Facebook Twitter

ას-244-2026 02 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კერძო საჩივრის ავტორი – კ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხ.დ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კ.ფ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმში, .........., ფართი 53.99 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......... გამოთხოვა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ხ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე კ.ფ–ძის უკანონო მფლობელობიდან, მისი გამოსახლების გზით, გამოთხოვილი იქნა მოსარჩელე ხ.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ..........., ფართი 53.99 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......... და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა კ.ფ–ძემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით კ.ფ–ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მათი გაუქმება მოითხოვა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინებით კ.ფ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით კ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

7.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, აპელანტს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე რამდენიმეჯერ, თუმცა გზავნილი ადრესატს არ ჩაჰბარდა. მითითებული განჩინება მხარეს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც.

7.2. პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კ.ფ–ძისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2025 წლის 28 მაისს (აპელანტის მისამართზე კურიერის ბოლო ვიზიტის თარიღი), რომლის შესაბამისადაც აპელანტს, ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2025 წლის 09 ივნისის ჩათვლით.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ.ფ–ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

8.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებია. მის მიერ მითითებულ მისამართზე ყოველთვის არის ოჯახის რომელიმე წევრი და გზავნილის მიტანის შემთხვევაში, ადრესატი ჩაიბარებდა მას. კახა ფუტკარძე ასევე აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა გზავნილის ჩაბარება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 მარტის განჩინებით კ.ფ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის მიტანის ან მობილური ტელეფონის ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში, ჩაიბარებდა გზავნილს და შეავსებდა სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზს.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი საპროცესო მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი - სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

16. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაშიც. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც (იხ. სუსგ Nას-208-2022, 29.04.2022წ).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინებით კ.ფ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაამდასტურებელილ დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აპელანტს განჩინება მის მიერ საჩივარში და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ..........) გაეგზავნა რამდენიმეჯერ, როგორც საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებიდან ირკვევა, ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2025 წლის 12 თებერვლის, 2025 წლის 28 თებერვლისა და ამავე წლის 06 მარტის გზავნილების უკუგზავნილებში მითითებულია, რომ მისამართზე არავინ იყო და კურიერმა დატოვა შეტყობინება, 2025 წლის 23 მაისის გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით კი დასტურდება, რომ მისამართზე არავინ იყო, კურიერმა დატოვა შეტყობინება, ადრესატი ტელეფონს არ პასუხობს. აღნიშნული გზავნილის ჩაბარების მიზნით მისამართზე ბოლო ვიზიტი კურიერმა განახორციელა 2025 წლის 28 მაისს.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით გაუგზავნა აპელანტ მხარეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება და იგი მხარისათვის ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში) შესაბამისად, რამეთუ, მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის გაგზავნა, მოხმობილი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო კორესპონდენციის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებად განიხილება.

19. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სსსკ-ის მე-60 მუხლის 2-ე ნაწილის (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი) თანახმად, დაიწყო 2025 წლის 29 მაისს (აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე ბოლო გზავნილის მიტანის მომდევნო დღიდან). აღნიშნული დღიდან 10 დღის განმავლობაში და არც მოგვიანებით აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.

20. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ). ამდენად, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სასამართლოს გზავნილი აპელანტს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, იმ მისამართზე, რომელიც თავად დაასახელა. შესაბამისად, აპელანტი მხარე ვალდებული იყო დადგენილ ვადაში შეევსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც მას არ განუხორციელებია.

21. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ფ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი