Facebook Twitter

6 მარტი, 2026 წელი,

საქმე №ას-1348-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე -გ.ს–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (იმერეთის რეგიონული სერვის ცენტრი)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 03 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა; ტოლფას სამუშაოზე აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.გ.ს–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში.

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან მოსარჩელე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

3. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1 300 ლარს (დარიცხული).

4. იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების საფძველზე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან შეიქმნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, სააგენტო), რომელსაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა, რაც დევნილებთან და ეკომიგრანტებთან იყო დაკავშირებული.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საკადრო რესურსის შესაბამისი სსიპ-დან უფლებამონაცვლე სსიპ-ში გადაყვანის პროცესის კოორდინაციის მიზნით სარეორგანიზაციო კომისიის სპეციალიზებული ქვეკომისიები შეიქმნა.

ქვეკომისიებს დაევალათ, რომ არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა, მათი კომპეტენციებისა და უნარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული საკადრო რესურსების შესაბამის სსიპ-ში დანიშვნა/გადაყვანის თაობაზე სათანადო რეკომენდაციების გაცემა უზრუნველეყოთ.

6. 2019 წლის 28 ნოემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და მოპასუხე სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დასაქმებულმა შემდეგი შინაარსის განცხადებით მიმართა:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, 2019 წლის 01 დეკემბრიდან დამნიშნოთ (უკონკურსოდ გადამიყვანოთ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროს სპეციალისტად და იმავდროულად, 2019 წლის 01 დეკემბრიდან გამათავისუფლოთ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან“.

7. დამსაქმებელი სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გ.წოწკოლაურის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37.1 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირადი განცხადება) სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი, მათ შორის მოსარჩელე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

8. მოპასუხე დაწესებულებამ ფუნქციონირება 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო.

9. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე თანამშრომელთა ნაწილი, რეორგანიზაციის შედეგად უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი/დანიშნული მოპასუხე სააგენტოში.

10. 2019 წლის 16 დეკემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება მოითხოვა. მოთხოვნის პასუხად, დამსაქმებლის 2019 წლის 26 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის, ასევე რეპატრიაციის მიმართულებებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შერწყმის/რეორგანიზაციიის პროცესთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 ივლისის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო-სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების" საფუძველზე, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებს დაემატა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად სააგენტოში დაინიშნენ თანამშრომლები (მათ შორის, მოსარჩელე).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, შეიქმნა მოპასუხე სააგენტო, რომელსაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა, რომელიც დევნილებთან და ეკომიგრანტებთან იყო დაკავშირებული; რაც, ასევე, აისახა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაში“ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით).

აღნიშნული ცვლილების საფუძველზე ყველა დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო მოსარჩელესთან (რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციების მიმართულებით მუშაობდა) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო - პირადი განცხადება.

11. 2019 წლის ახალ საშტატო ნუსხაში და სახელფასო ფონდში არ იქნა გათვალისწინებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ასევე, სპეციალისტის პოზიცია ვაკანტური იყო, რაზეც კონკურსი გამოცხადდა, თუმცა კონკურსში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ამჟამად გაუქმებულია, ხოლო საშტატო ნუსხით განსაზღვრულია სამმართველოს უფროსის პოზიცია იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე ასრულებდა და ისიც ვაკანტური არ არის.

12. სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (იმერეთის რეგიონული სერვის ცენტრი) და დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების ნაწილში გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს 46 800 ლარის ოდენობით (დარიცხული) კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხე საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არასწორად შეაფასა მოსარჩელის განცხადების შინაარსი, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა (ნება) იყო, არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამედ რეორგანიზაციის შედეგად, ახლად შექმნილ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში საქმიანობის გაგრძელების სურვილი; კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების მე-3 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან, უკონკურსოდ გადაყვანა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროს სპეციალისტად და ამ მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბრიდან, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლება.

აღნიშნული იმ გარემოებითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ერთდროულად წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ახლად შექმნილ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

ამდენად, დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების რეალური საფუძველი სშკ-ის 37.1 „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოტივით სშკ-ის 37.1 „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოშლა ბათილი იყო, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (იმერეთის რეგიონული სერვის ცენტრი) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

მხარეები არ დავობდნენ, რომ მოპასუხე სააგენტოში რეორგანიზაციამდე დაკავებული მოსარჩელის თანამდებობა ან მისი ტოლფასი თანამდებობის ვაკანტური შტატი არ არსებობდა, რამაც სარჩელის დაზუსტება და სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის წარდგენა გამოიწვია.

ვინაიდან არც მისი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების ნაკლოვანებებით მოსარჩელე სამუშოდან არ გაუთავისუფლებიათ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშესაბამისი იყო (სშკ-ის 38.8 მუხლი).

15.2. იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მოსარჩელე უვადოდ იყო დასაქმებული, რომლის სამუშაოდან განთავისუფლება მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარების ნაკლოვანებებით არ მომხდარა. ამავდროულად, უფლებამონაცვლე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ვალდებულების მიუხედავად, უკონკურსოდ დაესაქმებინა მოსარჩელე, არამართლზომიერად არ გამოიყენა მისი შესაძლებლობა, რამაც განაპირობა, რომ 2019 წლის 29 ნოემბრიდან მოსარჩელეს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა არ მიეცა, საიდანაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის დასრულებამდე სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო 5 წელზე მეტი დრო გავიდა. გარდა ამისა, თავად მოსარჩელის განმარტების მხედველობაში მიღებით, რომ 2023 წლიდან დასაქმებული იყო შსს-ში, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია გადასახდელი კომპენსაციის 46800 ლარით განსაზღვრა რაც მოსარჩელის 36 თვის შრომის ანაზღაურებას შეადგენს (1300X36=46800).

16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი დამსაქმებელმა შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ ყველა იმ პირთან, რომლებიც დევნილებსა და ეკოემიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციების მიმართულებით იყო დასაქმებული, რის შესახებაც დეტალურად განემარტათ აღნიშნულ პირებს, მათ შორის, მოსარჩელეს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებაში განთავისუფლების საფუძვლად სშკ-ის 37.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზეა მითითებული, რაც მხარეთა წერილობით შეთანხმებას გულისხმობს.

იმ პირთა შემდგომი დასაქმების პრეროგატივა, რომლებიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დევნილებისა და ეკოემიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციების მიმართულებით მუშაობდნენ, მთლიანად მოპასუხე სააგენტოს გააჩნდა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

18. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

20. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.

ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

21. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია.

ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

22. განსახილველ შემთხვევაში, სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების ბრძანებაში განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 37.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი - პირადი განცხადება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, კერძოდ, განაპირობა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ამ უკანასკნელის მხრიდან გამოვლენილმა ნებამ.

23. განსახილველ შემთხვევაში, სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხე დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არასწორად შეაფასა მოსარჩელის განცხადების შინაარსი, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა (ნება) იყო, არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამედ რეორგანიზაციის შედეგად, ახლად შექმნილ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში საქმიანობის გაგრძელების სურვილი. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების მე-3 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 1 დეკემბრიდან, უკონკურსოდ გადაყვანა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროს სპეციალისტად და ამ მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბრიდან, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლება.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სშკ-ის 37.1 „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

24. რაც შეეხება კომპენსაციას, დამსაქმებლისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერების კვლევისას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს, სახელდობრ:

განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 48.8 მუხლშია წარმოდგენილი (მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების დროისათვის, იმავე შინაარსის ნორმას ადგენდა სშკ-ის 38.8 მუხლი), რომლის შინაარსიც ასეთია: სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი რეგულირებით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

მითითებული რეგულაციით, დამსაქმებლისათვის დადგენილია, უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).

ამდენად, შრომის კანონმდებლობა, უპირატესად, სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის, კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) განიხილავს (იხ. სუსგ №ას-1161-2018, 15.10.2020).

კანონის ზემომითითებული ნორმით გათვალისწინებული „კომპენსაციის“ ცნება არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საგულისხმოა, ხსენებული სასამართლო პრაქტიკიდან რამდენიმე ამონარიდი, კერძოდ:

დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021).

საკასაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).

ზემოთ წარმოდგენილი პრაქტიკისა და მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამსაქმებლისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა სამართლიანი და კანონშესაბამისია.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილენის დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია