საქმე №ას-41-2026 12 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - შპს „მ.მ.“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ც.ლ“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ
საჩივრის მოთხოვნა - განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და შპს „მ.მ–ის“ შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ.მ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - შპს „ჯ.ც.ლ“-ს (ს/ნ ..........) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: 1) ქ.კასპი, ს/კ ........., ფართობი: 26187.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11, N12, N13, N14, N15, N16, N17; 2) შიდა ქართლი, ქ.კასპი, ს/კ ........., ობიექტის ტიპი: რკინიგზა; ობიექტის აღწერა: რკინიგზის ჩიხი, ობიექტის სიგრძე - 360 მ., გასხვისება. განმცხადებელს უარი ეთქვა მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჯ.ც.ლ“-ს საბანკო ანგარიშებზე 248 998.8 ლარის ფარგლებში ყადაღის დადებასა და ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნაზე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მომართა შპს „მ.მ–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს „მ.მ–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
4. განმცხადებლის საჩივარი
საჩივრის ავტორის მითითებით, ის არ ეთანხმება სასამართლოს განჩინებას, ვინაიდან სახელშეკრულებო პრეტენზიის მაღალინტენსიური და მსხვილი კომპლექსური მასშტაბიდან გამომდინარე, უძრავ აქტივებზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის სახით მარტოოდენ გასხვისების აკრძალვის გავრცელება-გატარება არ წარმოადგენს თვითკმარ და ხელშესახებ საპროცესო იძულების ღონისძიებას, რომელიც მოახდენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ინტერესისა და დეკლარირებული პროცესუალური მიზნის ქმედით რეალიზაციას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ის ითხოვს შპს „ჯ.ც.ლ“-ს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას (გასხვისების აკრძალვის ნაცვლად) და მის საბანკო ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის - 248 998.8 ლარის ფარგლებში ყადაღის დადებას ერთობლიობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.
9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).
11. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
12. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტ. საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82).
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სისწორე.
14. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.
15. სსსკ-ის 356-13 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის საქმე Nას-923-2023 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის საქმე №ას-970-2019, განჩინება).
16. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატას და მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო პრეტენზიის მაღალინტენსიური და მსხვილი კომპლექსური მასშტაბიდან გამომდინარე, უძრავ აქტივებზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის სახით მარტოოდენ გასხვისების აკრძალვის გავრცელება-გატარება არ წარმოადგენს თვითკმარ და ხელშესახებ საპროცესო იძულების ღონისძიებას, რომელიც მოახდენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ინტერესისა და დეკლარირებული პროცესუალური მიზნის ქმედით რეალიზაციას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ის ითხოვს შპს „ჯ.ც.ლ“-ს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას (გასხვისების აკრძალვის ნაცვლად) და მის საბანკო ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის - 248 998.8 ლარის ფარგლებში ყადაღის დადებას ერთობლიობაში.
18. საქმის თანახმად, საარბიტრაჟო მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ 2025 წლის 29 აპრილს შპს „მ.მ–სა“ და შპს „ჯ.ც.ლ“-ს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ შპს „ჯ.ც.ლ“-ს უნდა მიეწოდებინა დათმობილ მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადაში, ხოლო თავად მოთხოვნები არ უნდა ყოფილიყო ხანდაზმული. ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში, მას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება.
19. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულებები ნაწილობრივ დაარღვია, რაც გახდა საარბიტრაჟო დავის ინიცირების საფუძველი. სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება 124 499.4 ლარის ოდენობით, აგრეთვე იმავე ოდენობის თანხის დაკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. შესაბამისად, სარჩელის საერთო ფასი შეადგენს 248 998.8 ლარს.
20. საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ არ არის საკმარისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისთვის და აუცილებელია ქონების დაყადაღებაც.
21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიუთითებს რომ იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ხდება უკიდურეს შემთხვევაში, რისთვისაც აუცილებელია არსებობდეს ორი კუმულაციური წინაპირობა: არსებობს უზრუნველსაყოფი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი და საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება. საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება უნდა განიხილებოდეს, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების ყველაზე მკაცრი და უკიდურესი ფორმა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებშია დასაშვები. სასამართლომ ამ ზომას უნდა მიმართოს მაშინ, როდესაც მოსარჩელემ უკვე ამოწურა ყველა შესაძლო გზა მოპასუხის სხვა ქონების აღმოჩენისათვის და დადასტურდა, რომ ასეთი ქონება არ არსებობს. მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესთა სამართლიანი ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ პირველ რიგში გამოყენებულ იქნეს ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ირკვევა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია არც უძრავი და არც მოძრავი ქონება, შეიძლება დადგეს საკითხი მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების დაყადაღების შესახებ.
22. პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება, თავისი ბუნებით, უფრო მძიმე გავლენას ახდენს მოპასუხეზე, ვიდრე სხვა ქონებაზე დაწესებული შეზღუდვები. სწორედ ამიტომ, ამგვარი ღონისძიება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მისი გარეშე სასამართლო გადაწყვეტილების რეალური და ეფექტიანი აღსრულება სერიოზული რისკის ქვეშ დადგება.
23. ზემოაღნიშნული არგუმენტაციის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გადაწყვეტის საკითხმა ერთდროულად უნდა შეძლოს უპასუხოს კითხვას მისი დაკმაყოფილება გამოიწვევს მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვაში გაუმართლებელ ჩარევას თუ არა, ასევე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების შინაარსი ერთდროულად იცავს განმცხადებლის უფლებას, რომელიც მიმართულია როგორც უფლების სავარაუდო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მისი აღდგენისკენ, ასევე მოწინააღმდეგე მხარის უფლებების გაუმართლებელი ხელყოფის პრევენციისკენ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება პროპორციული, რაციონალური ზომაა, რომელიც ემსახურება, ერთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების დაუბრკოლებელ შესაძლებლობას, ასევე მოწინააღმდეგე მხარის უფლებებში გამართლებულად ჩარევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.მ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი