აქმე №ას-540-2025 4 დეკემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჭ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების (თარიღი: 28.09.2021წ.) მიხედვით, ქ.თბილისში, ......... (..... ქუჩა), ........ ქ.102-ში (149) მდებარე საცხოვრებელი სადგომი - ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული 34.41კვ.მ ფართი, ლიტერი „ე“ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული 45.50კვ.მ ფართი, ლიტერი „ბ-დვც“ (დამხმარე) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული 21.00კვ.მ ფართი (შემდეგში: უძრავი ნივთი, უძრავი ქონება, სადავო ქონება, სადავო საცხოვრებელი სადგომი) 1956 წელს მ.თ–ის სახელზე აღირიცხა.
2. 1995 წლის 4 აგვისტოს ხელწერილის თანახმად, ......... (VII) ...... 102-ში მდებარე მის საკუთარებაში არსებული დამწვარი ბინა (თავისი ტერიტორიით) მ. ვ. ასული თ-მ–მა ნ. ი. ასულ ჭ–ს (შემდეგში - მოსარჩელე ან მყიდველი) მიყიდა. ხელწერილის მიხედვით, მხარეებს უფლება არ აქვთ, რომ ერთმანეთს ბინაზე და ტერიტორიაზე ედავონ. აღნიშნულ ხელწერილზე მხარეებმა მოწმეთა დასწრებით ხელი მოაწერეს.
3. მ.მ–ის (დაბადების თარიღი: 01.12.1928 წელი, პ/ნ .........) გარდაცვალების თარიღია - 2003 წლის 26 აპრილი.
4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით, 2003 წლის 26 აპრილს გარდაცვლილი მ. ვ. ასული მ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში იძებნება, ამასთან, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი მ.ვ. ასული მ–ის სახელით დამოწმებული ანდერძის შესახებ.
5. მ.მ–ის შვილის - ნ.თ–ის (დაბადების თარიღი: 18.01.1968წ.) გარდაცვალების თარიღია - 2010 წლის 13 ივნისი.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით, 2010 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი ნ.თ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ამავე პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ნოდარ
თ–ის სახელით დამოწმებული ანდერძის შესახებ.
6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2022 წლის 11 ნოემბერს წარმოდგენილი წერილის თანახმად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ნ.თ–ის შვილის (შვილების) დაბადების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოიძებნა ნ.ნ. ძე თ–ის და ნ.ქ. ასული ზ–ის ქორწინების აქტის (23.04.1986წ. რეგისტრირებული ქ.თბილისის ისნის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ) ჩანაწერი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 15 მარტის მომართვის შესაბამისად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნ.ქ. ასული ზ–ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან 2023 წლის 2 მაისს წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ნ.ზ–უს (დაბ. 06.07.1961წ.) უფიქსირდება სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები.
7. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის წერილის მიხედვით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მ.მ–ის (დაბ. 01.12.1928წ.) დაბადების, ქორწინებისა და შვილების შესახებ სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემისას შევსებული განცხადება - ანკეტა არ მოიძებნა.
ამავე ბაზაში მოიძებნა ქორწინების აქტის ჩანაწერი (რეგისტრირებული 03.06.1957წ., თბილისის ისნის მმაჩის განყოფილების მიერ), რომელშიც მითითებულია შემდეგი მონაცემები: საცოლე - მ.ვ. ასული თ–ი (ქორწინების შემდგომი გვარი - მ–ი), 29 წლის (სავარაუდოდ, დაბადებული 1928 წელს), საქმრო - მიხეილ ივანეს ძე მ–ი, 28 წლის (სავარაუდოდ დაბადებული 1929 წელს).
8. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობების მიხედვით, არ იძებნება მიხეილ მ–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერები.
9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 სექტემბრის ცნობის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, სადავო ქონებაზე არც საკუთრების უფლება და არც მასზე იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, აღნაგობის, სერვიტუტის, უზუფრუქტის, თხოვების, ლიზინგისა და იპოთეკის უფლება დარეგისტრირებული არ არის.
10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 იანვრის ცნობის შესაბამისად, ერთი და იგივე უძრავი ნივთის მისამართად სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მისამართები ვლინდება, კერძოდ, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, .........მე-7 ქუჩას ........ სახელი ეწოდა.
ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, აღრიცხულია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: თბილისი, .........(მე-7 ქუჩა) ......... ქუჩა №102 (სააღრიცხვო მასალა №004661). სააღრიცხვო მასალაში ყოფილ მისამართად მითითებულია ახალი .........№149 (მე-7 ქუჩა), ხოლო სააღრიცხვო მასალაში დაცულ დოკუმენტაციაში, ასევე, მითითებულია მისამართები: ......... ქუჩა №102, ახალი .........№149, ახალი .........მე-7 ქუჩა №102 (ყოფილი №149).
11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის მიერ გაცემული, 2022 წლის 18 მარტის ცნობის თანახმად, საგარეჯოს რაიონის პ–ის სასოფლო საბჭოს მმაჩის სააქტო ჩანაწერის მიხედვით, მ. თ–ი დაიბადა 1928 წლის 1 დეკემბერს სოფელ .......... მშობლები: მამა - ვ.ს. (ტექსტში ასეა) ძე თ–ი, ეროვნება - ქართველი, 36 წლის, დედა - ე.დ. ასული თ–ი, ეროვნება - ქართველი, 32 წლის.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის დადგენილებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფიდა; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ, თბილისში, .......... (7-ე ქუჩა) ......... ქ.102-ში (149) მდებარე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათების მ.მ–ისადმი (გარდაცვლილი: 2003 წლის 26 აპრილს, თბილისში), კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი და გვარი „მ.თ–ი“ არ ემთხვევა მისი გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ სახელს და გვარს „მ.მ–ი“.
გარდა ამისა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - მ.მ–ისადმი 1995 წლის 4 აგვისტოს შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულების კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი და გვარი „მ. თ–ი-მ–ი“ არ ემთხვევა მისი გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ სახელს და გვარს.
2022 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით, მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება (შუამდგომლობა) დაკმაყოფილდა; დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 24 მარტის დადგენილების (სამოქალაქო საქმე №2/31905-21) სარეზოლუციო
ნაწილის მე-3 პუნქტში შესწორება შევიდა და იგი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - მ.მ–ისადმი (გარდაცვლილი: 2003 წლის 26 აპრილს, თბილისში, პ.ნ .........1), აქტის ჩანაწერი N0036769, გარდაცვალების მოწმობა N01........) უფლების დამდგენი საბუთის სახელდობრ, 1995 წლის 04 აგვისტოს დადებული შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულების კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი და გვარი „მ. თ–ი-მ–ი“ არ ემთხვევა მისი გარდაცვალების მოწმობაში (აქტის ჩანაწერი N 0036769, გარდაცვალების მოწმობა N01217042600) მითითებულ სახელს და გვარს „მ.მ–ი“.
13. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან სააგენტო) წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შემდეგი მოთხოვნებით შეიტანა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების (თარიღი: 28.09.2021წ.) მიხედვით მ.თ–ის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთი უმკვიდროდ იქნეს ცნობილი და მოსარჩელეს უსასყიდლოდ გადაეცეს საკუთრებაში.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
14.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
14.2. დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების (თარიღი: 28.09.2021წ.) მიხედვით, მ.თ–ის სახელზე აღრიცხული სადავო ქონება უმკვიდროდ იქნა ცნობილი და უძრავი ქონებიდან 100.91კვ.მ მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით: სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მოწმეთა (ზ.გ–ი, ც.გ–ნი, ი.თ–ი) ჩვენებებთან მათი ერთობლიობაში შეფასების შედეგად შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1994 წლის 4 აგვისტოს ხელწერილი, თავისი შინაარსით, მხარეთა შორის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი შედავება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოსარგებლეობის ფაქტი არ დასტურდებოდა, ვინაიდან სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია.
იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარდგენილი იყო ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სპეციალური კანონის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელის მოსარგებლედ მიჩნევის საფუძველს სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება განაპირობებდა. რაც შეეხება შეძენილი საცხოვრებელი სადგომის ფლობის საკითხს, აღნიშნული გარემოება მოწმეებმა დაადასტურეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოსარჩელე, სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის მქონე პირს მიეკუთვნებოდა.
16.2. სააპელაციო სასამართლომ სპეციალური კანონის 9.1 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ: მოსარჩელე იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში; მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.
მოცემულ შემთხვევაში, მ.მ–ის სამკვიდრო ქონების, კანონით დადგენილ ვადაში მიღების ფაქტი საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, კერძოდ, მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დადგინდა, რომ მ.მ–ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი მის მემკვიდრეებს კანონით დადგენილი წესით არ მიუღიათ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, მოსარჩელის, როგორც სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის საცხოვრებელი სადგომი იყო უმკვიდრო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1343.1 მუხლის თანახმად, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე, ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ - მათ საკუთრებაში).
16.3. რაც შეეხებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფლების საფუძვლის არსებობას, აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ სპეციალური კანონის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (საცხოვრებელი სადგომი არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის), ამავე კანონის მე-9 მუხლზე (მოსარგებლეს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ საცხოვრებელი სადგომის და არა მიწის ნაკვეთის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არის ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და მე-2 (მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს) პუნქტებზე მიუთითა.
კანონის ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელი სადგომი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება. შესაბამისად, მოსარგებლის უფლება ვრცელდება მის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე და შესაბამისად იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უშუალოდ საცხოვრებელი სადგომი იყო განთავსებული და, არა - მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ საცხოვრებელი სადგომის დანგრევა, რომელზეც მხარეს მოსარგებლის უფლება ჰქონდა, არ იწვევს იმ უფლების მოსპობას, რომელიც მას იმ მიწის ნაკვეთზე აქვს, რომელზეც საცხოვრებელი სადგომი მყარად იყო დაკავშირებული (იხ. სუსგ საქმე №ას-437-416-2015, 15.02.2016).
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილი ცნობა-დახასიათების თანახმად, მ.თ–ის (მ.მ–ის) სახელზე აღრიცხული იყო სადავო საცხოვრებელი სადგომი, კერძოდ: ლიტერი „ა“(საცხოვრებელი) 34.41კვ.მ, ლიტერი „ე“ (საცხოვრებელი) 45.50კვ.მ და ლიტერი „ბ-დ-ვც“ (დამხმარე) 21.00კვ.მ.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ფართი ჯამურად 100.91კვ.მ-ს შეადგენდა და არსებული ფაქტობრივი მოცემულობისა და სპეციალური კანონის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ, კერძოდ, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომის პროპორციული მიწის ნაკვეთის - 100.91კვ.მ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მართლზომიერად დაკმაყოფილდა.
17. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ.მ–ს ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, ნ.თ–ი (გარდაცვლილი 2010 წლის 13 ივნისს), ხოლო ნ.თ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ზ–თან. შესაბამისად, ნ.თ–ს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე, რომელმაც, შესაძლოა, სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო ქონება უმკვიდროა.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
19. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანია, სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნათა კანონიერება.
22. განსახილველი დავის კანონიერად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებშია წარმოდგენილია და რომლებიც კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია.
სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა.
23. ზემოთდასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ სადავო სამართალურთიერთობა სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებში უნდა მოექცეს, რამდენადაც საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1994 წლის 4 აგვისტოს ხელწერილი, თავისი შინაარსით, სპეციალური კანონით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს უდავოდ ადასტურებს. შესაბამისად, მოსარჩელე, სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის მქონე პირს მიეკუთვნება.
24. განსახილველი დავის რეგულაციისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს კანონის შემდეგ ნორმებზე:
ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (სპეციალური კანონის 1.1 მუხლი).
მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით (სპეციალური კანონის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
საცხოვრებელი სადგომი არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის (სპეციალური კანონის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებზე (სპეციალური კანონის 2.2 მუხლი).
თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება (სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
(ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არის ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს (სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე, ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ - მათ საკუთრებაში (სსკ-ის 1343.1 მუხლი).
25. საკასაციო პალატის დასკვნით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მ.თ–ის (მ.მ–ის) სახელზე აღრიცხული სადავო საცხოვრებელი სადგომი მის მემკვიდრეებს კანონით დადგენილი წესით არ მიუღიათ. ამდენად, მოსარჩელე, სპეციალური კანონით გათვალისწინებულ პირს - მოსარგებლეს მიეკუთვნება, ხოლო საცხოვრებელი სადგომი - უმკვიდროს, რომლის მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემა სრულად შეესაბამება და გამომდინარეობს ზემომითითებული ნორმატიული აქტების დანაწესიდან.
26. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება გასაზიარებელია, სახელდობრ:
კანონის ზემოთ მოყვანილ ნორმებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საცხოვრებელი სადგომი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება. შესაბამისად, მოსარგებლის უფლება ვრცელდება მის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე და შესაბამისად იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უშუალოდ საცხოვრებელი სადგომი იყო განთავსებული და, არა - მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ საცხოვრებელი სადგომის დანგრევა, რომელზეც მხარეს მოსარგებლის უფლება ჰქონდა, არ იწვევს იმ უფლების მოსპობას, რომელიც მას იმ მიწის ნაკვეთზე აქვს, რომელზეც საცხოვრებელი სადგომი მყარად იყო დაკავშირებული (იხ. სუსგ საქმე №ას-437-416-2015, 15.02.2016).
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ: 2021 წლის 1 აგვისტოს საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, ქ.თბილისში, .........VII ქუჩა, ......... ქ.№102-ში არსებული ქონების ფართობი 294კვ.მ-ია, ხოლო მასზე განთავსებულია მშენებარე შენობა-ნაგებობა, რომლის ფართი წარმოდგენილი ნახაზით არ დგინდება.
აღნიშნული მშენებარე შენობის ფაქტობრივი მდგომარეობისა და ფართის შესახებ ინფორმაცია ვერც მოსარჩელემ მიაწოდა სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული საცხოვრებელი სადგომი დღეის მდგომარეობით დანგრეულია, ამოშენებულია მხოლოდ სვეტები და მშენებლობის გაგრძელება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება საინვენტარიზაციო გეგმით არსებულ მონაცემებს, მასზე ასახული მონაცემების თანახმად (მომზადების თარიღი: 24.08.2010წ.), ისნის რაიონში, .........(7-ე ქუჩა) ......... ქ.102-ში (149) მდებარე მისი ფართი 311კვ.მ იყო, თუმცა, დღეის მდგომარეობით აღნიშნული შენობა-ნაგებობები აღარ არსებობს.
საქმეზე წარმოდგენილი ცნობა-დახასიათების თანახმად, სადავო საცხოვრებელი სადგომი მ.თ–ის (მ.მ–ის) სახელზე ირიცხებოდა, კერძოდ: ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) 34.41კვ.მ, ლიტერი „ე“ (საცხოვრებელი) 45.50კვ.მ და ლიტერი „ბ-დ-ვც“ (დამხმარე) 21.00კვ.მ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ფართი ჯამურად 100.91კვ.მ-ს შეადგენდა, რაც მითითებული მოცულობის ნივთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ამ უკანასკნელის მოთხოვნას წარმატებულს ხდის.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ: №ას-1528-2019, 11.05.2022; №ას-1146-2021, 5.04.2022; №ას-1104-2021, 17.12.2021).
28. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
30. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია