Facebook Twitter

საქმე №ა-31-შ-2-2026 26 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ვ–ი

განხილვის საგანი – ესპანეთის ქალაქ ბილბაოს პირველი ინსტანციის N14 სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის (001480/2024) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მხარდაჭერის ზომების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ესპანეთის ქალაქ ბილბაოს პირველი ინსტანციის N14 სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის (001480/2024) გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დედის მიერ პროკურატურის ჩართულობით წარმოდგენილი მოთხოვნა. დაწესდა უწყვეტი და სტაბილური სამართლებრივი მხარდაჭერის ზომები ბ.ვ–ის სასარგებლოდ, მისი იურიდიული ქმედუნარიანობის განხორციელების მიზნით, რაც მოიცავს წარმომადგენლობითი მეურვეობის დაწესებას. ამ მიზნით მეურვედ დაინიშნა ა.ვ–ი და გ.ფ–ი.

2. ა.ვ–მა, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ესპანეთის ქალაქ ბილბაოს პირველი ინსტანციის N14 სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის (001480/2024) გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დედის მიერ და პროკურატურის ჩართულობით წარმოდგენილი მოთხოვნა: წესდება უწყვეტი და სტაბილური სამართლებრივი მხარდაჭერის ზომები ბატონ ბ.ვ–ის სასარგებლოდ, მისი იურიდიული ქმედუნარიანობის განხორციელების მიზნით, რაც მოიცავს წარმომადგენლობითი მეურვეობის დაწესებას. ამ მიზნით მეურვეებად ინიშნებიან მისი მშობლები, ქალბატონი ა.ვ–ი და ბატონი გ.ფ–ი, შემდეგი მოცულობით და ფარგლებით: მეურვეობა იქნება წარმომადგენლობითი და განხორციელდება სოლიდარულად შემდეგ სფეროებში: ა) ქონებრივი სფერო: მისი შემოსავლის, აქტივებისა და ქონების მართვა, ადმინისტრირება და განკარგა, ასევე, ცოცხლად შორის (inter vivos) სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და გარიგებების დადება და აღსრულება. ბ) პირადი ცხოვრების და ჯანმრთელობის ფუნქციური სფეროები: მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საჭირო ნებისმიერი სახის სამედიცინო, თერაპიული და სხვა სახის მკურნალობის მიმდინარეობის ზედამხედველობა და მათზე თანხმობის გაცემა, ასევე დახმარება და ზედამხედველობა მისი ფიზიკური მთლიანობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. სასამართლოსთვის ანგარიშების წარდგენა სავალდებულო არ იქნება. დაწესებული ზომები გადაისინჯება წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 6 წლის შემდეგ.

6. აღნიშნული საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული იყვნენ და იცოდნენ საქმისწარმოების შესახებ როგორც შუამდგომლობის ავტორმა - ა.ვ–მა, ასევე, გ.ფ–მა, რაც დასტურდება სასამართლო გადაწყვეტილებით. მიუხედავად ამისა, შუამდგომლობა მხოლოდ ა.ვ–ის მიერაა წარმოდგენილი. ამავდროლად, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ფ–მა, რომელმაც დაადასტურა, რომ არანაირი პრეტენზია აქვს აღნიშნული საქმის მიმართ და სურდა საქმის დროულად განხილვა.

7. საქმეში ასევე წარმოდგენლია ბილბაოს პირველი ინსტანციის N14 სასამართლოს ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ბ.ვ–ის წარმომადგენლობით მეურვეებად დაინიშნენ ა.ვ–ი და გ.ვ–ი, რომლებიც მეურვეობის ფუნქციის შესრულებას შეუდგნენ 2025 წლის 17 თებერვალს. შესაბამისად, დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ა.ვ–ის ნაწილში. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილების ცნობის პიროვნულ შეზღუდულობაზე. ცნობილი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედებს მხოლოდ განმცხადებლის - ა.ვ–ის მიმართ, რადგან მეორე მეურვის - გ.ფ–ის ნაწილში არ იყო ცნობის მოთხოვნა შუამდგომლობის ავტორის მიერ დაყენებული, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ შუამდგომლობის ავტორის ფარგლებში იყო უფლებმოსილი ემსჯელა გადაწყვეტილების ცნობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ვ–ის შუამდგომლობა ესპანეთის ქალაქ ბილბაოს პირველი ინსტანციის N14 სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის (001480/2024) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ა.ვ–ის ნაწილში;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ (ა.ვ–ის ნაწილში) ცნობილ იქნეს ესპანეთის ქალაქ ბილბაოს პირველი ინსტანციის N14 სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის (001480/2024) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სრულად დაკმაყოფილდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დედის მიერ და პროკურატურის ჩართულობით წარმოდგენილი მოთხოვნა: წესდება უწყვეტი და სტაბილური სამართლებრივი მხარდაჭერის ზომები ბატონ ბ.ვ–ის სასარგებლოდ, მისი იურიდიული ქმედუნარიანობის განხორციელების მიზნით, რაც მოიცავს წარმომადგენლობითი მეურვეობის დაწესებას. ამ მიზნით მეურვეებად ინიშნებიან მისი მშობლები, ქალბატონი ა.ვ–ი და ბატონი გ.ფ–ი, შემდეგი მოცულობით და ფარგლებით:

მეურვეობა იქნება წარმომადგენლობითი და განხორციელდება სოლიდარულად შემდეგ სფეროებში:

ა) ქონებრივი სფერო: მისი შემოსავლის, აქტივებისა და ქონების მართვა, ადმინისტრირება და განკარგა, ასევე, ცოცხლად შორის (inter vivos) სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და გარიგებების დადება და აღსრულება.

ბ) პირადი ცხოვრების და ჯანმრთელობის ფუნქციური სფეროები: მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საჭირო ნებისმიერი სახის სამედიცინო, თერაპიული და სხვა სახის მკურნალობის მიმდინარეობის ზედამხედველობა და მათზე თანხმობის გაცემა, ასევე დახმარება და ზედამხედველობა მისი ფიზიკური მთლიანობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

სასამართლოსთვის ანგარიშების წარდგენა სავალდებულო არ იქნება.

დაწესებული ზომები გადაისინჯება წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 6 წლის შემდეგ.

წინამდებარე გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს მხარეებს და პროკურატურას.

ხელი მოეწეროს წინამდებარე გადაწყვეტილებას და გაიცეს მისი დამოწმებული ასლი სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციისთვის.

ასევე დაიწყოს წარმომადგენლობითი მეურვეობის კონტროლისა და ზედამხედველობის საქმე, წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საფუძველზე, და გამოძახებულ იქნას მეურვეები ფუნქციების შესრულებაზე თანხმობის გასაცხადებლად.

გასაჩივრების მეთოდი: სააპელაციო საჩივრის შეტანა ბისკაიას პროვინციის სასამართლოში (ნებაყოფლობითი იურისდიქციის შესახებ კანონის 20-ე მუხლი).

გასაჩივრება შესაძლებელია წერილობით, რომელიც ამ სასამართლოს წინაშე წარდგენილ უნდა იყოს შეტყობინების მიღებიდან ოცი სამუშაო დღის ვადაში. საჩივარში მითითებულ უნდა იყოს არგუმენტები რასაც ეფუძნება გასაჩივრება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გასაჩივრებული კონკრეტული პუნქტები. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 458-ე მუხლის მეორე პუნქტი).

საჩივრის შესატანად საჭიროა 50 ევროს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება. თანხა უნდა დაირიცხოს ბანკ Santander-ში არსებულ ამ სასამართლოს ანგარიშის ნომერზე, დანიშნულების ველში მითითებული უნდა იყოს „საჩივარი“ კოდი 02-Apelacion. თანხის შეტანა დადასტურებული უნდა იყოს საჩივრის შეტანისას (სასამართლო ხელისუფლების შესახებ ორგანული კანონის დამატებითი მე15 დებულება).

ზემოაღნიშნული დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირები და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლების მქონე პირები თავისუფლდებიან საჩივრისთვის საჭირო თანხის გადახდისგან.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი