ბს-1181-1143(კ-08) 16 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 18 სექტემბერს შ. თ.-მა სარჩელით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის – მ. ლ.-ის მიმართ და საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ არსებული 834 კვ.მ საკარმიდამო მიწისა და საცხოვრებელი ბინის კუთვნილი წილის მოპირდაპირედ არსებული აივნის მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მოითხოვა.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შ. თ.-ის სარჩელი სადავო მიწის ფართობის 834 კვ.მ-ის საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. ახმეტაში, ...-ის ქ. ¹5-ში მდებარე მის სახლთმფლობელობაში არსებული აივნის საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ლ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ივნის აღრიცხვა შ. თ.-თან ერთად საერთო საკუთრებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებით მ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ლ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო აივნის საჯარო რეესტრში რეგისტრირება შ. თ.-სთან საერთო საკუთრებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული და არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, კასატორს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2008 წლის 5 ნოემბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 7 ნოემბერს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მ. ლ.-ს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 17 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს ნუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.