Facebook Twitter

საქმე №ას-1301-2025 12 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020შპს „თ.ს.კ–იასა“ და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის, 2021წლის 17 ნოემბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და შეთანხმდა დაზღვევის პირობები.

2. ხელშეკრულების საგანია დამზღვევის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირთა წინაშე, კერძოდ, დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტოტრანსპორტის უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და/ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის დადგომა, გარდა ხელშეკრულების პირობებში მითითებული გამონაკლისებისა. ხოლო ხელშეკრულების N1 დანართის (ტექნიკური დავალება) თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.

3. იმავე ხელშეკრულებით სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება, სადაზღვევო მომსახურება გაეწია დამზღვევის ბალანსზე არსებული ავტობუსებისთვის.

4. ხელშეკრულების 13.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების პირობაზე, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანაზღაურების ღირებულების 0,2%-ით განისაზღვრა.

5. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევა განმარტებულია, როგორც შემთხვევა, რომლის დადგომის შედეგად წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხოლო ხელშეკრულების N1 დანართით (ტექნიკური დავალება) განისაზღვრა სხვადასხვა გამონაკლისი, რაც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, მათ შორის, მზღვეველი თავისუფლდება დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის განზრახ, უხეში გაუფრთხილებლობით ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე.

6. ქ. თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2021 წლის 4 დეკემბერს, დაზიანდა მოქალაქე ნ.ტ–ძის კუთვნილი „ჰონდას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით ....... კერძოდ, დასახელებულ ავტომობილს კრწანისის ქუჩაზე მოძრაობისას შეეჯახა ბოლო გაჩერებიდან გამოსული შპს „თ.ს.კ–იის“ საკუთრებაში არსებული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი, რომელსაც მართავდა კომპანიის უფლებამოსილი მძღოლი, ა.ყ–ძე. შემთხვევა მოხდა ქუჩის მოსახვევში, კერძოდ, მოსახვევში შესვლისას ავტობუსი გადავიდა საპირისპირო ზოლში, რამაც გამოიწვია შეჯახება.

7. შპს „თ.ს.კ–იის“ უფლებამოსილი მძღოლის, ა.ყ–ძის მიმართ, 2021 წლის 4 დეკემბერს, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 და მე-7-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.

8. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ა.ყ–ძე არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ იმყოფებოდა ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

9. ზიანის შეფასების აქტის (ინვოისის) თანახმად, ნ.ტ–ძის კუთვნილი ავტომობილის აღდგენის ხარჯი შეადგენს 1880 ლარს (დღგ-ს გარეშე).

10. სს „ნ.ვ.დ–ვამ“, 2021 წლის 14 დეკემბერს, გასცა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება, ხოლო 2021 წლის 20 დეკემბრის წერილით უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. უარის საფუძვლად სადაზღვევო კომპანიამ მიუთითა კომპანიის მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებელ ქმედებაზე, რაც მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.

11. შპს „თ.ს.კ–იამ“ 2021 წლის 29 დეკემბრის დარეგულირების აქტისა და საგადასახადო დავალების თანახმად, ნ.ტ–ძეს სრულად აუნაზღაურა 1880 ლარი.

12. ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას არ დასტურდება დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის, ა.ყ–ძის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მძღოლის, ვარლამ ბალანჩივაძის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, რაც ხელშეკრულების ფარგლებში ვერ დაკვალიფიცირდება სადაზღვევო შემთხვევად და ზიანი არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეფუძნება სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დოკუმენტს.

13. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე შპს ,,თ.ს.კ–იის“ წარმომადგენელმა, 2024 წლის 4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა და სს „ნ.ვ.დ–ვისათვის“ სადაზღვევო ანაზღაურების სახით 1880 ლარის, ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით, 1880 ლარის 0,2%-ის (3,76 ლარი) დაკისრება მოითხოვა.

14. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ.ს.კ–იის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ნ.ვ.დ–ვას“ შპს „თ.ს.კ–იის“ სასარგებლოდ, სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით, 1880 ლარის გადახდა დაეკისრა; მას ასევე დაეკისრა ვადაგადაცილებულ პერიოდზე პირგასამტეხლოს სახით 800 ლარის გადახდა, ხოლო მზარდი ფორმით გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამატეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

15.2. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ სატრანსპორტო საშუალების გაბარიტების გათვალისწინებით, მოსახვევში შესვლისას, საპირისპირო ზოლში გადასვლა, შესაძლოა, ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელსაც მოუწიოს.

15.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სადავო არაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოსახვევში შესვლისას მოხდა და მძღოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას (მოხვევისას მძღოლი არ უნდა გადასულიყო საპირისპირო ზოლში), თუმცა, მოხვევისას საპირისპირო ზოლში გადასვლა განპირობებული იყო ავტობუსის გაბარიტებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საპირისპირო ზოლში გადასვლა არ მომხდარა მძღოლის მხრიდან განსაკუთრებული გულგრილობით, შეგნებულად, ან ისეთი დაუდევარი ქმედებით, როგორიცაა მოხვევის დროს გადასწრება, ტელეფონზე საუბარი, ან სხვა სუბიექტური ფაქტორი.

15.4. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა შეფასებულიყო. მძღოლის ქმედების ,,მარტივ“ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია განზრახ, ანდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და ა. შ. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზეა მძღოლის მხრიდან ე.წ. „მარტივი გაუფრთხილებლობა“, რაც არ შეიძლება გახდეს ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. რამდენადაც, უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის.

16. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

18.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში უგულებელყოფილია რიგი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, რისი გათვალისწინების შემთხვევაშიც სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

18.3. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლითაც ქმედება შეფასდებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად. მისი დასაბუთება მხოლოდ მიუთითებს გარანტიის პირობების შემბოჭავ ბუნებაზე.

18.4. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ტექნიკური დავალების (დანართი N1) მე-3 მუხლისა და სსკ-ის 829-ე მუხლის პირველი ნაწილით, მზღვეველი თავისუფალია პასუხისმგებლობისგან, თუ სადაზღვევო შემთხვევა დამზღვევის მიერ გამოწვეულია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აღნიშნული ნორმა ადგენს მინიმალურ სტანდარტს, მსგავსად აწესრიგებს საკითხს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ტექნიკური დავალების მე-3 მუხლიც.

18.5. მართალია, უხეში გაუფრთხილებლობა არ არის განმარტებული სამოქალაქო კოდექსში, თუმცა დეფინიციისთვის გამოყენებული უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-11 და მე-12 მუხლები, სადაც მითითებულია სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისა და გაუფრთხილებლობით ჩადენის შესახებ განმარტებები. აღნიშნული ნორმების თანახმად, განზრახია ქმედება, როდესაც მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ. ასევე, გაუფრთხილებლობაა სახეზე, როდესაც ჩამდენი ითვალისწინებდა ქმედების მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა შედეგების გათვალისწინება, რომელთა გათვალისწინება შეეძლო. განსახილველ შემთხვევაში კი მძღოლის შეფასების თანახმად, მან იცოდა რა მავნე შედეგი შესაძლოა მოჰყოლოდა მის ქმედებას, თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე, მან ქარაფშუტულად ივარაუდა, რომ თავიდან აირიდებდა დამდგარ შედეგს.

18.6. რადგან ავტოსატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროა, მისი მძღოლი ვალდებულია გამოიჩინოს ყურადღება, რათა დაიცვას საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სახეზეა აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებულად მძიმე დარღვევა. შესაბამისად, სახეზეა ბრალიც და მიზეზობრივი კავშირიც დამდგარ შედეგთან.

18.7. რადგან მძღოლის მხრიდან დადგა საგზაო შემთხვევა, სავარაუდოა, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა უყურადღებოდ, რასაც თვითონაც განმარტავს, აღნიშნავს, რომ გონება გაეფანტა. ფაქტია, რომ მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მისი ქმედება წარმოადგენს სამართალდარღვევას, ასევე, მისი ქმედება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ასევე, მას ჰქონდა განსაკუთრებული ცოდნა კანონით დადგენილი წესების მიმართ. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ქმედების შეფასება უხეშ გაუფრთხილებლობაზე უფრო ნაკლები ხარისხით. მისი ქმედება გამოიხატა მეტისმეტი დაუდევრობით. ასევე ვერ დასაბუთდა უკიდურესი აუცილებლობა, რადგან მითითება, რომ სავალ გზაზე ადამიანი გამოჩნდა ვერ საბუთდება მტკიცებულებით.

18.8. საპატრულო პოლიციიდან მიღებული მასალებით დასტურდება, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე ვერ უზრუნველყო რა ავტობუსის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს. ავტობუსის მძღოლის მიმართ ამოიწერა საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვითაც შეჯახების გამო ის დაჯარიმდა 250 ლარით ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ადასტურებს, რომ შემთხვევა სწორედ მის მიერ იყო გამოწვეული და მისი ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული.

18.9. მძღოლმა სადაზღვევო კომპანიის სახელზე დააფიქსირა განცხადება 2021 წლის 15 დეკემბერს, სადაც მიუთითა, რომ ხელისშემშლელი გარემოების გარეშე ვერ უზრუნველყო ავტობუსის უსაფრთხო მართვა და უმიზეზოდ გადავიდა რა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, შეეჯახა საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს. აღნიშნული განცხადებითაც დასტურდება, რომ მძღოლის ქმედება არის საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევა და უნდა შეფასდეს კიდეც უხეშ გაუფრთხილებლობად.

18.10. კასატორის მითითებით, სადაზღვევო რისკის აუცილებელი ნიშანია წინასწარგანუჭვრეტელობა და მხარეთა გავლენის სფეროსგან დამოუკიდებლობა. დაზღვევადია რისკი, თუ ის იმ ხარისხითაა წინასწარგანუჭვრეტელი, რომ შეუძლებელია მისი შეფასება სადაზღვევო კომპანიის მიერ.

18.11. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, ის გათვალისწინებული იყო ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რაც არ დაურღვევია სადაზღვევოს. კერძოდ, დამზღვევის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობა სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღეში. ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნა, ქმედება არ ექვემდებარება სადაზღვევო ანაზღაურებას, შესაბამისად, არ შემდგარა დასახელებული აქტი, ამიტომ, პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობას და ათვლის წერტილს წარმოადგენს შემთხვევის აქტის გაფორმების თარიღი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ასევე, მისი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რადგან თუ კი ზიანის ოდენობა 1880 ლარია, პირგასამტეხლოს 800 ლარი ვერ იქნება. ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იქნეს დათვლილი შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-დან.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მთავარი კვლევის საგანია შეფასება, რამდენადაა სახეზე სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების საფუძველი, რისთვისაც უნდა შეფასდეს მძღოლის ქმედების პასუხისმგებლობის ხარისხი - მოქმედებდა ის მარტივი თუ უხეში გაუფრთხილებლობით.

32. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ რისკის ფარგლები გამიჯნული მაგალითად მარტივ და უხეშ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მარტივ გაუფრთხილებლობაზე იქნება კომპანია პასუხისმგებელი, ამავე მსჯელობით განმარტებულია თუ რა პრინციპით შეიძლება ჩაითვალოს ესა თუ ის ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად, კერძოდ აღნიშნული განჩინების მიხედვით - „საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (ას-1306-1226-2015, 1.07.2015); სიჩქარის გადაჭარბებასთან, როგორც გარკვეულ შემთხვევებში უხეში გაუფრთხილებლობის ერთ-ერთ საფუძველთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 829-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე#ას-745-713-2014, 30.04.2015, #ას-943-901-2013, 17.02.2014, #ას-1217-1146-2012, 22.10.2012 და #ას-1510-1425-1212, 18.02.2013).

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (იხ. სსკ-ის 799.1 მუხლი). ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოვალეობის უმთავრეს პირობას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა. თუ არ არსებობს სადაზღვევო შემთხვევა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც არ არსებობს. მეორე პირობა ამ ნორმის მოთხოვნისა ისაა, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანუ სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან დაზღვევის ინტერესისა და საგნის შესახებ, განისაზღვრება სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა და სხვა, რის შემდეგაც ფორმდება სადაზღვევო ხელშეკრულება.

34. მოცემული საქმის მიზნებისთვის სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის ფაქტობრივად დამდგარ შედეგს. სადაზღვევო რისკი კი ის საფრთხეა, რომლისგანაც დაზღვეულია დამზღვევის ქონება ან პიროვნება. აღსანიშნავია, რომ დამზღვევის რისკი კონკრეტულად უნდა მიეთითოს დაზღვევის ხელშეკრულებაში [იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, თბილისი, 2001, გვ. 107]. თავისთავად რისკი შეიძლება წინასწარ განჭვრეტადი იყოს, მაგრამ მისი შედეგების დადგომის ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან (იხ.: ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 799. www.gccc.ge - ველი 23, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).

35. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „თ.ს.კ–იასა“ და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის, 2021 წლის 17 ნოემბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დამზღვევის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე, კერძოდ, დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტოტრანსპორტის უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და/ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, გარდა ხელშეკრულების პირობებში მითითებული გამონაკლისებისა.

36. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2021 წლის 4 დეკემბერს, დაზიანდა მოქალაქე ნ.ტ–ძის კუთვნილი „ჰონდას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით ......... კერძოდ, დასახელებულ ავტომობილს კრწანისის ქუჩაზე მოძრაობისას შეეჯახა ბოლო გაჩერებიდან გამოსული შპს „თ.ს.კ–იის“ საკუთრებაში არსებული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი, რომელსაც კომპანიის უფლებამოსილი მძღოლი, ა.ყ–ძე მართავდა. შემთხვევა მოხდა ქუჩის მოსახვევში, კერძოდ, მოსახვევში შესვლისას ავტობუსი გადავიდა საპირისპირო ზოლში, რამაც შეჯახება გამოიწვია.

37. დადგენილია, რომ შპს „თ.ს.კ–იის“ უფლებამოსილი მძღოლის ა.ყ–ძის მიმართ, 2021 წლის 4 დეკემბერს, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 და მე-7-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. ასევე დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ა.ყ–ძე არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ იმყოფებოდა ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

38. უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

39. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადაზღვევო შემთხვევის გამო მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების კვლევისთვის, აუცილებელია შეფასდეს სწორედ კასატორის შედავება, რომლის თანახმად, სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ვინაიდან ხელშეკრულების შესაბამისად, უხეში გაუფრთხილებლობა სადაზღვევო რისკად გათვალისწინებული არ არის. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მძღოლის ქმედება შეფასდა, როგორც მარტივი გაუფრთხილებლობა, რამაც მზღვეველს წარმოუშვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, პირველ რიგში შესაფასებელია მძღოლის ბრალეულობის ხარისხი.

40. განსახილველ შემთხვევაში, მძღოლის ახნა-განმარტებითი ბარათის მიხედვით, იგი კრწანისის ქუჩაზე მოძრაობისას მოსახვევში კარგად ვერ შევიდა, შესაბამისად, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. იგივე ფაქტობრივი მოცემულობაა აღწერილი პოლიციის თანამშრომლის პატაკში და საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის აქტში. როგორც თავად მძღოლის განმარტებით დასტურდება, ამ დროს სახეზე არ ყოფილა რაიმე ხელისშემშლელი გარემოება.

41. საკასაციო სასამართლო უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტობუსის საპირისპირო ზოლში გადასვლა დაკავშირებული იყო მოსახვევში შესვლის პროცესთან. სწორედ ამ დროს მძღოლმა, ტრანსპორტის დიდი გაბარიტების გამო, ვერ შეძლო მოხვევის ტრაექტორიის ზუსტად განსაზღვრა. ეს ვითარება არსებითად განსხვავდება იმ შემთხვევისაგან, როდესაც მძღოლი პირდაპირ მოძრაობისას შეგნებულად კვეთს ღერძულა ხაზს და განაგრძობს მოძრაობას საპირისპირო ზოლში, უსაფრთხოების წესების აშკარა უგულებელყოფით.

42. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკაზე ავტობუსი თავისი ზომებიდან გამომდინარე საჭიროებს უფრო ფართო სივრცეს მოსახვევის გასავლელად, განსხვავებით მსუბუქი ავტომობილისგან, რომელიც ანალოგიურ შეცდომის პირობებშიც კი შესაძლოა არ გადავიდეს საპირისპირო ზოლში.

43. კონკრეტულ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ მოსახვევში შესვლისას მოხდა, რაც მიუთითებს, რომ ავტობუსის საპირისპირო ზოლში მოხვედრა გამოწვეული იყო არასწორი ტრაექტორიით. თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს მძღოლის ბრალეულობას; პირიქით, პალატის მსჯელობა მიმართულია არა პასუხისმგებლობის მოხსნისკენ, არამედ მისი ხარისხის განსაზღვრისკენ.

44. დასახელებული ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, მძღოლის ქმედება ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად, მძღოლის ქმედების მარტივ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები, რომ მაგალითად მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია განზრახ ანდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და ა. შ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მძღოლის მხრიდან ე.წ. „მარტივ გაუფრთხილებლობას“, რაც არ შეიძლებოდა გამხდარიყო ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. რამდენადაც, უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, მოსარჩელის მიერ დადასტურებულია იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მომხდარ ავტო-საგზაო შემთხვევას დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევად დააკვალიფიცირებდა და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის ვალდებულებას წარმოშობდა.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე არსებული გარემოებების/მტკიცებულებების (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის) ანალიზის საფუძველზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის/მასშტაბის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად, რის გამოც სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა მართლზომიერია. რამდენადაც, არ დადგინდა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა - უხეში გაუფრთხილებლობა, დაზღვეული უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თითოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი. სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს დარღვევა ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით. ამასთან, ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. გაუფრთხილებლობა უხეშია თუ მარტივი, დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც განსაკუთრებით მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს (იხ. სუსგ, საქმე №ას-618-618-2018). მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე №ას-745-713-2014; ამგვარი განმარტებაა ასევე მოცემული საქმეში №ას-943-901-2013).

47. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-1306-1226-2015).

48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად (იხ. სუსგ №1319-1257-2014).

49. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მძღოლის ქმედებაში არ ჩანს ისეთი გარემოებები, რომლებიც უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევას გაამართლებდა. უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში პირი აცნობიერებს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათსა და საფრთხის ხარისხს, მიუხედავად ამისა, შეგნებულად მოქმედებს და ზედმეტი თავდაჯერებით ელის, რომ ნეგატიურ შედეგებს აირიდებს. ამისგან განსხვავებით, შემთხვევითი გადაცდომა მაგალითად, მოსახვევში არასწორი მანევრის შედეგად საპირისპირო ზოლში მოხვედრა არ ასახავს ასეთ ცნობიერ და რისკზე დამყარებულ დამოკიდებულებას, შესაბამისად, არ შეიძლება შეფასდეს როგორც უხეში გაუფრთხილებლობა. უწყვეტი ხაზის გადაკვეთა ნამდვილად წარმოადგენს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, თუმცა ეს ფაქტი თავისთავად არ ქმნის საკმარის საფუძველს, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება ავტომატურად შეფასდეს როგორც უხეში გაუფრთხილებლობა. ამგვარი შეფასება ვერ იქნება განყენებული თავად დარღვევის შინაარსისა და კონკრეტული გარემოებებისგან. მიუხედავად იმისა, რომ უწყვეტი ხაზის გადაკვეთით ფორმალურად დგინდება სამართალდარღვევა, აუცილებელია შეფასდეს, არსებობდა თუ არა ისეთი დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ამ ქმედებას განსაკუთრებულ სიმძაფრესა და უხეშ ხასიათს სძენს. სწორედ დარღვევის გამომწვევი და თანმდევი გარემოებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს, აღწევს თუ არა იგი უხეში გაუფრთხილებლობის ხარისხს. სასამართლოს შეფასებით, მძღოლი საპირისპირო ზოლში არ გადასულა განსაკუთრებული გულგრილობით, შეგნებულად ან ისეთი დაუდევრობით როგორიც შეიძლება იყოს მოხვევის დროს გადასწრება, ტელეფონით საუბარი ან სხვა სახის ფაქტორი. ამავდროულად, დადგენილია, რომ მძღოლი არ იყო რაიმე სახის თრობის ქვეშ და მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არ არსებობს 829-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ამიტომ, სსკ-ის 799-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველს მოუწევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.

50. რაც შეეხება შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არსებულ შედავებას, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებელი ან არაჯეროვანი შესრულების შედეგების აღმოფხვრას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელეს პირველადი მოთხოვნის საფუძვლიანი უფლება გააჩნდა, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნასაც მართლზომიერს ხდის. ამ კუთხით, სასარჩელო მოთხოვნაა პირგასამტეხლოს დაკისრება 2021 წლის 21 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანაზღაურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იქნეს დაკისრებული მხოლოდ იმ შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში, რომელზეც ფიქსირდება ვადაგადაცილება, ამიტომ სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს სახით 800 ლარის დაკისრება მართლზომიერია, რაც სწორად იქნა გადაწყვეტილი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (ს.კ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N1761126801; გადახდის თარიღი: 22.10.2025, მიმღები: ხაზიანის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, (თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტი) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი