Facebook Twitter

საქმე №ას-1030-2024

27 ნოემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ჩ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ფ–ძე, სს „ვ...“ (მოპასუხეები)

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წილის უპირატესი შესყიდვის საფუძვლით, უპირატესი შესყიდვის უფლების აღიარება, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალდებულება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მ.ჩ–იამ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, “კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მ.ფ–ძის, და სს „ვ...“ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხეები", „მოწინააღმდეგე მხარეები“), მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1 ბათილად იქნას ცნობილი მ.ფ–ძესა და შპს „ვ...“ შორის თბილისში, .......... მდებარე 107.5 კვ. მეტრ ფართზე (ს/კ: ........) თანასაკუთრების წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 28 აპრილს;

1.2 აღიარებულ იქნას მ.ჩ–იას უპირატესი შესყიდვის უფლება თბილისში, ........... მდებარე 107,5 კვ. მეტრი ფართის უძრავი ქონების (ს/კ .........) მ.ფ–ძის თანასაკუთრების წილზე;

1.3 დაევალოს მ.ფ–ძეს, თბილისში, .......... მდებარე 107,5 კვ. მეტრი ფართის უძრავი ქონების (ს/კ .........) თანასაკუთრების წილზე ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელე მ.ჩ–იასთნ დადება.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჩ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით, მ.ჩ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 2004 წლის 27 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელე მ.ჩ–იამ და მოპასუხე მ.ფ–ძემ თანასაკუთრების უფლებით შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, .........., 107,5 კვ.მ ფართის უძრავი ქონება ს/კ ...........

4.2.2 მ.ჩ–იამ და მ.ფ–ძემ ერთობლივად 50-50%-იანი თანამონაწილეობით დააარსეს შპს „ჩ.მ.ც–ი“. შპს „ჩ.მ.ც–ის“ დირექტორად დაინიშნა მ.ჩ–ია.

4.2.3 შპს „ჩ.მ.ც–ის“ ადგილსამყოფლად განისაზღვრა - საქართველო, ქ. თბილისი, .......... აღნიშნულ მისამართზე მ.ჩ–ია და მ.ფ–ძე ერთობლივად აწარმოებდნენ სამეწარმეო საქმიანობას (ბიზნესს).

4.2.4 2022 წლის 28 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით თბილისში, .......... მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ ........ ფართით 107.5 კვ.მ ფართის ქონებაში მისი საკუთარი წილი მ.ფ–ძემ გაასხვისა შპს „ვ...“-ს სახელზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 100 000 დოლარის ეკვივალენტ ლარად.

4.3 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო ქონების გასხვისებისას არ იყო უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი.

4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება წარმოიშვას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ხელშეკრულების საფუძველზე. ვინაიდან უძრავი ქონების თანამესაკუთრის უპირატესი შესყიდვის უფლება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, ასეთი უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია თანამესაკუთრეების შეთანხმება.

4.5 სააპელაციო პალატის განმარტებით, მ.ფ–ძესა (გამყიდველი) და სს „ვ...-ს“ (მყიდველი) შორის 2022 წლის 28 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მოსარჩელე მ.ჩ–ია არ წარმოადგენდა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს, რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება მხარეთა მიერ შეთანხმებული არ ყოფილა (უდავო გარემოება), ხოლო 2022 წელს უპირატესი შესყიდვის უფლების იმპერატიულად განმსაზღვრელი ნორმები აღარ მოქმედებდა.

4.6 სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება, რომ იგი წარმოადგენს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს, ვინაიდან მხარეები ნივთის თანამესაკუთრეები გახდნენ 2004 წლის 27 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, როდესაც უპირატესი შესყიდვის უფლება კანონის საფუძველზე ავტომატურად წარმოიშობოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ნორმატიულ აქტში ცვლილების ან/და დამატების (დამატებების) ) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება. დასახელებული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4.7 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შეფასება ხდება იმ მატერიალური კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს ასეთი ურთიერთობის წარმოშობის დროს, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა. მაშასადამე, უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობის საკითხიც უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, არსებობს თუ არა ასეთი უფლება იმ დროს, როდესაც მესაკუთრე ნასყიდობის ხელშეკრულებას დებს და უპირატესი შესყიდვის უფლების სავარაუდო განხორციელების საფუძველი წარმოიშობა. როდესაც მოსარჩელე დავობს უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობაზე, ისეთი სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც 2022 წელს წარმოიშვა, უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობაც, სწორედ, 2022 წელს არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში უნდა მოხდეს. ამ დროს, კი, მოსარჩელე კანონით არ იყო აღჭურვილი უპირატესი შესყიდვის უფლებით, მხარეებს ასეთი უფლება შეთანხმებით არ გაუთვალისწინებიათ.

4.8 სააპელაციო პალატამ, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და მ.ფ–ძისთვის მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალება, ვინაიდან, დასახელებული სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლად აპელანტი უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობას ასახელებს, ხოლო ის ასეთი უფლების მქონე პირი არ ყოფილა.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჩ–იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 173-ე და 959-ე მუხლების ამჟამინდელი რედაქცია სადავო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. როგორც დადგენილია, მ.ჩ–იამ და მ.ფ–ძემ სადავო უძრავი ქონება შეიძინეს 2004 წელს, მაშინ, როდესაც საზიარო საგნის განკარგვის შემთხვევაში მოქმედებდა უპირატესი შესყიდვის კანონისმიერი უფლება. კანონში 2007 წელს შესული ცვლილების შესაბამისად, მართალია, მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ უპირატესი უფლების გამოყენების თაობაზე, მაგრამ რა მომენტში უნდა მოხდეს ამ უფლებაზე შეთანხმება. ბუნებრივია თანასაკუთრების წარმოშობის მომენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნორმა საერთოდ არ იმოქმედებს, რადგან წილის გასხვისების მომენტში გამსხვისებელს ნაკლებად ექნება ინტერესი ეს უფლება მიანიჭოს თანამესაკუთრეს. ამდენად, არასწორად და დაუსაბუთებელია ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უპირატესი შესყიდვის უფლების წარმოშობის მომენტად წილის გასხვისების მომენტის მითითება. არასწორია “უპირატესი შესყიდვის უფლების წარმოშობისა” და “უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელების” გაიგივება. უპირატესი შესყიდვის უფლება კასატორს წარმოეშვა 2004 წელს, ხოლო მისი განხორციელება უნდა მომხდარიყო 2022 წელს. ის ფაქტი, რომ მ.ჩ–ია სადავოდ ხდის 2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებას, არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება მას მიეცა 2004 წელს კანონით (და ივარაუდება ხელშეკრულებაშიც) და ეს უფლება კანონში ცვლილებით ვერ წაერთმეოდა. სასამართლოს მოსაზრება, რომ უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობა მოხდეს ამ უფლების განხორციელებისას მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციით, სრულიად დაუსაბუთებელია.

5.3 კასატორის განმარტებით, 2007 წელს განხორციელებულ ცვლილებამდე უპირატესი შესყიდვის უფლება თანასაკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველში თავისთავად მოიაზრებოდა შეთანხმება ამ უფლებაზე. მინიშნება ამასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო, შეიძლება არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იმპერატიული ნორმა და შეთანხმების იმპერატიული დებულება იყო. ამ უფლების გამოყენება დროში შეზღუდული ვერ იქნება. მ.ჩ–იასა და მ.ფ–ძეს შორის თანასაკუთრების წარმოშობის მომენტში მათ ჰქონდათ შეთანხმება უპირატესი შესყიდვის შესახებ, კანონის იმპერატიული დანაწესის ძალით.

5.4 კასატორის განმარტებით, სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე ბაჟები გადახდილი იყო შეცდომით, ვინაიდან, „სახელმწიფო – ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც შეზღუდული უნარის მქონე პირი. სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა შუამდგომლობაზე ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, უპირატესი შესყიდვის უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლის შეფასება და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით აღიარებული საკუთრების უფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და განვითარების საფუძველია. საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლების დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება მოიცავს სახელშეკრულებო თავისუფლებას, მათ შორის, იცავს ქონების, საბანკო ანგარიშებისა და ქონებრივი უფლებების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობას. „საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე, შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/9/745 გადაწყვეტილება.).

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.

13. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, „საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეეფასებინა კასატორის მიერ დაფიქსირებული პოზიცია მასზედ, რომ გამოისყიდოს წილი თანასაკუთრების საგანში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. ამავე კოდექსის 516-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამრიგად, უპირატესი შესყიდვის უფლების ქვეშ იგულისხმება პირის შესაძლებლობა, შეიძინოს კონკრეტული ქონება მესაკუთრისგან იმ ფასითა და პირობებით, რომლებითაც ეს უკანასკნელი ამ ქონების მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს. უპირატესი შესყიდვის უფლება პირობაზე დამოკიდებული, აღმჭურველი უფლებაა. პირობაზე დამოკიდებულია იმიტომ, რომ მისი განხორციელების შესაძლებლობა მთლიანად არის ისეთი ხდომილებით განპირობებული, როგორიცაა - მესაკუთრესა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადების ნების ფორმირება, ხოლო აღმჭურველია იმდენად, რამდენადაც პირს წარმოუშობს ქონების შეძენის პრივილეგიას საპასუხო ვალდებულების დაკისრების გარეშე. (იხ. სუსგ №ას-607-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი, პ.16-17; №ას-1407-2023 20 მაისი, 2024წ).

14. დადგენილია, რომ 2004 წლის 27 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოსარჩელე მ.ჩ–იამ და მოპასუხე მ.ფ–ძემ თანასაკუთრების უფლებით შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ........., 107,5 კვ.მ ფართის უძრავი ქონება ს/კ ........... ხოლო, 2022 წლის 28 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით თბილისში, ......... მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ ......... ფართით 107.5 კვ.მ ფართის ქონებაში მისი საკუთარი წილი მ.ფ–ძემ გაასხვისა შპს „ვ...“-ს სახელზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 100 000 დოლარის ეკვივალენტ ლარად.

15. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის სამართლებრივ დასკვნას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე სადავო ქონების გასხვისებისას არ იყო უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, მას უპირატესი შესყიდვის უფლება წარმოეშვა 2004 წელს, როცა მოპასუხესთან ერთად, თანასაკუთრების უფლებით შეიძინა ფართი და როდესაც მოქმედი ნორმებით, აღნიშნული უფლება იყო რეგლამენტირებული, შესაბამისად, მას უნდა ესარგებლა უპირატესი შესყიდვის უფლებით 2022 წელს, როდესაც მოპასუხემ გაასხვისა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესაბამისი წილი.

16. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ 27.05.2004წ. მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის რედაქცია ნამდვილად ითვალისწინებდა თანამოწილეებს შორის ნივთის/საგნის გასხვისების დროს უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობას. კერძოდ კი, მუხლის დისპოზიცია განსაზღვრული იყო შემდეგი ფორმულირებით: „თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება“.

17. 2007 წლის 11 მაისს, ცვლილება შევიდა სამოქალაქო კოდექსში, რომლის საფუძველზეც გაუქმებულ იქნა კანონისმიერი უპირატესი შესყიდვის უფლება, მოცემული ფაქტიდან გამომდინარე მთლიანად მხარეთა შეთანხმებაზე გახდა დამოკიდებული მოცემული უფლების რეალიზაცია. კანონისმიერი უპირატესი შესყიდვა გულისხმობდა, რომ თანამესაკუთრეს ეკისრებოდა სრული ვალდებულება, მისი წილის გასხვისებისას, აუცილებლად შეეთავაზებინა მოცემული ნივთის შეძენა პირველ რიგში მისი თანამესაკუთრისთვის და საჭიროებდა მის თანხმობას მოცემული ნივთის გასხვისისების თაობაზე. მოცემულმა ცვლილებამ, მესაკუთრეს მისცა უფლება სხვა თანამესაკუთრეთა დამოუკიდებლად განახორციელოს საკუთარი ნება, როცა ეს ეხება მისი წილის გასხვისებად და შესაბამისად ის შეზღუდვა, რითიც გარკვეულწილად მაინც იზღუდებოდა მისი ნება, აღარ არსებობს. თუკი თანამესაკუთრეები შეთანხმდნენ უპირატესი შესყიდვის უფლებაზე, მაშინ რა თქმა უნდა წარმოიშობა ვალდებულება ნივთის გასხვისების დროს, ეცნობოს სხვა თანამესაკუთრეებს (შოთაძე თ., საერთო საკუთრებისა და საზიარო უფლებების მარეგულირებელი ნორმების შედარებითი ანალიზი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სამართლის ჟურნალი“, თბილისი, 2009, გვ. 22).

18. საკასაციო პალატამ, ზემოთ როგორც უკვე აღნიშნა კანონმდებელმა ხელშეკრულების დადების შემდგომ შეცვალა სავალდებულო მიყიდვის წესის მოწესრიგება და თუ 11.05.2007წ.-მდე თანამოწილეები ვალდებული იყვნენ ერთმანეთისათვის შეეთავაზებინათ წილის გამოსყიდვა სხვა პირებთან უპირატესად, ცვლილების შემდგომი რეგულაციით ეს ვალდებულება სრულად გაუქმდა. ამგვარად, მ.ფ–ძემ თავისი წილი საზიარო საგნიდან განკარგა 28.04.2022წ., როდესაც არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობდა და არც მოსარჩელის უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებდა.

19. საკასაციო პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელების არც საკანონმდებლო და არც სახელშეკრულებო საფუძველი, მოსარჩელე ვერ მიუთითებს მხარეთა შორის იმგვარი შეთანხმების არსებობაზე, რომელიც საზიარო უფლების გაუქმებას, უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობაზე დამოკიდებულად აქცევს. მ.ფ–ძესა (გამყიდველი) და სს „ვ...-ს“ (მყიდველი) შორის 2022 წლის 28 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მოსარჩელე მ.ჩ–ია არ წარმოადგენდა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს, რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება მხარეთა მიერ შეთანხმებული არ ყოფილა (უდავო გარემოება), ხოლო 2022 წელს უპირატესი შესყიდვის უფლების იმპერატიულად განმსაზღვრელი ნორმები აღარ მოქმედებდა.

20. გამომდინარე იქიდან, რომ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლად მოსარჩელე უპირატესი შესყიდვის უფლების არსებობას ასახელებს, ხოლო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე /კასატორი ასეთი უფლების მქონე პირი არ არის, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმსჯელოს კასატორის დანარჩენ ორ სასარჩელო მოთხოვნის მართებულობაზე, ვინაიდან პირველი მოთხოვნის უსაფუძვლობა იმთავითვე გამორიცხავს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

21. საკასაციო პალატას, საფუძვლიანად მიაჩნია კასატორის პრეტენზია, სარჩელზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, პროცესის ხარჯების საკითხს არეგულირებს დასახელებული კოდექსის მე-5 თავი. სსსკ-ის 46.მ მუხლის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. საკასაციო პალატა მოიხმობს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის კუთხით. კერძოდ, კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

23.სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლოს ხარჯების განაწილების საერთო წესს ადგენს სსსკ-ის 53-ე მუხლი. მითითებული მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებას.

24. წინამდებარე საქმეში, წარმოდგენილია სსე შემოწმების აქტის ამონაწერი, (ფორმა NIV-50/4), რომელიც ადასტურებს კასატორის, 2018 წლიდან, უვადოდ შეზღუდული შესაძლებლობის პირად ცნობას (იხ.ტ. I, ს.ფ.57, 72-73).

25. საკასაციო პალატა, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ, აპელანტს დაუბრუნა მხოლოდ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი 3000 ლარიც.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

27. პროცესის ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

მ.ჩ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება: მ.ჩ–იას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს იამზე მარიამიძის მიერ, სს „თიბისი ბანკში“, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 10/05/2022წ., №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 3000 ლარი; დანარჩენ ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება, დარჩეს უცვლელად; საკასაციოსასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი