№ა-1020-ბ-10-2026 27 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
განცხადების ავტორი – ს.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინება (მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინება (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გადაუხდელი დანამატისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება, შეთანხმებისა და შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს.მ–ძის სარჩელი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, გადაუხდელი დანამატისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების, შეთანხმებისა და შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებიდ მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, ს.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2024 წლის 3 ივლისს, ს.მ–ძის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებაზე, საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, განსახილველად დაეწერა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსამართლე ლევან მიქაბერიძე აცილებულ იქნა მოცემული საქმის განხილვისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი აცილებულ იქნა მოცემული საქმის განხილვისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სს „თ–ის“ წარმომადგენელ ა.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი აცილებულ იქნა მოცემული საქმის განხილვისაგან.
2025 წლის 16 აპრილს, საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე გიზო უბილავას.
2025 წლის 3 ივნისის განჩინებით ს.მ–ძის შუამდგომლობა მოსამართლე - გიზო უბილავას აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2025 წლის 4 ივნისის განჩინებით ს.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2026 წლის 4 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ს.მ–ძემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინების (მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინების (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) ბათილად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 09 მარტის განჩინებით ს.მ–ძეს დაევლა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი განცხადებისა და სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
2026 წლის 20 მარტს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ს.მ–ძემ, მიუთითა, რომ 2025 წლის 09 დეკემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თ.გ–ძის განცხადება, ანუ ბათილად არ ცნო 2025 წლის 30 მაისის განჩინება საქმეზე - Nას-1063-2023, საქმიდან მოსამართლე ამირან ძაბუნიძის აცილების თაობაზე. აღნიშნულ განჩინებაზე სსსკ-ის 430.2 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარი შეიტანა განმცხადებელმა. თუმცა, უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
ს.მ–ძე მიუთითებს, რომ 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით დადასტურდა, რომ მისი საკასაციო საჩივრის განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მეორეს მხრივ, მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რის საფუძველზეც აუცილებლად უნდა მომხდარიყო საქმის განმხილველი მომხსენებლი მოსამართლის აცილება/ჩანაცვლება, რაც მაღალი ხარისხის ალბათობით გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განცხადებელი მიუთითებს, რომ 2026 წლის 30 იანვრის განჩინება ჩაჰბარდა 2026 წლის 03 თებერვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ს.მ–ძის განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ. საქმეზე № ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;
გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;
დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;
ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, თუმცა, სარჩელითა თუ განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვა არ გულისხმობს უპირობოდ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სარჩელის/განცხადების მიღებას და მის არსებით განხილვა-გადაწყვეტას. განმცხადებელი ვალდებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს განცხადების სასამართლოში წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს შესაბამისი საქმე.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ის შეზღუდულია გარკვეული წესებით და სავალდებულო პირობებით, როგორიცაა: სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დაცვა, სარჩელის ან განცხადების წარდგენისას დადგენილი ფორმის დაცვა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სხვ. ეს განმარტება, ასევე, ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებასთან მიმართებით. მაგ., საქმეზე სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Stanev v. Bulgaria; [დიდი პალატა], § 230, ECHR 2012), სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, ის შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დაშვებულია იმაზე მითითებით, რომ ხელმისაწვდომობა „თავისი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მიერ რეგულირებას, ეს რეგულირება შეიძლება იცვლებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოების და ინდივიდების საჭიროებისა და რესურსების გათვალისწინებით“ (იხ. ეშინგდეინი [გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ] (Ashingdane [v. the United Kingdom, 28 მაისი1985, § 42, სერია A N 93], § 57)). ამგვარი რეგულირებების შემოღებისას, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ გარკვეული შეფასების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენა სასამართლოს საქმეა, სასამართლოს საქმეს არავითარ შემთხვევაში წარმოადგენს შეცვალოს ეროვნული ხელისუფლების მიერ დადგენილი შეფასება სხვა შეფასებით, როგორც შესაბამის დარგში საუკეთესო პოლიტიკის ნაწილით....“
ამდენად, გარკვეული უფლების განხორციელების მიზნით, საპროცესო რეგულირების დადგენა ეროვნული კანონმდებლობით ხორციელდება და ეს არ ეწინააღმდეგება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არსს და არ წარმოადგენს ამ უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც ამომწურავადაა განსაზღვრული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები. შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. სსსკ-ის 423-ე მუხლი კი, მოიცავს ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. პალატა განმარტავს, რომ ამათგანაც უმნიშვნელოვანესია მითითება საკუთრივ იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინების (მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინების (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ ერთ-ერთ წინაპირობას ეფუძნება. კერძოდ, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სახეზეა სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში) გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ს.მ–ძე ასევე მიიჩნევს, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების წინაპირობა, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).
წარმოდგენილ განცხადებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აუცილებელია განცმხადებელმა შეძლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან გაჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, სწორი მიმართებების ჩამოყალიბება. ამ მიზნით, საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ განმცხადებლის მიერ მოხმობილი პროცესუალური საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში (სსს-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი). განსახილველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოსამართლეს, რომელმაც საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა, ეს კანონით ეკრძალებოდა. ამგვარი აკრძალვები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებში (სუსგ.-ები საქმეებზე: №ა-3666-ბ-9-2021, 15/09/2021 წ.; №ას-1253-2020, 01/02/2021წ.; №ას-342-2019, 25/04/2019 წ.). წინამდებარე საქმეში ასეთი საფუძველი არ არსებობს, პირიქით საკასაციო პალატამ საქმის მინდინარეობის ეტაპზე იმსჯელა მოსამართლის (გიზო უბილავას) აცილების საკითხზე და მიიჩნია, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
რაც შეეხება განმცხადებლის აპელირებას მის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინების ჩაბარებით ახლად აღმოჩენილი გარემოების გამოვლენის შესახებ ინფორმირებაზე. პალატა აღნიშნავს, რომ 2025 წლის 09 დეკემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თ.გ–ძის განცხადება, ანუ ბათილად არ ცნო 2025 წლის 30 მაისის განჩინება საქმეზე - Nას-1063-2023, საქმიდან მოსამართლე ამირან ძაბუნიძის აცილების თაობაზე. მხარეებს განემარტათ, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, ამ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და განმცხადებლის მითითება, რომ 2026 წლის 30 იანვრის განჩინების ჩაბარებით მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, საფუძველს მოკლებულია.
ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადებაში მითითებული გარემობები არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივნისისა და 2025 წლის 4 ივნისის განჩინებების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს. მითუმეტეს, რომ მოსამართლეთა აცილება/არ აცილების საკითხზე, არაერთხელ იმსჯელა სკასაციო პალატამ.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, „კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით. საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს.მ–ძის განცხადება არ აკმაყოფილებს საქმის წარმოების განახლებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძელზე, მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა. ამ საფუძვლით განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 284-ე, 285-ე 372-ე, 396-ე, 399-ე, 421-ე, 422-ე, 425-ე, 427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.მ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივნისისა და 2025 წლის 04 ივნისის განჩინებების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. ს.მ–ძეს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს განცხადების განხილვის მიზნით, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად - 100 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N32517822477, გადახდის თარიღი 18/03/2026 წ.);
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი