საქმე №ას-362-2026 2 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) – ც.თ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.თ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 13.12.2025წ. გადაწყვეტილებით ც.თ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 13.12.2025წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ც.თ–მა. საქმე სააპელაციო საჩივრებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2025 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მიმართა ც.თ–მა, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კერძო აღმასრულებლის ნანა კანკავას მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის #A23072043 მოქმედების შეჩერება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი განცხადება არ დაკმაყოფილდა.
5. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განჩინებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
8. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება (იხ. სუსგ. #ას-67-67-2018. 31.01.2018წ).
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
10. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიების გამოყენება მჭიდრო კავშირშია დავის საგანთან, რადგანაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი, ზოგადად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის დაცვაა, შესაბამისად, მხარის მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიება აუცილებელი უნდა იყოს იმ მატერიალურ-სამართლებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად, რის მიღებასაც იგი სარჩელის მეშვეობით ცდილობს.
11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
12. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
13. ამავე კოდექსისი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
14. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე თანდართული 26.04.2024წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე გამოყენებულია რამდენიმე უზრუნველყოფა. ასევე საქმის მასალებით დგინდება, რომ ც.თ–ის სარჩელი გ.თ–ის მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ც. თ–ის მიერ სააპელაციო საჩივრით.
15. ც.თ–ს (მოსარჩელეს) პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე არ მიუმართავს სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნვეყოფის შუამდგომლობით. მან სააპელაციო სასამართლოს მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით და მოითხოვა კერძო აღმასრულებლის ნანა კანკავას მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების №A23072043 შეჩერება (აღსანიშნავია, რომ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი სარჩელით მხარე ქონების მესაკუთრედ ცნობას ითხოვს).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი არ არის დაკმაყოფილებული. ამასთან, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების რეალიზაციის შეჩერება სარჩელის უზრუნველყოფის სახით შესაძლებელია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად აღნიშნა, რომ განსახილველი ღონისძიების გამოყენებას მხარე ითხოვს იმ პირობებში როდესაც აღძრულია სარჩელი უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით და დგინდება, რომ აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება მესამე პირთა სასარგებლოდ გამოყენებული აკრძალვები.
17. საკასაციო სასამართლო, არა მხოლოდ მიმდინარე დავაზე, არამედ ზოგადად განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სსსკ ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას (სსსკ-ის 432-ე მუხლი: საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს). გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზანია, არ აღსრულდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ საფუძვლით გასაჩივრებულია და არსებობს თუნდაც ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ იგი გაუქმდეს (სუსგ №ას-433-2019, 19.04.2019წ.).
18. სხვა შემთხვევები, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება, განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით (სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში).
19. ამდენად, მოცემული შემთხვევა არ შეიძლება შეფასდეს არც სსსკ-ის 432-ე მუხლის შინაარსის შესაბამის, არც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით და არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების სხვა რომელიმე წინაპირობად. სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მოთხოვნა, როგორც წინამდებარე განჩინებაში ერთხელ უკვე აღინიშნა, ვერ დარეგულირდება ვერც სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) ქვეპუნქტით, ვინაიდან საპროცესო მოქმედება, რომლის გატარებასაც წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში მოითხოვს მხარე, არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას (შდრ. სუსგ №ას-1150-1096-2014, 27.01.2015წ.). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სხვა საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველზე.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Mutishev and Others v. Bulgaria, no. 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000) (სუსგ №ას-499-2021, 29.06.2021წ.).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 410-ე, 191-ე, 1971-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ც.თ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე