საქმე №ა-341-შ-9-2026
19 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ი–ვი
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ძ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს - იტალიის რესპუბლიკის, მილანის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის N4529/2025 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. იტალიის რესპუბლიკის, მილანის საქალაქო სასამართლოს N4529/2025 გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ქ.ი–ვსა და შ.ძ–ს შორის, რომლებმაც იქორწინეს თბილისში (საქართველო), რეგისტრირებული როს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრში 07.02.2020 წელს აქტის ნომერი 15, ნაწილი II, სერია C, 2020 წელი.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 27 იანვარს შუამდგომლობით მომართა ქ.ი–ვის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ იტალიის რესპუბლიკის, მილანის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის N4529/2025 გადაწყვეტილებით სხვა საკითხებთან ერთად მოხდა განქორწინება ქ.ი–ვსა და შ.ძ–ს შორის და მოითხოვა წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. იტალიის რესპუბლიკის, მილანის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის N4529/2025 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 4 ივნისს.
4. საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო ადვოკატის მეშვეობით. მხარეებმა პროცესზე განაცხადეს, რომ არ სურდათ შერიგება და მოითხოვეს განქორწინება.
5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. შუამდგომლობაზე თანდართული ქორწინების მოწმობის თანახმად, ქ.ი–ვი და შ.ძ–ი დაქორწინდნენ 2020 წლის 3 იანვარს, რეგისტრაციის ადგილია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, აქტის ჩანაწერი N01203000026.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს დავის საგანი, კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, ასევე, მოსარჩელის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები) [სსსკ-ის 187.2 მუხლის მე-2 წინადადება].
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის ქორწინების მოწმობის ასლი. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იტალიის რესპუბლიკის, მილანის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის წლის N4529/2025 გადაწყვეტილებაში მითითებული ქორწინების თარიღი, ადგილი და აქტის ნომერი არ ემთხვევა შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ ქორწინების მოწმობაში მითითებულ მონაცემებს. ამასთან, საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია შემდეგი: „...იქორწინეს თბილისში (საქართველო), რეგისტრირებული როს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრში“, რაც ასევე არ შეესაბამება ქორწინების მოწმობაში დაფიქსირებულ მონაცემებს. აღნიშნული შეუსაბამობა მიუთითებს, რომ საცნობი გადაწყვეტილება შეიცავს უზუსტობას ქორწინების მონაცემებთან მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია წარმოდგენილ შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
14. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ი–ვის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის, მილანის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის N4529/2025 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე