Facebook Twitter

საქმე №ას-1318-2025 12 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი/მ მ.ქ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2020 წლის 05 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ი/მ მ.ქ–ძეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-298 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 145175 კგ შვრია. შვრიის მიწოდება შეთანხმებული პირობების მიხედვით უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-298 ხელშეკრულების 10.2 პუნქტით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებლისთვის განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%- ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 10.3 პუნქტიდან გამომდინარე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-298 ხელშეკრულების 13.2 პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარე წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მეორე მხარის მხრიდან წერილობითი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისგან.

4. 2021 წლის 10 დეკემბერს, მ.ქ–ძეს ეცნობა, რომ 2020 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული N15/3-298 ხელშეკრულების საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოსთვის (წითელი ხიდი) 2020 წლის 15 დეკემბრამდე უნდა მიეწოდებინა 9520 კგ. შვრია, ღირებულებით 10 281.60 ლარი. აღნიშნული შვრიის მიწოდება განხორციელდა 2021 წლის 11 იანვარს, 27 დღის დაგვიანებით.

5. მ.ქ–ძეს, 2021 წლის 27 იანვრის წერილით ეცნობა, რომ 2020 წლის 05 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისთვის მიმწოდებელს დაეკისრა საურავი ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 6338.53 ლარი, 1 დღის საურავი 234.76 ლარი. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად და გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად მ.ქ–ძეს განესაზღვრა 1 თვე.

6. 2020 წლის 26 ნოემბერს, ი/მ მ.ქ–ძეს #MIA 8 20 02752555 წერილით ეცნობა, რომ 2020 წლის 05 აგვისტოს N15/3-298 ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა განეხორციელებინა 13359.60 ლარის ღირებულების, 12370 კგ შვრიის მოწოდება სასაზღვრო პოლიციის მატერიალური მარაგების სამსახურის საწყობში, მდებარე ქ. თბილისი, ....... მიწოდება განხორციელდა 25 დღის დაგვიანებით, 2021 წლის 9 იანვარს.

7. მ.ქ–ძეს, 2021 წლის 27 იანვრის #MIA 6 21 00179911 წერილით ეცნობა, რომ 2020 წლის 05 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ვალდებულების ვადაგადაცილებით, 2021 წლის 9 იანვარს (25 დღის დაგვიანებით) შესრულებისთვის მიმწოდებელს დაეკისრა საურავი ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რამაც ჯამში, შეადგინა 5869.01 ლარი. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად მ.ქ–ძეს განესაზღვრა 01 თვე.

8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის N2-01/17432 წერილის მიხედვით, თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე 2020 წლის 05 დეკემბრის 20:10სთ-დან 08 დეკემბრის 17:25 სთ-მდე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვისა და ლიპყინულის გამო იმავე მონაკვეთზე 2020 წლის 23 დეკემბრის 00:52სთდან 15:40სთ-მდე, ხოლო 2020 წლის 24 დეკემბრის 18:30 სთ- დან 25 დეკემბრის 17:00 სთ-მდე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

9. 2020 წლის 05 აგვისტოს N15/3-298 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ.ქ–ძეს მისაწოდებელი დარჩა 21890 კგ. შვრია. შვრიის მიმწოდებლის შეფერხების გამო, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მოთხოვნილ იქნა თანხმობა რუსეთიდან იმავე ხარისხის შვრიის იმპორტისა და დაგვიანებული დღეების საპატიოდ ჩათვლის, შესაბამისად, საურავის დარიცხვის შეჩერების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2020 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება N2, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 05 აგვისტოს ხელშეკრულების მე-8 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 8.5 და 8.6 პუნქტები: „8.5 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინოს საავანსო საბანკო გარანტია, შემსყიდველის მიერ მითითებულ თანხაზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 20%-სა, ხოლო პუნქტი 8.6. საავანსო საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში“. 2020 წლის 28 დეკემბერს, აგრეთვე, გაფორმდა შეთანხმება N3, 2020 წლის 05 აგვისტოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შვრიის წარმოშობის ქვეყანა „საქართველო“ შეიცვალა და განისაზღვრა „რუსეთის ფედერაციით“.

10. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2020 წლის 24 დეკემბრის წერილით, ი/მ მ.ქ–ძის მიმართ მოთხოვნილ იქნა წინასწარი ანგარიშსწორებისთვის დარჩენილი მისაწოდებელი თანხის 23641.20 ლარის შესაბამისი ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 30 კალენდარული დღით, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, 2020 წლის 15 დეკემბერს, ერთი მხრივ, სს „ს.კ.ი–ომ“, და მეორე მხრივ, ი/მ მ.ქ–ძემ გააფორმეს საავანსო გარანტიის ხელშეკრულება, ბენეფიციარად განისაზღვრა საქართველოს შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

11. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა, 2021 წლის 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა და ი/მ მ.ქ–ძისათვის, პირგასამტეხლოს სახით, 12 207.54 ლარის დაკისრება მოითხოვა.

12. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიწოდების პერიოდში გართულებული იყო, „როგორც კოვიდ-პანდემიური მდგომარეობა, ისე მეტეოროლოგიური სიტუაცია“, ვალდებულების დაგვიანებით შესრულებას საფუძვლად დაედო მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზები, რის გამოც, სახეზეა, მიმწოდებლის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით: (1). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; (2). ი/მ მ.ქ–ძეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა 917.38 ლარის გადახდა.

14. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

16.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეს დაუსაბუთებლად წაერთვა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვა ევალება, შესაბამისად მოპასუხე, როგორც მოვალე, ვალდებული იყო დამატებითი გულისხმიერებით უზრუნველეყო ვალდებულების შესრულება, ამასთან, ის არის მეწარმე სუბიექტი, შესაბამისად, მისთვის ნათელი და ცხადი უნდა ყოფილიყო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი მეორეული მოთხოვნების ფარგლები. აქედან გამომდინარე, სუსტ მხარეზე მითითება არარელევანტურია.

16.3. კასატორის მითითებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 156 507 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად და ვადაგადაცილებით. სასამართლომ დადგინდა, რომ მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა მიწოდების ვადის დარღვევის გამო. აღნიშნული გარემოება საკმარისია პირგასამტეხლოს დაკისრებისთვის. აქედან გამომდინარე, კასატორს სრულ უფლება ჰქონდა მოეთხოვა პირგასამტეხლო სრულად.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

24. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

25. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

26. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

27. კასატორი სადავოდ ხდის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, სასამართლოებს არ ჰქონდათ მისი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევისა და შემცირების უფლება.

28. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.

29. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).

30. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

32. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

33. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

34. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

35. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

36. საკასაციო პალატა ასევე ხაზს უსვამს პირგასამტეხლოს გაანგარიშების პრინციპი. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).

37. დამატებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“, რომლის თანახმად, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით, ასევე, ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია პირგასამტეხლო განისაზღვროს შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.

38. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 05 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ი/მ მ.ქ–ძეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-298 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 145175 კგ შვრია. შვრიის მიწოდება შეთანხმებული პირობების მიხედვით უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

39. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი/მ მ.ქ–ძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა 917.38 ლარის გადახდა.

40. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს 2020 წლის 15 დეკემბრამდე უნდა მიეწოდებინა 9520 კგ. შვრია, ღირებულებით 10 281.60 ლარი. აღნიშნული შვრიის მიწოდება განხორციელდა 2021 წლის 11 იანვარს, 27 დღის დაგვიანებით. ასევე, 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით კვლავ უნდა განეხორციელებინა 13359.60 ლარის ღირებულების, 12370 კგ. შვრიის მიწოდება, რომელიც განხორციელდა 25 დღის დაგვიანებით, 2021 წლის 09 იანვარს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული (განჩინების 36-37 პარაგრაფები) დასაბუთების შესაბამისად, რადგან დასაშვებია პირგასამტეხლოს მოთხოვნა არა მთლიანი ღირებულებიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულებიდან, თითოეულ დარღვევაზე პირგასამტეხლო ინდივიდუალურად უნდა იყოს დათვლილი შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლებში, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.15%-იანი ოდენობა უნდა გამოითვალოს შემდეგი სახით: 10281,60X0,15/100=15,42 - ლარი ყოველდღიურად, ხოლო ვადაგადაცილებულ დღეებზე 15,42X27=416,40 ლარი; 13359,60X0,15/100=20,03 - ყოველდღიურად, ხოლო ვადაგადაცილებულ დღეებზე 20,03X25=500,98 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 917,38 ლარს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობით შემცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, 500 ლარი ადეკვატური და გონივრულია.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

42. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი