საქმე №ას-1401-2025
19 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ა–ვმა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–იას (შემდგომში - „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“, „განმცხადებელი“) მიმართ, უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 70-ე-78-ე, 2591, 369-ე მუხლებით.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება მომზადდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით. ამიტომ, გადაწყვეტილების მომზადების შემდგომ მხარეების წარმომადგენლებს ფოსტით გაეგზავნათ დასაბუთებული გადაწყვეტილება და აპელანტის წარმომადგენელს ნ.ჩ–ას, კერძოდ, მის მეუღლეს თ.წ–ას ჩაბარდა 2025 წლის 20 ივნისს (იხ. უკუგზავნილი ს.ფ. 154). სააპელაციო საჩივრის წარმოდგენისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა 2024 წლის 4 ივლისს გავიდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2025 წლის 07 ივლისს, სამი დღის დაგვიანებით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რამდენადაც დარღვეულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
9. კერძო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს, თუმცა ჩაბარდა მის მეუღლეს, რომელიც დაავადებულია დემენციით, არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. წარმომადგენლისათვის უცნობი იყო გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი. გზავნილი პირადად არ ჩაბარებია არც მხარეს და არც მის წარმომადგენელს.
10. კერძო საჩივარს ერთვის ფორმა NIV-50/4, რომლის შესაბამისად, თ.წ–ას (პ/ნ ........) (კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მეუღლე) შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი არის ზომიერი. კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდულია გადაადგილების უნარი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ [სსსკ-ის 369.1 მუხლი]. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია [სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი].
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-873-2018, 31 იანვარი, 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე, ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. (იხ. სუსგ საქმე №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).
18. წინამდებარე დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მომზადდა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შესაბამისად, სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
20. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს გაეგზავნა 2025 წლის 18 ივნისს და ამავე წლის 20 ივნისს ჩაბარდა თ.წ–ას (პ/ნ ........), რომელიც კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის (იხ. მინდობილობა ს.ფ 109) მეუღლეა. შესაბამისად, სსსკ-ის 70-ე-74-ე მუხლების თანახმად უწყება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმის ფარგლებში, გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 21 ივნისს დაიწყო და 2025 წლის 4 ივლისს ამოიწურა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2025 წლის 7 ივლისს წარადგინა.
21. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მისი წარმომადგენლის მეუღლე დაავადებულია დემენციით და გზავნილის გვიან გადაცემა გახდა კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევის მიზეზი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული, არანაირი მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. კერძო საჩივარს ერთვის სამედიცინო ცნობები, რომელთა თანახმად, თ.წ–ას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი არის ზომიერი, ამასთან, ცნობის თანახმად, ამ უკანასკნელს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი. ინფორმაცია ადრესატის დემენციით დაავადებასთან დაკავშირებით საქმის მასალებით არ დასტურდება. ასეც, რომ არ იყოს საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისათვის ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისათვის კანონი ადგენს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურებულა (იხ. სუსგ საქმე Nას-396-380-2016, 3 ივნისი, 2016 წელი).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.გ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე