საქმე №ას-1373-2025
26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.მ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „სააგენტო“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 იანვრის N01/82 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის 4 000 ლარის ანაზღაურება, ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 14 თებერვლიდან ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 000 ლარის (დარიცხული) ოდენობით, ხელფასის სახით მიღებული 10 625 ლარის გამოკლებით.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების 1.3 პუნქტი ნაწილობრივ - ხელფასის სახით მიღებული 10 625 ლარის გამოკლების ნაწილში.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე 2008 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი სპეციალისტის (ბუღალტრის) პოზიციაზე. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1 000 ლარს ((დარიცხული)/ხელზე მისაღები 800 ლარი);
6.2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 1 მაისის N1/93 ბრძანების N16 დანართით განსაზღვრული იყო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი ბუღალტრის (მოსარჩელე) სამუშაო აღწერილობა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს ევალებოდა: ა) სამსახურის მიმდინარე საქმიანობის წარმართვა; ბ) მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა; გ) პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა; დ) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების დროული გამოვლენა და აღრიცხვაში მისი ასახვა; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
6.3. აღნიშნული დანართის შესაბამისად, აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროს ბუღალტერს მოეთხოვებოდა უმაღლესი ეკონომიური განათლება და შემდეგი კანონების ცოდნა: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“; დ) საბიუჯეტო სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო კანონქვემდებარე აქტები; ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება. ასევე, დასაქმებულს მოეთხოვებოდა შემდეგი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ა) Microsoft Office Word; ბ) Microsoft Office Excel; გ) Microsoft Office PowerPoint (საკვალიფიკაციო მოთხოვნები);
6.4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის N05/05 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი დებულება, რომლის თანახმად შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურული მოწყობა, დაზუსტდა სააგენტოს მიზნები და ამოცანები;
6.5. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2021 წლის 25 ნოემბრის N02/76 ბრძანებით, სააგენტოს სტრუქტურისა და ფუნქციების ახალ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის, სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, აგრეთვე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის 25 ნოემბრიდან განხორციელდა რეორგანიზაცია, სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების გზით;
6.6. 2021 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელე გაფრთხილდა სააგენტოში დაწყებული რეორგანიზაციის შესახებ, რომელსაც შესაძლებელია მოჰყოლოდა შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება/გადაადგილება;
6.7. სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 დეკემბრის N02/78 ბრძანებით (შემდგომში ასევე - „ბრძანება“) სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეიქმნა კომისია;
6.8. ამავე ბრძანების მე-2 მუხლით გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ზოგად უნარებსა და ინგლისურ ენაში (ტესტირება ინგლისურში შეეხებოდა იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებს და სააგენტოს საპროტოკოლო ფუნქციების განმახორციელებელ თანამშრომლებს); ბ) გასაუბრების ჩატარებას;
6.9. ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიას ევალებოდა გაეთვალისწინებინა გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა კომპეტენცია, ტესტირების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები აესახა გასაუბრების სხდომის ოქმში. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება წარედგინებოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს (მე-5 მუხლი);
6.10. სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის N3 სხდომის ოქმის თანახმად, გასაუბრების მსვლელობისას, კომისიის წევრების მიერ კანდიდატებისათვის დასმული იყო კითხვები; მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, კანდიდატებისათვის დასმული იყო ერთგვაროვანი კითხვები; მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი; კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების, ტესტების შეფასების საბოლოო ქულებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა;
6.11. ამავე ოქმის მიხედვით, ბუღალტერი, მხოლოდ ტექნიკურად ასრულებდა დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობას, თუმცა, კომისიის მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას გამოიკვეთა, რომ აღრიცხვა-ანგარიშგების ნაწილში (მისი სამოქმედო მიმართულებით) ჰქონდა ბევრი ხარვეზი. მოსარჩელემ განმარტა, რომ ხარვეზები საკმაოდ ბევრია და არ იცის როგორ უნდა გამოასწოროს. იგი რუტინულად ასრულებდა ფუნქცია-მოვალეობებს, რაც არ ემსახურებოდა აღნიშნული მიმართულების კომპლექსურად გამართვას;
6.12. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 იანვრის N01/82 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის, 48–ე მუხლის პირველი ნაწილის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N108/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2012 წლის 07 მარტის N1/41 ბრძანების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის N05/05 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურის და ფუნქციური განაწილების, „სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 25 ნოემბრის N02/76 ბრძანებისა და „სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის შესახებ“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 07 დეკემბრის N02/78 ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი სპეციალისტი მოსარჩელე 2022 წლის 15 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
6.13. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო შემდეგი დასაბუთება: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიზნით მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, განხორციელდა იმ სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/ მონათესავე ფუნქციები აქვთ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური. ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, განხორციელდა ტესტირება (ზოგადი უნარების ან/და ინგლისური ენის ტესტი) და გასაუბრება - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით;
6.14. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 თებერვლის N05/327 წერილით, მოსარჩელეს, მისი 2022 წლის 24 იანვრის განცხადების საფუძველზე ეცნობა, რომ გათავისუფლების შესახებ N01/82 ბრძანება მას ოფიციალურად ჩაბარდა 2022 წლის 20 იანვარს. მითითებულ ბრძანებაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები განმარტებული და დასაბუთებულია. ამავე წერილთან ერთად გაეგზავნა სააგენტოში არსებული პირადი საქმე და განემარტა, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების თანდართული სამუშაო აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2021 წლის 29 აპრილის N02/38 ბრძანებით განსაზღვრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი სპეციალისტის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები;
6.15. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 იანვრის N01/166 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების თანდართული სამუშაო აღწერილობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები N1 დანართის შესაბამისად. სამუშაო აღწერილობის მიხედვით, შექმნილი ეკონომიკური სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით სამსახურის უფროსი სპეციალისტის არსებულ ერთ საშტატო ერთეულზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრა შემდეგი სახით: - უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების სფეროში; - აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი (სასურველია საბიუჯეტო ორგანიზაციაში) გამოცდილება; - კომპიუტერული პროგრამების (E-treasury, MS Office: Outlook, PowerPoint) ფლობა; - უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა (სასურველი); ფუნქცია/მოვალეობებად განისაზღვრა: - ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების, ვალდებულებების, პირველადი დოკუმენტების, ინვოისების და მოთხოვნების რეგისტრაცია; - პროგრამა „ორის-მენეჯერში“ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, ვალდებულებებისა და საგადასახდო მოთხოვნების მომზადება; - მივლინებების ბრძანებების შესაბამისად წინასწარი გადახდების განხორციელება და შემოსული დოკუმენტაციის შემოწმება; - კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული კორესპონდენციის მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში პასუხის მომზადება, მათ შორის, საჯარო ინფორმაცია, სახელმწიფო და შიდა აუდიტის მოთხოვნები და სხვა მსგავსი; - საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა; - ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული გამოვლენა და აღრიცხვაში მისი ასახვა; - ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთაღნუსხების, მათი ანგარიშების და სხვა საბუთების შენახვა; - სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
6.16. 2021 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური აღარ არის გათვალისწინებული. დებულების მე-18 მუხლის თანახმად, შეიქმნა ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითად მიზნებსა და ამოცანებში კვლავ დარჩა სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვის მიმართულება, რომელიც იქამდე აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნებოდა;
6.17. 2021 წლის 1 თებერვლის N01/6 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 277-ით, ხოლო თანამდებობრივი სარგო შეადგენდა - 242 800 ლარს. ამავე საშტატო ნუსხის მიხედვით, აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური შედგებოდა 3 საშტატო ერთეულისაგან: 1. სამსახურის უფროსი (1 750 ლარი); 2. უფროსი სპეციალისტი (1 000 ლარი); 3. მთავარი სპეციალისტი (1 200 ლარი);
6.18. 2021 წლის ნოემბერში გამოცხადებულ რეორგანიზაციამდე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა შეადგენდა 159 ერთეულს, ხოლო რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ - 144 ერთეულს;
6.19. რეორგანიზაციის შემდეგ, სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 იანვრის #01/164 ბრძანებით დამტკიცებული, ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, შტატების რაოდენობა განისაზღვრა 259 ერთეულით, ხოლო თანამდებობრივი სარგო - 243 000 ლარით; ამავე საშტატო ნუსხის მიხედვით, ეკონომიკური სამსახურში გათვალისწინებულია 6 საშტატო ერთეული: 1. სამსახურის უფროსი - ანაზღაურებით 3 800 ლარი; 2. სამსახურის უფროსის მოადგილე (ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით) – 2 000 ლარი; 3. უფროსი სპეციალისტი (აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით) – 1 500 ლარი; 4. უფროსი სპეციალისტი (შესყიდვების მიმართულებით) – 1 500 ლარი; 5. უფროსი სპეციალისტი (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით) – 1 200 ლარი; 5. უმცროსი სპეციალისტი (მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით) – 800 ლარი;
6.20. საშტატო ნუსხების მიხედვით, დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოში გაუქმდა აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური და ეკონომიკურ სამსახურში განისაზღვრა აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით ერთი უფროსი სპეციალისტის პოზიცია;
6.21. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებით სააგენტოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის (აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით) თანამდებობაზე რეორგანიზაციის საფუძველზე, განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი. აღნიშნული პოზიცია ამჟამადაც არ არის ვაკანტური;
6.22. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, მოსარჩელეს 2022 წლის იანვრიდან უფიქსირდება შემოსავალი „ხელფასისა“ და „მომსახურების ანაზღაურების“ დანიშნულებით.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წინამდებარე დავის ფარგლებში, შეფასების საგანს შრომის კოდექსის (შემდგომში ასევე - „სშკ“) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა წარმოადგენს (სახეზეა, თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), კერძოდ, უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. აღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განიმარტოს როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული, რამდენადაც მითითებული ნორმის ამგვარი განმარტება წაახალისებდა დამქირავებლის თვითნებობას, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სშკ-ის 47(1) „ა“ ქვეპუნქტით დასაქმებულის გათავისუფლებისას, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულატიურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა. პალატა აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული თვალსაზრისით გარდაუვალი იყო. შესაბამისად, შესაფასებელია სამუშაო ძალის შემცირება ხომ არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
9. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ნოემბრის N02/76 ბრძანებით დაწყებული რეორგანიზაციის მიზანი იყო სააგენტოს სტრუქტურისა და ფუნქციების ახალ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა. 2021 წლის 24 ნოემბრის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ახალი დებულებით, მართალია, აღარ იყო გათვალისწინებული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური, თუმცა ამ სამსახურის მიზნები და ფუნქციები კვლავ დარჩა სააგენტოში და იგი, სხვა ფუნქციებთან ერთად, შექმნილ ეკონომიკურ სამსახურს გადაეცა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხე სააგენტო ვერ მიუთითებს, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება, რა ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ თუ ორგანიზაციულ გათვლებს ეფუძნებოდა კონკრეტულად ბუღალტრის შტატის რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულების სპეციალისტის დამატებითი საჭიროება დასტურდება ეკონომიკურ სამსახურში შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმებისა, თუ ამავე მიმართულებით სტაჟიორთა მისაღებად კონკურსის გამოცხადებით.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შტატების შემცირების პირობებშიც, დამსაქმებელმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტის დაცვით დადასტურება, რომ პირთა შერჩევა განხორციელდა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. კერძოდ, გასაჩივრებული ბრძანება დაეფუძნა სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის N3 სხდომის ოქმით დადგენილ შედეგებს, რომლის მიხედვითაც, კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების, ტესტების შეფასების საბოლოო ქულებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა.
11. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა მოპასუხის პოზიციაზე, რომლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით თანამდებობაზე შეირჩა სპეციალური განათლებისა და გამოცდილების მქონე კადრი, რომელიც წლების მანძილზე იყო დასაქმებული სააგენტოში, რასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარე. კომისიის ოქმის თანახმად, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას გამოიკვეთა, რომ აღრიცხვა-ანგარიშგების ნაწილში (მისი სამოქმედო მიმართულებით) მოსარჩელეს ჰქონდა ბევრი ხარვეზი, თუმცა მათი გამოსწორების გზები არ იცოდა. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რაც საქმიანობის პროცესში მოსარჩელის მხრიდან დაშვებული ხარვეზების არსებობაზე მიუთითებდა, ხოლო მარტოოდენ კომისიის სხდომის ოქმი კი, ვერ მიიჩნევა დასახელებული ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად.
12. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე პირთა შერჩევის გარემოება ვერ დადასტურდება მხოლოდ საქმეში წარდგენილი, თანამდებობაზე დანიშნულ პირთან დაკავშირებული ინფორმაციით (ტ. 2. ს.ფ. 118-146), რომლის საფუძველზეც, აღნიშნული პირის მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ისევე ხანგრძლივია, როგორც მოსარჩელისა. სააპელაციო სასამართლომ სპეციალურ, უმაღლეს ეკონომიკურ განათლებასთან დაკავშირებით არსებულ მოპასუხის პრეტენზიაზე მიუთითა, რომ ვერ იქნება მიჩნეული იმგვარ კრიტერიუმად, რომელიც გაამართლებდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც სადავო ბრძანება არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის გათავისუფლება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობამ განაპირობა. განათლების ნაწილში საკვალიფიკაციო მოთხოვნა არ შეცვლილა რეორგანიზაციის საფუძველზე და ამ დათქმის მიუხედავად, მოსარჩელე წლების განმავლობაში იკავებდა აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციას. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგის სპეციალობით, აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით, არაერთ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში, მათ შორის, უშუალოდ მოპასუხესთან ბუღალტრის პოზიციაზე საქმიანობის ხანგრძლივი სტაჟი, ამავე სფეროში მიღებული აქვს საერთაშორისო ბუღალტერიისა და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სერტიფიკატები, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და გადამზადება, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით და მისი ხანგრძლივი საქმიანობის პროცესში სამუშაოს არაკვალიფიციურად შესრულება საქმის მასალებით არ იკვეთება. როდესაც მოსარჩელე სადავოდ ხდის სხვა კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების საკითხს, აღნიშნულის გასაბათილებლად საქმეში წარდგენილი არ არის მტკიცებულებები, რაც შერჩეული კანდიდატის კომპეტენციის უპირატესობაზე მიუთითებდა, მათ შორის, სხდომის ოქმი, სადაც ასახული იქნებოდა თითოეული კანდიდატისათვის განსაზღვრული ქულის საფუძველი, სხდომის ოქმის მიმდინარეობის ამსახველი წერილობითი, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, იმის დასტურად, თუ რა სახის ერთგვაროვანი კითხვები დაისვა კომისიის მიერ კონკურსანტების კომპეტენციის დადგენის მიზნით და რა სახის პასუხები გაეცა მათ.
13. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის 2015 წლის 11 მარტის N01/58 ბრძანებით მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - შენიშვნის გამოცხადების საკითხზე მიუთითა, რომ აღნიშნული ვერ იქნება გათვალისწინებული მოსარჩელის კომპეტენციის შეფასებისას. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე 7 წლით ადრე დასაქმებულის მიმართ შენიშვნის სახით გამოყენებული დისციპლინური ზომა, რომლის მოქმედების ვადა ამოწურულია, გავლენას ვერ მოახდენს რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებაზე.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ იკვეთება იმგვარ გარემოებათა არსებობა, რაც ორგანიზაციული ცვლილების შედეგად კონკრეტული შტატის შემცირების აუცილებლობას დაასაბუთებდა და ისეთ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციის დაწყების საფუძვლად მითითებული, სააგენტოს ახალი დებულებით აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის მიზნები და ფუნქციები კვლავ დარჩა სააგენტოში (შექმნილ ეკონომიკურ სამსახურს გადაეცა), არ დგინდება, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება, რა ეკონომიკურ, თუ სხვა გათვლებს ეფუძნება ბუღალტრის შტატის რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, შტატების შემცირების პირობებშიც, უნდა დადგინდეს, რამ განაპირობა კონკრეტულად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები გაითვალისწინა დამსაქმებელმა. 2021 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, მართალია, აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური აღარ არის გათვალისწინებული, თუმცა დებულების მე-18 მუხლის თანახმად, შეიქმნა ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითად მიზნებსა და ამოცანებში კვლავ დარჩა სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვის მიმართულება, რომელიც იქამდე აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ახლადშექმნილი ეკონომიკური სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით სამსახურის უფროსი სპეციალისტის არსებულ ერთ საშტატო ერთეულზე განსაზღვრული ფუნქცია/მოვალეობები არსებითად იდენტურია მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ პოზიციასთან და შესაბამისად, დამსაქმებელს მართებდა იმ გარემოების მტკიცების ვალდებულებაც, თუ რა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებდა ამავე ორგანიზაციაში მრავალწლიანი სტაჟის მქონე ბუღალტერი, რასაც შეეძლო გაემართლებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ორგანიზაციამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გარდაუვალობა და მხოლოდ რეორგანიზაციაზე აპელირება, იმ პირობებში, როდესაც არ ვლინდება სხვა შესადარებელი კანდიდატების უპირატესობა, დაუსაბუთებელია. მოპასუხე ორგანიზაციას არ დაუსახელებია ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც მიენიჭა შესადარებელ პირებს უპირატესობა გათავისუფლებულ პირთან მიმართებით. მართალია, წარმოდგენილია 2021 წლის 22 დეკემბრის N3 სხდომის ოქმი, რომლის ფარგლებშიც მითითებულია გადაწყვეტილების მიღების ზოგადი მონაცემები, თუმცა მასში ასახული ინფორმაცია ვერ მიიჩნევა საკმარის დასაბუთებად პირის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის. რეორგანიზაციის მარეგულირებელი აქტები არ შეიცავს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა გადარჩევის ობიექტურ და ნათლად განსაზღვრულ, განჭვრეტად კრიტერიუმებს, თანამშრომელთა მხრიდან დასაკმაყოფილებელ მოთხოვნას, რომელსაც დაეფუძნებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა ის ობიექტური წინაპირობები, რამაც განაპირობა უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. კადრების შემცირების პარალელურად, დამსაქმებელს უნდა დაესაბუთებინა კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლების მიზანშეწონილობა, რომლის სათანადო განუხორციელებლობაც ბათილად ხდის სადავო ბრძანებას.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი, სშკ-ს 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, არ დასტურდება გარემოება, რომ მოპასუხისათვის გარდაუვალი იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახული მიზნების მიღწევისათვის. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება გარემოება, რომ დამსაქმებელი შეეცადა (გაატარა შესაბამისი ღონისძიება), რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის შრომის უფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ დასტურდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სამუშაო ადგილზე აღდგენის სანაცვლოდ მოითხოვდა კომპენსაციის 9 600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კომპენსაციასთან მიმართებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 4 000 ლარის ოდენობით.
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, დასაქმებულს 2022 წლის იანვრიდან უფიქსირდება შემოსავალი „ხელფასისა“ და „მომსახურების ანაზღაურების“ დანიშნულებით. აღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოთხოვნას გამოაკლდა 10 625 ლარი, რომელიც სასამართლომ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დასაქმების შედეგად, მოსარჩელის მიერ მიღებულ ხელფასად.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბუღალტრული საქმიანობის გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მუშაობის პარალელურად, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულების შედეგად შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია იძულებითი განაცდურის ასანაზღაურებელ ოდენობას გამოაკლდეს ზემოაღნიშნული შემოსავალი, რადგანაც შრომითი ურთიერთობის მოქმედების პირობებშიც, მოსარჩელე მხარე შეძლებდა აღნიშნული შემოსავლის მიღებას [„შეთავსებითი“ სამუშაოს განხორციელებას].
22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
23. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
23.1. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხე დაწესებულებაში ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების ფაქტს, რის შედეგადაც მოხდა სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, ასევე, გარკვეული პოზიციების შემცირება 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში დარჩა 11 სამსახური, მათ შორის, გაუქმდა აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური, სადაც არსებობდა 3 საშტატო ერთეული: 1) სამსახურის უფროსი; 2) უფროსი სპეციალისტი; 3) მთავარი სპეციალისტი. უდავო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის 05/05 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი დებულება, რომლის თანახმად შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურული მოწყობა, დაზუსტდა სააგენტოს მიზნები და ამოცანები. სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 25 ნოემბრის 02/76 ბრძანებით სააგენტოს სტრუქტურისა და ფუნქციების ახალ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის, სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, აგრეთვე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის 25 ნოემბრიდან განხორციელდა რეორგანიზაცია, სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების გზით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 დეკემბრის 02/78 ბრძანებით დამტკიცდა რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობა და თანამშრომელთა გადარჩევის წესი. დასაქმებულთა ობიექტურად და მიუკერძოებლად შეფასებისა და კომპეტენციის განსაზღვრის მიზნით ჩატარდა წერითი დავალება ზოგად უნარებში და გასაუბრება;
23.2. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სააგენტოში ჩატარებულ ზეპირ გასაუბრებაში, ხოლო ზოგად უნარებში ტესტირების წერის ვალდებულებისგან გათავისუფლდა, როგორც საპენსიო ასაკს მიღწეული პირი. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის N3 სხდომის ოქმის მიხედვით, კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა. ოქმის თანახმად, გასაუბრებაში მონაწილე პირებს დაესვათ ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი;
23.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომელმაც უდავოდ არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის N05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების შესაბამისად, აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის გაუქმების შემდგომ, ეკონომიკურ სამსახურში აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით განსაზღვრულ უფროსი სპეციალისტის ერთ საშტატო ერთეულზე დანიშვნისას, სააგენტომ იხელმძღვანელა როგორც გასაუბრების შედეგებით, აგრეთვე დასაკავებელი პოზიციების სამუშაო აღწერილობებთან თანამშრომლების შესაბამისობის კრიტერიუმით და უპირატესობა მიანიჭა იმ დასაქმებულს, რომელმაც წარმატებით გაიარა კომპეტენციის დადგენისთვის განსაზღვრული ყველა ეტაპი, კერძოდ, ტესტირება ზოგად უნარებში, გასაუბრება და რომლის გამოცდილება და განათლება უფრო მეტად შეესაბამებოდა დასაკავებელ პოზიციას;
23.4. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, კერძოდ, მას შემდეგ რაც გაუქმდა აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური, ხოლო ახლად შექმნილ ეკონომიკურ სამსახურში აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით განისაზღვრა მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული, საჭირო იყო აღნიშნული პოზიციის დაკომპლექტება შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირით. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე განათლებით მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგია, მას არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული ეკონომიკის/ფინანსების სფეროში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და გადამზადება, თუმცა აღნიშნულს ვერ ადასტურებს საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულებით;
23.5. საგულისხმოა კომისიის მიერ მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების ოქმის შინაარსი, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის გადაწყვეტილების უმთავრესი საფუძველი გახდა ის, რომ მოსარჩელე მხოლოდ ტექნიკურად, რუტინულად ასრულებდა დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. კომისიის მხრიდან კითხვების დასმისას გამოიკვეთა არაერთი ხარვეზი მისი საქმიანობის მიმართულებით, ხოლო აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებისა და მისი მიმართულების კომპლექსურად გამართვაზე, დასაქმებულს არანაირი გეგმა და მიზანი არ გააჩნდა. ზემოაღნიშნულ გარემოებას ამტკიცებს ისიც, რომ კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის სპეციალისტებიც იყვნენ. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელის მხრიდან, საქმიანობის განხორციელების პროცესში ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. აღნიშნულს მოწმობს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 11 მარტის N01/58 ბრძანება, რომლის თანახმად, დავალების არაჯეროვანი შესრულების გამო, სააგენტოს აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის თანამშრომელს მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოეცხადა შენიშვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ იხელმძღვანელა რა გასაუბრების შედეგებით, აგრეთვე დასაკავებელი პოზიციის სამუშაო აღწერილობასთან თანამშრომლის შესაბამისობის კრიტერიუმით, უპირატესობა მიანიჭა დასაქმებულს, რომელიც დადებითად შეფასდა კომისიის წევრების მიერ და რომლის გამოცდილება და განათლება უფრო მეტად შეესაბამებოდა დასაკავებელ პოზიციას. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოპასუხემ სრულიად კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
23.6. მოსარჩელის დაკავებული პოზიციის გაუქმების პარალელურად, სააგენტოში არ არსებობდა ის ალტერნატიული ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც შესაძლოა გადაყვანილი ყოფილიყო მოსარჩელე, რასაც ადასტურებს სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია არ წარმოადგენს ტოლფას თანამდებობას ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით თანამდებობასთან მიმართებით. აღნიშნული თანამდებობა გაცილებით მეტ ფუნქცია-მოვალეობებს მოიცავს, რაც აისახება თანამდებობრივ სარგოზეც, რომელიც გაცილებით უფრო მაღალია იმ თანამდებობასთან შედარებით, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა. აღნიშნული გარემოება მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელემ სწორედ ამიტომ დააზუსტა მეორე სასარჩელო მოთხოვნა და პირვანდელ ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენის ნაცვლად მოითხოვა სააგენტოსთვის კომპენსაციის დაკისრება. მოსარჩელე მხარეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომ სააგენტოში არსებობდა სხვა რაიმე ალტერნატიული პოზიცია, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მისი გადანიშვნა;
23.7. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების 1.3. პუნქტი მოსარჩელის მიერ ხელფასის სახით მიღებული 10 625 ლარის გამოკლების ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ლოგიკურად დაადგინა, რომ მოსარჩელის სააგენტოდან გათავისუფლების შემდგომ, სხვა ორგანიზაციაში დასაქმების შედეგად, მას ხელფასის სახით მიღებული აქვს 10 625 ლარი. ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელე, რომელიც სააგენტოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებული იყო ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე ყოფილიყო სააგენტოში და განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქცია- მოვალეობები, სხვა ორგანიზაციაში საქმიანობას ვერ შეძლებდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითება, რომ სააგენტოში მუშაობის პირობებშიც, მოსარჩელე მხარე შეძლებდა აღნიშნული შემოსავლის მიღებას (შეთავსებითი სამუშაოს განხორციელებას) უსაფუძვლო და გაუმართლებელია.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
28. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, რამდენად მართლზომიერად გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) გათვალისწინებული საფუძვლით და რამდენად სამართლიანად განისაზღვრა ასანაზღაურებელი იძულებითი განაცდურის ოდენობა.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-414-391-2014, 29 ივნისი, 2015 წელი; საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
31. რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
32. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს/დამსაქმებელს არ წარუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლებას დაადასტურებდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ნოემბრის N02/76 ბრძანებით დაწყებული რეორგანიზაციის მიზანი იყო სააგენტოს სტრუქტურისა და ფუნქციების ახალ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა. 2021 წლის 24 ნოემბრის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ახალი დებულებით, მართალია, აღარ იყო გათვალისწინებული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური, თუმცა ამ სამსახურის მიზნები და ფუნქციები კვლავ დარჩა სააგენტოში და იგი, სხვა ფუნქციებთან ერთად, შექმნილ ეკონომიკურ სამსახურს გადაეცა. საკასაციო სასამართლო დამსაქმებლის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, მოპასუხე სააგენტო ვერ მიუთითებს, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება, რა ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ თუ ორგანიზაციულ გათვლებს ეფუძნებოდა კონკრეტულად ბუღალტრის შტატის რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულების სპეციალისტის დამატებითი საჭიროება დასტურდება ეკონომიკურ სამსახურში შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმებისა, თუ ამავე მიმართულებით სტაჟიორთა მისაღებად კონკურსის გამოცხადებით.
33. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ორგანიზაცია რეორგანიზაციის პირობებში მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად ერთი მხრივ მიუთითებს დასაქმებულის შესაბამისი კომისიის მიერ უარყოფით შეფასებაზე (გადარჩევას დაქვემდებარებული თანამშრომლების იდენტიფიცირება, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრა, განახორციელა სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, აღნიშნულ თანამშრომლებთან გასაუბრების ჩატარების გზით), ხოლო მეორე მხრივ სადავოდ ხდის მოსარჩელის კომპეტენციასა და მიუთითებს ხარვეზებზე მის საქმიანობაში, ასევე, 2015 წლის 11 მარტის N01/58 ბრძანებით მისთვის გამოცხადებულ შენიშვნაზე.
34. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მარტოოდენ 2021 წლის 22 დეკემბრის N3 კომისიის სხდომის ოქმი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აღნიშნული სხდომის ოქმის აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერი, მისი შინაარსის სადავოობის პირობებში, ვერ შეფასდება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დამადასტურებელ მტკიცებულებად. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოქმიდან არ ირკვევა თითოეული კანდიდატისათვის განსაზღვრული ქულის საფუძველი, დაისვა თუ არა ერთგვაროვანი კითხვები და სხვა. შესაბამისად, დაუდგენელია გასაუბრების რეალური შინაარსი, დასმული შეკითხვები და გაცემული პასუხები, რაც სასამართლოს მოსარჩელესთან მიმართებით კომისიის გადაწყვეტილების შეფასების საშუალებას მისცემდა, სხდომის ოქმი გასაუბრების შინაარსის თაობაზე მხოლოდ ზოგად და ბუნდოვან ინფორმაციას შეიცავს.
36. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი და ბუნდოვანი გასაუბრების ოქმის პირობებში, დამსაქმებლის მხარეს ნარჩუნდება იმ გარემოებათა დამტკიცების ვალდებულება, რომ გასაუბრების პროცესში მოსარჩელემ, კონკურენტებთან შედარებით, საკუთარი კომპეტენცია ვერ წარმოაჩინა. მტკიცების ტვირთის ფარგლებში, გასაუბრების უარყოფითი შედეგების დასადასტურებლად აუცილებელია უფრო ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდრე წერილობით შედგენილი შეფასებითი ხასიათის გასაუბრების ოქმი (იხ. სუსგ საქმე Nას-1441-2025, 5 თებერვალი, 2026 წელი; Nას-1165-2022, 22 მარტი, 2023 წელი).
37. საქართველოს უზენაესი სასამართლო მოპასუხის შედავებასთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაბამისი იურიდიული განათლება და კომპეტენცია აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 1 მაისის N1/93 ბრძანების N16 დანართით განსაზღვრული იყო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი ბუღალტრის (მოსარჩელე) სამუშაო აღწერილობა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს ევალებოდა: ა) სამსახურის მიმდინარე საქმიანობის წარმართვა; ბ) მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა; გ) პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა; დ) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების დროული გამოვლენა და აღრიცხვაში მისი ასახვა; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; აღნიშნული დანართის შესაბამისად, აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროს ბუღალტერს მოეთხოვებოდა უმაღლესი ეკონომიკური განათლება და შემდეგი კანონების ცოდნა: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“; დ) საბიუჯეტო სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო კანონქვემდებარე აქტები; ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება. ასევე, დასაქმებულს მოეთხოვებოდა შემდეგი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ა) Microsoft Office Word; ბ) Microsoft Office Excel; გ) Microsoft Office PowerPoint (საკვალიფიკაციო მოთხოვნები). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 2008 წლიდან და მისი კომპეტენცია დასაქმების პერიოდში სადავოდ არ გამხადა, ამასთან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებაში ამგვარ საფუძველზე არ არის მითითება. ასეც, რომ არ იყოს მოსარჩელეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით, არაერთ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში, მათ შორის, უშუალოდ მოპასუხესთან ბუღალტრის პოზიციაზე საქმიანობის ხანგრძლივი სტაჟი, ამავე სფეროში მიღებული აქვს საერთაშორისო ბუღალტერიისა და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სერთიფიკატები, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და გადამზადება (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 266-272), მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით და მისი ხანგრძლივი საქმიანობის პროცესში სამუშაოს არაკვალიფიციურად შესრულება საქმის მასალებით არ იკვეთება. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის აღნიშნული არგუმენტის სხვა კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების საკითხის კონტექსტში შეფასების პირობებშიც, სააგენტოს ევალებოდა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაესაბუთებინა შერჩეული კანდიდატის კომპეტენციის უპირატესობა, რაც წინამდებარე დავის ფარგლებში არ განხორციელებულა.
38. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 23.5 პუნქტში მითითებულ პრეტენზიას მოსარჩელის საქმიანობის ხარვეზთან დაკავშირებით, მოპასუხის პოზიცია არც ამ ნაწილშია შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული, მითითება 2015 წლის 11 მარტის N01/58 ბრძანებაზე, რომლითაც დასაქმებულს გამოეცხადა შენიშვნა დავალების არაჯეროვანი შესრულების გამო გავლენას ვერ მოახდენს რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. აღნიშნული კი გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 58-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
41. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ იძულებითი განაცდურის გაანგარიშებას, რომლის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა გამოაკლდეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
42. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ისეთი ვითარებაში, როდესაც გათავისუფლებული პირი სასარჩელო წესით იცავს თავის უფლებას, თან იმავდროულად სხვაგან იწყებს მუშაობას, იმთავითვე არ გამორიცხავს, რომ მას იძულებითი განაცდური სრული მოცულობით მიეკუთვნოს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ იძულებითი მოცდენის პერიოდში მის მიერ სხვა დამსაქმებელთან შესრულებული სამუშაოს ხასიათი და მოცულობა ისეთი არის ან იყო, რომ მისი შეთავსება ძირითად სამუშაოსთან შესაძლებელი იქნებოდა და არ დააბრკოლებდა იმ სამსახურში მოვალეობების შესრულებას, საიდანაც უკანონო გათავისუფლების გამო მოესპო კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა (იხ., სუსგ №ას-736-2022, 21 ოქტომბერი 2022 წელი, ას-926-2025, 4 თებერვალი 2026 წელი).
43. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ბუღალტრული მომსახურება, თავის მხრივ, მომსახურების ხელშეკრულებების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შეთანხმებით, მომსახურების გამწევი თავად არეგულირებს მომსახურების გაწევის დროს და როგორც წესი არ იბოჭება კონკრეტულ დღეებში აქტივობების შესრულების ვალდებულებით. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაქმებულის საქმიანობის გათვალისწინებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეს მუშაობის პარალელურად, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, მომსახურების/ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულების შედეგად შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია აღნიშნული შემოსავლის გამოკლება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1174-2021, 22 მაისი 2023 წელი, ნარდობის ხელშეკრულების თავისებურების განმარტების ნაწილში, პარ. 17.1-17.4)
44. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის წერილითა და თანდართული მასალებით მოსარჩელეს ჩარიცხვები სხვადასხვა კომპანიებისგან უფიქსირდება (იხ. ტ. 2 , ს.ფ 158-163).
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 000 ლარის 70% - 1400 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 399-ე, და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ ....... ) დაუბრუნდეს მის მიერ 03/11/2025 წელს №17869 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 000 ლარის 70% - 1400 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე