Facebook Twitter

საქმე №ას-137-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - დ.კ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)

მეორე კასატორი - შ.ა–ვა (ა–ვა) (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბერის განჩინება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,რ.ს.ა–ის“ 86.34% წილის მესაკუთრე პარტნიორია შ.ა–ვა (აფხაზავა) (შემდგომში მოპასუხე ან მეორე კასატორი);

2. თავის მხრივ, შპს ,,რ.ს.ა–ი“ შპს ,,ს.ი–ის“ 100% წილს მესაკუთრეა. კერძოდ, 2015 წლის 22 ივლისის წილის დათმობის ხელშეკრულებით, შპს ,,რ.ს.ა–მა“ შეიძინა შპს ,,ს.ი–ის“ 100%-იანი წილი კ.ჯ–ისაგან. შპს ,,ს.ი–ის“ წილის მმართველ პარტნიორს წარმოადგენს შპს ,,რ.ს.ა–ი“;

3. შპს ,,რ.ს.ა–ის’’ 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ს.ი–ის“ დირექტორად დაინიშნა დ.კ–ძე (შემდგომში მოსარჩელე ან პირველი კასატორი), ხოლო კომპანიის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა დირექტორის პოზიციიდან;

4. შპს ,,ს.ი–ის’’ დირექტორობის პერიოდში, კერძოდ 2015 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელემ კომპანიის ანგარიშიდან 300 000 ევრო გადაირიცხა პირად საბანკო ანგარიშზე (გადახდის დანიშნულება: ,,თანახმად სესხის ხელშეკრულებისა’’);

5. იმავე დღეს, 2015 წლის 21 დეკემბერს, მოსარჩელემ მიღებული თანხა (300 000 ევრო) გადარიცხა მოპასუხის პირად საბანკო ანგარიშზე.

6. შპს „ს.ი–იდან’’ სესხის სახით მიღებული თანხა - 300 000 ევრო მოსარჩელეს სრულად აქვს დაბრუნებული კომპანიისათვის (ა) 11.03.2016 წლის საგადახდო დავალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ შპს ,,ს.ი–ის“ ანგარიშზე თანხის, 149 081 აშშ დოლარის შეტანის ფაქტი, ასევე ბ) 25.05.2016 წლის საგადახდო დავალებაში ასახულია შპს ,,ს.ი–ის“ ანგარიშზე მოსარჩელის მიერ 148 900 ევროს გადარიცხვა, ხოლო გ) 26.09.2016 წლის სალაროს შემოსავლის ორდერში მითითებულია შპს ,,ს.ი–ში” მოსარჩელის მიერ 31 300 ევროს შეტანა. დანიშნულებაში მითითებულია - 21.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (დაბრუნებული თანხა ჯამურად მოსარჩელის მიერ გატანილი თანხის ტოლფასია);

7. მოსარჩელის ინტერესის სფერო ,,ს.ი–ის’’ წილების საკუთრებაში აღრიცხვა იყო და მოდავე მხარეთა მოლაპარაკების საგანს სწორედ შპს ,,ს.ი–ის’’ წილების განაწილება წარმოადგენდა, რაზეც, საბოლოოდ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. არსებული მოცემულობით, შპს ,,ს.ი–ის’’ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორია შპს ,,რ.ს.ა–ი’’, რომლის მაჟორიტარ პარტნიორსაც წარმოადგენს მოპასუხე;

8. შპს ,,ს.ი–ის’’ წილების საკუთრებაში ვერ აღრიცხვის შემდგომ, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ამავე კომპანიის 100% წილის მესაკუთრე შპს ,,რ.ს.ა–ის“ მიმართ და მოითხოვა მის მიერ შპს ,,ს.ი–ის’’ სასარგებლოდ გაღებული თანხების, ჯამურად - 1 621 791 აშშ დოლარის დაკისრება, მოპასუხე კომპანიის უსაფუძვლო გამდიდრებაზე მითითებით.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, დ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „რ.ს.ა–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 621 791 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,რ.ს.ა–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს ,,რ.ს.ა–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 797511 აშშ დოლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,რ.ს.ა–ისათვის“ 324280 აშშ დოლარის (300 000 ევროს) დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 500 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. კერძოდ, მოთხოვნილი 300 000 ევროს ნაწილში, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ფიზიკური პირის შ.ა–ვასთვის გადაცემულ 300 000 ევროს (324280 აშშ) დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე კომპანია - შპს ,,რ.ს.ა–ი“.

11. დასახელებულ საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, აღძრულია წინამდებარე სარჩელი, რომლითაც გადაწყვეტილებით დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოთხოვნები მიმართულია შპს ,,რ.ს.ა–ის“ მაჟორიტარი პარტნიორის, მოპასუხის მიმართ.

12. სასარჩელო მოთხოვნა:

12.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხისთვის 300 000 ევროს გადახდის დაკისრება; ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება, 300 000 ევროს გადაცემის მომენტიდან (2015 წლის 12 დეკემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 10% (რაც სარჩელის შეტანის მომენტისათვის - 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით - შეადგენს 479 360 ლარს, ყოველდღიურად 213.24 ლარს); მოპასუხისთვის 500 000 აშშ დოლარის დაკისრება და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის, 500 000 აშშ დოლარის გადაცემის მომენტიდან (2016 წლის 23 სექტემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 10%, რაც სარჩელის შეტანის მომენტისათვის - 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით შეადგენს 624 348 ლარს, ყოველდღიურად 316.77 ლარს;

13. მოპასუხის შესაგებელი

13.1. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 000 ევროს გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

15. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები

15.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია 2015 წლის 12 დეკემბერს მიღებული 300 000 ევრო, რომელიც მასთან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია მოპასუხის, როგორც არაუფლებამოსილი პირის გამდიდრება, ამ ნაწილში, მართებულად დაკმაყოფილდა წარდგენილი სარჩელი.

16.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე-411-ე მუხლებით და, ასევე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით. სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოვალეს (მოპასუხეს) მითითებული თანხა, 300 000 ევრო/500 000 აშშ დოლარი გადაეცა წილის საფასურის სახით (როგორც ამაზე მოსარჩელე მიუთითებდა), თუმცა აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი შემდგომ მოიშალა და მოსარჩელემ ვერ შეძლო კომპანიაში წილის შეძენა, ნაკლებ სავარაუდოა კრედიტორს ჰქონოდა მოლოდინი, რომ ამ თანხის გადაცემის მომენტიდან მის დაბრუნებამდე პერიოდისათვის იგი მიიღებდა შემოსავალს სარგებლის სახით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელე ამგვარი საქმიანობით დაკავებულია და იღებს შემოსავალს. შესაბამისად, გონივრულ ვარაუდს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ამ თანხიდან სარგებლის მიღების მოლოდინი ჰქონოდა მოსარჩელეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და ამით გამოწვეული ზიანი მოწინაღმდეგე მხარისათვის სავარაუდო იყო. შესაბამისად, ამგვარი სახით თანხის მოპასუხისათვის კონკრეტული მიზნით გადაცემა, მოსარჩელის ის გაუთვლელი ეკონომიკური რისკის თანმდევი შედეგია, რომლის უარყოფითი ეფექტი, მოვალეზე (მოპასუხეზე) ვერ აისახებოდა.

17. მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები

17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

17.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

17.3. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17.4. პირველი კასატორის განცხადებით, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან თავად სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელისგან მიღებული თანხით (როდესაც მას ჩაერიცხა 300 000 ევრო). მოპასუხემ იცოდა, რომ აღნიშული თანხის გამოსატანად მოსარჩელეს შპს იმპექსიდან სესხის აღება შემოსავლის მიღების მიზნით სჭირდებოდა. მოპასუხემ ისიც იცოდა, რომ მოსარჩელეს შეეძლო შეესყიდა იმპექსში შესაბამისი წილი და დივიდენდის სახით მიეღო ეტაპობრივი შემოსავალი, რომელიც ჰგავს ანაბარზე თანხის განთავსებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აზრს მოკლებულია სასამართლოთა მსჯელობა, რომ მოპასუხემ არ იცოდა მოსარჩელის სავარაუდო ეკონომიკური დანაკლისი, თუ ის ვალდებულებას ჯეროვანად არ შეასრულებდა მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელე არ არის ორგანიზაცია, იგი არის ფიზიკური პირი და ყველაზე რეალური, რასაც ის მოიმოქმედებდა თავისუფალი სახსრებით, ფულის ანაბარზე დაბანდებაა.

17.5. მეორე კასატორის განცხადებით, სასამართლოებმა არასწორად დაასკვნეს, რომ არსებობდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად 300 000 ევროს მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. სსკ-ის 976-ე მუხლის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია თანხის გადაცემის მომენტისთვის თანხის მიმღების სუბიექტური განცდა, რაც ობიექტურ გარემობათა ერთობლიობით უყალიბდება მას. აღნიშული თანხა არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, რადგან მოპასუხეს გადაეცა არა მოსარჩელის, არამედ მისი კომპანიის - ს.ი–ის ფული, შესაბამისად, ის დარწმუნებული იყო, რომ მოსარჩელეს სურდა თანხის გადაცემა.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

20. წარდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მიხედვით, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის თანხის დაკისრებისა და მისგან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

21. საკასაციო სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე Nას-360-342-2015, 3.06. 2015წ.; საქმე Nას-251-2021, 11.06.2021წ.; საქმე Nას-642-2022, 22.06.2023წ.; საქმე Nას-667-2023, 16.11.2023წ.; Noას-181-2024 26.04.2024 წ.).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-653-621-2013, 2015 წლის 27 აპრილი) . უფრო კონკრეტულად, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა.

23. შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმის (სსკ-ის 976-ე მუხლი) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებია: ა) გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემა. ბ) გადაცემის განხორციელება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და გ) მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დადგენა.

24. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება (იხ. სუსგ საქმე Nას-1381-2022 17.02.2023 წ.).

25. იმისათვის, რომ პირს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, აუცილებელი წინაპირობის სახით, სასამართლომ უნდა დაადგინოს მოპასუხის გამდიდრების ფაქტი.

26. განსახილველ დავაში, საპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელემ შპს „ს.ი–იდან“ პირად საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა 300 000 ევრო, სესხის სახით. მიღებული თანხა იმავე დღეს მოსარჩელემ ჩაურიცხა მოპასუხეს (იხ. სს ,,ტ.ბ–ის“ 21.12.2015 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი, ტომი 1, ს.ფ. 56; სს ,,ვ.ბ.ჯ–ას“ 21.12.2015 წლის საგადახდო დავალება, ტომი 1, ს.ფ. 347); დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელემ შპს „ს.ი–იდან“ 2015 წლის 21 დეკემბერს სესხის სახით მიღებული თანხა სრულად დააბრუნა ეტაპობრივად (კერძოდ, საქმეს ერთვის 11.03.2016 წლის საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ შპს „ს.ი–ის“ ანგარიშზე თანხის - 149081 აშშ დოლარის შეტანის ფაქტი, ასევე 25.05.2016 წლის საგადახდო დავალებაში ასახულია შპს „ს.ი–ის“ ანგარიშზე მოსარჩელის მიერ 148900 აშშ დოლარის გადარიცხვა და 26.09.2016 წლის სალაროს შემოსავლის ორდერში მითითებულია შპს ,,ს.ი–ში” მოსარჩელის მიერ 31 300 ევროს ოდენობით თანხის შეტანა (დანიშნულებაში მითითებულია - 21.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება) (იხ. სს ,,თ.ბ–ის“ 26.09.2016 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი ტომი 1, ს.ფ. 345; სს ,,ვ.ბ.ჯ–ას“ 11.03.2016 წლის და 25.05.2016 წლის საგადახდო დავალებები ტომი 1, ს.ფ. 346, 348) და აღნიშნულ ფაქტს არც მოპასუხე ხდის სადავოდ.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) არაუფლებამოსილი პირისაგან ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილი პირის ხარჯზე გარკვეული უფლების, უპირატესობის მიღებამდე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია მოპასუხის მხრიდან 300 000 ევროს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღების ფაქტი (საგულისხმოა, რომ მოპასუხეს თანხა ჩაერიცხა არა კომპანიის, არამედ მოსარჩელის პირადი ანგარიშიდან, ასევე სადავო არ არის, რომ მოპასუხეს აღნიშნული თანხით არ შეუძენია რაიმე წილი კომპანიაში, რაზეც იგი აპელირებდა), შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ მიღებული თანხა ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა. მოპასუხეს კი არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

28. რაც შეეხება პირველი კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არც აღნიშნულ პრეტენზიას გააჩნია გაზიარების საფუძველი.

29. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელსაც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელე. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში (იხ. სუსგ 02.12.2021წ. Nას-754-2021 განჩინება).

30. სსკ-ს 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 07 ოქტომბერი 2015 წელი, Nას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი)

31. კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. ზოგადი პრინციპით, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი.

32. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ გაცემული თანხების ანაბარზე განთავსების პირობებში იგი შეძლებდა იმ მინიმალური შემოსავლის მიღებას, რაც განსაზღვრულია ეროვნული ბანკის განაკვეთით. გარდა ამისა, თანხის გაუცემლობის პირობებში მოსარჩელეს არ მოუწევდა სესხის სახით თანხის აღება და შესაბამისი საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ამ მხრივაც წარმოუშობდა მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

33. ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელის მითითებით, მოვალეს (მოპასუხეს) სადავო თანხა (300 000 ევრო/500 000 აშშ დოლარი) გადაეცა წილის საფასურის სახით, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი შემდგომ მოიშალა და მოსარჩელემ ვერ შეიძინა წილი კომპანიაში, ნაკლებ სავარაუდოა კრედიტორს ჰქონოდა მოლოდინი, რომ ამ თანხის გადაცემის მომენტიდან მის დაბრუნებამდე პერიოდისათვის იგი მიიღებდა შემოსავალს სარგებლის სახით. ამასთან, საქმეში წარდგენილი მასალებით არ დგინდებოდა ისიც, რომ მოსარჩელე ამგვარი საქმიანობით დაკავებული იყო და იღებდა შემოსავალს. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრებაზე და ვერც კასატორი მიუთითებს იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაზე, რაც მითითებული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ და არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საკითხებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.კ–ძის, ასევე შ.ა–ვას (ა–ვას) საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. დ.კ–ძეს (პ.ნ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N25302589119; გადახდის თარიღი: 30.12.2024) 6000 ლარის 70% - 4 200 ლარი;

3. შ.ა–ვას (ა–ვას) (ს.ნ.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ. ჭ–ძის (პ.ნ. ..........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N4970; გადახდის თარიღი: 28.04.2025) 6000 ლარის 70% - 4 200 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი