Facebook Twitter

№ას-245-2026 2 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კერძო საჩივრის ავტორი – ჟ.ბ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „პ–ის“ სარჩელი ჟ.ბ–ას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 34 968.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 31 391.95 ლარი, პროცენტი - 3 576.61 ლარი. 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N2/760-24 საქმეზე, შპს „პ–ის“ სარჩელისა გამო მოპასუხე ჟ.ბ–ას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დარჩა ძალაში.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მათი გაუქმება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინებით: აპელანტ ჟ.ბ–ას სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში განეხორციელებინა შემდეგი მოქმედებები: ა) წარედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის (ახალი ფორმის) ნიმუშის შესაბამისი სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (სადაც მითითებული იქნებოდა თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა), იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; ბ) გადაეხადა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1 248.74 ლარის ოდენობით; გ) წარედგინა ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით; დ) ადვოკატ გ.ზ–ძეს, თუკი ის არის საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი, წარედგინა ადვოკატის მოწმობა, ან უშუალოდ აპელანტის, ან სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა მხარის წარმომდგენელს და ჩაბარდა 2025 წლის 23 დეკემბერს, თუმცა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჟ.ბ–ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

11. სსსკ-ის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე- 63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ №ას-1397-2019, 21.11.19 წ.).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია: სააპელაციო საჩივარზე აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ა) წარედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის (ახალი ფორმის) ნიმუშის შესაბამისი სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (სადაც მითითებული იქნებოდა თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა), იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; ბ) გადაეხადა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1 248.74 ლარის ოდენობით; გ) წარედგინა ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით; დ) ადვოკატ გ.ზ–ძეს, თუკი ის არის საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი, წარედგინა ადვოკატის მოწმობა, ან უშუალოდ აპელანტის, ან სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს განესაზღვრა 10 დღე.

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს და ჩაბარდა 2025 წლის 23 დეკემბერს (ტ.1,ს.ფ. 175-176). საქმის მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან, არათუ ამავე განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, არამედ, კერძო საჩივრის წარმოდგენამდე მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, დადგენილ ვადაში მხარეს არც ხარვეზი აღმოუფხვრია და არც რაიმე შუამდგომლობა დაუყენებია.

15. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად: თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

17. სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო განსახილველი ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

18. წინამდებარე შემთხვევაში 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინება მხარეს 2025 წლის 23 დეკემბერს ეთვლება ჩაბარებულად. დასახელებული ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2025 წლის 24 დეკემბრიდან და ამოიწურა 2026 წლის 8 იანვარს (ხუთშაბათს, ვინაიდან ხარვეზის გამოსწორების ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს (საქართველოს მთავრობის დადგენილებით გამოცხადებულ უქმე დღეებს).

19. კერძო საჩივრის ავტორის პასუხად, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არაერთი ხარვეზი დაუდგინა სააპელაციო საჩივარს, კერძოდ, აპელანტს დავალებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით წარედგინა სააპელაციო საჩივარი, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებითა და უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით გადაეხადა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, ელექტორნული ფორმითაც წარედგინა CD დისკის სახით, ამასთან, დაეზუსტებინა ადვოკატის სპეციალიზაცია.

20. ზემოაღნიშნულის შესახებ, როგორც უკვე აღინიშნა წინამდებარე განჩინებაში აპელანტის სათანადო ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის, არც ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი მტკიცებულებებით, არც რაიმე შუამდგომლობით, შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩვრის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატია, შესაბამისად სასამართლოსთვის დამატებით, მინიმუმ პრეზუმირებულია, რომ სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ხარვეზი, რომელიც სათანადო წესით მიიღო მხარის წარმომადგენელმა, იცოდა თუ რა შინაარსის იყო და რა საპროცესო მოქმედებები და ღონისძიებები უნდა გაეტარებინა მხარის ინტერესების დასაცავად, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ დასტურდება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ.ბ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე