17 სექტემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-1066-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ე.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ი“
მოპასუხეები - ჯ.რ–ძე, ც.კ–ი
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სამოქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით, ე.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, საჩივრის ავტორი ან მესაკუთრე) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ც.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე) აეკრძალა ბათუმში, .......... მდებარე #726 ბინის, ს/კ-ით #......... და თბილისში, ............ მდებარე, #58 ბინის, ს/კ-ით #.........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გარიგების ბათილად ცნობის, თანხის დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), ჯ.რ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) და მესამე მოპასუხის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1. 1-ლი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ბათუმში, ........... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ-ით #............518 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საიჯარო ქონება) და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს.
1-ლი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მესაკუთრეს გადაეცა შემდეგი მოძრავი ქონება: ერთი მაცივარი „უგური“, ორი მაგიდა მაცივარ „ედესა“, ორი დიდი მაცივარი „ედესა“, ორი საყინულე მაცივარი „უგური“, ერთი ყინულის 37 გენერატორი „კლასილი“, ერთი ლუდის ჩამოსასხმელი „კოლჰარტი“, ერთი გაზქურა „ენკომაკი“, ერთი გაზქურა პატარა „ენკომაკი“, ერთი მაყალი, ერთი ელექტრო ღუმელი „ბოში“, ერთი ცომის საზელი „მატეკა“, ერთი ცომის პრესი, ერთი ცომის გასაბრტყელებელი, ერთი ელექტრო ღუმელი „იმპორი“, ერთი ხორცის ელექტრომანქანა, ერთი მიკროტალღური ღუმელი „გორენიე, ერთი ფრიტურნიცა „ტურგა“, ერთი ხორცის დასამუშავებელი მაგიდა, შვიდი სამუშაო მაგიდა, სამი ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა, ორი რკინის თარო ჭურჭლისთვის, სამი ხელსაბანი ნიჟარა, ოთხი კონდიციონერი „მიდეა“, ორი კონდიცირების აგრეგატი (სხვენში), ორი ჰაერის გამწოვი დანადგარი, ექვსი წყლის ავზი, ორი ჰელიო წყლის გამათბობელი, ორი წყლის გამათბობელი „იმპრაგაზი“, ორი წყლის გამათბობელი „არისტონი“;
1-ლ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 3913 ლარის, პირგასამტეხლოს - 1602.4 ლარის, საურავის - 1500 აშშ დოლარისა და 2025 წლის 1 აპრილიდან ყოველთვიურად საიჯარო ქონების დაბრუნებამდე - 1400 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
მეორე და მესამე მოპასუხეების წინააღმდეგ სარჩელი უარყოფილ იქნა;
შპს „ბ–ის“ მოთხოვნა ე.ქ–ის წინააღმდეგ ხელშეშლის აღკვეთის, კომპენსაციის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის №2/18422-23 გადაწყვეტილება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის (უძრავი, მოძრავი) გამოთხოვის ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა, ხოლო საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე 2025 წლის 22 აპრილს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, საქართველოში არსებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში პირველი მოპასუხის ანგარიშებზე და შპს „ე.პ.ჯ–აში“, შპს „ბ. წ–სა“ და შპს „ს.ჯ.გ.ა–ში“ - 5986,34 ლარისა და - 2900 აშშ დოლარის ფარგლებში განთავსებულ თანხებზე ყადაღის დადება ითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
6.1. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება. ის ამტკიცებდა, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული ფულადი მოთხოვნების ფარგლებში, ყადაღა უნდა დადებულიყო პირველი მოპასუხის კუთვნილ ფულად თანხებზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლი, თავის მხრივ, მითითებითი ნორმააა და საპროცესო შედეგის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს ამავე კოდექსის 410-ე-412-ე მუხლებს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ვლინდება გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, კერძოდ:
9. სსსკ-ის 271-ე მუხლით დადგენილია, რომ სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც. ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.
სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. იხ. სუსგ №ას-69-63-2015, 19.03.2015; №ას-1249-2018, 30.11.2018; №ას-1580-2019, 19.12.2019).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებასაც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
12. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება არ იქცეს ფორმალურ პროცედურად.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესების დაცვის ქმედით, თუმცა დროებით ზომას, რომელიც ემყარება განცხადებაში მითითებული გარემოებების, ასევე, სარჩელის საფუძვლიანობის ფორმალურ კვლევას, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გამოტანილი სასამართლოს დასკვნები საქმის არსებითად განხილვისას ჩამოყალიბებული შედეგის მიმართ გავლენას არ ახდენს.
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების ერთობლიობაში გაანალიზება ქმნის აშკარა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოპასუხის ქონებაზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების დაწესება, სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი საშუალებაა, კერძოდ:
13.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 1-ლ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 3913 ლარის, პირგასამტეხლოს - 1602.4 ლარის, საურავის - 1500 აშშ დოლარისა და 2025 წლის 1 აპრილიდან ყოველთვიურად საიჯარო ქონების დაბრუნებამდე - 1400 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
14. მოსარჩელემ, ზემომითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოითხოვა, საქართველოში არსებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში პირველი მოპასუხის ანგარიშებზე და შპს „ე.პ.ჯ–აში“, შპს „ბათმის წყალსა“ და შპს „ს.ჯ.გ.ა–ში“ განთავსებულ თანხებზე - 5986,34 ლარისა და - 2900 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადება.
15. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულებაა და შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა მოპასუხის ფულა სახსრებზე ყადაღის გავრცელებას მოიაზრებს, შესაბამისად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის წინაპირობები.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება ნაწილობრივ საფუძვლიანია; გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედოს მხოლოდ საქართველოში არსებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში პირველი მოპასუხის ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს - 5986,34 ლარისა და - 2900 აშშ დოლარის ფარგლებში. საკასაციო პალატის დასკვნით დასახელებული ფორმით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება სრულად უზრუნველყოფს მხარეთა ინტერესების პროპორციულ დაცვას და დამატებითი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა დასაბუთებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 198-ე 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ქ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განჩინებები და მიღებულ იქნას ახალი განჩინება;
3. ე.ქ–ის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ყადაღა დაედოს საქართველოში არსებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში შპს „ბ–ის“ ანგარიშებს - 5986,34 ლარისა და - 2900 აშშ დოლარის ფარგლებში.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა