საქმე №ას-405-2025 20 მარტი, 2026 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.მ–ი (შემდგომში – მოპასუხე, მსესხებელი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც სს „პ.ბ–ის“ (შემდგომში – მოსარჩელე, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ოვერდრაფტის „Flex Fund“-ის დაშვების შესახებ №13.9991 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 20 000 ლარის გადახდა; ბანკის მოთხოვნა მოპასუხისათვის პროცენტის - 438.58 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2120 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. კასატორი მიუთითებს, რომ კოვიდპანდემიის დაწყებამდე პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. პანდემიის შედეგად მან დაკარგა ყველა სამსახური, რის გამოც ვეღარ შეძლო ოვერდრაფტის თანხის გადახდა.
4. კასატორი ასევე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ოვერდრაფტის დარღვევისა და ხელშეკრულების ვადის ათვლას იწყებენ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე. აღნიშნული პირობების თანახმად, ოვერდრაფტის ვადა გრძელდება მსესხებლის მიერ ნებისმიერი თანხის შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში. სასამართლოებმა ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყეს არა 2020 წლის აპრილიდან, როდესაც მან ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება, არამედ 2021 წლის მაისიდან, რადგან ბანკის წარმომადგენელმა მოტყუებით შეატანინა 200 ლარი 2020 წლის მაისში.
5. 2025 წლის მთავრობის განკარგულებით, კოვიდპანდემიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებები ჩამოეწერათ. შესაბამისად, თუ სახელმწიფო კოვიდპანდემიას ფორსმაჟორულ გარემოებად მიიჩნევს, კასატორიც იმავე საფუძვლით უნდა ჩაითვალოს დაზარალებულ პირად. პანდემიამდე იგი დასაქმებული იყო და მისი ყოველთვიური შემოსავალი 15 000 ლარს აღემატებოდა. მან დაკარგა როგორც სამსახური, ისე ქონება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას და რომლებმაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება ან დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორი გამოყენება ან/და განმარტება.
10. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ ზემოაღნიშნული ზოგადი განმარტებებით, სხვა სახის პროცესუალურ ან მატერიალურ დარღვევებზე მითითების გარეშე.
11. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
11.1 2018 წლის 31 მაისს ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო ოვერდრაფტის „Flex Fund“-ის დაშვების შესახებ №13.9991 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ოვერდრაფტის თანხა განისაზღვრა 6 000 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 9.00%-ით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2018 წლის 23 მაისიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით.
11.2 ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელი იღებს ვალდებულებას, რომ რეგულარული შემოსავლის თანხა (რომლის საფუძველზეც გაიცა ოვერდრაფტი) ყოველთვიურად ჩაერიცხება 2.1. პუნქტში მითითებულ ანგარიშზე. ამავე მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ყოველი თვის ბოლო დღეს დაფაროს კრედიტზე დარიცხული პროცენტი, ხოლო ათვისებული ლიმიტი (გაცემული კრედიტი) ოვერდრაფტის ვადის დასრულებამდე. ხელშეკრულების მოქმედების ბოლო არასრული კალენდარული თვის პერიოდში დარიცხული პროცენტი გადახდილ უნდა იქნას ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე. 3.4. პუნქტის მიხედვით ასევე განისაზღვრა, რომ თუ მსესხებელმა გადახდის ვადის დადგომისას/გადაცილებისას არ დაფარა დავალიანება, მაშინ ბანკი უფლებამოსილია, უაქცეპტო წესით, მსესხებლის ნებისმიერი მიმდინარე და შემნახველი ანგარიშებიდან, მათ შორის, მსესხებლის მიმდინარე ანგარიშზე დაშებული ოვერდრაფტის თანხიდან, დაფაროს დავალიანება, ასევე, დავალიანების დაფარვისათვის შეასრულოს კონვერტაციის ოპერაციები ბანკის შიდა კომერციული კურსით. ამავე მუხლის 3.6. პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ყოველი/მორიგი ვადის დასრულების დღეს გააგრძელოს ოვერდრაფტის ხელშეკრულება იგივე ვადითა და პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე მინიმუმ 1 (ერთი) სამუშაო დღით ადრე წერილობით მიმართავს ბანკს ოვერდრაფტის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.
11.3 2018 წლის 20 ივნისს ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება №488709758, რომლის მიხედვითაც, 31.05.2018 წლის ხელშეკრულებით №13.9991 განსაზღვრული ოვერდრაფტის თანხა 6 000 ლარიდან გაიზარდა 20 000 ლარამდე. აღნიშნული შეთანხმება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.
11.4 31.05.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 22 558,58 ლარის ოდენობით, საიდანაც 20 000 ლარი წარმოადგენს ოვერდრაფტის ძირითად თანხას, 438,58 ლარი დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, ხოლო 2 120 ლარი - პირგასამტეხლოს.
12. საკასაციო სასამართლოს აზრით, მოპასუხის მიმართ ბანკის მოთხოვნა ეფუძნება 31.05.2018 წლის ხელშეკრულებას და მის შემდეგ გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დადგენილია ოვერდრაფტის ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო, ხოლო მხარეებს შორის შეთანხმებულია საპროცენტო განაკვეთი და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის პირობები. შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
13. მოცემულ შემთხვევაში, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ არ გასაჩივრებულა, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში საკასაციო პალატა გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობას არ აწარმოებს და არც არსებით სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს, შემოიფარგლება მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების კანონიერების შეფასებით, ანუ იმ სამართლებრივი საფუძვლების განსჯით, რომლის საფუძველზეც სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ამასთან, პალატა შეისწავლის მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებიც განსაზღვრავს სესხის ძირითადი თანხის არსებობას, მასზე დაწესებულ ვალდებულებებს და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.
14. კასატორის საკასაციო არგუმენტი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ბანკის მოთხოვნა არის ხანდაზმული.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ. 63).
16. ამდენად, ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების რეალიზება ან სასამართლოს გზით დაცვა. ხანდაზმულობის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად კვლავ არსებობს, თუმცა მისი იძულებითი განხორციელება დამოკიდებულია ვალდებული პირის ნებაზე. კერძოდ, სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ეს გარემოება სამართლებრივად იწვევს იმას, რომ კრედიტორი მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს ვალდებულების იძულებითი შესრულება, მათ შორის იძულებითი აღსრულების მექანიზმების გამოყენებით.
17. საქმის მასალებით დგინდება, რასაც მოპასუხეც არ უარყოფს, რომ იგი ვალდებული იყო დროულად დაეფარა როგორც დარიცხული პროცენტი, ისე ოვერდრაფტის ძირითადი თანხა. ამასთან, ბანკს ჰქონდა უფლება, თუმცა არა ვალდებულება, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება ან მოეთხოვა ვალდებულების სრული დაფარვა, რომლის განხორციელებაც მთლიანად ბანკის ნებაზე იყო დამოკიდებული. დავას არ იწვევს, რომ ხელშეკრულება კონკლუდენტურად, არაერთხელ გაგრძელდა, რადგან მოპასუხემ შეწყვეტის ნება არ გამოხატა, ხოლო ბანკმა 2020 წლის 7 ნოემბრამდე შეწყვეტის უფლება არ გამოიყენა. ფაქტია, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ პრეტენზია არ განაცხადა და უარყოფითი პოზიცია არ გამოხატა საბანკო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის არქონისა და გადახდების განხორციელების პირობებში, მათ შორის 2020 წლის ივნისისა და ივლისის თვეში, ხელშეკრულების ვადა კონკლუდენტურად გაგრძელდა, რაც ასახავს მხარეთა შეთანხმებით შექმნილ სამართლებრივ მდგომარეობას და ამაში უჩვეულო არაფერია.
18. პალატა განმარტავს, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტორის სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ინტერესების დაცვის შესაძლებლობას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. მყარად დადგენილი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 873-ე მუხლი წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან, მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეებზე: №ას-145-135-2015, 23.04.2015წ.; №ას-367-2019, 19.05.2021წ.; №ას-106-2022, 15.11.2022წ.; №ას-1042-2022, 22.05.2023წ.). ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება თავისუფალი კონტრაჰირების გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეებზე: №ას-68-2020, 03.06.2020წ.; №ას-91-2021, 22.04.2021წ.; №ას-106-2022, 15.11.2022წ.).
19. დასკვნის სახით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან ცხადია, რომ კასატორმა კონკლუდენტურად გამოამჟღავნა ნება დარჩენილიყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში. იგი იხდიდა ოვერდრაფტისა და სარგებლის ნაწილს და არ დაუფიქსირებია ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი, არ წარუდგენია პრეტენზია და არ გამოუხატავს რაიმე სხვა პოზიცია. აღნიშნული ქმნის ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას და ადასტურებს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა პრაქტიკულად გაგრძელდა 2021 წლის 31 მაისამდე. ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება განხორციელდა მხოლოდ 2020 წლის 7 ნოემბერს, კასატორის ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე (მოვალის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, კერძოდ, მის ანგარიშზე არასაკმარისი ბრუნვის დაფიქსირების გამო), შესაბამისად, სსკ-ის 129-ე (სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა) და 130-ე (ხანდაზმულობის ვადის დაწყება) მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა იწყება სწორედ აღნიშნული თარიღიდან, რის გამოც 2023 წლის 7 აგვისტოს წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.
20. პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდება, თითქოს ბანკმა მსესხებელი შეცდომაში შეიყვანა ან მოტყუებით შეატანინა 200 ლარი. ხელშეკრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზია არ განუცხადებია, რაც შეეძლო წერილობით გაეკეთებინა. აღნიშნული პერიოდისათვის სესხის მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო, ვინაიდან სესხი უნდა დაბრუნებულიყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, ანუ 2021 წლის 31 მაისს, თუ მანამდე კრედიტორი არ შეწყვეტდა ხელშეკრულებას, შესაბამისად, ბანკს 2021 წლის 31 მაისიდან სამწლიან ვადაში ჰქონდა უფლება წარედგინა სარჩელი სასამართლოში, და მისი მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მხარეთა შეთანხმებით სესხის ძირითადი თანხა უნდა დაბრუნებულიყო სწორედ აღნიშნული ვადის ამოწურვისას.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის არგუმენტები, რომლებიც კოვიდპანდემიას და მის მატერიალურ მდგომარეობას ეხება, არ ქმნიან სამართლებრივ საფუძველს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის, მით უფრო, რომ აღნიშნული გარემოებები არ განხილულა და არ შეფასებულა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას, შესაბამისად, სასამართლო ამ საკითხებზე ვრცლად არ იმსჯელებს.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-145-135-2015, 23.04.2015წ.; №ას-367-2019, 19.05.2021წ.; №ას-106-2022, 15.11.2022წ.).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია