საქმე №ას-466-2024
29 ოქტომბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ჭ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ–ია“ (მოსარჩელე)
მოპასუხეები - შპს „ვ.დ–ი“, თ.ბ–ი, მ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ს.კ–იამ“ (შემდგომში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს „ვ.დ–ის“, თ.ბ–ის, მ.მ–ის, თ.ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხეები", „კასატორი“) მიმართ, თანხის 13 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
საქმეზე არცერთ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2 აღნიშნულ დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ს.კ–იამ.“
3.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 სექტემბრის განჩინება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოსარჩელემ.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
4.2 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც მან ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელ, თ.ბ–ძეს, 2023 წლის 21 აპრილს დაეწყო მშობიარობა, რის გამოც მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა. მოსარჩელის მეორე წარმომადგენელი, მ.გ–ი, წარმოადგენს თ.ბ–ძის მეუღლეს. ვინაიდან, 2023 წლის, 22 და 23 აპრილი იყო დასვენების დღეები, შაბათ-კვირა, ვერ მოახდინეს სასამართლოს ინფორმირება. წარმომადგენლები 24 აპრილს სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ. აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი, 2023 წლის 23 აპრილს, გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წლის 21 აპრილიდან, თ.ბ–ძე, მოთავსებული იყო კლინიკა, შპს „ი.ვ–ში“. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 23 აპრილს.
4.3 სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის პოზიციას და მიიჩნია, რომ პოსტსამშობიარო პერიოდის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მეორე წარმომადგენელი მ.გ–ი წარმოადგეს თ.ბ–ძის მეუღლეს, რომელიც ზრუნავდა პაციენტის/მეუღლის და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საჭიროებებზე, მათთვის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი იყო და სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება არ არის მართებული.
4.4 სააპელაციომ პალატამ აღნიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ბართაია საქართველოს წინააღმდეგ (N10978/06).
4.5 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარის გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო დაუშვებელი, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება - სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, რაც ამავე კოდექსის 241-ე მუხლიდან გამომდინარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა თ.ჭ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შპს „ს.კ–იას“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქმება უარი.
5.2 კასატორის განმარტებით, სარჩელი საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია შპს „ს.კ–იის“ მიერ, რომელსაც ჰყავს ორი წარმომადგენელი. კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობით დასტურდება, რომ კომპანიის უფლებების დაცვა და წარმომადგენლობა მიანიჭა თ.ბ–ძესა და მ.გ–ს, ამასთან წარმომადგენლობა მინიჭებულია, როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მინდობილ პირს, დამოუკიდებლად შეეძლო კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში და შესაბამისად, 2023 წლის 24 აპრილს, გამართულ სხდომაზე წარმომადგენლობა.
5.3 კასატორის განმარტებით, მხარე აპელირებს რომ მის მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო გადაუდებელი მშობიარობის საფუძვლით, თუმცა არაფერს უთითებს მ.გ–ის მიერ პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე, რომელსაც ჰქონდა სრული უფლებამოსილება წარმოდგენილიყო პროცესზე. სრულიად გაუგებარია, თუ რის საფუძველზე და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაიზიარა აპელაციამ მხარის პოზიცია, 21 აპრილს, თ.ბ–ძეს მიერ შვილის შეძენა, რატომ გამორიცხავდა 24 აპრილს სხდომაზე მ.გ–ის გამოუცხადებლობას.
5.4 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა და შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეში, მხარეს წარმოადგენდა იურიდიული პირი. ის ფაქტი, რომ, თუ რომელიმე წარმომადგენელი არ გამოცხადდა პროცესზე, ეს არ ათავისუფლებს მოსარჩელეს, როგორც იურიდიულ პირს პასუხისმგებლობისგან და იმ მოსალოდნელი შედეგებისგან, რაც შესაძლოა პროცესზე გამოუცხადებლობას მოჰყვეს. იურიდიულ პირს, შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება. ამასთან, კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება სათანადო მენეჯმენტის არქონა, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების ვალდებულებისაგან.
5.5 კასატორის განმარტებით, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო 24 აპრილს, 15:00სთ-ზე. მხარეს მარტივად შეეძლო წარედგინა განცხადება ან დაჰკავშირებოდა სასამართლო კოლეგიას და მოეთხოვა პროცესის გადადება, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები მას არ გაუტარებია.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა, მტკიცებულებათა გაანალიზების და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.
9. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. 10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 06 სექტემბრის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მონაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება,ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები: სასამართლო საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, ამ დროს საქმის განხილვა და ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება - სურვილზე. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საქმე განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს გამოუცხადებელი მხარის მონაწილეობის გარეშე.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ (როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას. 14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ. №ას-290-2025,26.09.2025წ.).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. საქმე №ას-1038-2025, 23.10.2025წ.). 16. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 229-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
17. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ-ის 233.1. მუხლი).
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც წესი, დაკავშირებულია სასამართლოს მიერ არაერთი მოქმედების შესრულების განხორციელებასთან (გადაწყვეტილების მომზადება, მისი მხარისათვის ჩაბარება, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება, საჩივრის განხილვა და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ გამოდგეს გაუმართლებელი და მოხდეს სასამართლოს რესურსების მართლზომიერი გამოყენება, მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს სასამართლოს, რომ ვერ ახერხებს სასამართლოში გამოცხადებას და დაასაბუთოს გამოუცხადებლობის საპატიობა. მსგავსი განცხადების არსებობისას და გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისას, სასამართლო უარს განაცხადებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსი მოქმედებათა განხორციელება შედის არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მხარის ინტერესებშიც (იხ.სუსგ.საქმე Nას-274-2021, 07.07.2021).
19. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
20. კასატორის შედავება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს - შპს „ს.კ–იას" ჰყავს ორი წარმომადგენელი - თ.ბ–ძე და მ.გ–ი, რომლებსაც წარმომადგენლობა მინიჭებული აქვთ როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მინდობილ პირს, დამოუკიდებლად შეეძლო კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია მეორე წარმომადგენლის მ.გ–ის მიერ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებებზე, რომელსაც ჰქონდა სრული უფლებამოსილება წარმოდგენილიყო პროცესზე. სრულიად გაუგებარია, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 21 აპრილს, მოსარჩელის წარმომადგენლის თ.ბ–ძის მშობიარობა და შვილის შეძენა, მიჩნეულ იქნა 2023 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მხარის მეორე წარმომადგენლის მ.გ–ის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებად.
21. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, 2023 წლის 24 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც, მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელს, თ.ბ–ძეს, 2023 წლის 23 თებერვალს, სატელეფონო აქტით ეცნობა მოსამზადებელი სხდომის თაობაზე, რაც დასტურდება საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებით.
22. დადგენილია, რომ 2023 წლის 24 აპრილს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, არ გამოცხადდნენ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები თ.ბ–ძე და მ.გ–ი. თ.ბ–ძეს, სასამართლო სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელეს, ასევე ეცნობა გამოუცხადებლობის იურიდიული შედეგების თაობაზე. ამასთან, განემარტა ვალდებულება, წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოცხადების შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (სუსგ №ას-1674-2019, 14.09.2020წ; №ას-1782-2018, 25.01.2022წ; №ას-88-2023, 10.03.2023წ; №ას-1519-2022, 04.04.2023წ.).
25. ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,ამა თუ იმ პირისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა თავისთავად, ცალკე აღებულიც, პაციენტის შრომისუუნარობასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილზე თუ სხვა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საავადმყოფო ფურცლის სამართლებრივ სტატუსს და განმარტავს, რომ საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბოლატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას“ (შდრ. სუსგ №ას-1976-2018, 2020 წლის 30 აპრილი).
26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2023 წლის 24 აპრილს, 15:00 საათზე, მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (მოსარჩელის წარმომადგენელი თ.ბ–ძე მშობიარობის გამო, სამედიცინო კლინიკაში იქნა გადაყვანილი), რასაც იზიარებს საკასაციო პალატა. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე წარმომადგენელს, მის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება/ები, რომლითაც დადასტურდებოდა სასამართლოზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაცია), რომლითაც საპატიოდ მიიჩნია მოსარჩელის მეორე წარმომადგენლის, მ.გ–ის სხდომაზე გამოუცხადებლობა იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენს თ.ბ–ძის მეუღლეს, რომელიც ზრუნავდა პაციენტის/მეუღლის და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საჭიროებებზე, არის უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებული.
27. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (იხ. სუსგ. საქმე Nას-816-2024, 09.10.2024წ.).
28. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელს ხელს აწერს ორივე წარმომადგენელი. მ.გ–ს, სასამართლოსთვის არ მოუმართავს და მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია, ასევე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება. თ.ბ–ძის განმარტებით, მ.გ–ი არის მისი მეუღლე და სამშობიარო სახლში მასთან ერთად იმყოფებოდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება განხილული მ.გ–ის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი, 2023 წლის 23 აპრილს, შპს "ი-ვ.გ.ც–ის" მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) ადასტურებს, რომ მშობიარობის პროცესი გართულებების გარეშე წარიმართა და თ.ბ–ძე კლინიკიდან გაეწერა 2023 წლის 23 აპრილს, ხოლო სასამართლო სხდომა, საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო 2023 წლის 24 აპრილს. გასაზიარებელი არ არის, ასევე, თ.ბ–ძის განმარტება, რომ კონკრეტულად მოსარჩელე მხარე - შპს „ს.კ–ია“ და მეორე წარმომადგენელი მ.გ–ი, სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, სასამართლოს მხრიდან ინფორმირებული არ იყვნენ, ვინაიდან, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ სატელეფონო შეტყობინების საშუალებით მოხდა მხოლოდ მისი გაფრთხილება და არა კონკრეტულად მოსარჩელე იურიდიული პირის.
29. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად, ერთი წარმომადგენლის გაფრთხილება ნიშნავს, რომ შესაბამისი მხარე ინფორმირებულია სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს თ.ბ–ძის მითითებას, იმის თაობაზე, რომ შპს „ს.კ–ია“ და ასევე მ.გ–ი არ იყვნენ ინფორმირებული სხდომის თაობაზე.
30. საკასაციო პალატა, მიუთითებს სსსკ-ის 93-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეს წარმოადგენს იურიდიული პირი, რაც, უპირველესად, გულისხმობს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფას ან, უკიდურეს შემთხვევაში, დროულად სასამართლოსათვის შეტყობინებას მხარის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზით შეუძლებლობის შესახებ. იურიდიულმა პირმა, ისე უნდა უზრუნველყოს საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის ავადმყოფობამ არ შეაფერხოს მისი ფუნქციონირება. იურიდიულ პირს, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკის მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი პრობლემების წინაშე დააყენოს იგი.
31. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v Georgia N30459/13, 06/12/2016), მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა შეესწავლა ორი ძირითადი საკითხი: პირველი - გამოიჩინა თუ არა საქართველოს სახელმწიფომ საკმარისი გულმოდგინება ყველა საჭირო ზომის მიღებით, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის (განმცხადებლისათვის) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა მისთვის მშობლის უფლებების შესაძლო შეზღუდვას და ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა (განმცხადებელმა) განაცხადა თუ არა უარი საკუთარ უფლებაზე, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და დაეცვა თავი; და მეორე - უზრუნველყო თუ არა ეროვნულმა კანონმდებლობამ მომჩივანი (განმცხადებელი) შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით, რათა დაცული ყოფილიყო შეჯიბრებითობის პრინციპი ახალ სასამართლო სხდომაზე, როდესაც მან შეიტყო მის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ (§38). საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (Gakharia v Georgia N30459/13, 06.12.2016, § 49-51).
32. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (იხ. „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v Georgia/საჩივარი N10978/06, ECHR).
33. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქმეზე „ავოტინში ლატვიის წინააღმდეგ“, რომელშიც განმცხადებლის ერთ-ერთი პრეტენზია იყო, მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე მითითების არარსებობა, არ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა და განმარტა, რომ განმცხადებელი უნდა გასცნობოდა კვიპროსის სასამართლოებში შესაძლო განხილვის წესს. არ მოიპოვა რა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია, მან, თავისი უმოქმედობითა და მონდომების არარსებობით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ვითარების შექმნას, რომელზეც იგი ჩიოდა ევროპულ სასამართლოში და რომელიც შეეძლო აეცილებინა ზიანის გარეშე (CASE AVOTIŅŠ v. LATVIA, Application no. 17502/07, [დიდი პალატა], JUDGMENT, 2016 წლის 23 მაისი, §123-124) - (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, გია ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი, ზურაბ ძლიერიშვილი - სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი II, გვ.255-257; თბილისი, 2023წ.)
34. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს განჩინება სავსებით დასაბუთებულია საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2023 წლის 06 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
35. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
36. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 06 სექტემბრის განჩინება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
4. შპს „ს.კ–იას“, თ.ჭ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 666,5 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი