Facebook Twitter

საქმე №ას-1507-2025 26 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „თ–ეს“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.ტ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით შპს „ლ.ტ“-სა და სს „თ“-ს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის მომსახურებასა და საქონელს. ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა სარეცხი საშუალებების მიწოდება და რეცხვის მომსახურება.

2. მოპასუხეს მიწოდებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება გადახდილი აქვს ნაწილობრივ - 87 517.44 ლარის ოდენობით. სარჩელის თანახმად, დარჩენილი დავალიანება 131 011,91 ლარს შეადგენდა.

3. მოპასუხემ სარჩელი ცნო 70 688.70 ლარის ნაწილში, ხოლო - 60 323.21 ლართან დაკავშირებით მიუთითა, რომ მიწოდებული პროდუქცია (სარეცხის ფხვნილი) იყო ნაკლოვანი, ხოლო რეცხვის მომსახურება - არაჯეროვანი (საჭირო ხდებოდა ე.წ. „რევოშები“ - განმეორებითი რეცხვა), რის შედეგადაც მოპასუხეს 60 323.21 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა. ამით იყო განპირობებული ის, რომ მოპასუხემ აღარ გადაიხადა შესრულების სადავო ღირებულება.

4. მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელის მხრიდან 48 974.96 ლარის ოდენობით შესრულების განხორციელების ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ შესრულება იყო ნაკლოვანი/არაჯეროვანი, რითაც მოპასუხეს 60 323.21 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა, რაც გაიქვითა შესრულების ღირებულებიდან.

5. სასარჩელო მოთხოვნა

შპს „ლ.ტ“-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სს „თ“-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 131 011,91 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

6. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ლ.ტ“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „თ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 119 663,66 ლარის გადახდა დაეკისრა.

8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

გადაწყვეტილება, 48 974.96 ლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლის წარმომადგენელმაც ამ ნაწილში მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

10.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10.2. კასატორი მიუთითებს, მყიდველს არ განუცხადებია პრეტენზია მიწოდებული ნივთის ნაკლის გამო, არ მიუცია დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწრებლად და იმთავითვე არ მოშალა ხელშეკრულება - ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არაერთხელ განუცხადა პრეტენზია მიწოდებული საქონლის და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით და მოუწოდა ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ. აღნიშნული კი სასამართლომ არ გაიზიარა. აღნიშნული გარემოებები დასტურდება შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ამიტომ სასამართლოს მითითება მტკიცების ტვირთის დაუკმაყოფილებლობაზე, არასწორია.

10.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა განჩინებაში მითითებული ნორმები, ასევე არასწორად განმარტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის სამართლებრივი ბუნება. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქნოდა უხარისხო და ნაკლიანი საქონლისა და მომსახურების მიწოდების გამო ფასის შემცირებას, რაც სასამართლოში არ განხილულა. კასატორის შედავება, რომ სახეზე იყო უხარისხო სარეცხი საშუალებების მიწოდება და არაჯეროვანი მომსახურება, ხოლო შედეგად ზიანი, მტკიცდება როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, თუმცა სასამართლოებმა აღნიშნული მტკიცებულებები არ გაიზიარეს.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. საქართველოს კანონმდებლობა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ანიჭებს უფლებას, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ, კერძოდ, სსკ-ის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. სსკ-ის 444-ე მუხლის თანახმად კი, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.

32. გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს (იხ. სუსგ საქმე №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი). მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა (იხ. სუსგ საქმე №ას-753-721-2016, 17 მაისი, 2019 წელი). ამასთან, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის, როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 442.2 მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას.

33. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს; 2) იგი უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე. გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე (იხ. სუსგ საქმე №ას-236-2023, 4 მაისი, 2023 წელი).

34. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა მსგავსი საპასუხო მოთხოვნების არსებობა. ამ მოთხოვნების საგანი უნდა იყოს მსგავსი, ხოლო შინაარსი იდენტური. როგორც წესი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა გამოიყენება ფულადი ვალდებულებების დროს ანდა, თუ ვალდებულების საგანს შეადგენენ გვარეობითი (გვაროვნული) ნივთები. უწინარეს ყოვლისა, აქ საუბარია შესრულების საგნის მსგავსებაზე, მაგრამ არა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართალი, ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 547-548). გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-236-2023, 4 მაისი, 2023 წელი).

35. მოცემული დავის ფარგლებში შედავებულია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საკითხი. კერძოდ, მოსარჩელე არ ადასტურებს თანხმობას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, რაც მოპასუხეს ავალდებულებს დაასაბუთოს, დაადასტუროს გასაქვითი მოთხოვნის არსებობის ფაქტი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის უხარისხობის გამო მიყენებულ ზიანზე 60 323,21 ლარის ოდენობით.

36. საკასაციო პალატა მიუთითებს 394-ე, 408-ე, 412-ე მუხლებს და აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ მოვალეს ნაკისრი ჰქონდა ის ვალდებულება, რომლის დარღვევასაც ედავება კრედიტორი, ასევე, სახეზე უნდა იყოს ვალდებულების დარღვევა, რამაც კრედიტორს ზიანი მიაყენა. შესაბამისად, მოსარჩელე იყო ვალდებული დაემტკიცებინა, როგორც მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა.

37. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული სახეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ანუ პასუხისმგებლობა გამოიხატება დამრღვევი მხარის ვალდებულებაში, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი ნატურით ან ფულადი სახით. იურიდიული პასუხისმგებლობა გამოიხატება სამართალდამრღვევისათვის განსაზღვრული უარყოფითი შედეგების დადგომით, კერძოდ – ქონებრივი ან პირადი უფლებების შეზღუდვით, რომლებიც ითვალისწინებენ ვალდებულების დამრღვევი პირისათვის იმის ზემოთ დამატებითი მოქმედების შესრულების დაკისრებას, რაც მას ვალდებულებით ევალებოდა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას.

38. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა როგორც მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების, ასევე ზიანის მიყენების ფაქტები, თუმცა, არასაკმარისი მტკიცების გამო, მისი შედავება ამ კუთხით ვერ დასტურდება.

39. ვერ დადასტურდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს უხარისხო სარეცხი ფხვნილი და უხარისხო მომსახურება მიწოდა, რის გამოც მოპასუხემ განიცადა ზიანი. შესაბამისად, სახეზე არაა სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის რომელიმე წინაპირობა (ხელშეკრულება, ვალდებულების შეუსრულებლობა/დარღვევა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი, დამდგარი ზიანი).

40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ კი მოპასუხის შედავება ზიანის ოდენობაზე ეფუძნებოდა იმას, რომ უხარისხო სარეცხი ფხვნილის გამო მას ხელმეორედ უწევდა რეცხვა, რაც ქმნიდა ზიანის მიყენების ფაქტს, მოპასუხეს უნდა წარედგინა ზიანისა და ვალდებულების დარღვევის შესაბამისი სახის მტკიცებულებები. მართალია, საქმეში წარმოდგენილია ცხრილები და ფოტოსურათები მონაცემების აღწერის მიზნით, მაგრამ მათი ობიექტურობა ცალმხრივობის გამო სასამართლოსთვის დამაჯერებელ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ასეთი ფაქტები უნდა დასტურდებოდეს მიკერძოების ვარაუდის გამორიცხვით შექმნილი მტკიცებულებებით. ასევე, ამ კუთხით საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შესაგებელზე თანდართული ფოტოსურათები არ წარმოადგენს სადავო საკითხთან მიმართებაში რელევანტურ მტკიცებულებებს, ვინაიდან მათ საფუძველზე შეუძლებელია იმ ფაქტის დადასტურება, რომ ეს თეთრეული უხარისხოდაა გარეცხილი (საერთოდაც გარეცხილია თუ არა). ამასთან, არ დგინდება, თუ სად არის ეს თეთრეული განლაგებული. რაც შეეხება ელექტრონულ მიმოწერას, მათ საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს მიუთითებს ხარვეზების არსებობაზე, თუმცა, მიმოწერის შინაარსით არ დგინდება ზიანის არსებობა და მისი ოდენობა.

27. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ–ესის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „თ–ესს“ (ს.კ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.კ–ას (პ.ნ. ............) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება N7714; გადახდის თარიღი: 22.12.2025) 2448.75 ლარის 70% - 1714.1 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი