საქმე №ას-1008-2025 4 დეკემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოსარჩელე, მენარდე, მერია, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემსყიდველის სარჩელი დ.ბ–ძის (შემდგომში მოპასუხე, შემკვეთი ან დამკვეთი) მიმართ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების, 11 139.600 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 4143.57 ლარის ანაზღაურება.
2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ამ ნაწილში არასწორად განმარტეს კანონი, არასწორად მიიჩნიეს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად, რის გამოც, არასწორად დაიანგარიშეს მოპასუხისთვის დასაკისრებელი ძირითადი დავალიანების ოდენობა.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ასევე წარადგინა მოპასუხე დ.ბ–ძემ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინების თანახმად, ამავე სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გასვლის გამო, დარჩა განუხილველად.
3.2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ; ზ ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე . ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს , რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
5. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
6.1. ,,თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტულ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის 2009 წლის 28 თებერვლის N11 განკარგულებისა და 2009 წლის 18 მარტის N20 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 29 მაისს, ერთის მხრივ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და მეორეს მხრივ, ა.ბ–ძეს შორის დაიდო „სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება’’ (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც, ბათუმის მერიამ აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბათუმში .......... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, ა.ბ–ძის სასარგებლოდ, 111,54 კვ.მ ფართის სრული სართულის დაშენება. ამავე ხელშეკრულებით, ა.ბ–ძეს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში ......... მდებარე საცხოვრებელ სახლზე მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ მერიისათვის გადაეხადა ერთ კვ.მ-ზე 300 ლარი, სულ 33 462 ლარი, რაც უნდა გადაეხადა მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკით 15.12.2009წ.-დან 15.06.2014წ.-მდე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებული თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
6.2. 2011 წლის 18 აგვისტოს, მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ 29.05.2009წ. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც შეიცვალა მხოლოდ გადასაცემი ფართი და გადასახდელი თანხა. კერძოდ, ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და შეთანხმებით გადასაცემი ფართი, ნაცვლად 111,54 კვ.მ-ისა, განისაზღვრა 92,827 კვადრატული მეტრით. ასევე, ა.ბ–ძის მიერ გადასახდელი თანხა, ნაცვლად 33 462 ლარისა, განისაზღვრა 27 849 ლარით, შემდეგი გრაფიკით:
· 2011 წლის 15 დეკემბრამდე დამკვეთს უნდა გადაეხადა 2784,90 ლარი;
· 2012 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი;
· 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი;
· 2013 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი;
· 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი;
· 2014 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი;
· წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი;
· წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი;
· წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი;
· წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი.
6.3. ხელშეკრულების სხვა დებულებები დარჩა უცვლელი;
6.4. 2011 წლის 18 აგვისტოს, ა.ბ–ძესა და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ა.ბ–ძეს გადაეცა 2009 წლის 29 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე აშენებული ფართი;
6.5. ა.ბ–ძეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია;
6.6. ა.ბ–ძე გარდაიცვალა 2022 წლის 9 თებერვალს და მის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მოპასუხე;
6.7. მერიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების, ჯამურად 27 849 ლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.
7. წინამდებარე საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ხანდაზმულად მიჩნევას და თვლის, რომ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნა არასწორად შეფასდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად, რის გამოც სასამართლოებმა არასწორად დაიანგარიშეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი თანხა.
8. პირველ რიგში, საკსასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც სააპელაციო პალატის მიერაა დადგენილი, წინამდებარე დავაში მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ფარგლებშიც, მენარდეს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე შემკვეთისთვის უნდა დაეშენებინა საცხოვრებელი ფართი, ხოლო შემკვეთს, შეთანხმებული გრაფიკით, გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა შესაბამისი საფასური (2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 2784,90 ლარი; 2012 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი; 2013 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი; 2014 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი; 2016 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; 2015 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი; 2016 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი).
9. დადგენილია ასევე, რომ მენარდემ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება სრულად შეასრულა, ხოლო შემკვეთმა არ გადაიხადა შეთანხმებული საზღაური.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მენარდის მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმას წარმოადგენს, სსკ-ის 629.1-ე მუხლი - „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ, შესაგებელში მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც ნაწილობრივ გაიზიარეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.
11. საკასაციო პალატა კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზიის (სასამართლოებს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად არ უნდა მიეჩნიათ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება) პასუხად განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, შემკვეთს, საფასურის გადახდა დაევალა გარკვეული პერიოდულობით, კონკრეტულ თარიღზე მითითებით, რაც აღნიშნულ ვალდებულებას, შესრულების სახის გათვალისწინებით, აქცევს ე.წ. პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად (იხ. სუსგ საქმე №ას-1049-2019, 18 ოქტომბერი, 2019 წელი).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის უფლების არსებობის მიუხედავად, ასეთი უფლების განხორციელებისა და იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ნაწილობრივ გამოირიცხა მოპასუხის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, კრედიტორის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი „ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა სპეციალური ხასიათის ნორმას წარმოადგენს სწორედ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისთვის. „კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად“ (იხ. სუსგ საქმე №ას-868-830-2014, 19 მარტი, 2015 წელი).
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამკვეთს, ხელშეკრულების თანახმად, ჯამურად უნდა გადაეხადა 27 849 ლარი, შემდეგი გრაფიკით: 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 2784,90 ლარი; 2012 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი; 2013 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი; 2014 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი; 2016 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; 2015 წლის 15 დეკემბრამდე - 2784,90 ლარი; 2016 წლის 15 ივნისამდე - 2784,90 ლარი; მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 20 ოქტომბერს.
14. ზემოაღნიშული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი განმარტებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის მოთხოვნის ნაწილში - 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე, რაც მოიცავს ბოლო ოთხ გადახდას (2014 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელ 2784,90 ლარს, 2015 წლის 15 ივნისამდე გადასახდელ 2784,90 ლარს; 2015 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელ 2784,90 ლარს და 2016 წლის 15 ივნისამდე გადასახდელ 2784,90 ლარს, ჯამურად 11 139, 60 ლარს), ხოლო 2014 წლის 20 ოქტომბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილში მართებულად იქნა იგი მიჩნეული ხანდაზმულად.
15. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი