Facebook Twitter

20 მარტი, 2026 წელი,

საქმე №ას-1529 -2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ე–ი“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან 1-ლი მენარდე) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი საჩივარი უარყოფილ იქნა, მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, 1-ლი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დამკვეთი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლი 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს - 29 568 ევროს გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული უსწორობები კი გამორიცხავს იმ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც სასამართლომ გამოიტანა განსახილველ საქმეზე (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. თბილისში, დაბა წყნეთში, .......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება ან უძრავი ქონება) მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა.

4.4. სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა გაიცა და მშენებლობის ვადა - 2021 წლის 20 სექტემბრიდან 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით დადგინდა. 2020 წლის 15 ივლისის ბრძანებით კი, ვადა - 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

4.5. მოპასუხე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2014 წლის 16 დეკემბერს დარეგისტრირდა. საწარმოს 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი ბ.ს–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანიის დირექტორი).

4.6. 2020 წლის 17 იანვარს მოპასუხემ შესასრულებელ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა შეადგინა, რომელიც შესათანხმებლად ხელშეკრულების პროექტთან ერთად 2020 წლის 22 იანვარს მოსარჩელეს გაუგზავნა.

4.7. მოსარჩელემ მოპასუხეს სამუშაოთა შესასრულებლად საამშენებლო ობიექტი გადასცა და ამ უკანასკნელმა ფასადის მოპირკეთების სამუშაოები დაიწყო.

4.8. 2020 წლის 9 სექტემბერს მშენებლობის მენეჯერმა/ჯ.უ–მა, გ.ჩ–ძემ, პროექტის არქიტექტორმა/თ.კ–მა, ბ.ს–მა, ა.ს–მა და ე.ზ–მა დაადასტურეს, რომ წყნეთის ობიექტზე, ფასადზე არსებულ (ფუნდერმაქსის) სამუშაოებზე აღმოჩენილი იყო ხარვეზები, რომლის აღმოფხვრასაც ითხოვდა დამკვეთი. სამუშაოები მოპასუხემ მათი რეკომენდაციით შეასრულა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მენარდემ გარკვეული დრო ითხოვა (იხ. ხელწერილი).

აქტს ერთვოდა ხარვეზების ფოტოსურათები და დამკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული შეთანხმება.

4.9. 2020 წლის 9 სექტემბერს ჯ.უ–მა, გ.ჩ–ძემ, თ.კ–მა, ბ.ს–მა, ა.ს–მა და ე.ზ–მა დაადასტურეს, რომ ფასადზე არსებული ყველა დარღვევა და ხარვეზი 1 თვეში გამოსწორდებოდა. 10 სექტემბრიდან ხელოსნების გუნდიც შეიცვლებოდა. ჯ.უ–ი და მენარდის მხრიდან ბ.ს–ი შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებლობას იღებდნენ.

„აღნიშნული ხარვეზები გამოიყურება შემდეგნაირად:

1. 45°-იანი კუთხეების შეერთების ადგილები უხარისხოდ იყო შესრულებული, გადაბმის ადგილებში სამაგრებისაგან კიდეები დაზიანებულია;

2. ფასადის ნაწილზე იყო ნაკაწრები.

4.10. მენარდემ 371 კვ.მ ფუნდერმაქსით მოპირკეთების სამუშაოები ნაწილობრივ -127.52 კვ.მ მოცულობით შეასრულა და ისიც უხარისხოდ.

4.11. დამკვეთმა შესრულებული სამუშაოს (127.52 კვ.მ მოპირკეთება) ღირებულება - 15940 ევრო, მენარდეს აუნაზღაურა.

4.12. 2022 წლის 10 სექტემბერს, შპს „ტ.ე–ისა’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მენარდე ან ახალი კონტრაქტორი) და მოსარჩელეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მენარდემ წყნეთში მდებარე დამკვეთის საკუთრებაში არსებული შენობის, მოპასუხის მიერ ნაკლის მქონე შესრულებული სამუშაოს მთლიანი ფართობიდან 371 კვ.მ-დან 143 კვ.მ. დემონტაჟისა (მოპირკეთებული კედლების ჩამონგრევა) და შენობის ფასადის (მთლიანი ფართი 371 კვ.მ.) მოპირკეთების ვალდებულება იკისრა.

4.12.1. სამუშაოს შესრულებისათვის დამკვეთს მენარდისთვის - 60 000 ევროს ეკვივალენტი ლარი უნდა აენაზღაურებინა, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით, კერძოდ, მენარდის მიერ ნაკლის მქონე შესრულებული სამუშაოს მთლიანი ფართობიდან - 371 კვ.მ - დან 143 კვ.მ დემონტაჟის (მოპირკეთებული კედლების ჩამონგრევაზე) - 6 000 ევრო, შენობის ფასადის (მთლიანი ფართი 371 კვ.მ) მოპირკეთებაზე - 54 000 ევრო (იხ. შეთანხმების 3.1. პუნქტი) .

4.13. ჯუმბერ უფლისაშვილმა 2022 წლის 25 აგვისტოს ხელწერილით დაადასტურა, რომ მხარეებს შორის 2020 წლის 22 იანვარს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისათვის, კომპანიის დირექტორს (ბ.ს–ს) 2020 წლის 28 იანვარს - 11 000 ევრო და 18 700 აშშ დოლარი, 2020 წლის 20 მარტს კი - 13 900 ევრო გადასცა. ხელწერილში აღნიშნულია, რომ თანხის გადაცემას თ.კ–ი და მ.ხ–ი ესწრებოდნენ.

4.14. 2020 წლის 14 მარტს მენარდემ დამკვეთს - 13 512.11 ლარის ფუნდერმაქსი მაიწოდა.

4.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, თბილისში, დაბა წყნეთში, ..........., ს/კ -ით #..........., მდებარე 1 145 კვ.მ -მიწის ნაკვეთზე განთავსებული ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის გარკვეული ნაწილების/უბნების მოპირკეთება, რომელიც მენარდის მიერ №13/11 ნარდობის ხელშეკრულებით (22/01/2020წ) ნაკისრი ვალდებულებებით შესრულებულია ნაწილობრივ, სულ 8.8+4.29+19.03+48.5+41.9+5=127.52 კვ.მ მოცულობის (კონსტრუქცია+ფუნდერმაქსის ფილა).

მენარდის მიერ №13/11 ნარდობის ხელშეკრულებით (22/01/2020წ) ნაკისრი ვალდებულებებით, ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების გარკვეული ოდენობა ხარვეზითაა შესრულებული, კერძოდ, დარღვეულია ზოგიერთი ზედაპირის გადაბმისა და მოპირკეთების გეომეტრია, დაზიანებულია/დაჩხაპნილია ფუნდერმაქსის ზედაპირების ნაწილი.

4.16. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის გარე ფასადზე, ფუნდერმაქსის ფილების დემონტაჟის სამუშაოები 2022 წლის შემოდგომაზე შესრულდა.

4.17. დემონტაჟის ხარჯი - 6 000 ევროა.

4.18. თავდაპირველი და ახალი ხელშეკრულების ღირებულებას შორის სხვაობა - 7628 ევროა.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), გამოყენებისთვის), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 976.1 „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) გამომდინარეობდა.

6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების ნაწილის არსებობა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულად არ იყო შესრულებული.

7. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 629-ე მუხლს და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს აქვს უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითია კი - მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე;

8.1. 2020 წლის 22 იანვრის ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, მენარდე კისრულობდა ვალდებულებას დამკვეთის დავალებით, საკუთარი მასალით, მოეხდინა წყნეთში მდებარე დამკვეთის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის (საერთო ართი 371 კვ.მ) მოპირკეთება შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა შეთანხმებული საზღაური (მუხლი 1.1).

შეთანხმებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოს ფასი - 46 372.96 ევროს შეადგენდა დღგ-ის ჩათვლით (მუხლი 3.1). დამკვეთი უხდიდა მენარდეს სამუშაოს ღირებულების 70% კონტრაქტის ხელმოწერიდან 3 დღეში, 20%-ს ძირითადი მასალების შემოტანიდან 3 დღეში, ხოლო დანარჩენ 10%-ს მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშფაქტურის გაფორმებიდან 3 დღეში (მუხლი 3.2). მხარეთა შორის ანგარიშსწორების ფორმა უნაღდოა (მუხლი 3.3).

8.2. 2020 წლის 17 იანვარს მოპასუხემ შესასრულებელ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა შეადგინა რომლის მიხედვით, 1 კვ.მ ფუნდერმაქსის მოპირკეთების ღირებულება - 124.99 ევრო, ხოლო ჯამურად შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება - 46 372.96 ევროა დღგ-ის ჩათვლით. ინვოისზე მითითებულია - საწარმოს გენერალური დირექტორი. რომელიც შესათანხმებლად ხელშეკრულების პროექტთან ერთად 2020 წლის 22 იანვარს მოსარჩელეს გაეგზავნა.

8.3. პროექტი და ინვოისი საწარმოს დირექტორმა მშენებლობის მენეჯერსა და სახოვრებელი სახლის პროექტის არქიტექტორს გადაუგზავნა (იხ. ელექტრონული მიმოწერა).

8.4. პროექტის მოსარჩელისათვის გაგზავნის ფაქტი მოპასუხის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

8.5. მოსარჩელემ მოპასუხეს სამუშაოთა შესასრულებლად საამშენებლო ობიექტი გადასცა და ამ უკანასკნელმა ფასადის მოპირკეთების სამუშაოები დაიწყო.

8.6. 2020 წლის 9 სექტემბერს მშენებლობის მენეჯერმა/ჯ.უ–მა, გ.ჩ–ძემ, პროექტის არქიტექტორმა/თ.კ–მა, ბ.ს–მა, ა.ს–მა და ე.ზ–მა დაადასტურეს, რომ წყნეთის ობიექტზე, ფასადზე არსებულ (ფუნდერმაქსის) სამუშაოებზე აღმოჩენილი იყო ხარვეზები, რომლის აღმოფხვრასაც ითხოვდა დამკვეთი. სამუშაოები მოპასუხემ მათი რეკომენდაციით შეასრულა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მენარდემ გარკვეული დრო ითხოვა (იხ. ხელწერილი).

აქტს ერთვოდა ხარვეზების ფოტოსურათები და დამკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული შეთანხმება.

8.7. 2020 წლის 9 სექტემბერს ჯ.უ–მა, გ.ჩ–ძემ, თ.კ–მა, ბ.ს–მა, ა.ს–მა და ე.ზ–მა დაადასტურეს, რომ ფასადზე არსებული ყველა დარღვევა და ხარვეზი 1 თვეში გამოსწორდებოდა. 10 სექტემბრიდან ხელოსნების გუნდიც შეიცვლებოდა.

ჯ.უ–ი და მენარდის მხრიდან ბ.ს–ი შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებლობას იღებდნენ.

„აღნიშნული ხარვეზები გამოიყურება შემდეგნაირად: 1. 45°-იანი კუთხეების შეერთების ადგილები უხარისხოდ იყო შესრულებული, გადაბმის ადგილებში სამაგრებისაგან კიდეები დაზიანებული იყო; 2. ფასადის ნაწილზე ფიქსირდებოდა ნაკაწრები.

8.8. დასახელებულ დოკუმენტებზე კომპანიის დირექტორის ხელმოწერის ნამდვილობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

9. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ვლინდებოდა მხარეების ურთიერთშემხვედრი ნება ნარდობის ხელშეკრულების იმ პირობებით დადებაზე, რაც შეთანხმების პროექტში იყო ასახული, მით უფრო იმ პირობებში, როცა ხელშეკრულების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა თავად მოპასუხემ შეადგინა და მოსარჩელეს გადაუგზავნა, ხარვეზის აღმოსაფხვრელადაც დამატებითი დროც სწორედ მან ითხოვა.

10. საკასაციო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, შესრულებული სამუშაოს ოდენობასთან (127.52 კვ.მ) მიმართებითაც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ დასკვნაში მითითებული მოცულობა უფრო სარწმუნოა, რადგან იგი შესაბამისობაშია სასაქონლო ზედნადებთან, რომელიც დამკვეთის ობიექტზე სწორედ ამ ოდენობის ფუნდერმაქსის მოსაპირკეთებელი ფილის მიტანას ადასტურებდა; რაც იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას იძლევა, რომ შესრულებული სამუშაოს - 127.52 კვ.მ მოპირკეთების ღირებულება - 15 940 ევრო მენარდეს დამკვეთისგან მიღებული ჰქონდა.

ამ დასკვნას ის გარემოებაც ამყარებს, რომ არც მუშაობის პროცესში და არც მისი დასრულების შემდგომ მენარდეს/მოპასუხეს სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება არ მოუთხოვია და რომლის შენარჩუნებაც შესაძლებელი იქნებოდა თუ მენარდე დაამტკიცებდა, რომ 127.52 კვ.მ სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა ან/და ვადაში ნაკლი აღმოიფხვრა, რაც მოცემულ შემთხვევაში არაა დადგენილი.

11. დადასტურებულია, რომ სამუშაოს შესრულებისათვის დამკვეთს ახალი კონტრაქტორისთვის - 60 000 ევროს ეკვივალენტი ლარი უნდა აენაზღაურებინა, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით. კერძოდ, პირველი მენარდის მიერ ნაკლის მქონე შესრულებული სამუშაოს დემონტაჟისთვის (მოპირკეთებული კედლების ჩამონგრევაზე) - 6 000 ევრო, შენობის ფასადის (მთლიანი ფართი 371 კვ.მ) მოპირკეთებისთვის - 54 000 ევრო (იხ. შეთანხმების 3.1. პუნქტი), ეს ღირებულება მოპასუხეს არც შესაგებელში და არც საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია.

12. დადგენილია ისიც, რომ სადემონტაჟო სამუშაოები ნაწილობრივ განხორციელდა, დარჩენილი ფილებისა და ფილების სამაგრი ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟის ხარჯიც სწორედ ხელშეკრულებაში მითითებულ - 6000 ევროა და ამდენად მისი ანაზღაურება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა. რაც შეეხება მოპირკეთების სამუშაოების ხელახლა შესასრულებლად - 54 000 ევროს მოპასუხისთვის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი მართებულად იქნა ნაწილობრივ უარყოფილი, რადგან დამკვეთს მხოლოდ თავდაპირველ და ახალ ხელშეკრულებას შორის სხვაობის/ზიანის მოთხოვნის უფლება გააჩნდა, რაც მოცემულ შემთხვევაში - 7 628 (54 00-46372) ევროა და რომლის გადახდაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კანონშესაბამისად დაეკისრა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი (სსკ-ის 629.1 მუხლი), ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი).

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, შპს „ე–ს“ (ს/ნ ..........) უნდა დაუბრუნდეს ბ.ს–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 638.78 ლარის (საგადახდო დავალება #5604, გადახდის თარიღი 16.01.2026წ), 70% - 3 247.14 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ე–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს ბ.ს–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 638.78 ლარის (საგადახდო დავალება #5604, გადახდის თარიღი 16.01.2026წ), 70% - 3 247.14 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია