი ქონება, სანაცვლოდ კი, ამ უკანასკნელმა თავისი ქონება საკუთრებაში მოპასუხეს გადასცა, რაც, საბოლოოდ, მოსარჩელისა და მოპასუხის მონაწილეობით დაფუძნებულ ინდ.მენაშენეთა ამხანაგობის საკუთრებაში აღირიცხა.

ამ შეთანხმების მიხედვით, ამხანაგობის ფარგლებში აშენებული შ–ა-ნაგებობიდან კრედიტორს საკუთრებაში განსაზღვრული რაოდენობის ფართი უნდა გადასცემოდა, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს მოსარჩელისთვის საკუთრებაში უნდა დაებრუნებინა გამოსყიდვის უფლებით გადაცემული ქონება (სსკ-ს 521-ე მუხლი - გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს; 523-ე მუხლი - გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები; 509-ე მუხლ - თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე).

დადგენილია, რომ „მემორანდუმით“ შეთანხმებულ ვადაში (2018 წლის მარტის ბოლომდე პერიოდი) კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ამხანაგობამ ვერ შეასრულა, რის გამოც გამოსყიდვის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება დაკარგა. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან სანაცვლოდ მიღებული უძრავი ქონება მოპასუხემ საკუთრებაში ამხანაგობას გადასცა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელი და თავმჯდომარე თავად მოსარჩელე იყო და რომელსაც ამავე ამხანაგობის საქმიანობის ფარგლებში აშენებულ ფართში არაერთი უძრავი ნივთი (საცხოვრებელი ფართები და ავტოსადგომები) გადაეცა.

ამდენად, მემორანდუმის საფუძველზე კუთვნილი მიწის ნაკვეთი კრედიტორმა ამხანაგობას გადასცა, რის სანაცვლოდაც კრედიტორის წინაშე ამხანაგობამ ვალდებულება იკისრა, რომ ამავე ამხანაგობის მიერ აშენებულ შ–აში განსაზღვრული მოცულობის ფართი გადაეცა. შესაბამისად, მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან მიმართებით პასუხისმგებელი სუბიექტი თავად ამხანაგობაა, რომლის ერთ-ერთი წევრი და თავმჯდომარეა მოსარჩელე (სსკ-ის 317.1 მუხლი - ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან; 935.2 მუხლი - ამხანაგობის თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება; 937.1 მუხლის მეორე წინადადება - ამხანაგობის ხელშეკრულების მონაწილეების ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს).

ამავე მსჯელობიდან გამომდინარე, კუთვნილ ბინაზე საკუთრების უფლების დაკარგვიდან (კრედიტორის საკუთრებაში აღრიცხვის გამო) გამომდინარე განცდილი ზიანის მოპასუხის მიერ ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი.

2). სარჩელით ასევე მოთხოვნილია მოპასუხისთვის იმ ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც მოსარჩელის მიერ სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან აღებული სესხისა და აღნიშნული თანხების ამხანაგობის სასარგებლოდ განკარგვაში გამოიხატება. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 18 აპრილიდან - 2020 წლის 27 ნოემბრამდე მოსარჩელის საკუთრებაზე მოქმედი შეზღუდვიდან გამომდინარე სამშენებლო საქმიანობისთვის საჭირო თანხების მობილიზების შეუძლებლობის შედეგად სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებიდან მიღებული სესხები: 50 000 აშშ დოლარი, 65 000 აშშ დოლარი და 15 000 ლარი.

საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ (იხ. სუსგ: №ას-339-2023, 22.09.2023).

სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხის არაკვალიფიციური შედავება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად საკასაციო პალატისთვისაც ბუნდოვანია კონკრეტულ მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხის პასუხისმგებლობის დასაბუთების არგუმენტაცია, კერძოდ, მაშინ როდესაც შეზღუდვა მოქმედებდა კონკრეტული კრედიტორის სარჩელიდან გამომდინარე და, არა - მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ან/და ბრალეული ქმედების შედეგად, მოპასუხის მიმართ მოსარჩელის პრეტენზია სამართლებრივ არგუმენტაციასაა მოკლებული.

აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ განაპირობებს მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ სესხად მიღებული თანხები ამხანაგობის საერთო ინტერესებს მოხმარდა, რადგან კვალიფიციური შედავების არსებობის პირობებში, მხოლოდ ზეპირი განმარტებით ეს ფაქტი დადასტურებულად ვერ მიიჩნევა.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც სამართლის ნორმათა მოთხოვნებს არღვევს, რასაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან არ ჰქონია ადგილი.

ზემოაღნიშნული მოთხოვნის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც მართებულად გაამახვილა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფულადი სახსრების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ამხანაგობის სხვა წევრების მიერ 2017-2018 წლებში ასევე ხორციელდებოდა შენატანები, რაც მშენებლობის წარმოების მიზანს ემსახურებოდა. ამასთან, სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ თუკი უძრავ ქონებებზე გასხვისების და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა არ იარსებებდა, ამ ქონებებს მოსარჩელე აუცილებლად გაასხვისებდა და სახსრებს მის მიერ დასახელებული მიზნით გამოიყენებდა.

ამრიგად, საკრედიტო დაწესებულებებიდან კრედიტის სახით მიღებულ ფულად სახსრებთან მიმართებით მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნაც წარუმატებელია.

3). მოსარჩელის მოთხოვნის კიდევ ერთი ფაქტობრივი საფუძვლის არსი შემდეგია: მოპასუხისა და ამ უკანასკნელის კუთვნილი შპს „შ–ის“ ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ვ.ბ.ჯ–ს“ სასარგებლოდ მხარის საკუთრებაში არსებული ხუთი უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისა და შემდეგ მათი რეალიზაციით მიყენებული 256 500 აშშ დოლარის ოდენობით მიღებული ზიანის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

დასახელებული მოთხოვნის გაანალიზებისას ყურადსაღებია საქმეზე დადასტურებული შემდეგი გარემოებები:

- შპს „შ–ასა’’ და სს ,,ვ.ბ.ჯ–ს“ შორის დადებული 2018 წლის 23 მარტის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის უზრუნველსაყოფად სხვა ქონებებთან ერთად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ხუთი ერთეული უძრავი ქონება.

- 2017 წლის 15 თებერვალს დაფუძნებული ამხანაგობის ხელშეკრულებით მოსარჩელე, მოპასუხე, ლ.ნ–ი, ნ.ჯ–ძე და მ.კ–ა შეთანხმდნენ ინდმენაშენეთა ამხანაგობა „......... ქუჩა N21“ დაფუძნების შესახებ. დაფუძნების აქტით განსაზღვრული წესითა და ვადებში მათ ერთობლივად უნდა ემოქმედათ შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მისამართზე, ქ.თბილისი, .......... ქუჩა N21. ამხანაგობის დაფუძნების მიზანს მითითებულ მისამართზე მშენებლობის წარმოება და დასრულება წარმოადგენდა.

- 2018 წლის 27 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით (3.18 პუნქტი) მითითებული კრედიტის ათვისების უფლება ჰქონდა კლიენტს ბანკის თანხმობით მხოლოდ ქ.თბილისში, ......... ქ. N21-ში მიმდინარე მშენებლობის დასამთავრებლად.

ამდენად, აშკარაა, რომ ინდმენაშენეთა ამხანაგობის თითოეული წევრის ინტერესში შედიოდა მშენებლობის დროულად დასრულება და ამისთვის სათანადო თანხის მობილიზება. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა სს ,,ვ.ბ.ჯ–სგან“ ხსენებული კრედიტის მიღება და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად მესაკუთრეთა, მათ შორის, მოსარჩელის თანხმობით, კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.

ზემოაღნიშნული გარემოებების საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად დასტურდება ის გარემოება, რომ ამხანაგობის მესაკუთრე წევრები ერთობლივად მოქმედებდნენ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, რაც ერთმნიშვნელოვნად არ წარმოშობს მოსარჩელის მიმართ მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხს.

სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს კანონით მკაცრად რეგლამენტირბულ წინაპირობებს, კერძოდ უნდა ვლინდებოდეს პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

ამასთან, დასახელებული წინაპირობების არსებობა სავალდებულია როგორც ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე, დელიქტური ვალდებულების საფუძველზე დასაკისრებელი ზიანის ანაზღაურებისათვის (სსკ-ს 992-ე მუხლი - პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი (გენერალური დელიქტი)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ვალდებულების დარღვევის ფაქტი და არც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არ იკვეთება. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დასახელებული ნივთების საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე სხვა იპოთეკის საგანთან ერთად აღსასრულებლად იძულებითი აუქციონის რეალიზაციის გზით მიქცევა, არ წარმოშობს მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველს.

31. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

32. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

33. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ფ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია