20 მარტი, 2026 წელი,
საქმე №ას-1320 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ა.ფ–ა, გ.ჩ–ძე, შპს „ს.დ.კ.ა–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, დაზღვევის საკომისიოს, სარგებლისა და პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება, დავალიანების დასაფარად იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ.ბ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კრედიტორი ან ბანკი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით ა.ფ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი)), გ.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) და შპს „ს.დ.კ.ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს N2361992-10175403 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 92 362.28 (ძირითადი თანხა - 87 299.18 ევრო, საპროცენტო სარგებელი - 4 419.70 ევრო, ჯარიმა - 2 49.49 ევრო, დაზღვევა - 393.91 ევრო) ევროს სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ;
ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების თბილისში, .......... ქუჩა N35-ში მდებარე, #19 ბინის, ს/კ-თ #..........(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი), იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;
ვალდებულების დასაფარად იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხების არასაკმარისობისას, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ - მოძრავი ქონება; მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა, იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე მოვალეთა სხვა ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესახებ, უარყოფილ იქნა;
სოლიდარული თავდების მესამე მოპასუხის პასუხისმგებლობა ჯამურად - 93 200 ევროთი შემოიფარგლა;
დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო ძირითად იმაზე აპელირებს, რომ საკრედიტო დაწესებულება გარიგების ძლიერი მხარეა და მომეტებული ხარისხის პასუხისმგებლობა გააჩნია. სხვაგვარად შეუძლებელია პირგასამტეხლოს სიმბოლურ ოდენობამდე შემცირებისა და აღსრულების წესის მხარეთა შეთანხმებისგან განსხვავებული ფორმით შეცვლის დასაბუთების ახსნა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2018 წლის 1 ნოემბერს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0039.2361992.00, ხოლო ბანკსა და მეორე მოპასუხეს შორის #0039.1984088.001 ხელშეკრულებები გაფორმდა.
4.3.1. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე იმავე დღეს ბანკს, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის #2361992-10175403 საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, კრედიტი - 92 200 ევროთი განისაზღვრა, წლიური 4.80 % -ის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადა - 2032 წლის 9 ივლისამდე დადგინდა. სესხი ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია მიხედვით, უნდა დაბრუნებულიყო.
4.4. საკრედიტო ხელშეკრულების დამატებით პირობად მსესხებლების სიცოცხლისა და იპოთეკის საგნის სასყიდლიანი დაზღვევა იქნა გათვალისწინებული, რომელიც (დაზღვევის მართვის საკომისიო/პრემია) დაზღვეულებს უნდა აენაზღაურებინათ.
4.5. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებაც და თავდების/მესამე მოპასუხის პასუხისმგებლობა - 93 200 ევროთი განისაზღვრა.
4.6. მესამე მოპასუხის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული გამოძიების ფარგლებში გამოყენებული აკრძალვის/ყადაღის გამო, იპოთეკის საგანი პირველ და მეორე მოპასუხეებზე ვერ აღირიცხა.
4.7. მოპასუხეებმა/მსესხებლებმა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვიეს. მიუხედავად გაფრთხილებისა, ვალდებულება არ შესრულებულა.
4.8. 2021 წლის 28 იანვრის მონაცემებით, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 94 607.78 ევროა, საიდანაც ძირითადი თანხა - 87 299.18 ევრო, საპროცენტო სარგებელი - 4 419.70 ევრო, ჯარიმა - 2 494.99 ევრო და დაზღვევა - 393.91 ევროა.
4.9. საქალაქო სასამართლომ ჯარიმა/პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და ათჯერ შეამცირა. ასევე უარყო მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა, იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე მოვალეთა სხვა ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესახებ.
4.10. კასატორი პირგასამტეხლოს შემცირებასა და გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენაზე უარს სადავოდ ხდის.
5. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) და 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები და შემცირების წინაპირობები.
6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...",
“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
7. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება;
დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასმაართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (შდრ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
9. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
10. რაც შეეხება განსახილველ დავას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე უცვლელადაა დასატოვებელი.
11. საკასაციო სასამართლო აღსრულების წესის დადგენასთან დაკავშირებითაც უარყოფს კასატორის პრეტენზიას და მის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 286.1 მუხლზე (უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)), რომლის მიხედვით, იპოთეკის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა განსაზღვრული ნივთი. იგი როგორც სანივთო უფლება, ადგენს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება კრედიტორის მიმართ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისას.
ამ მხრივ საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ იპოთეკა რეგისტრირებული სანივთო უფლებაა ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე და იგი აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად.
ამასთან იპოთეკა, არამხოლოდ კრედიტორის სასარგებლო სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტია, არამედ მოვალის დაცვის ბერკეტიცაა, რომლითაც ის „ჯერ“ უზრუნველყოფის საგნით აზღვევს ვალდებულებას და მარტოოდენ მისი არასაკმარისობის შემთხვევაში თანხმდება სხვა ქონების რეალიზაციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3011-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ შემთხვევაშიც კანონმდებლის მიზანია, მოვალის ინტერესები ოპტიმალურად იქნეს დაცული ვალდებულების მოცულობის დასაფარად საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში.
12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკმა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ყველა ზომა მიიღო, სახელდობრ:
სესხის სახით გასაცემი თანხის პირობების დასარეგულირებელ ხელშეკრულებაში შეიყვანა თანამსესხებლები (ანუ სესხი გაიცა ორ პირზე ერთდროულად).
ასევე, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მესამე პირის სოლიდარული თავდებობა დადგინდა.
საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას აზღვევდა მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოვალეთა სხვა ქონებაზეც მიექცეოდა (იხ. ხელშეკრულების 7.2. პუნქტი).
13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ლოგიკურად გააჩნდათ იმის მოლოდინი რომ ვალდებულების შეუსრულებლობას თავდაპირველად იპოთეკის საგანი ან/და სოლიდარული თავდები დააზღვევდა, თუმცა მხარეები იმ რისკსაც უშვებდნენ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მათ სხვა ქონებაზეც მიექცეოდა (იხ. ხელშეკრულების 7.2. მუხლი საქმეში).
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორისთვის იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე, საკუთარი შეხედულებით მოვალეთა სხვა ქონების (მოთხოვნის არაუზრუნველმყოფი ქონება) რეალიზაციის უფლების მინიჭება კანონმდებლის ნებასთან აშკარა წინააღმდეგობშია და სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან არ გამომდინარეობს. ნორმის ამგვარი განმარტება მომხმარებელთა უფლებებთანაც წინააღმდეგობრივია და შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია.
15. ზემოაღნიშნულიდამ გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ აღსრულების წესს იმის თაობაზე, რომ დავალიანების დაფარვათა ვდაპირველად უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით და, შემდგომ, სათანადო პირობების წარმოქმნის შემთხვევაში შესაძლებელია მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციაც.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 357,82 ლარის (საგადასახადო დავალება #425050, გადახდის თარიღი 18.02.2025წ), 70% 250,47 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „თ.ბ–ს“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 357,82 ლარის (საგადასახადო დავალება #425050, გადახდის თარიღი 18.02.2025წ), 70% 250,47 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია