Facebook Twitter

საქმე №ას-1266-2025 12 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 6 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (მეიჯარე) და ი.გ–იას (მოიჯარე) შორის 15 წლით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა ლანჩხუთში მდებარე 25 5508 მ2 სასოფლო- სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N..........).

2. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 30 400 ლარს. წლიური საიჯარო ქირის 1/12 მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე.

3. იჯარის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ, ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის და 3.1.2. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბერში წარადგინოს ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად. ასევე მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთ) წელში ერთხელ, ხოლო თუ იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილია 5 წელი - იჯარის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე წარადგინოს ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

5. ხელშეკრულების 3.1.6 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა მეიჯარისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა.

6. ხელშეკრულების 3.1.7 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა მეიჯარისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა.

7. ხელშეკრულების 6.3 მუხლის და 6.4. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით და 3.1.2. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 200-200 ლარის ოდენობით ხელშეკრულების 3.1.6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 ლარი.

8. ხელშეკრულების 3.1.7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 ლარი.

9. ი.გ–იას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ეცნობა, რომ 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის ხელშეკრულების 2.1 და 6.2 მუხლების საფუძველზე ეკისრებოდა საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს დავალიანება. ,,საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ პანდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის N507 დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიმღები პირები გათავისუფლდნენ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისთვის ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან. შესაბამისად, ი.გ–იას ეპატია საშეღავათო პერიოდში ქონებით სარგებლობის საფასური და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო.

10. აღნიშნული წერილითვე ი.გ–იას ეცნობა, რომ 2022 წლის 19 აპრილის მდგომარეობით იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი საიჯარე ქირა შეადგენდა - 129 196 ლარს, ხოლო ხელშეკრულების 6.2 მუხლის საფუძველზე გადასახდელი პირგასამტეხლო - 135 713 ლარს.

11. ი.გ–იას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ეცნობა, რომ 2016 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზე.

12. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის, 2022 წლის 13 აპრილის და 2023 წლის 19 სექტემბრის მიმართვები 2023 წლის 14 დეკემბერს ი.გ–იას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მოითხოვა იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტა და არსებული დავალიანების ჩამოწერა.

13. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 23 თებერვლის N1/3-117 ბრძანებით, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი.გ–იას შორის 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ი.გ–იას ეკისრება ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდა.

14. ი.გ–იას ეცნობა, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 23 თებერვლის N1/3-117 ბრძანებით შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი.გ–იას შორის 2016 წლის 6 სექტემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მოიჯარეს შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის - 186 413.73 ლარის, შესაბამისი პირგასამტეხლოს - 241 820.79 ლარის და პირგასამტეხლოს 1400 ლარის გადახდისგან.

15. ი.გ–იამ 2016 წლის სექტემბრიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე გადაიხადა შემდეგი თანხები: 26.08.2016 – 2000.00 ლარი (საგარანტიო თანხა, ბრძანება N1/1-2523) 03.10.2016 - 1.00 ლარი 03.10.2016 - 2 534,00 ლარი (გადახდის დანიშნულება: ქვეიჯარის ხელშეკრულება) 01.11.2016 – 2534,00 ლარი (ქვეიჯარის ხელშეკრულება ი.გ–იას იჯარა 27.06.48.210 მიწის ნაკვეთზე. 01.12.2016 – 1,00 ლარი (გადახდის დანიშნულება: ქვეიჯარა 27.06.48.210 მიწის ნაკვეთზე) 01.12.2026 – 2534,00 ლარი (ქვეიჯარის ხელშეკრულება ი.გ–იას იჯარა 27.06.48.210 მიწის ნაკვეთზე) 04.01.2017 – 2065,00 ლარი (გადახდის დანიშნულება: ი.გ–იას იჯარა 27.06.48.210 მიწის ნაკვეთზე) 05.01.2017 – 469,00 ლარი (გადახდის დანიშნულება: ი.გ–იას იჯარა 27.06.48.210 მიწის ნაკვეთზე) მოიჯარის მიერ/სასარგებლოდ სახაზინო კოდზე 302003270 გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

16. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

16.1. მოპასუხე ი.გ–იას მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის ანაზღაურება - 186 413.47 ლარი, პირგასამტეხლო - 241 820.43 ლარი და ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლის დარღვევისათვის პირგასამტეხლო - 1400 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 429 633.9 ლარს.

16.2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე: 2016 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელეს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მოპასუხეს ი.გ–იას შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა ლანჩხუთში მდებარე 25 5508 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N........). ხელშეკრულების 2.1 და 2.2 მუხლებით განისაზღვრა, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 30 400 ლარს. წლიური საიჯარო ქირის 1/12 მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე. ხელშეკრულების 6.2 მუხლის შესაბამისად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე იჯარის ხელშეკრულების 6.3 და 6.4 მუხლების შესაბამისად განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრებოდა, თითოეულისათვის, პირგასამტეხლო 200 ლარი. მიუხედავად მოპასუხის არაერთი გაფრთხილებისა, ი.გ–იამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად. 2023 წლის 14 დეკემბერს მოპასუხე ი.გ–იამ მიმართა სააგენტოს N168930/05 განცხადებით და ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. 2024 წლის 23 თებერვლის N1/3-117 ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა იჯარის ხელშეკრულება. მოპასუხეს დავალიანების სახით ეკისრება საიჯარო ქირა - 186 413.47 ლარი, პირგასამტეხლო - 241 820.43 ლარი და ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლის დარღვევისათვის პირგასამტეხლო -1400 ლარი, რაც ჯამში შეადგენს - 429 633.9 ლარს.

17. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2024 წლის 4 ნოემბერს და მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. მოპასუხე ადასტურებს, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 6 სექტემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება და 2017 წლის 5 იანვრის ჩათვლით გადაიხადა საიჯარო ქირა - 10138 ლარი. მას შემდეგ რაც მოპასუხემ დააპირა მიწის ნაკვეთის შემოღობვა, ლაშისღელეს მოსახლეობამ არ მისცა აღნიშნულის შესაძლებლობა, რადგან წლების მანძილზე მოსახლეობა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს იყენებდა საძოვრად. მოსახლეობამ გამართა საპროტესტო აქცია, რასაც მოჰყვა სარკინიგზო და საავტომობილო გზის გადაკეტვა. მოსახლეობის წინააღმდეგობის შედეგად ი.გ–იამ ვერ შეძლო იჯარით აღებული უძრავი ქონებით სარგებლობა. აღნიშნული გარემოების თაობაზე ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსაც. ი.გ–იამ ასევე მოსთხოვა დარიცხული თანხების ჩამოწერა, ვინაიდან არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთით.

18. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ი.გ–იას მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 76,872.97 ლარის გადახდა, საიდანაც 2016 წლის 6 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანებაა 69 884.97 ლარი, პირგასამტეხლო - 6988 ლარი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

19. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

21. საკასაციო საჩივარი

15.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.2. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები არსებობს. თუმცა, სასამართლომ არასწორად გამოიყენა 420-ე მუხლი, რადგან შემცირებას ექვემდებარება პირგასამტეხლოს მხოლოდ შეუსაბამო ოდენობა. ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია საიჯარო ხელშეკრულება, პასუხისმგებლობა უნდა დადგინდეს ხელშეკრულების 6.2 მუხლის, ასევე 3.1.1 და 3.1.2 მუხლების დარღვევისთვისაც. ამიტომ, პირგასამტეხლო არ უნდა ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოპასუხეს ის უნდა დაეკისროს სრულად.

22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

26. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

28. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

29. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

30. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

31. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

32. კასატორი სადავოდ ხდის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, სასამართლოებს არ ჰქონდათ მისი ამდენად დიდი ოდენობით შემცირების უფლება.

33. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).

34. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

36. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

37. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

38. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

39. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

40. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია (და საკასაციო ეტაპზე არ შედავებულა), რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2024 წლის 7 ნოემბერს. ვინაიდან, მხარეები იჯარის ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ საიჯარო ქირის პერიოდულად გადახდის ვალდებულების თაობაზე, მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშობოდა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე, შესაბამისად ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა აითვლება თითოეული პერიოდისთვის ცალ-ცალკე, რისი გათვალისწინებითაც 2021 წლის 7 ნოემბრამდე წარმოშობილი ვალდებულების მოთხოვნა ხანდაზმულას იქნა ცნობილი. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2017, 2018, 2019, 2020 წლების და 2021 წლის 4 ნოემბრამდე საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების შესახებ ხანდაზმულობის გამო ვერ დაკმაყოფილდებოდა. რაც შეეხება 2021 წლის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას, ის დაირღვა 2021 წლის 6 დეკემბრიდან, ამიტომ დასაბუთებულია, სწორედ აღნიშნული თარიღიდან დაანგარიშდეს პირგასამტეხლო. ამდენად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს 2017 წლიდან - 2021 წლის 6 დეკემბრამდე საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო როგორც ხელშეკრულების 6.2-ე მუხლით, ასევე ხელშეკრულებების 6.3 და 6.5 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, პირგასამტეხლოს ფუნქციის გათვალისწინებით, ვინაიდან არ იკვეთება ვალდებულების დროულად შესრულების საჭიროება, მისი ოდენობის გაზრდისთვის აუცილებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს. დადგენილია, რომ 2016 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 69 884.97 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეფასდა არაგონივრულად. ამ საფუძველზე სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი შემცირება, როგორც ხელშეკრულების 6.2 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ნაწილში, ისე 6.3, 6.4 და 6.5 პუნქტებით გათვალისწინებული სანქციების მიმართ. შედეგად, 2016 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 6 988 ლარის გადახდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, 500 ლარი ადეკვატური და გონივრულია.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

43. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი