№ას-647-2024
30 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.კ.ს–ბი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე, მ.კ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების ნაწილობრივ, ხოლო საბოლოო განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ.ჯ–ამ, ნ.მ–ძემ, მ.კ–ძემ შპს „ს.კ.ს–ბის“ მიმართ და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვეს:
1.2. შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 4 აგვისტოს ნ.ჯ–ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნება (გადაწყვეტილება) ბათილად იქნეს ცნობილი;
1.3. ნ.ჯ–ა აღდგენილ იქნეს შპს „ს.კ.ს–ბში“ პირვანდელ სამუშაოზე - კონსულტანტის საბაჟო საკითხებში პოზიციაზე;
1.4. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური 2022 წლის 15 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1500 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
1.5. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ კომპენსაციის სახით - 3000 (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ლარი დაეკისროს;
1.6. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასი - 200 (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ლარი დაეკისროს;
1.7. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ ივლისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 1300 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან 19 აგვისტომდე;
1.8. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.9. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასი - 188 ლარი და 55 თეთრი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაეკისროს;
1.10. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 188.55 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.11. შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 4 აგვისტოს ნ.მ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნება (გადაწყვეტილება) ბათილად იქნეს ცნობილი;
1.12. ნ.მ–ძე აღდგენილ იქნეს შპს „ს.კ.ს–ბში“ პირვანდელ სამუშაოზე - კონსულტანტის საბაჟო საკითხებში პოზიციაზე;
1.13. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური დაეკისროს 2022 წლის 15 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1500 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
1.14. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით - 3000 (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ლარი დაეკისროს;
1.15. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასი - 200 (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ლარი დაეკისროს;
1.16. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ ივლისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 1300 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან 15 აგვისტომდე;
1.17. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.18. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასი - 188 ლარი და 55 თეთრი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაეკისროს;
1.19. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 188 ლარის და 55 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.20. შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 4 აგვისტოს მ.კ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნება (გადაწყვეტილება) ბათილად იქნეს ცნობილი;
1.21. მ.კ–ძე აღდგენილ იქნეს შპს „ს.კ.ს–ბში“ პირვანდელ სამუშაოზე - კონსულტანტის საბაჟო საკითხებში პოზიციაზე;
1.22. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური დაეკისროს 2022 წლის 15 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
1.23. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით - 2400 (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ლარი დაეკისროს;
1.24. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასი - 200 (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ლარი დაეკისროს;
1.25. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ ივლისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 1000 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან 19 აგვისტომდე;
1.26. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.27. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასი - 166 ლარი და 7 თეთრი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაეკისროს;
1.28. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, ყოველდღიურად 166 ლარის და 7 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძისა და მ.კ–ძის სარჩელი შპს „ს.კ.ს–ბის“ მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკისრების, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
3.2. შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნ.ჯ–ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი;
3.3. ნ.ჯ–ა აღდგა შპს „ს.კ.ს–ბში“ კონსულტანტი - საბაჟო საკითხებში, თანამდებობაზე;
3.4. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 15 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1500 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.5. ნ.ჯ–ას სარჩელი კომპენსაციის სახით 3000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
3.6. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის გადახდა - 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.7. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 1300 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან 2022 წლის 19 აგვისტომდე;
3.8. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3.9. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასი 188 ლარის და 55 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.10. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 188 ლარის და 55 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3.11. შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნ.მ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაბათილდა;
3.12. ნ.მ–ძე აღდგა შპს „ს.კ.ს–ბში“ კონსულტანტი - საბაჟო საკითხებში, თანამდებობაზე;
3.13. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 15 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1500 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.14. ნ.მ–ძის სარჩელი კომპენსაციის სახით 3000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
3.15. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის გადახდა - 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.16. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 1300 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან 2022 წლის 15 აგვისტომდე;
3.17. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3.18. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასი 188 ლარის და 55 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.19. შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 188 ლარის და 55 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3.20. შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მ.კ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაბათილდა;
3.21. მარინე კარელიძე აღდგა შპს „ს.კ.ს–ბში“ კონსულტანტი - საბაჟო საკითხებში, თანამდებობაზე;
3.22. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 15 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.23. მ.კ–ძის სარჩელი კომპენსაციის სახით 2400 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
3.24. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასი 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.25. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 1000 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 10 აგვისტოდან 2022 წლის 19 აგვისტომდე;
3.26. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 10 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3.27. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასი 166 ლარის და 07 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;
3.28. შპს „ს.კ.ს–ბს“ მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 166 ლარის და 07 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. ნ.ჯ–ა 2012 წლის 16 იანვრიდან დასაქმდა შპს „ს.კ.ს–ბში“ კონსულტანტის - საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციაზე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მის შრომის ანაზღაურებას შეადგენდა 1500 ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
4.3. ნ.ჯ–ასა და შპს „ს.კ.ს–ბს“ შორის 2012 წლის 16 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 5.3. მუხლის თანახმად, დამქირავებელი ახორციელებს ანგარიშსწორებას მუშაკთან თვეში ერთხელ ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში.
4.4. ნ.ჯ–ას და შპს „ს.კ.ს–ბს“ შორის, არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო უვადო.
4.5. ნ.მ–ძე 2012 წლის 26 ივნისიდან დასაქმდა შპს „ს.კ.ს–ბში“ კონსულტანტის - საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციაზე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მის შრომის ანაზღაურებას შეადგენდა 1500 ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
4.6. ნ.მ–ძესა და შპს „ს.კ.ს–ბს“ შორის 2012 წლის 26 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 5.3. მუხლის თანახმად, დამქირავებელი ახორციელებს ანგარიშსწორებას მუშაკთან თვეში ერთხელ ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში.
4.7. ნ.მ–ძეს და შპს „ს.კ.ს–ბს“ შორის, არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო უვადო.
4.8. მ.კ–ძე 2020 წლის 03 იანვრიდან დასაქმდა შპს „ს.კ.ს–ბში“ კონსულტანტის - საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციაზე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მის შრომის ანაზღაურებას შეადგენდა 1200 ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
4.9. მ.კ–ძესა და შპს „ს.კ.ს–ბს“ შორის 2020 წლის 03 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ხელფასის ჩარიცხვა წარმოებს დასაქმებულის სახელფასო ანგარიშზე თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვიდან 10 რიცხვამდე.
4.10. მ.კ–ძესა და შპს „ს.კ.ს–ბს“ შორის, არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო უვადო.
4.11. შპს „ს.კ.ს–ბის“ 2022 წლის 30 ივნისის აღმაშენებლის ოფისის თანამშრომელთა კრების ოქმი N-01-ის თანახმად, „შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორმა ნ.მ–მა კრებაზე გააკეთა განცხადება, რომ კომპანიაში კონსულტანტი - საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლები, არაჯეროვნად ასრულებდნენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, არ ხდებოდა კომპანიაში შემოსული ექსპორტის გზავნილების დროული დეკლარირება დადგენილი ფორმითა და წესით და განსაზღვრულ ვადაში ბეჭდვა, რაც იწვევდა შეფერხებას და კლიენტთა უკმაყოფილებას.
4.12. ნ.მ–მა აღნიშნულ თანამშრომლებს მისცა გაფრთხილება, რომ თუ ისინი დაუყოვნებლივ არ გამოასწორებდნენ საქმის ვითარებას და სათანადოდ არ შეუდგებოდნენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, 2022 წლის 01 აგვისტოდან გათავისუფლდებოდნენ დაკავებული პოზიციიდან შრომის კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად.
4.13. 2022 წლის 29 ივლისს შპს „ს.კ.ს–ბის“ ოპერაციების მენეჯერმა თ.ხ–ამ მიმართა შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორს მოხსენებითი ბარათით, სადაც მიუთითა, რომ მიუხედავად კრებაზე ნ.მ–ძის, ნ.ჯ–ას და მ.კ–ძისადმი მიცემული გაფრთხილებისა, დარღვევები კვლავ არასრულად არის წარმოდგენილი, მხოლოდ 2/4 კვირის განმავლობაშია, არის საფუძველი, რომ FedEx-დან არ ჩაირიცხოს მომსახურებისთვის შემოსავალი და დგას მაღალი ალბათობა, იმისა, რომ მხოლოდ აქ, არასრული ჩამონათვალის საფუძველზე, FedEx დან არ მივიღებთ 1000 ევროს, ამას ამძიმებს ის ფაქტორი, რომ FedEx-ის მხრიდან ივნისი და ივლისის დარღვევებზე მოსული არის მკაცრი გაფრთხილების წერილი.
4.14. მოხსენებით ბარათს თან ერთვის:
1. დაგვიანებით განბაჟებული გზავნილების ჩამონათვალი;
2. სათაო ოფისის მიერ გამოგზავნილი გაფრთხილება, საბაჟო გზავნილებზე პროცედურული დარღვევების შესახებ;
3. ხელშეკრულების ის ნაწილი, სადაც ფედექსის კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩანს, რომ მომსახურების საფასურს ფედექსი იხდის ამ მომსახურების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
4.15. თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ტაბელის თანახმად ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძისა და მ.კ–ძის სამსახურში ყოფნის დრო სცდება კვირაში კანონით განსაზღვრულ ნორმირებულ სამუშაო პერიოდს - 40 საათს.
4.16. ნ.ჯ–ა 2022 წლის 01 აგვისტოდან 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით სამსახურში ცხადდებოდა და სამსახურს ტოვებდა შემდეგ საათებზე:
8/1/2022, მოვიდა - 9:50 AM, წავიდა - 9:02 PM;
8/2/2022, მოვიდა - 9:50 AM, წავიდა - 6:41 PM;
8/3/2022, მოვიდა - 9:29 AM, წავიდა - 8:29 PM;
8/4/2022, მოვიდა - 10:09 AM, წავიდა - 10:01 PM;
8/5/2022, მოვიდა - 9:53 AM, წავიდა - 8:37 PM;
8/8/2022, მოვიდა - 9:17 AM, წავიდა - 8:14 PM;
8/9/2022, მოვიდა - 9:39 AM, წავიდა - 9:12 PM;
8/10/2022, მოვიდა - 9:49 AM, წავიდა - 7:30 PM;
8/11/2022, მოვიდა - 9:29 AM, წავიდა - 8:50 PM;
8/12/2022, მოვიდა - 9:30 AM, წავიდა - 8:16 PM;
ნ.მ–ძე 2022 წლის 01 აგვისტოდან 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით სამსახურში ცხადდებოდა და სამსახურს ტოვებდა შემდეგ საათებზე:
8/1/2022, მოვიდა - 11:30 AM, წავიდა - 9:03 PM;
8/2/2022, მოვიდა - 10:42 AM, წავიდა - 8:53 PM;
8/3/2022, მოვიდა - 10:49 AM, წავიდა - 8:20 PM;
8/4/2022, მოვიდა - 10:00 PM, წავიდა - 10:00 PM;
8/5/2022, მოვიდა - 11:04 AM, წავიდა - 8:38 PM;
8/8/2022, მოვიდა - 9:49 AM, წავიდა - 10:36 PM;
8/9/2022, მოვიდა - 10:14 AM, წავიდა - 9:12 PM;
8/10/2022, მოვიდა - 10:12 AM, წავიდა - 10:10 PM;
8/11/2022, მოვიდა - 10:42 AM, წავიდა - 8:50 PM;
8/12/2022, მოვიდა - 10:40 AM, წავიდა - 8:16 PM;
მ.კ–ძე 2022 წლის 01 აგვისტოდან 2022 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით სამსახურში ცხადდებოდა და სამსახურს ტოვებდა შემდეგ საათებზე:
8/1/2022, მოვიდა - 10:01 AM, წავიდა - 7:18 PM;
8/2/2022, მოვიდა - 10:05 AM, წავიდა - 7:14 PM;
8/3/2022, მოვიდა - 10:07 AM, წავიდა - 8:18 PM;
8/4/2022, მოვიდა - 10:14 AM, წავიდა - 7:43 PM;
8/5/2022, მოვიდა - 10:00 AM, წავიდა - 8:04 PM;
4.17. ნ.ჯ–ასა და ნ.მ–ძის მიერ სამსახურში გამოცხადება 2022 წლის 15 აგვისტოდან აღარ ფიქსირდება, ხოლო მ.კ–ძის ადგილზე გამოცხადება არ ფიქსირდება 2022 წლის 08 აგვისტოდან.
4.18. შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში - ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძეს 2022 წლის 05 აგვისტომდე, ხოლო მ.კ–ძეს იმავე თვის 10 რიცხვამდე, ასევე, 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, მოსარჩელეებს ივლისის თვის ნამუშევარი ხელფასი არ ჩარიცხვიათ.
4.19. საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 05 აგვისტოს შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის შვებულების თაობაზე N-245 ბრძანება, მ.კ–ძისათვის 2022 წლის 08 აგვისტოდან 2022 წლის 12 აგვისტომდე ჩათვლით ანაზღაურებად შვებულებაში გაშვების შესახებ.
4.20. 2022 წლის 12 აგვისტოს შემდეგ მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ვალდებულებები აღარ შეუსრულებიათ.
4.21. ნ.მ–ძეს შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 15 აგვისტოს ჩაერიცხა ივლისის ხელფასის ნაწილი - 1290 ლარი. ივლისის თვის დარჩენილი თანხა მოსარჩელეზე არ გაცემულა.
4.22. 2022 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მიმართა წერილობითი შეტყობინებით შპს „ს.კ.ს–ბს“ და ითხოვა საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეებისათვის მათი კუთვნილი ივლისის თვის ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება და განუმარტა თითოეულ დღეზე კანონისმიერი პირგასამტეხლოს 0.07%-ის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულების თაობაზე. ასევე, ითხოვა კანონით დადგენილი წესით ეცნობებინათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
4.23. დამსაქმებლის მხრიდან მიმართვაზე წერილობითი პასუხი გაცემული არ არის.
4.24. მ.კ–ძეს შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 19 აგვისტოს საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ივლისის თვის ხელფასის ნაწილი - 951.18 ლარი, ხოლო ნ.ჯ–ას ასევე არასრული ხელფასი - 1300 ლარი.
4.25. დამსაქმებლის მხრიდან ივლისის თვის დარჩენილი ხელფასი მოსარჩელეებზე არ გაცემულა.
4.26. შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს ბრძანებები თანამშრომელთა, მ.კ–ძის, ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძის 200-200 ლარით დაჯარიმების შესახებ, მოსარჩელეებს არ ჩაჰბარებიათ. ისინი თან ერთვის 2022 წლის 23 სექტემბერს წარმოდგენილ შესაგებელს. ბრძანებების მოსარჩელეებთან (მათ შორის არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე) გაგზავნის ან/და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ წარმოდგენილა.
4.27. შპს „ს.კ.ს–ბის“ თანამშრომლის თ.ხ–ას მიერ 2022 წლის 29 აგვისტოს ელექტრონული ფოსტის მისამართებზე - k1982@icsgeorgia.ge, ‘j’, ‘N.M.’, გაიგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: „იქნებ მომწეროთ სამსახურში არ გამოცხადების მიზეზი. საპატიო მიზეზის გარეშე სამსახურში არ გამოცხადების შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, მივიღოთ შესაბამისი ზომები.“
4.28. მ.კ–ძეს შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 1 სექტემბერს აგვისტოს თვის ხელფასის დანიშნულებით ჩაერიცხა - 333.93 ლარი.
4.29. ნ.მ–ძეს შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 1 სექტემბერს აგვისტოს თვის ხელფასის დანიშნულებით ჩაერიცხა 436,45 ლარი.
4.30. ნ.ჯ–ას შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 01 სექტემბერს აგვისტოს ხელფასის დანიშნულებით საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 436.45 ლარი.
4.31. საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის 2022 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული N-135 ბრძანება საბაჟო საკითხთან დაკავშირებით კონსულტანტის ნ.მ–ძის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო 2022 წლის 8 სექტემბრიდან სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
4.32. საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის 2022 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული N-136 ბრძანება საბაჟო საკითხთან დაკავშირებით კონსულტანტის ნ.ჯ–ას მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, 2022 წლის 8 სექტემბრიდან სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
4.33. საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის 2022 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული N-137 ბრძანება საბაჟო საკითხთან დაკავშირებით კონსულტანტის მ.კ–ძის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო 2022 წლის 8 სექტემბრიდან სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
4.34. 2022 წლის 08 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებების მოსარჩელეებთან (მათ შორის არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე) გაგზავნის ან/და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ წარმოდგენილა. ბრძანებები თან ერთვის 2022 წლის 23 სექტემბერს წარმოდგენილ შესაგებელს.
4.35. შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ 2022 წლის 18 და 25 აგვისტოს გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები (გამოსაცდელი ვადით) კონსულტანტად საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციაზე კონკრეტული პირების დანიშვნის შესახებ.
4.36. მ.კ–ძე 2022 წლის 08 აგვისტოდან 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, დისტანციურად ასრულებდა შრომით მოვალეობებს;
4.37. მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა მოპასუხის ინიციატივით 2022 წლის 04 აგვისტოს გამოვლენილი ნების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მითითებული თარიღით, 2022 წლის 12 აგვისტოს შემდეგ.
4.38. უდავოა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის ინიციატივით, თუმცა სადავოა კონკრეტული თარიღი.
4.39. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც სურთ მოსარჩელეებს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია, სადავო ურთიერთობის დროს, მოქმედი, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, ამავე კოდექსის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.
4.40. საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის 2022 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული N-135, N-136 და N-137 ბრძანებები საბაჟო საკითხთან დაკავშირებით კონსულტანტის ნ.მ–ძის, ნ.ჯ–ასა დამ.კ–ძის მიერ მათთვის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო 2022 წლის 8 სექტემბრიდან სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
4.41. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
4.42. თუ რა მიიჩნევა ვალდებულების უხეშ დარღვევად, კანონი არ განსაზღვრავს. ქმედების შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, დარღვევის სიმძიმის, სიხშირის, შედეგის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით.
4.43. მოცემულ შემთხვევაში სადავოა რა სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა) მართლზომიერება, რომელიც უნდა შემოწმდეს შრომის სამართალში მოქმედი ნორმებით, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სწორედ იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს და რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო პალატის ამგვარი დასკვნის საფუძველია პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
4.44. სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერება უნდა შეფასდეს ე.წ „პროპორციულობის ტესტით“, ვინაიდან შრომის უფლება პირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის რეგულაციაში ექცევა და ამგვარი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტა სწორედ კონსტიტუციით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, თუმცა, იმის გასარკვევად, ამ ჩარევის შედეგად დაირღვა თუ არა პირის გარანტირებული უფლება, შემოწმებას ექვემდებარება ასევე უფლების დაცულ სფეროში ჩარევას გააჩნია თუ არა ლეგიტიმური საფუძველი და წარმოადგენს თუ არა ჩარევა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.
4.45. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. შრომის კოდექსით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი, რადგან არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას და სხვა. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით.სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის, გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. შრომითი ურთიერთობის რღვევასთან შედარებით, მისი შენარჩუნების პრიორიტეტულობა მოითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი.
4.46. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის ინიციატივით, თუმცა სადავოა კონკრეტული თარიღი. მოსარჩელეები მიუთითებენ არაგონივრული მოცულობის სამუშაოს შესრულების დავალებას, ხელმძღვანელის მხრიდან გათავისუფლების მუდმივ მუქარას და არასათანადო სამუშაო გარემოს, საბოლოოდ კი 2022 წლის 04 აგვისტოს საღამოს საათებში, კომპანიის დირექტორის მიერ მათთან ზეპირად გამოვლენილ ნებას - სამუშაოს სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მომდევნო ორშაბათიდან მათი გათავისუფლების შესახებ. (ღამეებს გაათენებთ აქ, თუ ვერ შეასრულებთ, ორშაბათიდან აღარ გამოცხადდეთ, გათავისუფლებული იქნებით) მოსარჩელეთა აღნიშვნით, დირექტორის მხრიდან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების წინაპირობად გაცხადებული დავალებული სამუშაოს სრულად შესრულება მათი მხრიდან ფიზიკურად იყო შეუძლებელი, ამასთან, 12 აგვისტოს ჩათვლით, სხვა თანამშრომელთაგან განსხვავებით, მათ აღარ ჩაერიცხათ ხელფასიც, რაც ხელმძღვანელის მხრიდან გამოვლენილი ნების სისრულეში მოყვანად აღიქვეს. ამგვარი რწმენა გაუმყარდათ 16 აგვისტოს მათივე სტატუსის დადგენის მიზნით მიწერილ წერილზე, დამსაქმებლის მხრიდან პასუხის არ გაცემით.
4.47. მოპასუხე/აპელანტი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებს 2022 წლის 8 სექტემბერს გამოცემულ ბრძანებებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებთან ამ თარიღამდე იმყოფებოდა მიმდინარე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში, ხოლო მათი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გახდა, გათავისუფლების საფუძველიც.
4.48. როგორც უკვე აღინიშნა, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არსებული მტკიცების ტვირთის სპეციალური სტანდარტის მიხედვით, დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს მოსარჩელეთა გათავისუფლება არა მანამდე, არამედ 2022 წლის 08 სექტემბერს მიღებული ბრძანებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლზე, რომლის მიხედვით ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით, ანუ ერთ-ერთი მხარის მიერ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა უკავშირდება ისეთ ნების გამოვლენას, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მის მიღებას. ამგვარი ნების გამოვლენა ნამდვილობას, ანუ იურიდიულ ძალას იღებს მაშინ, როცა იგი მეორე მხარეს, მოცემულ შემთხვევაში კი დასაქმებულს მიუვა. (სსკ-ის 51-ე მუხლი) შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზნით არა სხვა თარიღით, არამედ უშუალოდ 08 სექტემბერს დასაქმებულისათვის გამოვლენილი ნება - სწორედ შპს,,ს.კ.ს–ბის“ მტკიცების ტვირთია. მოპასუხემ ნათელი და არაორაზროვანი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა არა მანამდე, არამედ, 08 სექტემბერს გამოვლენილი ცალმხრივი ნებით, რაც მიუვიდათ დასაქმებულებს. მოცემულ შემთხვევაში სანდო და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გასაგებად წარმოაჩენდა საქმეში განვითარებულ მოვლენათა მოპასუხის მიერ აღწერილ სურათს, მის მიერ არ წარმოდგენილა. არსებული დასაბუთებით არ დასტურდება შესაგებელში მითითებული გარემოებების უმრავლესი ნაწილი. აპელანტი განმარტავს, რომ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელეთა მიმართ გამოიცა ბრძანებები დაჯარიმების თაობაზე, რაც დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად არ ჩაიბარეს და ამის გამო თვითნებურად მიატოვეს სამსახური. პალატამ აღნიშნა, რომ დისციპლინური ღონისძიების თაობაზე საქმეში წარმოდგენილი ბრძანებები თარიღდება 2022 წლის 15 აგვისტოთი, მაშინ როდესაც უდავოა, რომ მოსარჩელეები 12 აგვისტოს ჩათვლით მუშაობდნენ, ამათგან ნ.კ–ძე დისტანციურად, ხოლო შემდეგ სამსახურში აღარ გამოცხადებულან. შესაბამისად, 12 აგვისტოსთვის ამგვარი ბრძანებები არ არსებობდა და მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტებსაც, ობიექტურად ვერ ექნებოდა ადგილი. შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდება ასევე, რომ მოპასუხე 15 აგვისტოდან ცდილობდა მოსარჩელეებთან დაკავშირებას, თუმცა ისინი თავს არიდებდნენ კონტაქტზე გამოსვლას. სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით ამგვარი კომუნიკაციის მცდელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი საქმეშია მოსარჩელეთა 16 აგვისტოს წერილი, სადაც დამსაქმებელს სთხოვენ გათავისუფლების დასაბუთებას. წერილზე ორგანიზაციას პასუხიც არ აქვს გაცემული. არ არის გაგზავნილი მუშაკთათვის არც დაჯარიმების და არც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ბრძანებები, მათი ცალმხრივად მიღება და ხელმოწერა კი, იურიდიულ პირს ნებისმიერი თარიღით შეუძლია. შესაბამისად, დამსაქმებელი/აპელანტი ვერ ადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებათა უმეტესობას.
4.49. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები ნ.ჯ–ა და ნ.მ–ძე 2012, ხოლო მ.კ–ძე 2020 წლიდან დასაქმებულები იყვნენ უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ორგანიზაციაში კონსულტანტების პოზიციაზე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით. მათ სამუშაო მოვალეობას შეადგენდა კომპანიაში შემოსული იმპორტის გზავნილების დეკლარირება დადგენილი ფორმითა და განსაზღვრულ ვადაში. 2022 წლის 30 ივნისამდე მოსარჩელეთა მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მათი სამუშაო მოცულობა ყოველთვის იყო მაღალი, მაგრამ განსაკუთრებით მოიმატა პანდემიის შემდეგ, ბოლო თვეებში ფუნქციათა გაზრდის და თანამშრომელთა არასაკმარისი რაოდენობის ფონზე. პანდემიის პერიოდში, გასამმაგდა საზღვარზე შემოსული ტვირთი, მოიმატა უცხოენოვან პირთა რაოდენობამ, დაემატა მიმღების მიერ წინასწარ გადასახადის გადახდა და მათთან დამატებითი სატელეფონო კომუნიკაციის საჭიროება. მუშაკებს სამუშაოს შესასრულებლად სისტემატიურად უწევდათ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნორმირებული დროის მიღმა დარჩენა, თუმცა თითოეულ მათგანზე მიცემულ დავალებათა სრულად შესრულება, მათი ოდენობის გათვალისწინებით, ფიზიკურად იყო შეუძლებელი. ხელმძღვანელთან პრობლემების თაობაზე კომუნიკაციას, არასდროს ჰქონდა შედეგი. დამსაქმებლის მხრიდან უცვლელი რჩებოდა მკაცრი მოთხოვნა ყველა დეკლარაციის მოსწრებისა თუ განულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩაითვლებოდნენ გათავისუფლებულად. მოპასუხის მხრიდან ამგვარი ნება საბოლოოდ გამოვლინდა 4 აგვისტოს, საღამოს საათებშიც, სადაც დირექტორმა სამივე მოსარჩელეს მიუთითა სამუშაოს სრულად განულების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში განუცხადა, რომ ისინი ჩაითვლებოდნენ გათავისუფლებულად. მოსარჩელეებმა განაგრძეს სამუშაოს შესრულება, თუმცა ვინაიდან დირექტორის მიერ გაცხადებული პირობის შესრულება მათი მხრიდან იყო ობიექტურად შეუძლებელი, სხვა თანამშრომელთაგან განსხვავებით, მათ, მუშაობის მიუხედავად, აღარ ჩაერიცხათ ხელფასიც, შესაბამისად, 04 აგვისტოს გამოვლენილი ნება 12 აგვისტოს შემდეგ მიიჩნიეს ამოქმედებულად.
4.50. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელეთა მხრიდან აღწერილი აღნიშნული გარემოებების უმრავლესი ნაწილი, თანხვედრაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. მიუხედავად მტკიცებულებათა შექმნის თვალსაზრისით, დასაქმებულთა ობიექტურად ნაკლები შესაძლებლობისა, ამ საქმეშიც პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობისა, მათი განმარტების დიდი ნაწილი დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, ფუნქციათა, სამუშაო მოცულობის ზრდა არ უარუყვია დამსაქმებელს, ასევე, მოწმედ დაკითხულ პირებს, ნ.ა–ძესა და ამჟამად საოპერაციო მენეჯერად კვლავ დასაქმებულ პირს - თ.ხ–ას. მოწმე ნ.ა–ძე ადასტურებს, რომ იყო დეკლარაციათა დიდი ოდენობა, რომლის შესრულება ვერ ესწრებოდა დროში, სტრესული გარემო. სამუშაოს ოდენობის ზრდას არ უარყოფს მოწმედ დაკითხული თ.ხ–აც. მოწმეები ადასტურებენ, რომ პრეტენზიები ღიად ცხადდებოდა დასაქმებულების მხრიდანაც, თუმცა საქმეთა ოდენობის შემცირების მიზნით კადრის დამატება არ დგინდება. ხსენებულ პერიოდში მუშაკთა მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა, ანდა სამუშაო დროის არასამსახურებრივი მიზნებით გამოყენება, დამსაქმებელს არ დაუდასტურებია. შენიშვნა პროფესიული უნარ-ჩვევის არქონასა თუ კვალიფიკაციის ნაკლებობაზე, არ დგინდება. უფრო მეტიც, სამუშაო დროის მიღმა თანამშრომელთა სამსახურში ყოფნა დასტურდება სამსახურში გამოცხადების ტაბელით, რომლის თანახმად, ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძის და მ.კ–ძის სამსახურში ყოფნის დრო სცდება კვირაში კანონით განსაზღვრულ ნორმირებულ სამუშაო პერიოდს - არაუმეტეს 40 საათს. შესაბამისად, ხსენებულ გარემოებათა ერთობლიობა სარწმუნოს ხდის მოსარჩელეთა განმარტებას მიცემულ დავალებათა სრული ოდენობით შესრულების ობიექტური შეუძლებლობის შესახებ.
4.51. გარემოება, რომ მიცემული დავალების სრულად შეუსრულებლობას შესაძლოა შედეგად სამივე მუშაკის თანადროული გათავისუფლება გამოეწვია, დგინდება საქმის მასალებით. აღნიშნული შინაარსის ნებას ხელმძღვანელი პირი რომ არაერთგზის გამოხატავდა, დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებით, ასევე, 30 ივნისის კრების ოქმითაც. სამომავლო სტატუსის გაურკვევლობაზე საუბრობს მ.კ–ძეც დამსაქმებელთან მიმოწერაშიც. შესაბამისად, მიცემული დავალების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამივე მოსარჩელის ერთდროულად გათავისუფლების თეორიული შესაძლებლობა, მიუხედავად დიდი ოდენობის საქმისა, მოპასუხის დირექტორს დაშვებული ჰქონდა.
4.52. ყურადსაღებია, რომ 30 ივნისის კრების ოქმით გაცემული გაფრთხილების შემდეგ, მოსარჩელეთა მიერ დასახელებულ თარიღამდე, 4 აგვისტომდე, ხელმძღვანელის მიმართ მენეჯერის მხრიდან წარდგენილია 29 ივლისის მოხსენებითი ბარათიც, სადაც თ.ხ–ა კვლავ არადროულ დეკლარირებასა და მისგან მომდინარე შესაძლო ზიანზე უთითებს, რაც შესაძლოა გამხდარიყო მოსარჩელეთა მიერ გაცხადებული ფაქტების - მათი გათავისუფლების შესახებ გაცხადებული ნების - გამომწვევი წინაპირობაც. გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების მიცემას მოსარჩელეთათვის ადასტურებენ მოწმეებიც. ,,თუ არ შესრულდებოდა საქმე სრულ ვადებში, არ ვიცი ზუსტად რა ვადებზეა საუბარი, ...თავისთავად ვერ სრულდებოდა, იქნებოდა გათავისუფლება“, აცხადებს მოწმე ნ.ა–ძე. მართალია იგი სხვა დეტალებს, მათ შორის, ამ საუბრის კონკრეტულ რიცხვს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ მუშაობდა 5 აგვისტომდე, მოსარჩელეებთან ერთად, ერთ სივრცეში. საგულისხმოა, რომ მოწმეს არ სურდა ჩვენების მიცემა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი ამჟამად დასაქმებულია კომპანიაში, რომელიც თავის მხრივ თანამშრომლობს შპს „ს.კ.ს–ბთან“. შესაბამისად, სამივე მოსარჩელის ახსნა-განმარტებებთან თანხვედრაში მყოფი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვა-შეფასება, სარჩელში მითითებულ, დადგენილ ფაქტთა ქრონოლოგია, ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოწმეთა ჩვენება, სასამართლოსათვის სარწმუნოს ხდის დასაქმებულთა მსჯელობას 04 აგვისტოსაც ამგვარი ნების გამოხატვის თაობაზე. დადგენილია 04 აგვისტოს შემდეგაც შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პირობად დათქმული, მიცემულ დავალებათა სრულად შესრულების ობიექტური შეუძლებლობაც. უდავოა ფაქტი იმის შესახებაც, რომ 2022 წლის 04 აგვისტოს შემდეგ, 12 აგვისტოს ჩათვლით, სხვა თანამშრომელთაგან განსხვავებით, მოსარჩელეებს ივლისის თვის ნამუშევარი ხელფასი შეთანხმებულ ვადებში არ ჩარიცხვიათ. შესაბამისად, სარწმუნოა მოსარჩელეთა განმარტება იმის შესახებ, რომ მათ, მიუხედავად მუშაობის ფაქტობრივი გაგრძელებისა, ვინაიდან დათქმული პირობის შესრულება ფიზიკურად მაინც იყო შეუძლებელი, ხელმძღვანელის ნება მათი გათავისუფლების შესახებ, ამოქმედებულად მიიჩნიეს. საკითხთან მიმართებით სინქრონულ სურათში, საგულისხმოა, რომ 15 აგვისტოდან მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო, საკითხის გარკვევის მიზნით დამსაქმებლის მყისიერი ქმედება, ელექტრონული ან თუნდაც პირდაპირი, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით, საქმის მასალებით არ დასტურდება. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პასუხი არ არის გაცემული 16 აგვისტოს მოსარჩელეთა მიერ მიწერილ წერილზეც, სადაც ნათლად წარმოჩინდა დასაქმებულების სუბიექტური აღქმა კომპანიის ქმედებების, როგორც მათი გათავისუფლების შესახებ გამოვლენილი ნების თაობაზე. სასამართლოსათვის გაურკვეველია დიდი ოდენობის სამუშაოსა და კადრების მხარეთა მიერ გაცხადებული დეფიციტის ფონზე, რატომ არ მიმართა განცხადების საპასუხოდ შესაბამის ზომებს დაუყოვნებლივ დამსაქმებელმა მასში მითითებული გარემოებების გარკვევის და მუშაკთა სამუშაოზე დაბრუნების მიზნით. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, აღნიშნულ პერიოდში პოზიციებზე სხვა პირთა დასაქმების თაობაზე. რაც შეეხება შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს ბრძანებებს თანამშრომელთა, მ.კ–ძის, ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძის 200-200 ლარით დაჯარიმების შესახებ, მოსარჩელეებს ისინი არ ჩაჰბარებიათ. ბრძანებების მოსარჩელეებთან (მათ შორის არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე) გაგზავნის ან/და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ წარმოდგენილა. ბრძანებები არ გაგზავნიათ დასაქმებულებს არც 2022 წლის 16 აგვისტოს წერილზე საპასუხოდ, და ისინი თან ერთვის მხოლოდ 2022 წლის 23 სექტემბერს წარმოდგენილ შესაგებელს. 16 აგვისტოს წერილზე დამსაქმებლის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული, შესაბამისად, ეჭვი, რომ დამსაქმებლის შემდგომი ქმედებები (29 აგვისტოს წერილები, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე ცალმხრივად შედგენილი აქტები და 8 სექტემბრის ბრძანებები) მოსარჩელეთა მიმართ, შესაძლოა ემსახურებოდეს დასაქმებულთა გათავისუფლებისათვის საჭირო სშკ-ით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების ხელოვნურად შექმნას, რაც დაუშვებელია, ვერ იქნა გაქარწყლებული დამსაქმებლის მხრიდან.
4.53. გარემოებათა წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან და მხარეთა ახსნა- განმარტებებთან ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის 2022 წლის 8 სექტემბერს შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე მხარემ, რომელიც ისედაც მოკლებულია ფაქტობრივ, ობიექტურ შესაძლებლობას შექმნას და წარმოადგინოს მტკიცებულებები, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უზრუნველყო ამ მხრივ თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. მის გამაქარწყლებელ, სათანადო, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებად, დადგენილ გარემოებათა ერთობლიობის ფონზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს მოპასუხის მხრიდან ცალმხრივად შედგენილ აქტს მოსარჩელეთა მოგვიანებით გათავისუფლების შესახებ. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დამსაქმებელმა სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, უფლების მართლზომიერად, კეთილსინდისიერად განხორცილების დასაბუთება, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება, შრომითი ურთიერთობის მის მიერ მითითებულ თარიღში შეწყვეტის დადასტურება, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ნებით, მოსარჩელეთა მიერ მითითებული თარიღიდან, 2022 წლის 12 აგვისტოს შემდეგ.
4.54. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების მიმართ, მათი მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში, 30 ივნისამდე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა, შემდგომში მიცემულ დავალებათა სრულად შესრულების ობიექტური შეუძლებლობა კი დასტურდება მოწმეთა ჩვენებით და მხარეთა განმარტებით (შესასრულებელ საქმეთა, დეკლარაციათა გაზრდილი ოდენობა, რომელთა სრულად დასრულება, არსებული კადრებით, დათქმულ ვადებში, ფიზიკურად იყო შეუძლებელი), ამ მხრივ დასაქმებულთა პრეტენზიებს არ ჰქონდა სათანადო უკუკავშირი, ისინი კომპანიაში იმყოფებოდნენ ნორმირებულ სამუშაო საათთა მიღმაც, საპირისპიროდ კი ხელმძღვანელ პირს ჰქონდა გაცემული გაფრთხილება საქმეთა სრულად დაუსრულებლობის შემთხვევაში მათი, ერთობლივად გათავისუფლების თაობაზე, შეთანხმებულ დროს არ იქნა ჩარიცხული ხელფასიც, გასაზიარებელია მოსარჩელეთა განმარტება 04 აგვისტოს დირექტორის მხრიდან გამოვლენილი ნების თაობაზე. შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პირობად განსაზღვრული დათქმის შესრულება, მოსარჩელეთა მხრიდან, მცდელობის მიუხედავად, იყო შეუძლებელი.
4.55. პალატამ მიიჩნია, რომ ხელფასის გაუცემლობით, მათ შეექმნათ რწმენა გაცხადებული ნების - მათი გათავისუფლების თაობაზე, ამოქმედების შესახებ. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის წარმომადგენლის განმარტებას, რომ დასაქმებულები აღარ ასრულებდნენ ნაკისრ მოვალეობებს, ამიტომ არ გაიცა მათზე ხელფასი. პალატამ მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასი ერთიანი სახით და ხელფასის ჩარიცხვა არ იყო დამოკიდებული გამომუშავებაზე.
4.56. შესაბამისად, იმ შემთხვევაში კი, თუ დასაქმებულები არ გამოცხადდებოდნენ სამუშაო ადგილზე, არ შეასრულებდნენ შრომით ვალდებულებებს, დამსაქმებელს მაინც უნდა გაეცა ხელფასი. ამასთან, შესაძლებელი იყო დასაქმებულთა მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური ღონისძიებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.
4.57. მოსარჩელეთა მიერ მითითებულ დროს მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოება, რომ 16 აგვისტოს მიწერილ წერილზე, სადაც დასაქმებულები თავს მიიჩნევენ გათავისუფლებულად და ითხოვენ დასაბუთებას, დამსაქმებლისგან, თუნდაც უფლების მართლზომიერად გამოყენების ფარგლებში არ იქნა გაცემული პასუხი, საკითხის გარკვევის, დასაქმებულთა გამოუცხადებლობის მიზეზის დადგენის, გათავისუფლების თაობაზე მათი სუბიექტური აღქმის გაქარწყლების მიზნით. სამოქალაქო სამართალში არსებული კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, დამსაქმებელს უნდა ეცნობებინა დასაქმებულებისთვის, რომ ისინი არ იყვნენ სამსახურიდან გათავისუფლებული და მოეთხოვა სამსახურში გამოცხადება, რაც დამსაქმებელს არ განუხორციელებია. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული ამძაფრებს სასამართლოს რწმენას, რომ წერილის უპასუხოდ დატოვება სწორედ იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეები აღნიშნულ კომპანიაში აღარ არიან დასაქმებულები.
4.58. განსახილველ შემთხვევაში, კეთილსინდისიერების ვალდებულება შესრულებულად მიიჩნეოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იქნებოდა მტკიცებულებები, რომ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნებისთვის გამოიყენა შესაბამისი ღონისძიებები - ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების სანაცვლოდ მიმართა შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ზომებს, გამოსცა დისციპლინური წერილობითი აქტი, რომლის გაცნობის, გასაჩივრების და სასამართლოს მხრიდან მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობა მისცა დასაქმებულებს, ნათლად და გონივრულ ვადებში განუმარტა შრომითი ანაზღაურების გაუცემლობის ლეგიტიმური საფუძვლები, მიმართვის საპასუხოდ, საიდანაც ირკვეოდა, რომ დასაქმებულები, თავს გათავისუფლებულად მიიჩნევდნენ, ნათლად და დაუყოვნებლივ განუმარტა მუშაკებს ამგვარი ნების არარსებობა, დამსაქმებელთან კვლავ მიმდინარე შრომით ურთიერთობაში ყოფნა და მათი გამოცხადების აუცილებლობა.
4.59. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დადგენილ გარემოებათა თანმიმდევრობა, განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვი უშვებს პრეზუმფციას მოსარჩელეთა განმარტებაში ასახული ფაქტების სარწმუნოობის თაობაზე, რის საპირისპირო მტკიცების ტვირთი კი, მარტოოდენ შემდგომში, ცალმხრივად შედგენილი ბრძანებების საფუძველზე, დაძლეულად ვერ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ 04 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით დასაქმებულები კვლავ ახორციელებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათ დაადასტურეს, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ შეძლეს ხელმძღვანელის მიერ მათთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პირობად დადგენილი - მიცემული დავალებების სრულად შესრულების პირობის დაცვა, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, დამსაქმებელს უკვე გამოვლენილი ჰქონდა მათთან შრომითი ურთიერთობის დასრულების ნება. დამსაქმებელმა ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება, საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადასტურება დასაქმებულებთან 8 სექტემბრამდე მიმდინარე შრომითი ურთიერთობის არსებობისა, რის გამოც პალატამ გაიზიარა მოსარჩელეთა მიერ მითითებული და დასაბუთებული გარემოებები წერილობითი ბრძანების გამოცემამდე ფაქტობრივად მათი გათავისუფლების შესახებ, დასაქმებულისვე მიერ მითითებული თარიღით.
4.60. მოპასუხე/აპელანტი მხარე უარყოფს 2022 წლის 04 აგვისტოს გამოვლენილ ნებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა აღნიშნული გარემოება პალატამ დადასტურებულად მიიჩნია. სხვა გარემოებებსა და მტკიცებულებებზე აპელანტს არ მიუთითებია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად მოპასუხის მიერ 2022 წლის 04 აგვისტოს გამოვლენილი ნება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა სსკ-ის 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) საფუძველზე.
4.61. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
4.62. მოცემულ შემთხვევაში სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ აღდგენილ იქნენ შპს „ს.კ.ს–ბში“ პირვანდელ სამუშაოზე - კონსულტანტის საბაჟო საკითხებში პოზიციაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არამართლზომიერად ცნო ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძისა და მ.კ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება (გამოვლენილი ნება), საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ პოზიციები, რომელზეც მუშაობდნენ გათავისუფლებამდე მოსარჩელეები არ არის ვაკანტური ან აღარ არსებობს. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ისინი აღდგენილი არიან სამსახურში. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.
4.63. სშკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.64. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
4.65. იძულებითი განაცდურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შრომის ანაზღაურების ოდენობა და შრომის ხელშეკრულების ვადა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული გარიგებების ამ 2 პირობათაგან, მხარეთა შორის უდავოა, რომ ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე და მ.კ–ძე შპს „ს.კ.ს–ბში“ კონსულტანტის - საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციაზე დასაქმებულები იყვნენ განუსაზღვრელი ვადით, ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძის შრომის ანაზღაურება კი შეადგენდა ყოველთვიურად 1500 ლარს, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე, ხოლო მ.კ–ძის - 1200 ლარს, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
4.66. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ს.კ.ს–ბს“ ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, ყოველთვიურად 1500 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით, ხოლო მ.კ–ძის სასარგებლოდ 1200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 15 აგვისტოდან საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4.67. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეები აღდგენილი არიან სამსახურში. შესაბამისად, არ არის მართებული მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნულ პოზიციას არ დაეთანხმა პალატა და მიუთითა, რომ ის საკითხი, აღდგენილი არიან თუ არა მოსარჩელეები სამსახურში, გავლენას ვერ მოახდენს განსახილველ დავაზე, ვინაიდან სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაკისრებულია გადაწყვეტილების აღსრულებამდე - სამსახურში აღდგენამდე, ხოლო ის საკითხი, თუ რა პერიოდზე უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს იძულებითი განაცდური, გაირკვევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
4.68. ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე და მ.კ–ძე ასევე ითხოვენ შპს „ს.კ.ს–ბს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს 2022 წლის ივლისისა და აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანება, ასევე, ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07 %-ის ოდენობით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ისინი იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხესთან, ასრულებდნენ სამუშაოს, ივლისის თვის სამუშაოს ანაზღაურების ნაწილი მოპასუხის მიერ განხორციელდა დაგვიანებით, ხოლო ივლისის თვის ნაწილი და აგვისტოს თვის სამუშაოს ანაზღაურება მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია.
4.69. ხელფასის გადახდა ხელშეკრულებების თანახმად წარმოებდა თვეში ერთხელ, ნ.ჯ–ასთან და ნ.მ–ძესთან მიმართებით ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო მ.კ–ძის შემთხვევაში ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვიდან 10 რიცხვამდე.
4.70. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება ასევე, რომ მ.კ–ძეს ივლისის თვის ნაკლული ხელფასი - 951.18 ლარი ჩაერიცხა 2022 წლის 19 აგვისტოს - 9 დღის დაგვიანებით, ხოლო აგვისტოს თვის ნამუშევარი დღეების ნაკლული ხელფასი 333.93 ლარი 2022 წლის 1 სექტემბერს. ნ.მ–ძეს ივლისის თვის ნაკლული ხელფასი - 1290 ლარი ჩაერიცხა 2022 წლის 15 აგვისტოს - 10 დღის დაგვიანებით, ხოლო, აგვისტოს თვის ნამუშევარი დღეების ნაკლული ხელფასი 436,45 ლარი - 2022 წლის 1 სექტემბერს. ნ.ჯ–ას ივლისის თვის ნაკლული ხელფასი - 1300 ლარი ჩაერიცხა 2022 წლის 19 აგვისტოს - 14 დღის დაგვიანებით, ხოლო აგვისტოს თვის ნამუშევარი დღეების ნაკლული ხელფასი 436.45 ლარი 2022 წლის 1 სექტემბერს.
4.71. სასამართლოს მიერ დადგინდა ასევე მოსარჩელეებთან 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით არსებული შრომითი ურთიერთობა. მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელეებისათვის, კერძოდ, ნ.მ–ძისათვის 15 აგვისტოს, ხოლო ნ.ჯ–ასათვის და მ.კ–ძისათვის 19 აგვისტოს ივლისის თვის ხელფასის ჩარიცხვის ფაქტს, რაც შეეხება ნაკლებ ოდენობას, მის საფუძვლად მიუთითებს დისციპლინური სასჯელის სახით 200 ლარით მოსარჩელეთა დაჯარიმების ბრძანებებზე. აღნიშნულ დოკუმენტებს სასამართლო ხელფასის დაკლების სათანადო არგუმენტად ვერ გაიზიარებს.
4.72. საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს ცალმხრივად შედგენილი ბრძანებები თანამშრომელთა - მ.კ–ძის, ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძის 200-200 ლარით დაჯარიმების შესახებ, თუმცა ისინი მოსარჩელეებს არც გაგზავნიათ და არც რაიმე, მათ შორის, ელექტრონული ფორმით ჩაჰბარებიათ. მათზე მითითება დამსაქმებელს არც მოსარჩელეთა მხრიდან სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით წარდგენილ, 2022 წლის 16 აგვისტოს წერილის საპასუხოდ მოუხდენია. ისინი მხოლოდ 2022 წლის 23 სექტემბერს წარმოდგენილ შესაგებელს ერთვის. ბრძანებების მოსარჩელეებთან (მათ შორის არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე) გაგზავნის ან/და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ წარმოდგენილა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელი აცხადებს, რომ კვლავ მიმდინარე შრომით ურთიერთობებში იმყოფებოდა მოსარჩელეებთან, დისციპლინური ღონისძიების, როგორც შემდგომში მუშაკთა მხრიდან სამუშაოს შესრულების სანაცვლო უკუგების სრულად მიღების გამომრიცხველი მტკიცებულება, არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული ბრძანებები, როგორც მხოლოდ მხარის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტები, ვერ შეფასდება შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე აქტად. შესაბამისად, მოთხოვნა ივლისის ხელფასის სრული ოდენობით გაცემის თაობაზე, საფუძვლიანია.
4.73. რაც შეეხება აგვისტოს თვეში ნამუშევარ თანხას, მოპასუხე არ უარყოფს ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას 12 რიცხვის ჩათვლით, ხოლო აგვისტოს თვის ხელფასის მოთხოვნილ ოდენობებსა და გაანგარიშებასთან მიმართებით, შედავება წარმოდგენილი არ არის. ამ მხრივ დადგენილი ფაქტების მხედველობაში მიღებით, სახეზეა ორივე მოსარჩელის მიმართ აგვისტოს თვის შრომის ანაზღაურების მოთხოვნილი ოდენობით დაკმაყოფილების წინაპირობებიც.
4.74. პალატამ გაიზიარა მოთხოვნა მ.კ–ძის სასარგებლოდ აგვისტოს თვის ნამუშევარი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზეც. მართალია, საქმეში წარმოდგენილია ბრძანება 2022 წლის 08 აგვისტოდან 2022 წლის 12 აგვისტომდე მისი ანაზღაურებად შვებულებაში გაშვების თაობაზე, თუმცა ასევე წარმოდგენილი მიმოწერით, დგინდება ამ პერიოდში მოსარჩელის მხრიდან დისტანციურად დამსაქმებლის დავალებით შრომითი მოვალეობების შესრულება.
4.75. პალატამ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დამსაქმებელს უფლება აღარ აქვს, მოსთხოვოს დასაქმებულს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
4.76. სშკ-ის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია ანაზღაურებადი შვებულება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამდენად, შვებულება არის თავისუფალი დრო, ანუ დრო, როდესაც დასაქმებული დროებით არ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. ამ დროის მანძილზე მისთვის დავალებების მიცემითა და აღნიშნული უფლებით სარგებლობის ხელშეშლით, იკარგება შვებულების, როგორც მუშაკის საყოველთაოდ აღიარებული სოციალური უფლების გამოყენების არსი. მიღებული გადაწყვეტილებაც პირისათვის ფასიანი შვებულების ანაზღაურების შესახებ ატარებს ფორმალურ ხასიათს, ხოლო გაწეული სამუშაო - ექვემდებარება ანაზღაურებას მხარეთა შორის შეთანხმებული წესითა და ოდენობით შრომითი ურთიერთობის სასყიდლიანი ბუნებიდან გამომდინარე. გაწეული სამუშაოს დადასტურების შემთხვევაში, ყურადსაღებია ნორმის დათქმა შესრულების სასყიდლიან ხასიათზე. დამსაქმებელი მაინც ვალდებულია, მისცეს მუშაკს შრომის ანაზღაურება.
4.77. ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძის მხრიდან 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, ასევე, მ.კ–ძის მიერ შრომითი ურთიერთობის შეჩერების მიუხედავად, სამუშაოს ფაქტობრივი შესრულების და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის წარმოებისას შესაგებლის წარმოდგენამდე, დასაქმებულებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე ინფორმაცია არც ერთი შესაძლო ფორმით გაგზავნიათ, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული ოდენობით სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ.
4.78. სახელფასო დავალიანების სასარჩელო მოთხოვნის პირობებში მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელი გარემოებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისთვის სახელმწიფო დავალიანების დაკისრების მოთხოვნა და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ის.
4.79. მოსარჩელეები ასევე ითხოვენ მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 0.07%-ის გადახდის დაკისრებას.
4.80. სშკ-ის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
4.81. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ, როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. „სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს (შდრ. სუსგ-ები: #ას-82-82-2018, 09.03.2018; # ას- 285-271-2013, 30.09.2013).
4.82. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მხარეთა შორის 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით შრომითი ურთიერთობა, მოსარჩელის მიერ სამუშაოს ფაქტობრივი შესრულება, უდავოა ასევე დამსაქმებლის მხრიდან ივლისის თვის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დაგვიანებით, ხოლო ნაწილთან მიმართებით სრულად გაუცემლობა, ასევე, აგვისტოს თვის შრომის ანაზღაურების ნაწილის გაუცემლობა. დადგენილია, რომ ხელფასის გადახდა ხელშეკრულებების თანახმად წარმოებდა თვეში ერთხელ, ნ.ჯ–ასთან და ნ.მ–ძესთან მიმართებით 1500 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო მ.კ–ძის შემთხვევაში 1200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვიდან 10 რიცხვამდე. ასევე, მ.კ–ძეს ივლისის თვის ნაკლული ხელფასი - 951.18 ლარის ოდენობით ჩაერიცხა 2022 წლის 19 აგვისტოს - 9 დღის დაგვიანებით, ხოლო აგვისტოს თვის ნამუშევარი დღეების ნაკლული ხელფასი 333.93 ლარის ოდენობით 2022 წლის 1 სექტემბერს. ნ.მ–ძეს ივლისის თვის ნაკლული ხელფასი - 1290 ლარი ჩაერიცხა 2022 წლის 15 აგვისტოს - 10 დღის დაგვიანებით, ხოლო, აგვისტოს თვის ნამუშევარი დღეების ნაკლული ხელფასი 436,45 ლარი - 2022 წლის 1 სექტემბერს. ნ.ჯ–ას ივლისის თვის ნაკლული ხელფასი - 1300 ლარის ოდენობით ჩაერიცხა 2022 წლის 19 აგვისტოს - 14 დღის დაგვიანებით, ხოლო აგვისტოს თვის ნამუშევარი დღეების ნაკლული ხელფასი 436.45 ლარის ოდენობით 2022 წლის 1 სექტემბერს.
4.83. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა შემდეგნაირად: მოპასუხეს ნ.ჯ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 1. 2022 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 1300 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან 2022 წლის 19 აგვისტომდე; 2. 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3. 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 188 ლარის და 55 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4. 2022 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 1300 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან 2022 წლის 15 აგვისტომდე; 5. 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 05 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 6. 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 188 ლარის და 55 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 7. 2022 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 1000 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 10 აგვისტოდან 2022 წლის 19 აგვისტომდე; 8. 2022 წლის ივლისის თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 200 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 10 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 9. 2022 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 166 ლარის და 07 თეთრის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 0.07%-ის ოდენობით, 2022 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5.2. კასატორის (დამსაქმებლის) განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას, მან სამივე დასაქმებული პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინა, მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით. ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე და მ.კ–ძე სამსახურში არ ცხადდებიან. 2024 წლის 28 მარტს გაგზავნილი წერილებით დასაქმებულებს განემარტათ სამსახურში გამოცხადების ვალდებულება და გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამოუცხადებლობის მიზეზების განმარტების თაობაზე. ნ.ჯ–ამ, ნ.მ–ძემ და მ.კ–ძემ ფოსტის კურიერს განუმარტეს, რომ ისინი სამსახურში იმყოფებიან. შპს „ს.კ.ს–ბმა“ ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე და მ.კ–ძე სამსახურში 2024 წლის 27 თებერვალს აღადგინა, შესაბამისად დამსაქმებელს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს. ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე და მ.კ–ძე დასაქმებული არიან სხვა სამსახურში, რაც დაკისრებული განაცდურის შემცირების აუცილებელი პირობაა იმ დღემდე, როდესაც ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე და მ.კ–ძე ახალ სამსახურში დასაქმდნენ.
5.3. სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით არ მიიღო ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხისათვის მაშინ გახდა ცნობილი და ისინი სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 29 მარტს იქნა წარდგენილი.
5.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძისა და მ.კ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების ინიციატორი და თარიღი. ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე და მ.კ–ძე 2022 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით ირიცხებოდნენ მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებად. 2022 წლის 29 აგვისტოს კომპანიის თანამშრომელმა თ.ხ–ამ ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძესა და მ.კ–ძეს ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზის დასადგენად.
5.5. შპს „ს.კ.ს–ბმა“ შუამდგომლობები დააყენა საკასაციო სასამართლოს წინაშე და მოითხოვა:
5.5.1. შემდეგი მტკიცებულებების საქმეზე დართვა - 27.02.2024 წლის მიმართვები და სამსახურში აღდგენის ბრძანებები ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძისა და მ.კ–ძის გზავნილის ჩაბარების საფოსტო დოკუმენტებით; მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის 28.02.2024 წლის განცხადება; 28.02.2024 წლის, 29.02.2024 წლის, 01.03.2024 წლის, 04.03.2024 წლის, 05.03.2024 წლის, 06.03.2024 წლის, 07.03.2024 წლის, 11.03.2024 წლის „თანამშრომლის სამსახურში გამოუცხადებლობის“ ოქმები; 28.03.2024 წლის მიმართვები ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძესა და მ.კ–ძეს გზავნილის ჩაბარების საფოსტო დოკუმენტებით;
5.5.2. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან შემდეგი ინფორმაციის გამოთხოვა - ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძესა და მ.კ–ძეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის შესახებ 2022 წლის 15 აგვისტოდან 2024 წლის 29 მარტამდე პერიოდში, დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით;
5.5.3. ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძესა და მ.კ–ძეს დაევალოთ 2022 წლის 15 აგვისტოდან 2024 წლის 29 მარტამდე პერიოდში მათ დამსაქმებლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლების წარმოდგენა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი - ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. ყოველი საქმის განხილვისას, სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე და პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის 3-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (სსსკ-ის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა (იხ. სუსგ №ას-400-2020, 15.02.2020 წ.).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კასატორის პრეტენზიები შეეხება იმ გარემოებას, რომ დასაქმებულები არ ცხადდებოდნენ სამსახურში, რისი მიზეზების გარკვევასაც ცდილობდა კომპანია, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ კი, დამსაქმებელმა გამოსცა სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებები. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სადავოდ გახადა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მან სამივე მოსარჩელე პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინა, რის თაობაზე შეტყობინებები გაუგზავნა მათ, მოსარჩელეები მოპასუხე კომპანიაში აღარ დაბრუნებულან, რადგან სხვა სამსახურში დაიწყეს მუშაობა. კასატორი მიიჩნევს, რომ მას დაკისრებული განაცდურის ოდენობაც უნდა შეუმცირდეს, რადგან მოსარჩელეებმა სხვა სამსახურში დაიწყეს მუშაობა. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს წინაშე ახალი მტკიცებულებების, რომლებიც მისთვის მაშინ გახდა ცნობილი, დართვა იშუამდგომლა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა უარყო.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იხ. სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020 წ.). ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ №ას-536-2021, 21.09.2021 წ.).
12. სსკ-ის 115-ე მუხლის, თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.
14. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
14.1. ნ.ჯ–ა (16.01.2012 წლიდან), ნ.მ–ძე (26.06.2012 წლიდან) და ნ.კ–ძე (03.01.2020 წლიდან) დასაქმებული იყვნენ შპს „ს.კ.ს–ბში“, უვადოდ;
14.2. 2022 წლის 30 ივნისს შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორმა კრება ჩაატარა, სადაც მოსარჩელეებს - ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძესა და მ.კ–ძეს სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებისათვის გაფრთხილება მისცა და განუსაზღვრა ვადა, 2022 წლის 1 აგვისტომდე, გამოესწორებინათ სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ სამსახურიდან;
14.3. ნ.ჯ–ა და ნ.მ–ძე 2022 წლის 15 აგვისტოდან სამსახურში არ გამოცხადებულან;
14.4. ნ.კ–ძე 2022 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდში ანაზღაურებად შვებულებაში გავიდა. შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნებულა;
14.5. არცერთ მოსარჩელეს 2022 წლის ივლისის თვის ხელფასი არ აუღია;
14.6. შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს ბრძანებები თანამშრომელთა, მ.კ–ძის, ნ.ჯ–ას და ნ.მ–ძის 200-200 ლარით დაჯარიმების შესახებ, მოსარჩელეებს არ ჩაჰბარებიათ. ისინი თან ერთვის 2022 წლის 23 სექტემბერს წარმოდგენილ შესაგებელს. ბრძანებების მოსარჩელეებთან (მათ შორის არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე) გაგზავნის ან/და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ არის;
14.7. ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძესა და მ.კ–ძეს 2022 წლის 12 აგვისტოდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებიათ;
14.8. ნ.ჯ–ამ, ნ.მ–ძემ და მ.კ–ძემ შპს „ს.კ.ს–ბს“ 2022 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს: მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება და ნამუშევარი პერიოდის ხელფასი და ხელფასის დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დაკისრებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურება;
14.9. დამსაქმებელმა დასაქმებულების 2022 წლის 16 აგვისტოს განცხადებას პასუხი არ გასცა;
14.10. შპს „ს.კ.ს–ბის“ 2022 წლის 8 სექტემბრის ბრძანებებით ნ.ჯ–ა, ნ.მ–ძე და მ.კ–ძე სამსახურიდან გათავისუფლდნენ სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანებები დასაქმებულებს არ ჩაჰბარებიათ, მოპასუხემ ისინი შესაგებელს დაურთო.
15. მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების თარიღი. თავად მოსარჩელე მხარე, სარჩელით ითხოვს, 2022 წლის 4 აგვისტოს, დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ზეპირი ფორმით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობას (რომლის თანახმად, დასაქმებულები, 2022 წლის 12 აგვისტოდან გათავისუფლდნენ სამსახურიდან), ხოლო დამსაქმებლის პოზიციით, დასაქმებულები სამსახურიდან გაათავისუფლა 2022 წლის 8 სექტემბრის ბრძანებებით, რადგან მოსარჩელეები არ ცხადდებოდნენ სამსახურში.
16. ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი) განსაზღვრავს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველთა იმპერატიულ წრეს, ხოლო მომდევნო მუხლი აკონკრეტებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურულ წესს, თუმცა, შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ამა თუ იმ ფორმას (წერილობით, ზეპირად, ბრძანების სახით და ა.შ), რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც შრომითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ფაქტობრივი შრომითი ურთიერთობა, ასევე, სამართლებრივად დასაშვებია, შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად დასრულება განვიხილოთ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტად (შდრ. იხ №ას-391-2019, 26.12.2019 წ.; Nას-85-2022, 05.05.2022 წ.).
17. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ შეიძლება ყოველთვის გავაიგივოთ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გამოცემასთან, არამედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დამსაქმებლის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ქმნის დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ნების გამოვლენის გონივრულ ვარაუდს.
18. მოსარჩელეები მიუთითებენ დამსაქმებლის ინიციატივით, ზეპირი ფორმით გამოვლენილი ნების საფუძველზე, 2022 წლის 12 აგვისტოდან შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივ დასრულებაზე, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, 2022 წლის 8 სექტემბერს გაცემულ ბრძანებებზე, რომლის საფუძველზეც, დისციპლინური გადაცდომის გამო, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ნამდვილობის წინაპირობაა მისი შემადგენლობის არსებობა ანუ სამართლებრივ შედეგზე მიმართული ნების ფორმირებისა და მისი სათანადოდ გამოხატვის პროცესის დასრულება. ამასთან ნების გაცხადება გულისხმობს ინდივიდის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომაზე მიმართული ნების იმ სახით გამოხატვას, რომ მის "საბოლოობაზე" ეჭვი არ დარჩეს და რა თქმა უნდა მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა "გაცხადებულია" როდესაც გამომვლენმა იგი ადრესატისაკენ მიმართა ისე, რომ ჩვეულებრივ სავარაუდოა ადრესატის მიერ მისი მიღება; მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ ვინ არის ნების გამომვლენი და თუ რა გარემოებებს შეეძლო გავლენა მოეხდინა მის მიერ შესაბამისი ფრაზის ფორმირებაზე. დასადგენია ის, თუ რა მნიშვნელობა შეეძლო მიენიჭინებინა ნების გამომვლენს ცალკეული სიტყვისა თუ ფრაზისთვის კონკრეტულ ვითარებაში. ანუ როგორ მეტყველებს თუ წერს იგი, რა ტერმინოლოგიას იყენებს, რა სახის განათლება აქვს მიღებული და როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაში შეიძლებოდა ყოფილიყო ის ნების გამოვლენის მომენტში. (იხ. კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, დ.კ–ძის ავტორობით გვ. 242,244,251) გარდა ამისა, მიღება-სავალდებულო ნების გამოვლენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ადრესატის თვალსაწიერის გათვალისწინება, ანუ როგორ აღიქვამდა თუ უნდა აღექვა გაცხადებული ნება მიმღებს. სამართლებრივი შედეგის გამოწვევისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განმცხადებლის ნების ზუსტი დადგენა, არამედ ნების იმ შინაარსის განსაზღვრა, რომელიც ადრესატისთვის შეცნობადია მისვლის მომენტში.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნა დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნებით, მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტაზე (ზეპირად გამოხატული ნების საფუძველზე), მოსარჩელეთა მიერ მითითებული თარიღიდან (2022 წლის 12 აგვისტოდან). კერძოდ, საკასაციო პალატა, მიუთითებს სააპელაციო პალატის შემდეგ მსჯელობებსა და შეფასებებზე:
20.1.სააპელაციო პალატა დაეყრდნო მოსარჩელეების განმარტებას, რომლის თანახმადაც ისინი მიუთითებდნენ არაგონივრული მოცულობის სამუშაოს შესრულების დავალებას, ხელმძღვანელის მხრიდან გათავისუფლების მუდმივ მუქარას და არასათანადო სამუშაო გარემოს, საბოლოოდ კი 2022 წლის 04 აგვისტოს საღამოს საათებში, კომპანიის დირექტორის მიერ მათთან ზეპირად გამოვლენილ ნებას - სამუშაოს სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მომდევნო ორშაბათიდან მათი გათავისუფლების შესახებ. (ღამეებს გაათენებთ აქ, თუ ვერ შეასრულებთ, ორშაბათიდან აღარ გამოცხადდეთ, გათავისუფლებული იქნებით); სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დირექტორის მხრიდან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების წინაპირობად გაცხადებული დავალებული სამუშაოს სრულად შესრულება მათი მხრიდან ფიზიკურად იყო შეუძლებელი, ობიექტურ გარემოებათა გამო. კერძოდ, პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა გაიზიარეს მოსარჩელეთა განმარტება 2022 წლის 04 აგვისტოს, დირექტორის მხრიდან, ზეპირი ფორმით, გამოვლენილი ნების შედეგად, 2012 წლის 12 აგვისტოდან შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად დასრულების თაობაზე, რადგან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პირობად განსაზღვრული დათქმის შესრულება, მოსარჩელეთა მხრიდან, მცდელობის მიუხედავად, იყო შეუძლებელი. აღნიშნული დასკვნა, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია იმ გარემოებაზეც დაყრდნობით, რომ მოსარჩელეებს შეთანხმებულ დროს არ ჩაერიცხათ მიმდინარე თვის ხელფასი.
21. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სათანადოდ გამოკვლეული არ არის მოსარჩელეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა; ბუნდოვანია და სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, თუ რა დავალება მისცა დამსაქმებელმა დასაქმებულებს, რომლის შესრულებაც ობიექტურად შეუძლებლად მიიჩნია. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია (რასაც სააპელაციო სასამართლო იზიარებს), რომ ფუნქციათა, ზოგადად სამუშაო მოცულობის ზრდა არ უარყვია დამსაქმებელს, ასევე, მოწმედ დაკითხულ პირებს, ნ.ა–ძესა და ამჟამად საოპერაციო მენეჯერად კვლავ დასაქმებულ პირს - თ.ხ–ას. მოწმე ნ.ა–ძე ადასტურებს, რომ იყო დეკლარაციათა დიდი ოდენობა, რომლის შესრულება ვერ ესწრებოდა დროში, სტრესული გარემო. სამუშაოს ოდენობის ზრდას არ უარყოფს მოწმედ დაკითხული თ.ხ–აც. მოწმეები ადასტურებენ, რომ პრეტენზიები ღიად ცხადდებოდა დასაქმებულების მხრიდანაც, თუმცა საქმეთა ოდენობის შემცირების მიზნით კადრის დამატება არ დგინდება.
22. თუმცა, სადავო შემთხვევაში, როდესაც აქცენტი გაკეთებულია დამსაქმებლის მიერ გაცემულ ერთკვირიან დავალებაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ ხსენებული მოწმეთა განმარტებები საკმარისი არ არის იმ გარემოების დასადგენად, რომ დასაქმებულებისათვის მიცემული კონკრეტული დავალებების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი იყო. აღნიშნული საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2022 წლის 30 ივნისს, შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორმა კრება ჩაატარა, სადაც მოსარჩელეებს - ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძესა და მ.კ–ძეს სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებისათვის გაფრთხილება მისცა და განუსაზღვრა ვადა, 2022 წლის 1 აგვისტომდე, გამოესწორებინათ სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათავისუფლდებოდნენ სამსახურიდან. ზემოთ აღნიშნული წინაპირობების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, 2022 წლის 4 აგვისტოს, დამსაქმებლის (დირექტორის) მიერ გამოხატული ნების ნამდვილობაზე, რადგან არ დასტურდება შრომითი ურთიერთობის დასრულებაზე გამოხატული ნების ე.წ. "საბოლოობა", ამასთან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არ არის შეფასებული თუ როგორ იქნა აღქმული გაცხადებული ნება დასაქმებულთა მიერ. ასევე შეფასების გარეშეა დატოვებული 2022 წლის 8, 9, 10, 11, 12 აგვისტოს სატელეფონო მიმოწერა (ტ. 1, ს/ფ 200-201; 241-254) თ.ხ–ასა და მოსარჩელე მ.კ–ძეს შორის, რომლის მიხედვითაც სხვა საკითხებთან ერთად მიმოწერა ეხება ხელფასის ჩარიცხვასა და შვებულებაში გასვლის საკითხებს. სათანადოდ არ არის შეფასებული დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ერთკვირიან ვადაში, ერთ-ერთი მოსარჩელის მიერ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის ნებართვის შემთხვევა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი დამსაქმებლის მიერ, 2022 წლის 4 აგვისტოს, გამოხატული ნების ნამდვილობა, 2022 წლის 15 აგვისტოდან, დასაქმებულთა გათავისუფლების შესახებ.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დასაქმებულებმა სარჩელი აღძრეს 2022 წლის 7 სექტემბერს. საკასაციო პალატის მოსაზრებით სათანადოდ არ არის გამოკვლეული და შეფასებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა (ტ. 1. ს.ფ. 82-84), რომლის თანახმადაც 2022 წლის 29 აგვისტოს, თ.ხ–ამ მ.კ–ძეს, ნ.ჯ–ასა და ნ.მ–ძეს მისწერა, ეცნობებინათ მისთვის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი. ამასთან გააფრთხილა ისინი, რომ საპატიო მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძულებული იქნებოდა მიეღო შესაბამისი ზომები. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, 2022 წლის 04 აგვისტოს, დირექტორის მხრიდან, ზეპირი ფორმით, გამოვლენილი ნების ნამდვილობა, 2012 წლის 15 აგვისტოდან შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად დასრულების თაობაზე, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნა არ არის გამყარებული საქმეზე სათანადო განკუთვნადი მტკიცებულებებით.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოსაკვლევია კომპანიის დირექტორის მიერ დამსაქმებლეთა მისამართით გამოხატული: "ღამეებს გაათენებთ აქ, თუ ვერ შეასრულებთ, ორშაბათიდან აღარ გამოცხადდეთ, გათავისუფლებული იქნებით"- წარმოადგენდა გაცხადებულ ნებას, მიმართულს სამართლებრივ შედეგზე - შრომითი ურთიერთობის დასრულებისა, თუ ადგილი ჰქონდა განმეორებით გაფრთხილებას - სამუშაოს ჯეროვანი შესრულების მიზნით. ამგვარად, სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს, 2022 წლის 4 აგვისტოს დამსაქმებლის მხრიდან, ხომ არ ჰქონია ადგილი დასაქმებულთა გაფრთხილებას, დავალების სრულად დაუსრულებლობის შემთხვევაში მათი, ერთობლივად გათავისუფლების თაობაზე, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დამსაქმებლის მხრიდან ისეთი მოქმედება, რომელიც შექმნიდა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ნების გამოვლენის გონივრულ ვარაუდს. საქმის მასალებით ასევე არ ირკვევა, არც მოსარჩელეებს მიუთითებიათ იმ გარემოებაზე, რომ ისინი გამოცხადდნენ 2022 წლის 15 აგვისტოს სამსახურში და არ დაუშვეს ან სხვაგვარი დაბრკოლება შეექმნათ შრომითი მოვალეობების შესრულებისას.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სშკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელს წარმოეშობა ვალდებულება 7 დღის ვადაში მოახდინოს ანგარიშსწორება დასაქმებულთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოხმობილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულებისათვის ივლისის თვის ხელფასის ჩაურიცხველობის ფაქტი შეფასდა, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენის დამადასტურებელი გარემოება.
27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სარჩელით ითხოვენ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. მოპასუხის ახსნა-განმარტების მიხედვით, ისინი 2022 წლის 8 სექტემბრის ბრძანებებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში გამოუცხადებლობის გამო (იხ. ტომი 1. ს.ფ. 94-96, ასევე სხდომის ოქმები). აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება და 2022 წლის 8 სექტემბრის მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებები (არც წინმსწრები დაჯარიმების შესახებ ბრძანებები) და მასში მითითებული გათავისუფლების საფუძველი, არამედ - იმსჯელა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა წინაპირობის არსებობაზე, რაც მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია (იხ. სუსგ №ას-573-2021, 21.06.2022 წ., პ.13; №ას-660-2020, 11.03.2022 წ.).
28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო გადაწყვეტილებები, რის გამოც, არასწორად დაადგინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დრო და საფუძველი.
29. კასატორის პრეტენზიის მიხედვით - შპს „ს.კ.ს–ბმა“ 2024 წლის 27 თებერვალს ნებაყოფლობით აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძისა და მ.კ–ძის გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის ნაწილში, შესაბამისად დამსაქმებელს არ უნდა დაეკისროს იძულებით განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 5 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რომელიც კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მანამდე მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან, ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. (იხ. სუსგ Nას-1526, 2023, 22.03.2024 წ.).
31. როგორც გასაჩივრებულ განჩინებაში არის აღნიშნული, მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისა, მოპასუხემ უარი არ თქვა გასაჩივრების უფლებაზე, ვინაიდან არ დაეთანხმა შედეგს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ სადავო საკითხი შეეხება განაცდურს, რომელიც განგრძობადია და მისი შეწყვეტა დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) აღსრულების თარიღზე.
31.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეები აღდგენილი არიან სამსახურში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რის შესახებაც ეცნობათ მოსარჩელეებს, თუმცა ისინი არ გამოცხადდნენ სამსახურში. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის რეგულაციაზე"დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე" და განმარტავს, რომ იძულებითი განაცდურის დაკისრება არ უკავშირდება მხოლოდ სამსახურში აღდგენას, არამედ "დასაქმებულს უფლება აქვს, კომპენსაციის დაკისრების შემთხვევაშიც, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება. საქალაქო სასამართლოს მიერ, სარჩელი დაკმაყოფილდა შპს „ს.კ.ს–ბის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეების აღდგენა სამსახურში, დაეკისრა სახელფასო დავალიანების, მასზე დარიცხული პირგასამტეხლო და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად, შრომის ანაზღაურების ოდენობით, 2022 წლის 15 აგვისტოდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებსა და მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობაზე, ვინაიდან სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სადავო შემთხვევაში, სამსახურში აღდგენის სასარჩელო მოთხოვნების გათვალისწინებით, დაკისრებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოცემულ შემთხვევაში, სამსახურში აღდგენამდე), ხოლო ის საკითხი, თუ რა პერიოდზე უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს იძულებითი განაცდური, გაირკვევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
31.2. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
32. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
33. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
34. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს დამსაქმებლის საკასაციო საჩივარს და აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
35. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის სხდომაზე, სადაც აპელანტის წარმომადგენელმა დაააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა: საქმეს დაერთოს დამატებითი მტკიცებულებები (სამსახურში აღდგენის ბრძანებები, საფოსტო გზავნილები) ასევე, იშუამდგომლა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძის, მ.კ–ძის მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის შესახებ 2022 წლოის 15 აგვისტოდან 2024 წლის 29 მარტამდე პერიოდში, დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით. ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძეს და მ.კ–ძეს დაევალოთ 2022 წლის 15 აგვისტოდან 2024 წლის 29 მარტამდე პერიოდში, მათ დამსაქმებლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლების წარმოდგენა (იხ. სხდომის ოქმი 12:49:46-12:53:47). აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისთვის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გახდა ცნობილი, რომ მოსარჩელეებმა სხვაგან დაიწყეს მუშაობა. ამასთან, ისინი არ ცხადდებოდნენ მოპასუხე კომპანიაში, სადაც აღდგენილნი არიან. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დასაქმებულთა წარმომადგენელი.
36. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ (მტკიცებულებათა დართვის თაობაზე) მოიხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინებას, რომლითაც აპელანტი მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მხარეს უარი ეთქვა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და ნ.ჯ–ას, ნ.მ–ძეს და მ.კ–ძეს მიერ 2022 წლის 15 აგვისტოდან 2024 წლის 29 მარტამდე პერიოდში, მათ დამსაქმებლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლების წარმოდგენის მოთხოვნის თაობაზე. დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები დაერთო საქმეს (იხ. ტ. 1, ს/ფ 47-78). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რადგან მხარემ ნაწილობრივ ვერ დაადასტურა თუ რატომ ვერ შეძლო საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენა (იხ. სხდომის ოქმი 11:14:15-11:19:26). კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ დაურთო, საქმის მასალებს არ შეესაბამება, რადგან სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და დამსაქმებლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლების წარმოდგენის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო აპელანტის მიერ წარმოდგენილი სამსახურში აღდგენის ბრძანებები, საფოსტო გზავნილები დაურთო საქმეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს მართებულად ეთქვა უარი საქმეზე დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვაზე. ხსენებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა დასაბუთებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ხოლო აღნიშნული დასაბუთების გამაქარწყლებელი და ახალი არგუმენტაცია კასატორმა ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინება სწორია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
37. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 407.1-ე მუხლზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. სსსკ-ის 104.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობები: საქმეზე მტკიცებულებების დართვისა და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
39. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სრულად არ გამოუკვლევია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად, თავიდან უნდა გამოიკვლიოს თუ როდის, ვისი ინიციატივით და რა საფუძვლით შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი შეფასების საფუძველზე მიიღოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება.
40. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.კ.ს–ბის" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ს.კ.ს–ბის" შუამდგომლობა, საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს „ს.კ.ს–ბის" შუამდგომლობა, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი