Facebook Twitter

საქმე №ას-1300-2020 2 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ლ.რ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ–ი" (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.რ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „თ–ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 1 მარტის #კ-172 ბრძანება ლ.რ–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე ლ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 27 360 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ლ.რ–ისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

4. ლ.რ–მა, 2024 წლის 23 სექტემბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი), დარჩა განუხილველად; განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება; ლ.რ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტი), დარჩა განუხილველად.

6. ლ.რ–მა, 2025 წლის 7 აპრილს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება და ლ.რ–ისა და სს "თ–ის" საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლდა საქმის წარმოება; სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; განახლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით შეჩერებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განცხადების განხილვა; ლ.რ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველად.

8. ლ.რ–მა, 2026 წლის 1 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მისი ინტერესი სამსახურში იმავე ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენაა. ლ.რ–მა აღნიშნა, რომ სს „თ–მა“ საჯარო სივრცეში გამოაქვეყნა საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტის ვაკანსია (განცხადებას თან ერთვის ამონაბეჭდი ვებ-გვერიდან ჯობს.გე), რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, რაც ჰქონდა იმ თანამდებობას, რასაც ლ.რ–ი გათავისუფლებამდე იკავებდა. ლ.რ–ი ითხოვს სს „თ–ს“ აეკრძალოს საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. განმცხადებლის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში (სამუშაოზე აღდგენის ნაწილში), საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საფრთხის არიდებაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.რ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. უზრუნველყოფის ღონისძიების სათანადო სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ Nას-587-2019, 20.02.2020წ.).

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი ლ.რ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „თ–ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 1 მარტის #კ-172 ბრძანება ლ.რ–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე ლ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 27 360 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით, ლ.რ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება და ლ.რ–ისა და სს "თ–ის" საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლდა საქმის წარმოება; ლ.რ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

15. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომით დავებში (კერძოდ, სამსახურში აღდგენის მოთხოვნაზე), იმ შემთხვევაში, თუ დამსამქბლის მიერ მოხდება სხვა პირის დანიშვნა, მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, მისი აღდგენა ვერ განხორციელდება, იმ მიზეზის გამო, რომ აღარ იარსებებს ვაკანტური თანამდებობა, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას. ამდენად, ასეთი ტიპის დავებში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საფრთხე რომ არ შეექმნას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას - თანამდებობაზე აღდგენას, მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში, შესაძლებლობას იძლევა, დასაქმებული აღდგენილი იქნეს იმავე თანამდებობაზე, რამდენადაც სადავო თანამდებობაზე არ მომხდარა სხვა პირის დანიშვნა. ხოლო თუ ეს უფლება არ არის გამოყენებული და დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე დანიშნულია სხვა პირი, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი პირის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე დაწესებულების სისტემაში (შეად. სუსგ #ას-258-2022, 17.05.2022 წ.).

17. პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ბუნებრივია, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას, აღნიშნული ღონისძიება გამოიყენოს ნებისმიერ სარჩელთან მიმართებაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად. კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო საკითხს, გამოყენებული უნდა იქნას თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სასამართლო განსაზღვრავს იმ გარემოებებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოფის ღონისძიება მიიჩნიოს გამართლებულად. სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება გულისხმობს არა მარტო პირის დარღვეული უფლებების აღდგენას, არამედ მის დროებით დაცვასაც, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე არ მოხდეს პირის არახელსაყრელი ფაქტის წინაშე დაყენება. თუმცა, პალატა აქვე მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ნებისმიერი სარჩელის მიმართ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის შედეგად და მტკიცების ტვირთი კი ეკისრება შუამდგომლობის ავტორს.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სს „თ–ში“ ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. საქმის მასალების მიხედვით ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსის შტატი გაუქმებულია და მოსარჩელე ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს. ლ.რ–ის განმარტებით, საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტს იგივე ფუნქციები აქვს, რაც ჰქონდა იმ თანამდებობას, რასაც ლ.რ–ი გათავისუფლებამდე იკავებდა.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 38.8-ე მუხლის დანაწესზე (მოქმედი რედაქციის 48.8-ე მუხლი), რომლის თანახმად სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს/მოპასუხეს, დამტკიცების შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმებაა შესაძლებელი (იხ. სუსგ №ას-840-2020 15.04.2022 წ., №ას-890-857-2016, 9.10. 2017 წ.).

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.რ–ი წარმოდგენილი განცხადებით ვერ ასაბუთებს, რომ სს „თ–ის“ მიერ გამოცხადებული ვაკანსია და მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა ერთმანეთის ტოლფასია.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

23. ლ.რ–ი, წარმოდგენილი შუამდგომლობით ვერ ასაბუთებს/არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა, აქვს თუ არა საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტს იგივე ფუნქციები, რაც ჰქონდა იმ თანამდებობას, რასაც ლ.რ–ი გათავისუფლებამდე იკავებდა. ტოლფასი თანამდებობების არსებობის საკითხი შეფასებითია და მის დასადგენად კი სასამართლოს რელევანტური დასაბუთება სჭირდება, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

24. განმცხადებელს არ მიუთითებია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რაც დაასაბუთებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით ,საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.რ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი