Facebook Twitter

26 თებერვალი, 2026 წელი,

საქმე №ას-113-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე/მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ი, დ.ს–ი (მოსარჩელეები/მოპასუხეები)

კანონიერი წარმომადგენელი - ლ.ბ–ი

მოპასუხე (მ.ს–ისა და დ.ს–ის სარჩელზე) - სს „ს.კ.ა–ი”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, უფლებამონაცვლედ ცნობა (სს „ს.ბ–ის“ სარჩელში); სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების შესრულება, ვალდებულების შესრულებით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტა და იპოთეკის საგნის განთავისუფლება (მ.ს–ისა და დ.ს–ის სარჩელზე)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 31 დეკემბერს, სს ,,ს.კ.ა–მა“ (შემდეგში - მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) და სს ,,ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, დამზღვევი, კრედიტორი, ბანკი) იპოთეკური სესხის მომხმარებლებისთვის სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისი (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება ან სადაზღვევო პოლისი) გააფორმეს. ხელშეკრულების მიხედვით, დაზღვევის საგანი იყო კრედიტორის ოფსეტური იპოთეკური სესხების პორტფელი, მზღვეველი - სადაზღვევო კომპანია, ხოლო მოსარგებლე - კრედიტორი.

2. დაზღვევის ხელშეკრულებით მხარეებმა შეათანხმეს ყველა არსებითი პირობა, მათ შორის, სადაზღვევო შემთხვევის ცნება/სადაზღვევო დაფარვები, ასევე, სადაზღვევო შემთხვევის განსახილველად მზღვეველისათვის სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და, სადაზღვევო პრემია, რომელსაც ბანკი მზღვეველს იმისგან დამოუკიდებლად აუნაზღაურებდა, მსესხებელი ბანკს სესხს დროულად (ან საერთოდ) გადაუხდიდა თუ არა.

3. სადაზღვევო პოლისის №3 დანართის 2.1 პუნქტის მე-11 ქვეპუნქტის თანახმად, დაზღვეულ იქნა დამზღვევის ოფსეტური იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების პორტფელი, კერძოდ, დაზღვეულის მიმართ დამზღვევის ფინანსური ინტერესი. დაფარულ რისკებს მიეკუთვნებოდა დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით ან დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთა შორისაც იყო, ,,დაზღვეულის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ქმედება მიმართული იყო ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად“.

4. დაზღვევის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩებოდა; 3.5 პუნქტის მიხედვით, დაზღვეულის მემკვიდრეები გათავისუფლდებოდნენ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან მზღვეველის მიერ ბანკზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით, რაც გულისხმობდა მხოლოდ გარდაცვალების მომენტისთვის დაფიქსირებულ სესხის ძირითად თანხას და არ მოიცავდა მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმებს. კონკრეტულ სადაზღვევო შემთხვევასთან მიმართებით მზღვეველის პასუხისმგებლობა ტოლი იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის შესაბამისი სესხის დაუფარავი ოდენობის, დარიცხული სარგებლის/ჯარიმის თანხის გამოკლებით, მაგრამ არაუმეტეს ავტომატური დაზღვევის ფარგლებში - 200 000 აშშ დოლარისა.

5. მზღვეველი ვალდებული იყო, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მოთხოვნილი ყველა დოკუმენტის მიღებიდან 1 თვის ვადაში გაეცა სადაზღვევო ანაზღაურება.

6. 2015 წლის 25 თებერვალს, კრედიტორსა და ფიზიკურ პირ გ.ს–ს (შემდეგში - მამკვიდრებელი ან მსესხებელი) შორის საკრედიტო ხელშეკრულება (შემდეგში - საკრედიტო ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) დაიდო, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე 7 500 აშშ დოლარის ოდენობით სესხი წლიური 11.90% სარგებლის დარიცხვის პირობით გაიცა.

სადავო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 120 თვით განისაზღვრა, პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5% შეადგენდა.

7. საკრედიტო ხელშეკრულების 3.18 პუნქტით განისაზღვრა განსაკუთრებული პირობები, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკმა საკუთარი სახსრებით მსესხებლის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულება იკისრა, რისთვისაც განისაზღვრა მსესხებლისთვის ყოველთვიურად 5 აშშ დოლარის ოდენობით სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს გადახდის ვალდებულება.

მხარეებმა სესხის დაფარვის გრაფიკი შეათანხმეს, რომლის შესაბამისად, მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი კრედიტის თანხა 112.32 აშშ დოლარს შეადგენდა და სესხის ძირ თანხას, პროცენტსა და 5 აშშ დოლარის ოდენობით სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიოს მოიცავდა.

8. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 25 თებერვალს ბანკსა და მსესხებელს შორის იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ქ.წყალტუბოში, ........... მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში -იპოთეკის საგანი ან უძრავი ქონება) იპოთეკით დაიტვირთა.

9. 2017 წლის 18 ივნისს მსესხებელი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზია წყალში დახრჩობით მექანიკური ასფიქსია.

10. მსესხებლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით 2017 წლის 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით - თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით) გამოძიება დაიწყო.

11. ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

გამოძიებამ დაადგინა შემდეგი:

„2017 წლის 07 ივნისს, დაახლოებით, 17:30 საათზე, 02.04.1988 წელს დაბადებული გ.გ. ძე ს–ი მივიდა მდინარე მტკვარზე არსებულ ორთაჭალისა და გაბრიელ სალოსის შემაერთებელ ხიდზე, საიდანაც გადახტა მტკვარში და დაიწყო ცურვა. გ.ს–მა გაცურა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რა დროსაც მასთან მივიდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შეეცადნენ გ.ს–ის მდინარიდან ამოყვანას, მაგრამ გ.ს–მა უთხრა, რომ ცურვა უნდოდა და მისთვის თავი დაენებებინათ, რის შემდეგაც ისევ უკან შეცურა მდინარეში, გაუჩინარდა და მისი პოვნა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ვეღარ შეძლეს“.

ამავე დადგენილების თანახმად, მსესხებლის გვამის პოვნა მხოლოდ 2017 წლის 19 ნოემბერს, რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ჭალაში მოხერხდა.

საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მსესხებლის გარდაცვალების მიზეზი გახდა მექანიკური ასფიქსია, წყალში დახრჩობით.

გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ მსესხებლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, იგი უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა, რაც კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას გამორიცხავდა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა.

12. გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეები არიან მისი არასრულწლოვანი შვილები, 2015 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ს–ი და 2016 წლის 14 ივლისს დაბადებული დ.ს–ი (წინამდებარე განჩინებაში შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მემკვიდრეები ან უფლებამონაცვლეები).

13. 2018 წლის 26 ივლისს მამკვიდრეების სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა, რომლითაც დასტურდება, რომ მათ მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, მათ შორის - იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული უძრავი ქონება უფლებამონაცვლეთა თანასაკუთრებაში ირიცხება.

14. 2018 წლის 3 მაისს, კრედიტორმა წერილობით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მსესხებლის გარდაცვალების გამო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოითხოვა.

15. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სადაზღვევო კომპანიამ იმავე დღეს წერილობით უარი იმ გარემოებაზე მითითებით განაცხადა, რომ „საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობების“ მე-2 პუნქტის მე-11 ქვეპუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო დაფარვიდან გამონაკლისს წარმოადგენს დაზღვეულის გარდაცვალება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია დაზღვეულის მიერ საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი ქმედება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად არის მიმართული.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მსესხებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო სამსახურის თანამშრომლების გაფრთხილებას არ დაემორჩილა და ცურვა კვლავ განაგრძო, დაზღვეულის ქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც საკუთარი ნებით ხიფათში თავის ჩაგდება, რაც სადაზღვევო პირობებიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას გამორიცხავდა.

16. მსესხებლის დედამ, მ.ღუნწკიძემ ბანკს წერილობით მიმართა, რათა შვილის საკრედიტო ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ვინაობა გაერკვია. 2018 წლის 15 ივნისის წერილით მას ეცნობა, რომ მსესხებლის ვალდებულების შესრულება მის მემკვიდრეს ეკისრებოდა, რადგან დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა.

17. კრედიტორის მიერ საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მასალების თანახმად, ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2018 წლის 4 ივლისის (სარჩელის აღძვრის თარიღი) მდგომარეობით 9 759.34 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6 631.62 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 055.21 აშშ დოლარი, საკომისიო - 78.98 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 993.53 აშშ დოლარია.

18. საკრედიტო ხელშეკრულებაზე დარიცხული დავალიანების თანხა (9 759.34 აშშ დოლარი) მოიცავს მსესხებლის სიცოცხლეში დარიცხულ დავალიანებასაც და მისი გარდაცვალების შემდეგ დარიცხულ თანხასაც.

19. დავალიანების თანხა, რომელიც საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მამკვიდრებელს გარდაცვალებამდე (2017 წლის 18 ივნისამდე) დაერიცხა, 334.82 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 229.29 აშშ დოლარი გადაუხდელი სარგებლის დავალიანებაა, 33.98 აშშ დოლარი - დარიცხული საკომისიო, ხოლო 71.55 აშშ დოლარი - ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დარიცხული პირგასამტეხლოა.

20. დავალიანების დარიცხული ოდენობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

21. დაზღვევის ხელშეკრულების შესრულების, საბანკო კრედიტის და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტისა და იპოთეკის საგნის განთავისუფლების მოთხოვნით კრედიტორი ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის მიმართ უფლებამონაცვლეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ამ ნაწილში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და, შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული.

22. მსესხებლის მემკვიდრეთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი წარადგინა კრედიტორმაც, რომელმაც მათი უფლებამონაცვლედ ცნობა, ხოლო, უფლებამონაცვლეთათვის, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოითხოვა.

23. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

23.1. კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

23.2. გაუქმდა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ამავე სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება, რომლითაც მსესხებლის საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად უფლებამონაცვლეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით „თბილისის სააუქციონო სახლის“ მიერ დანიშნული აუქციონი შეჩერდა.

24. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კრედიტორმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით:

25.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

25.2. კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

25.3. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

25.4. ბანკის სასარგებლოდ მსესხებლის უფლებამონაცვლეებს მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში 334.82 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრათ;

25.5. დადგინდა, რომ დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვაზე უარის შემთხვევაში, იპოთეკის საგანი სარეალიზაციოდ მიქცეულიყო;

25.6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნის ნაწილში კრედიტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

25.7. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-20 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მსესხებლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კრედიტორისთვის (დაზღვეული) წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება) ერთმნიშვნელოვნად არ იძლეოდა მტკიცების საშუალებას, რომ მსესხებლის გარდაცვალება თავის ხიფათში წინასწარი შეცნობით ჩაგდებამ განაპირობა. შესაბამისად, ამ უკანასკნელის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით მზღვეველის მიერ გაკეთებული შეფასება გაზიარებული ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორმა მხოლოდ ფორმალურად განკარგა დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებლობები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 8.3 და 115-ე მუხლებით დადგენილ ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს არ შეესაბამებოდა.

- ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავალიანების ანაზღაურების შესახებ უფლებამონაცვლეთა მიმართ ბანკის მიერ აღძრული მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სარჩელი არც სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოსა და საკომისიოს დაკისრების ნაწილში არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რადგან სადაზღვევო კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემთხვევაში, (ე.ი. სესხის ძირი თანხის სახით არსებული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში), დამატებითი ვალდებულებების (სარგებლის, პირგასამტეხლოს და ა. შ.) წარმოშობის წინაპირობები აღარ იარსებებდა.

- რაც შეეხებოდა მის გარდაცვალებამდე (2017 წლის 18 ივნისი) მსესხებლის სადავო კრედიტზე დარიცხულ 334.82 აშშ დოლარის ოდენობით არსებულ დავალიანებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ნაწილში არსებობდა კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილებისა და მსესხებლისთვის მართლზომიერად დარიცხული 334.82 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების (სამკვიდრო პასივის) ანაზღაურების მემკვიდრეთათვის დაკისრების საფუძველი.

26. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

26.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, პირდაპირ ადგენს, რომ, მსესხებლის გარდაცვალებისას, სადაზღვევო კომპანიასთან დავა ბანკმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამოწუროს, მათ შორის, აუცილებლად, თუნდაც „ფორმალური სარჩელის წარდგენის გზით“ და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ამ გზით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ უნდა მიმართოს მსესხებლის უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობით, როგორც კრედიტორს, სასამართლომ ბანკს თავად განუსაზღვრა მოქმედების „სქემა“, რაც ამ უკანასკნელის ძირითად საპროცესო უფლებებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

26.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა ახალისებს მსესხებლის მემკვიდრეებს, მემკვიდრეობის მიღების მიუხედავად, პასიური დარჩნენ მამკვიდრებლის კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, მაშინ, როდესაც, მამკვიდრებლის კრედიტორთა დაკმაყოფილების ინტერესი კანონმდებლობით აღიარებულია.

26.3. მოთხოვნის წარდგენის რიგითობის განსაზღვრისას, კრედიტორების ინტერესების დაკმაყოფილების ჭრილში სასამართლოს მიერ სრულად უგულებელყოფილია კრედიტორის უფლების განხორციელების ისეთი შემაფერხებელი გარემოება, როგორიცაა - სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები. სასამართლოს მიერ დადგენილი რიგითობით, ბანკი, პრაქტიკულად იძულებული ხდება, რომ სადაზღვევო კომპანიასთან ფორმალური და ფუჭი დავების წარმოებით, თავადვე ხელი შეუწყოს, მსესხებლის მემკვიდრეთა მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების გახანდაზმულებასა და ვალდებულების ზრდას. მსესხებლის მემკვიდრეთა მიმართ მოთხოვნის წარდგენის სამართლებრივი „უფლების“ წარმოსაშობად ბანკისთვის აუცილებელი რიგითობის დაწესებით, იმის რეალური საფრთხე იქმნება, რომ მსესხებლის მემკვიდრეთა მიმართ მისი მოთხოვნა საერთოდ ხანდაზმული გახდეს.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

28. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

30. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად ეთქვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების ნაწილის მსესხებლის უფლებამონაცვლეთათვის დაკისრების შესახებ კრედიტორის მოთხოვნას უარი.

დასახელებული სესხის განსაზღვრული ნაწილის, კერძოდ, მსესხებლის გარდაცვალებამდე (2017 წლის 18 ივნისამდე) დარიცხული 334.82 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანებისა და ამ უკანასკნელის მემკვიდრეთა უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულია, რაც მემკვიდრეებს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო პალატა მასზე ვეღარ იმსჯელებს (სსსკ-ის 264.2 მუხლი).

31. მოსარჩელის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 867-868-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 403.1-ე (მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)), 301.1-ე (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), 1336-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)), 1338.1 (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის), 1421.1 (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე) და 1484.1 (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) მუხლებზე.

32. საკრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე კრედიტორის მოთხოვნას მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებმა შემდეგი არგუმენტები დაუპირისპირეს:

მსესხებელი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რაც, დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკის მიმართ დავალიანების დაფარვის ვალდებულებას მზღვეველს წარმოუშობდა.

მემკვიდრეთა შესაგებელი ასევე, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამზღვევის (ბანკი) მიმართ მზღვეველის (სადაზღვევო კომპანია) პასუხისმგებლობასა და დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მიერ უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტს ეფუძნებოდა.

33. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ.ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

34. სსკ-ის 844-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს სიცოცხლე.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის არსებითი კვლევის საგანი, კერძოდ, წარმოიშვა თუ არა მსესხებლის გარდაცვალების შედეგად სადაზღვევო კომპანიის მხრიდან მზღვეველისთვის (ბანკი) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება.

აღნიშნული საკითხის სწორად გადასაწყვეტად, შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:

1). სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე მზღვეველმა უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ მსესხებლის გარდაცვალების მიზეზი, საკუთარი ნებით თავის ხიფათში ჩაგდებად შეაფასა. ასეთი შემთხვევის არსებობა, სადაზღვევო პოლისის №3 დანართის 2.1 პუნქტის მე-11 ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მართლაც წარმოშობდა მზღვეველის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს, თუმცა, სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის, მსესხებლის ფიზიკური მდგომარეობა/მისი ფიზიკური შესაძლებლობები, შემთხვევის ადგილი და პირობები) გონივრული განსჯის შედეგად იმ დასკვნის საფუძველს არ ქმნის, რომ მდინარეში ბანაობით მსესხებელმა თავი ნებით ჩაიგდო ხიფათში, რაც მის გარდაცვალებას გამოიწვევდა.

სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში ისიც სწორად მიიღო, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსესხებლის მიერ მდინარეში აკრძალულ, საფრთხისშემცველ ადგილას ბანაობა და არც სტიქიის, უამინდობის ან მდინარის ადიდების ფაქტები.

სადავო შემთხვევა ზაფხულში მოხდა, ამასთან, მსესხებელი რამდენიმეწლიანი სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურე და შესაბამისი ფიზიკური მომზადების მქონე პირი იყო. ამდენად, არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რაც გონივრული განსჯის საფუძველზე იმ ვარაუდის საფუძველს შექმნიდა, რომ ზაფხულის პერიოდში, მდინარეში ნებადართულ ადგილზე ბანაობა, ცურვის მცოდნე, მდგრადი ფიზიკური მონაცემების მქონე პირისთვის სასიცოცხლოდ საფრთხისშემცველი იქნებოდა.

2). სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდგომ, ბანკს სადავოდ არ გაუხდია მზღვეველის პოზიცია, საკუთარი მოთხოვნის განსახორციელებლად მას არანაირი სამართლებრივი საშუალება არ გამოუყენებია, მაგალიითად, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით სადაზღვევო კომპანიის მიმართ სარჩელი არ აღუძრავს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მსესხებლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მისთვის წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება) ერთმნიშვნელოვნად არ იძლეოდა მტკიცების საშუალებას, რომ მსესხებლის გარდაცვალება ხიფათში თავის წინასწარი შეცნობით ჩაგდებამ განაპირობა.

3). ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, ბანკის მხრიდან სადაზღვევო კომპანიისთვის მიმართვა და უარის შემდეგ პასიური უმოქმედობა, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაძლებლობების ფორმალურად განკარგვაა, რაც სამოქალაქო კანონმდებლობაში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების სტანდარტს ეწინააღმდეგება (№ას-388-2019, 14.02.2020; №ას-1113-2018, 10.06.2020).

36. ზემოაღნიშნული მჯელობის გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილებაში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შეეცადნენ მსესხებლის მდინარიდან ამოყვანას, მაგრამ მან უთხრა, რომ ცურვა უნდოდა და მისთვის თავი დაენებებინათ. საქმის მასალების ერთობლიობაში განხილვის შედეგად, მითითებული გარემოება, თავისთავად, იმ დასკვნის საფუძველს არ ქმნის, რომ მსესხებლის გარდაცვალება ხიფათში წინასწარი შეცნობით თავის ჩაგდებითაა გამოწვეული.

37. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი დაზღვეული იყო და ბენეფიციარს კრედიტორი წარმოადგენდა, შესაბამისად, მას შეეძლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ესარგებლა დაზღვევის ხელშეკრულების პირობებითა და სსკ-ის 799-ე და 844-ე მუხლებით. სწორედ ამ რესურსის უშედეგოდ ამოწურვის შემდგომ იქნებოდა გამართლებული კრედიტორის მოთხოვნა ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად (იხ. საქმე №ას-1113-2018, 10.06.2020).

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

39. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 318.85 ლარის (საგადასახადო დავალება #20299, გადახდის თარიღი - 12.04.2024) 70% - 923.19 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია