საქმე №ას-1283-2025
12 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შუახევის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდ.მეწარმე მ.ქ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემკვეთი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ. მეწარმე მ.ქ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მენარდე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2017 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №169 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“) ღირებულებით 26 202,15 ლარი. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღის ვადაში და დასრულებულიყო 2017 წლის 9 ნოემბერს;
6.2. საქმეში წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც შემკვეთმა მიიღო მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოები;
6.3. შემკვეთმა მენარდეს სრულად აუნაზღაურა სამუშაოების ღირებულება;
6.4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის 2019 წლის 25 დეკემბრის დასკვნის თანახმად, გადახდილი თანხიდან 14 896,2 ლარის ანაზღაურება ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე მოხდა;
6.5. მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულების საგანს მეწყერსაშიშ ზონაში საყრდენი კედლის მოწყობა წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 641-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომლის შესაბამისად, თუ მენარდემ შეასრულა ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შემკვეთის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელმა და სამუშაოთა მიმღებმა კომისიამ 2017 წლის 9 აგვისტოს N162 ხელშეკრულების საფუძველზე პირველმა ჩაიბარა, ხოლო მეორემ მიიღო ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ჩაბარებისას, არც დამკვეთს და არც ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განმახორციელებელ პირებს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. შემსრულებლის მიერ სამუშაოები შესრულდა სრულად და შუახევის მუნიციპალიტეტმაც სრულად მოახდინა ანგარიშსწორება, ხოლო აპელანტი (მოსარჩელე) ვერ ადასტურებს მის მიერ მითითებულ მთავარ სადავო გარემოებას, რომ მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები სრულად არ შეასრულა, კერძოდ, არ წარადგინა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც გახდებოდა მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
10. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
10.1. ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გამარტივებული წესით საყრდენი კედლის ასაშენებლად. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განსაზღვრული იყო 26 202,15 ლარით. მართალია, შემსრულებელმა სრულად შეასრულა სამუშაოები, მაგრამ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა მხოლოდ 11 306 ლარზე, 14 896,2 ლარზე კი არ წარუდგენია. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში, ანგარიშსწორების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები თანდართული ფორმა N2-ის მიხედვით, ამ უკანასკნელში კი ასახული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომელიც მოიცავს ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებსაც. ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვისას შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა (განჩინების 7.9 პუნქტი) იმის თაობაზე, თითქოს მერიამ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული მთავარი სადავო გარემოება. მერიამ სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული, შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის 2019 წლის 25 დეკემბრის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მ.ქ–ძის მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობას;
10.2. იმისათვის, რომ შუახევის მუნიციპალიტეტს წარმოშობოდა მ.ქ–ძისათვის თანხის გადახდის ვალდებულება, მ.ქ–ძეს სრულად უნდა შეესრულებინა როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ასევე, კანონისმიერი საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულება. ერთ-ერთის არარსებობა მუნიციპალიტეტის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას არ წარმოშობდა. დადგენილია, რომ მ.ქ–ძეს არ წარუდგენია 14 896,2 ლარის ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, აღნიშნული თანხა გადახდილია ვალდებულების გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი, 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (იხ. სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი). შესრულება უნდა მოხდეს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და დამოუკიდებელია იმ სიძნელეებისაგან, რომლებიც შეიძლება წარმოეშვას შემსრულებელ მხარეს. მხარე მოგების ნაცვლად კიდეც რომ აგებდეს ვალდებულების შესრულებით, მისი პირობები მაინც უნდა იქნეს დაცული (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, 2001, გვ. 399).
18. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 639-ე მუხლის შესაბამისად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. სსკ-ის 640-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ, ხოლო 641-ე მუხლის შესაბამისად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
19. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია შეეხება 14 896,2 ლარის ნაწილში ხარჯთაღრიცხვის წარუდგენლობის გამო გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც შემკვეთი მენარდისაგან მიიღებს შეტყობინებას მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შესახებ, მას შეუძლია, მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, თუ იგი თანახმაა, გადაიხადოს გაზრდილი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ მოისურვებს გაზრდილი ანაზღაურების გადახდას, მას შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო. მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. მყარი ხარჯთაღრიცხვა სახეზეა მაშინ, როდესაც ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის. მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-888-834-2012, 30 დეკემბერი, 2013 წელი).
21. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 2.1 პუნქტის თანახმად, მხარეები ზუსტად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ღირებულებაზე, კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში, გადასახდელი თანხა განისაზღვრა 26 202, 15 ლარით (იხ. ხელშეკრულებები, ს.ფ. 15). შესაბამისად, მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთს უნდა გადაეხადა მენარდისათვის შესრულებულ სამუშაოში, ამდენად ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა. ამას ადასტურებს ამავე ხელშეკრულებაზე დართული ლოკალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 19), რომელიც დეტალურად ასახავს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებას და რომლის თანახმად ამ სამუშაოების ჯამური ღირებულება 26 202,15 ლარია.
22. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრის ფარგლებში შედავებული არ არის, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეტიც, კასატორი თავად მიუთითებს, რომ შემსრულებელმა სრულად შეასრულა სამუშაოები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში ასევე წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც შემკვეთმა მიიღო მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოები. ამასთან, შემკვეთმა მენარდეს სრულად აუნაზღაურა სამუშაოების ღირებულება.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების 6.2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთჯერადი გადახდის გზით, მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (თუ გააჩნია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება) წარმოდგენის საფუძველზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტების, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია მხარეთა შორის შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებას, არამედ, შესრულებული სამუშაოს ღირებულება და ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება იდენტურია და იმ პირობებში, რომ მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად უთხრა მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე და არ არსებობს გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველი.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე