Facebook Twitter

საქმე № ა-2955-შ-76-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

შუამდგომლობის ავტორები – საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – T.C. G. S.p.A.; სს ტ.კ.ჟ.ფ.ტ–ი ს.პ.ა. ფილიალი თბილისი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობასა და აღსრულებასაც მოითხოვს მხარე – საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი (დაზუსტებული) მოთხოვნით: დაკმაყოფილდეს წინამდებარე შუამდგომლობა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საქმეზე No. 24851/MHM/HBH ნაწილობრივ ცნობილ იქნეს და აღსრულდეს, რომლითაც „ტ–ის“ დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 42,644,695.40 ლარის, 2,278,510.40 ევროსა და 2,547,840.79 აშშ დოლარის გადახდა. კერძოდ, წინამდებარე შუამდგომლობით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების (იხ. დანართი N 3) სარეზოლუციო ნაწილის 1140-ე პარაგრაფის: პირველი პუნქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ტრიბუნალს აქვს იურისდიქცია არბიტრაჟში წამოჭრილ ყველა საკითხთან დაკავშირებით; მე-2 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ მოპასუხის მოთხოვნა ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არის ხანდაზმული და, ნებისმიერ შემთხვევაში, უსაფუძვლო; მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო მოპასუხის მიერ (i) GCC-ს-ის 4.2 მუხლის შეუსრულებლობის საფუძველზე, (ii) GCC-ს-ის 15.1 მუხლის მიხედვით ხარვეზების გამოსწორების შეტყობინების საფუძველზე შეუსრულებლობისა და (iii) ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-8 მუხლის შესაბამისად, სამუშაოების საპატიო მიზეზის გარეშე შეუსრულებლობის გამო, მაგრამ არა მოპასუხის მიერ სამუშაოს სავარაუდო მიტოვების ან მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გაგრძელების განზრახვის სავარაუდო დემონსტრირების საფუძვლით. მე-4 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების სავარაუდო შეწყვეტა იყო არასათანადო, არაეფექტური და არ ჰქონდა იურიდიული ძალა. მე-5 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა დაეკავებინა საგარანტიო თანხა, მაგრამ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღამდე. მე-6 პუნქტი, რომელიც უარყოფს მოსარჩელის (ე), (ვ), (ზ), (ლ), (ნ) და (ტ) მოთხოვნებს. მე-7 პუნქტი, რომელიც უარყოფს მოპასუხის N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12(გ), 12(დ), 12(ე), 12(ვ), 12 (ზ), 13, 14 და 15 მოთხოვნებს. მე-8 პუნქტი, რომელიც ავალდებულებს მოპასუხეს, დაუბრუნოს მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი თანხა 16,565,089.20 ლარის, 2,099,584.17 ევროსა და 2,293,158.52 აშშ დოლარის ოდენობით. მე-9 პუნქტი, რომელიც ავალდებულებს მოპასუხეს, გადაუხადოს მოსარჩელეს 20,579,529.57 ლარი შემცვლელი კონტრაქტორის მიერ სამუშაოების დასრულების ხარჯებისთვის და აცხადებს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია აინაზღაუროს სამუშაოების დასრულების ხარჯები ამ მოცულობით. მე-10 პუნქტი, რომელიც ავალდებულებს მოპასუხეს, მოსარჩელეს გადაუხადოს 1,507,475 ლარი ინჟინრის გახანგრძლივებული სამუშაოს ღირებულებისთვის. მე-13 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელეს, პრინციპში, უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისგან მოსარჩელის მიერ დარჩენილი სამუშაოების დაფინანსების მოძიებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება. მე-14 პუნქტი, რომელიც უარყოფს მოსარჩელის მოთხოვნას საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად მინიჭებულ თანხებზე მინიჭებული წინასწარი და შემდგომი პროცენტის წლიური 10%-ის ოდენობით, მაგრამ ავალდებულებს მოპასუხეს (i) გადაუხადოს მოსარჩელეს დარიცხული პროცენტი 1,312,522.36 ლარის, 59,122.71 ევროს და 84,744.38 აშშ დოლარის ოდენობით 2019 წლის 18 თებერვლიდან 2020 წლის 2 აპრილის ჩათვლით პერიოდისთვის და (ii) გადაიხადოს პროცენტი 16,565,089.20 ლარის, 2,099,584.17 ევროსა და 2,293,158.52 აშშ დოლარის ოდენობებზე (წლიური 3.25% განაკვეთით აშშ დოლარის ნაწილზე, 2.5% - ევროს ნაწილზე და 7% - ლარის ნაწილზე), რომელიც გამოითვლება ყოველწლიურად 18 თებერვალს, რთული მეთოდით, 2020 წლის 3 აპრილიდან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღამდე. მე-15 პუნქტი, რომელიც უარყოფს მხარეთა შემდგომ ან სხვა მოთხოვნებს, შუამდგომლობებს, თხოვნებსა და განცხადებებს.

2. განმცხადებლების თანახმად, საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობდა დეპარტამენტსა და T.C. G. S.p.A.-ის (შემდგომში - ტ–ი) შორის 2017 წლის 27 ივნისს დადებული N - EWHG/CW/ICB-03 სამშენებლო ხელშეკრულებიდან, რომელიც ითვალისწინებდა „ტ–ის“ ვალდებულებას, დაესრულებინა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობა არაუგვიანეს 2019 წლის 12 ივლისამდე. ტ–იმ ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა და, ამასთანავე, უგულებელყო ინჟინრის მიერ გამოგზავნილი პირველი და მერე შესწორების მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა ხელშეკრულების შეწყვეტა 2019 წლის 19 თებერვალს და 2019 წლის 25 ოქტომბერს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით საარბიტრაჟო სასამართლო განაცხადით მიმართა.

3. დავის საბოლოოდ გადაწყვეტა არბიტრაჟის მიერ გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებაში არსებული საარბიტრაჟო დათქმით, კერძოდ ზოგადი პირობების 20.6 მუხლით.

4. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავა განხილულიყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წესებით საფრანგეთში, ქ. პარიზში. მხარეთა ამგვარი შეთანხმება ითვალისწინებს პალატის საარბიტრაჟო წესებზე შეთანხმებას და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დავის ადმინისტრირებას ICC-ის 2017 წლის საარბიტრაჟო წესების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად, გამოსაყენებელი სამართალია ქართული სამართალი.

5. 2019 წლის 16 ოქტომბერს, საარბიტრაჟო წარმოების დაწყებამდე, მოსარჩელემ მიმართა დავების საბჭოს. 2020 წლის 3 აპრილის დავების საბჭომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ ქართული მხარის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი და მოპასუხეს დააკისრა შესაბამისი თანხების გადახდა.

6. დეპარტამენტის 2019 წლის 16 ოქტომბრის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოწინააღმდეგე მხარეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გასხვისება, დაგირავება და მესამე პირების სასარგებლოდ მათი უფლებრივი დატვირთვა. ასევე, ყადაღა დაედო ქართულ ბანკებში არსებულ ანგარიშებს (მაგრამ არაუმეტეს ანგარიშზე არსებული, ან/და ჩარიცხული თანხის არაუმეტეს 50%). ასევე, განჩინებით დადგენილ 10 დღიან ვადაში 2019 წლის 25 ოქტომბერს დეპარტამენტმა წარადგინა საარბიტრაჟო სარჩელი.

7. საარბიტრაჟო დათქმის ნამდვილობა და ტრიბუნალის იურისდიქცია დადასტურებული საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ.

8. მხარეები საარბიტრაჟო წარმოებისას, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 8-12 ნოემბერს, ჩართულნი იყვნენ და იღებდნენ პროცესში მონაწილეობას.

9. მოწინააღმდეგე მხარის თანახმად, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა(ა)“, „ა(ბ)“, „ა(გ)“, „ა(დ)“, „ბ(ბ)“, ქვეპუნქტების და „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის V(1)(ა), V(1)(ბ), V(1)(გ), V(1)(დ), V(2)(ბ) პუნქტების საფუძველზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. იურისდიქციის არარსებობა - „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა(ა)“, „ა(გ)“, „ა(დ)“, „ბ(ბ)“ ქვეპუნქტები: მოწინააღმდეგის პოზიციით, საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ ჰქონდა იურისდიქცია/კომპეტენცია, რადგან საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც დავის დაწყების საფუძველია, არ იძლევა არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის საფუძველს. წინააღმდეგი შემთხვევა ცნობა-აღსრულების უარის თქმის საფუძველია. ამასთან, ტრიბუნალმა გამოყო მხარეებს შორის გაუთვალისწინებელი - „დასაშვებობის“ სტადია, რაც ნიუ-იორკის კონვენციის დარღვევაა.

11. ნიუ იორკის კონვენციის 5(1)(გ) პუნქტის თანახმად, ცნობა-აღსრულება არ ხდება ისეთი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების, რომლებზეც კომპეტენცია მხარეებს შორის არ იყო შეთანხმებული. იგივე მოწესრიგებაა მითითებული არბიტრაჟის შესახებ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა(გ) ქვეპუნქტშიც, რომლის თანახმად, ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველია თუ კი დამტკიცდება რომ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟი არ წარადგინეს.

12. მხარეთა შორის არსებული საარბიტრაჟო შეთანხმება არბიტრაჟისთვის მიმართვას არ უშვებდა თუ არ დადგებოდა შესაბამის წინაპირობები. მიმართვის შესაძლებლობა კი არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმების 20.4-20.6 პუნქტებში, მხოლოდ კონკრეტულად გაწერილი წინაპირობებით: 1) მხარეებმა პირველ რიგში დავების საბჭოს უნდა მიმართონ; 2) საბჭოს მიმართვიდან 84 დღის ვადაში საბჭო ვალდებულია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება; 3) თუკი რომელიმე მხარე უკმაყოფილო იქნება გადაწყვეტილებით, ან 84 დღეში არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შეუძლია 28 დღის განმავლობაში წარადგინოს შესაბამისი შეტყობინება უკმაყოფილების შესახებ; 4) 20.4 პუნქტის თანახმად, მხარეებს არ აქვთ უფლება დაიწყონ საარბიტრაჟო დავა უკმაყოფილების შესახებ შეტყობინების გაცემის გარეშე; 5) უკმაყოფილების შეტყობინების გაცემის შემდგომ, საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე, ორივე მხარე ვალდებულია შეეცადოს დავის მორიგებით დასრულებას; 6) საარბიტრაჟო დავა იწყება უკმაყოფილების შესახებ მხარის შეტყობინებიდან 36-ე ან 54-ე დღეს, თუ კი არ ყოფილა მორიგების მცდელობა; 7) შეთანხმების 20.6 პუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების არარსებობისას, ნებისმიერი დავა, რომელთან მიმართებაშიც საბჭოს გადაწყვეტილება არ გამხდარა საბოლოო და სავალდებულო, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო არბიტრაჟის მეშვეობით.

13. შეთანხმების 20.2 პუნქტი შეეხება დავის შემთხვევაში დავის განმხილველი საბჭოსათვის მიმართვის უფლებამოსილებას. რაც ნიშნავს იმას, რომ მიმართვაში ასევე გადაწყვეტილების მიღებაც მოიაზრება, შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ ჰქონდა დავის განხილვის იურისდიქცია. ამავდროულად, შეთანხმების 20.4 პუნქტი დავების საბჭოს კომპეტენციას ადგენს „ნებისმიერი სახის დავის“ მიხედვით.

14. საბოლოოდ, 20.2 და 20.4 პუნქტების საფუძველზე უნდა ითქვას, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილების მიღება იყო სავალდებულო, რომელსაც ყველა სახის დავაზე ჰქონდა კომპეტენცია. როგორც ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, არ არსებობდა დავების საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე მორიგებისთვის განსაზღვრული სავალდებულო პერიოდი იყო ამოწურული, შესაბამისად, არბიტრაჟისთვის მიმართვის შესაძლებლობაც არ არსებობდა.

15. საბოლოო ჯამში, საარბიტრაჟო შეთანხმების თანახმად, დავების საბჭოს გადაწყვეტილება და მორიგების მცდელობა საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის წინაპირობებია, რომელთა არარსებობის შემთხვევაშიც, არბიტრაჟს არ წარმოეშობა იურისდიქცია. აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საარბიტრაჟო დათქმა არ ითვალისწინებდა საბჭოსთვის მიმართვის ან/და მორიგების წინაპირობების შეუსრულებლობის შედეგებს. მიუხედავად ამ მითითებისა, საარბიტრაჟო დათქმის ტექსტიდან ცალსახაა, რომ დასახელებული წინაპირობების გარეშე, ტრიბუნალს არ ჰქონდა იურისდიქცია.

16. რაც შეეხება არგუმენტს, რომ თითქოს სარჩელის აღძვრის შემდგომ იქნა დაცული საბჭოსთვის მიმართვის და მორიგების პროცედურა, მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრიდან 8 თვის განმავლობაში არბიტრაჟს არ ჰქონდა კომპეტენცია. კომპეტენცია თითქოს ამ პერიოდის შემდეგ გაჩნდა - დაუსაბუთებელია, რადგან, რეალურად კომპეტენციის დადასტურების წინაპირობას წარმოადგენს ზემოაღნიშნული პროცედურების დაცვა და არა პარალელურად ჩასატარებელ ფორმალურ ღონისძიებას.

17. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ გარემოებებზე: 1) მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა 2019 წლის 18 თებერვალს; 2) საარბიტრაჟო სარჩელი წარდგენილია 2019 წლის 25 ოქტომბერს; 3) დავების საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო 2020 წლის 2 აპრილს, 4) უკმაყოფილების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულია 2020 წლის 10 აპრილს; 5) მორიგების პერიოდი ამოიწურა 2020 წლის 5 ივნისს. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ტრიბუნალს არ ჰქონდა კომპეტენცია შესაბამისი წინაპირობების დაუცველობის გამო.

18. არბიტრაჟის შესახებ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა(დ) ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ საარბიტრაჟო წარმოება ჩატარდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული საარბიტრაჟო დათქმის შესაბამისად. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმება პროცედურის შესახებ ითვალისწინებდა დავების საბჭოს დანიშვნას, გადაწყვეტილების მიღებას და უკმაყოფილების შემთხვევაში პრეტენზიის წარდგენის უფლებამოსილებას, ასევე მორიგების მცდელობას და მის პროცედურას. აღნიშნული ქრონოლოგიური ეტაპები არაა დაცული, შესაბამისად, ცხადია, რომ დარღვეულია საარბიტრაჟო შეთანხმების რიგი პირობები.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით.

22. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20).

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იხ. პირველი მუხლი), განსახილველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეესაბამება კონვენციის პირველი მუხლის მეორე ნაწილს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო, რომელიც, საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, იხილავს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს, იყენებს კონვენციისეულ მიდგომას, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის დაწესებული იქნეს არსებითად უფრო რთული პირობები, ვიდრე დადგენილია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის (იხ. კონვენციის მე-3 მუხლი). ასევე, ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად, საქმის საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვა ეფუძნება კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპს - „აღსრულების მომხრე განწყობას“ (შეად. სუსგ-ას N ა-887-შ-21-2016, 26.08.2016წ.).

24. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები, შეესაბამება, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მომთხოვნი მხარისათვის, კონვენციის მე-4 მუხლით დადგენილ წინაპირობებს. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების პირობებში, ნიუ-იორკის კონვენციით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე ამომწურავი საფუძვლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ამასთან, გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების ფართოდ განმარტება დაუშვებელია, რადგან თუკი არსებობს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით გათვალისწინებული საფუძველი, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს დისკრეცია შეზღუდულია.

25. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.

26. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

28. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხემ საარბიტრაჟო განაცხადი მიიღო, არბიტრის ვინაობა ეცნობათ მხარეებს, მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმებულნი იყვნენ მათ შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე, მათ ასევე, შეთანხმებული ჰქონდათ გამოსაყენებელი სამართალი, ასევე განხილვაზე იყვნენ მიწვეულნი და მიიღეს პროცესში მონაწილეობა.

29. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი მსჯელობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოებული დავის განხილვის პირობები იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე მის წინააღმდეგ წარმოებული დავის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული, თუმცა მას საარბიტრაჟო დავის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია (იხ. ამ განჩინების 10.1-10.9 ქვეპუნქტები).

30. სხვადასხვა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, არბიტრის/საარბიტრაჟო ტრიბუნალის დანიშვნა და სხვა პროცედურული საკითხები არ განიხილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე, თუ აღნიშნული საფუძვლით პრეტენზიის წამოყენება მხარეს საარბიტრაჟო განხილვისას შეეძლო (იხ. საქმე Manufacturer V. Supplier, in liquidation, Oberlandesgericht [OLG] Munich, Germany, 15 March 2006, 34 Sch 06/05, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann). ჩინეთისა (იხ. საქმე DMT S.A v. Chazhou City Huayi Packing Materials Co., Ltd. Chaoan Country Huaye Packing Materials Co., Ltd., Supreme People’s Court, China, 12 October, 2010, Min Si Ta Zi No. 51, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann) და იტალიის (იხ. საქმე Conceria G. De Maio & F. Snc V. EMAG AG, Court of Cassation, Italy, 20 ianvari 1995, XXI Y.B. COM. ARB. 602, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann) სასამართლოებმა ასევე აღნიშნეს, რომ მხარემ, რომელმაც გაუშვა შესაძლებლობა საარბიტრაჟო განხილვისას გაეხადა სადავოდ პროცედურული დარღვევები, ასევე გაუშვა შესაძლებლობა იგივე საკითხზე პრეტენზიის დაყენებისა ცნობა-აღსრულების ეტაპზე (იხ. იქვე, გვ. 216, პარ. 52) (იხ. სუსგ #ა-3947-შ-93-2020, 02.03.2021 წ.).

31. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები“ (იხ. სუსგ N ა-2135-შ-46-2015, 26.10.2015წ.).

32. სსსკ-ის 35621 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგადაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

33. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსახილველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეესაბამება კონვენციის პირველი მუხლის მეორე ნაწილს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (შეად. სუსგ-ებს: N ა-2498-შ-72-2022მ 22.11.2022წ; N ა-5322-შ-127-2020, 20.01.2022წ; N ა-3188-შ-82-2021, 15.12.2021წ; N ა-1536-შ-32-2021, 13.10.2021წ; N ა-1741-შ-42-2020, 21.07.2020; N ა-1493-შ-39, 2020, 21.07.2020წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-1-ლი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა – საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის N 24851/HMH/HBH გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსრულდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის N 24851/HMH/HBH გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის 1140-ე პარაგრაფის ნაწილში, რომლითაც:

2.1. დადგინდა, რომ ტრიბუნალს აქვს იურისდიქცია არბიტრაჟში წამოჭრილ ყველა საკითხთან დაკავშირებით;

2.2. დადგინდა, რომ მოპასუხის მოთხოვნა ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არის ხანდაზმული და ნებისმიერ შემთხვევაში უსაფუძვლო;

2.3. დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო მოპასუხის მიერ (i) GCC-ს-ის 4.2 მუხლის შეუსრულებლობის საფუძველზე, (ii) GCC-ს-ის 15.1 მუხლის მიხედვით ხარვეზების გამოსწორების შეტყობინების საფუძველზე შეუსრულებლობისა და (iii) ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-8 მუხლის შესაბამისად, სამუშაოების საპატიო მიზეზის გარეშე შეუსრულებლობის გამო, მაგრამ არა მოპასუხის მიერ სამუშაოს სავარაუდო მიტოვების ან მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გაგრძელების განზრახვის სავარაუდო დემონსტრირების საფუძვლით;

2.4. დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების სავარაუდო შეწყვეტა იყო არასათანადო, არაეფექტური და არ ჰქონდა იურიდიული ძალა;

2.5. დადგინდა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა დაეკავებინა საგარანტიო თანხა, მაგრამ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღამდე;

2.6. უარყოფს მოსარჩელის (ე), (ვ), (ზ), (ლ), (ნ), და (ტ) მოთხოვნებს;

2.7. უარყოფს მოპასუხის N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12(გ), 12(დ), 12(ე), 12(ვ), 12(ზ), 13, 14 და 15 მოთხოვნებს;

2.8. ავალდებულებს მოპასუხეს დაუბრუნოს მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი თანხა 16,565,089.20 ლარის, 2,099,584.17 ევროსა და 2,293,158.52 აშშ დოლარის ოდენობით;

2.9. ავალდებულებს მოპასუხეს გადაუხადოს მოსარჩელეს 20,579,529.57 ლარი შემცვლელი კონტრაქტორის მიერ სამუშაოების დასრულების ხარჯებისთვის და აცხადებს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია აუნაზღაუროს სამუშაოების დასრულების ხარჯები ამ მოცულობით;

2.10. ავალდებულებს მოპასუხეს მოსარჩელეს გადაუხადოს 1,507,475 ლარი ინჟინრის გახანგრძლივებული სამუშაოს ღირებულებისთვის;

2.11. ადგენს, რომ მოსარჩელეს, პრინციპში, უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისგან მოსარჩელის მიერ დარჩენილი სამუშაოების დაფინანსების მოძიებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება;

2.12. უარყოფს მოსარჩელის მოთხოვნას საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად მინიჭებულ თანხებზე მინიჭებული წინასწარი და შემდგომი პროცენტის წლიური 10%-ის ოდენობით, მაგრამ ავალდებულებს მოპასუხეს (i) გადაუხადოს მოსარჩელეს დარიცხული პროცენტი 1,312,522.36 ლარის, 59,122.71 ევროს და 84,744.38 აშშ დოლარის ოდენობით 2019 წლის 18 თებერვლიდან 2020 წლის 2 აპრილის ჩათვლით პერიოდისთვის და (ii) გადაიხადოს პროცენტი 16,565,089.20 ლარის, 2,099,584.17 ევროსა და 2,293,158.52 აშშ დოლარის ოდენობებზე (წლიური 3.25% განაკვეთით აშშ დოლარის ნაწილზე, 2.5% - ევროს ნაწილზე და 7% - ლარის ნაწილზე), რომელიც გამოითვლება ყოველწლიურად 18 თებერვალს, რთული მეთოდით, 2020 წლის 3 აპრილიდან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღამდე;

2.13. უარყოფს მხარეთა შემდგომ ან სხვა მოთხოვნებს, შუამდგომლობებს, თხოვნებსა და განცხადებებს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი