საქმე №ას-1328-2025 12 მარტი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ო.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ვ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.ვ–ი და მოპასუხის შვილი ზ.თ–ძე გარკვეული წლები ცხოვრობდნენ ერთად. საქმის განხილვის მომენტისათვის ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ზ.თ–ძეს ბრალი წარედგინა ი.ვ–ის მიმართ ჩადენილ ძალადობაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განაჩენით, ზ.თ–ძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
2. მოპასუხე ო.თ–ძე არის ზ.თ–ძის მამა.
3. 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 2022 წლის 23 მარტამდე პერიოდში, ი.ვ–მა, სს ს.ბ–ის საშუალებით, ო.თ–ძეს ჩაურიცხა 7 195 ლარი.
4. 2022 წლის 11 იანვარს, ი.ვ–მა სს ს.ბ–ის საშუალებით, ო.თ–ძეს ჩაურიცხა 11 400 ლარი.
5. მოწმის სახით დაკითხულმა ზ.თ–ძემ დაადასტურა თანხის მიღება. განმარტა, რომ ი.ვ–ისაგან ჩარიცხული 18 595 ლარი ო.თ–ძემ მას გადასცა. ამასთან, განმარტა, რომ მას ი.ვ–თან ერთად ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა. თანხის გადმორიცხვაც ამ საქმიანობას უკავშირდება.
6. მოწმე თ.თ–ძემ აჩვენა, რომ ი.ვ–ი და ზ.თ–ძე ხშირად ურიცხავდნენ ერთმანეთს ფულს. პირადად მის ანგარიშზეც ჩარიცხა ი.ვ–მა 2500 ლარი, რაც ბანკიდან გამოიტანა და გადასცა ზ.თ–ძეს.
7. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს კ.ბ–ძემაც. სხდომაზე დაკითხვის დროს მან განმარტა, რომ ზ.თ–ძეს ანგარიში დაბლოკილი ჰქონდა და მისი ანგარიშის გამოყენებით განხორციელდა გადარიცხვები.
8. ანგარიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე განმარტეს მოწმეებმა: ზ.თ–ძემ, კ.ბ–ძემ, თ.თ–ძემ და გ.ა–ძემ. აღნიშნული პირები არიან მოპასუხის ოჯახის წევრები და ახლობლები.
9. სასარჩელო მოთხოვნა:
9.1. ი.ვ–მა სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ო.თ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 18 595 ლარის გადახდა.
9.2. 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 2022 წლის 23 მარტამდე პერიოდში, ი.ვ–მა სს ს.ბ–ის საშუალებით ო.თ–ძეს სესხად ჩაურიცხა 7 195 ლარი. მოპასუხეს სესხი უნდა დაებრუნებინა 2022 წლის 01 მაისს. 2022 წლის 11 იანვარს, ი.ვ–მა სს ს.ბ–ის საშუალებით ო.თ–ძეს სესხად ჩაურიცხა 11400 ლარი. სესხად მიღებული თანხა ო.თ–ძეს უნდა დაებრუნებინა ერთ თვეში. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და სესხი არ დაუბრუნა. მას გადასახდელი აქვს ჯამში 18 595 ლარი.
11. მოპასუხის შესაგებელი
ო.თ–ძემ სარჩელი არ ცნო. მან დაადასტურა ის გარემოება, რომ ი.ვ–მა 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 2022 წლის 23 მარტამდე პერიოდში, სს ს.ბ–ის საშუალებით ო.თ–ძეს ჩაურიცხა 7 195 ლარი. 2022 წლის 11 იანვარს, ი.ვ–მა სს ს.ბ–ის საშუალებით ჩაურიცხა 11 400 ლარი, თუმცა უარყოფს ამ თანხის სესხად მიღებას. განმარტა, რომ მისი შვილი, ზ.თ–ძე და ი.ვ–ი წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ, გააჩნდათ საერთო ბიზნესიც. ზ.თ–ძეს ბანკში პრობლემები გააჩნდა, რის გამოც ი.ვ–ი ფულს მას ვერ ურიცხავდა. სარჩელში მითითებული 18 595 ლარი, ი.ვ–მა მას ჩაურიცხა ზ.თ–ძეზე გადასაცემად. მან ბანკში ჩარიცხული თანხა გამოიტანა და გადასცა თავის შვილს, ზ.თ–ძეს. შესაბამისად, თანხა მას სესხად არ მიუღია და არც მისი დაბრუნების ვალდებულება გააჩნია. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ი.ვ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 595 ლარის გადახდა.
13. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი წარადგინა ო.თ–ძემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. სააპელაციო საქმის წარმოების ეტაპი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით, ო.თ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
15. საკასაციო საქმის წარმოების ეტაპი
აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი ო.თ–ძის კერძო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, ო.თ–ძის სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
17. საკასაციო საჩივარი
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17.2. მართალია, ჯამურად 18 595 ლარი მოწინააღმდეგემ კასატორს დაურიცხა, მაგრამ თანხა განკუთვნილი იყო კასატორის შვილის - ზ.თ–ძისთვის და ეს თანხები სწორედ მან გამოიყენა. კასატორს ეს თანხა არ გამოუყენებია, ამიტომ არც დაბრუნების ვალდებულება არსებობს.
17.3. მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მხარეების შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. მოსარჩელემ მხოლოდ საბანკო გადარიცხვის დოკუმენტები წარადგინა, რომლის დანიშნულებაშიც არ იყო მითითება სესხზე. ასევე, მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით.
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
27. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნას წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არაფორმასავალდებულო გარიგებების მიმართ განამტკიცებს ხელშეკრულების მონაწილეთა მიერ ხელშეკრულების ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ, როდესაც კანონი გარიგებისთვის არ ითვალისწინებს წერილობით ფორმას, მხარეებს ამ გარიგებისთვის შეუძლიათ, შეათანხმონ ნებისმიერი ფორმა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე ახდენს პირდაპირ და უშუალო გავლენას.
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის შედავება მიმართულია სადავო ურთიერთობის სესხად მიჩნევის უარყოფისკენ. მისი მოსაზრებით, მხარეებს შორის არ ყოფილა სესხი, ამას არანაირი მტკიცებულება ადასტურებს. 18 595 ლარი მოსარჩელემ ჩაურიცხა ზ.თ–ძისთვის გადასაცემად, შესაბამისად, მან გამოიტანა ბანკიდან და გადასცა ზ.თ–ძეს, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან თანხა სესხად მიიღო. მოპასუხის მტკიცებით, მხარეებს შორის სხვა შეთანხმება არსებობდა და ის ამ თანხებს ზ.თ–ძეზე გადასაცემად საერთო ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რიცხავდა, რადგან ზ.თ–ძეს პრობლემები ჰქონდა ანგარიშზე თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
29. დადგენილია, რომ 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 2022 წლის 23 მარტამდე პერიოდში, ი.ვ–მა, სს „ს.ბ–ის“ საშუალებით, ო.თ–ძეს ჩაურიცხა 7 195 ლარი. 2022 წლის 11 იანვარს, ი.ვ–მა სს ს.ბ–ის საშუალებით, ო.თ–ძეს ჩაურიცხა 11400 ლარი.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, ის ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც კასატორი აპელირებს, რომ მხარეებს შორის სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობა იყო, ასევე ის, რომ აღნიშნული თანხა ზ.თ–ძისთვის გადასაცემად იყო ჩარიცხული, ვერ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ამავდროულად, დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო თანხების ო.თ–ძისთვის გადარიცხვის საფუძველი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს როგორც ტრანზაქციებს ისე მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის იმ საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციების მიერ დადგინდა, კერძოდ, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი. აღნიშნული კი შეესაბამება სსკ-ის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, რამდენადაც ის არ ითვალისწინებს ფორმასავალდებულოობას. მისი არსებობა დადასტურდა მტკიცებულებათა ერთობლიობით (თანხის გადარიცხვა, მომწმეთა ჩვენება). ამავდროულად, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა სადავო თანხების უკან დაბრუნების ფაქტი, რაც წარმოშობს კიდეც გამსესხებლისთვის თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გამოყენების სამართლებრივ საკითხებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ო.თ–ძეს (პ.ნ. ....... სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ლ.დ–ძის (პ.ნ. ........) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება: N663; გადახდის თარიღი: 03.11.2025) 930 ლარის 70% - 651 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი