საქმე №ას-610-2025
10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ხ.ქ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.მ–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირადი (არაქონებრივი) უფლებების შემლახავი განცხადებების უარყოფა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
ხ.ქ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.მ–ვას და ს.ს–ას (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:
1. მოპასუხე ს.ს–ას დაევალოს, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, სოციალური მედიის საშუალებით („Facebook-ის“ ანგარიშზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100006699549176 და „Youtube-ს“ ანგარიშზე: https://m.youtube.com/user/beso3339/) გამოაქვეყნოს ცნობა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: მოპასუხე ს.ს–ას მიერ მოსარჩელე ხ.ქ–ვას მიმართ სოციალური მედიით გავრცელებული ცნობები:
1.1. ხ.ქ–ვა არის ბოროტმზრახველი, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) გამსხვისებელი, სახელმწიფო მოღალატე - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.2. ხ.ქ–ვას წვლილი მიუძღვის ქართველი ერის ღალატში, აფხაზეთის გასხვისებაში - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.3. ხ.ქ–ვა არის პოლიტყაჩაღი - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.4. ხ.ქ–ვა წარმოადგენს ქუჩისფსკერობას, მიწაზე ვერდატეულ ღალატით მოპარპაშეს, როგორც საკუთარ გვამში, ისე აფხაზეთის ა/რ-ის წესით დევნილ ხელისუფლებაში - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.5. ხ.ქ–ვა წარმოადგენს ქართული პარტოკრატიის ბოროტმოქმედებს, დედანში გაშინაარსებული მარადქართული მხარის სამკვიდროს სახალხო ნების საწინააღმდეგოდ ღვთივნბადაურთველი, ხარჭისნაშობური მედროვეების პირველ-მეორეზე პოლიტიკური გათვლით მოქმედ პირს - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.6. ხ.ქ–ვა არის პოლიტიკას ამოფარებული გაიძვერა - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.7. ხ.ქ–ვა არის სახელმწიფო მოღალატე, კრემლის აგენტი, ქვეყნისმგრეველი - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.8. ხ.ქ–ვა არის ქართველთა გენოციდის განმახორციელებელი, აფხაზეთში აგრესორ-სეპარატისთა თარეშისათვის ხელშემწყობი პირი - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.9. ხ.ქ–ვამ გარშემოიკრიბა ენგურ-ფსოუს გადასარბენზე მოსაქმიანე ყველა ოდიოზი, მოწესე, ქურდი, ყომარბაზი, ნარკომანი, კრიმინალები საერთოდ, რომლებიც ატერორებდნენ ნებისმიერს - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.10. ხ.ქ–ვას მოქმედებები საზოგადოებაში, განსაკუთრებით არაქართველ მოსახლეობაში საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მიზნები თარეშულ ძალისხმევად აღიქმებოდა - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.11. ხ.ქ–ვა ხელს უწყობს სამეგრელოზე ლაფის შეშხეფებას - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.12. ხ.ქ–ვამ ანაბარად დატოვა აფხაზეთის უმწეო მოსახლეობა, უკანმოუხედავად გამოიქცა თბილისში და ე. შ–ძის ხუნტასთან ერთად მათი საინფორმაციო საშუალებებით განაგრძო ცილისწამებები სამეგრელოზე - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.13. ხ.ქ–ვა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად ჩრდილო-დასავლეთ საქართველოდან (აფხაზეთიდან) დევნილ მოსახლეობას არ ღებულობდა - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.14. ხ.ქ–ვამ მოუწოდა მოსახლეობას: „თქვენც ხომ მეგრელები ხართ, დევნილებიც მეგრელები არიან, ერთი მაინც მიიღეთ, მეგრელების ნდობა არ შეიძლებაო“ - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.15. ხ.ქ–ვამ კოდორ-ჭუბერის ხეობაში ღირსების აყრა მოუნდომა გენოციდს გადარჩენილ მოსახლეობას, როცა მათ ანიარაღებდნენ და თან ძარცვავდნენ - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.16. ხ.ქ–ვა არის გარეწართა ჯგუფის წევრი, რომელიც ლაფს ესროდა ბებერ ეგრისს - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.17. ხ.ქ–ვა არის დეზერტირი - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.18. ხ.ქ–ვა თბილისში ე.შ–ძისგან იღებდა სახელმწიფოებრივ თანამდებობას იმის ჰონორარად, მშობლიურ მხარეს და ხალხსაც რომ უღალატა - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.19. ხ.ქ–ვა არის სულით ავადმყოფი - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.20. ხ.ქ–ვა ხელთმოგდებული თანამდებობებიდან სულში აფურთხებს, ანგრევს და ქუსლავს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, ეროვნულ ცნობიერებასა და თავიანთ სამხარეო სადაურობაზე ეროვნულ მეხსიერებას - არის არსებითად მცდარი ფაქტი და ცილისწამება;
1.21. ხ.ქ–ვა მომავალსაც იბევებს და ნომენკლატურულ მემკვიდრეებად ტოვებს, აწინაურებს მათსავით უვინაო, უმაქნის, უვიც, უსამშობლოო, მიწაზე ვერ დატეული ამბიციით მოთარეშე ვიღაცათა თვითობას კი არა მარტო, მთლიანად ლასკარსაც კი - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.22. ხ.ქ–ვა გახლავთ მტკიცებულება და თვალსაჩინოება იმისა, თუ როგორ გამოიყურება უგნური, პირუმტკიცე, ვერაგი, მედროვე - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.23. ხ.ქ–ვას ხელშეწყობით აფხაზეთის ა/რ-ის სახელისუფლებო თანამდებობებზე ფსიქიატრიულ კლინიკებში აღრიცხვაზე მყოფი გიჟები ინიშნებიან - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.24. ხ.ქ–ვა წარმოადგენს სულნაცდურთა, ხელბინძურთა, ზნედაცემულთა, პირველ რიგში კი ქვეყნის გამყიდველთა და ხალხის გადამჩეხი მედროვეების სახეს, რომ მისი საბოლოო მიწერილობა უმცდარი და მოუსყიდველი მატიანის სანაგვეა და რომ სიხარბემ, სულმოკლეობამ, პირუმტკიცობამ, უვინაობამ, მდაბიურობამ, და, უპირველეს ყოვლისა, ჯიშმა, სულიერმა უსუფთაობამ წაირეკა ის ჟამთაბერის ნაგავსაყრელისკენ - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
1.25. ხ.ქ–ვა დევნილი მოსახლეობის მისაფურთხებელ სამიზნედ იქცა, რომ მასთან არგამიჯვნა უტოლდება აყროლებას, ანდა ღვთისმშობლისწილხვედრილობაში მკვდრადშობილობას - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება.
2. ბ.მ–ვას დაევალოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ცნობების უარყოფა ინფორმაციის გავრცელების იმავე საშუალებითვე, კერძოდ, ბ.მ–ვამ თავის „Facebook“ ანგარიშზე: (https://www.facebook.com/profile.php?id=100006699549176) „Facebook-ის“ საჯარო პოსტის სახით, განათავსოს სასამართლო გადაწყვეტილებით ს.ს–ასთვის დაკისრებული უარყოფა სრულად, წერილობითი სახით, საჯარო აუდიენციისათვის ხელმისაწვდომად, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს მიმართვის გავრცელებისას გამოყენებული ფოტო; ასევე ბ.მ–ვას საკუთარ „Youtube“ ანგარიშზე (https://m.youtube.com/user/beso3339/) დაევალოს ს.ს–ას ხმოვანი ვიდეოფაილის უარყოფის ატვირთვა საჯარო აუდიენციისათვის ხელმისაწვდომად, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს მიმართვის გავრცელებისას გამოყენებული ფოტო.
3. ბ.მ–ვას დაევალოს საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ინფორმაციის უარყოფის გამოქვეყნების შემდეგ, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში: ა. არ წაშალოს სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული „Facebook“ პოსტი და „Youtube“ ვიდეო; ბ. უცვლელად დატოვოს უარმყოფელი პოსტი და ვიდეომიმართვა, არ შეზღუდოს „Facebook“ პოსტისა და „Youtube“ ვიდეოს მნახველ მსურველთა აუდიტორია და უწყვეტად უზრუნველყოს მათი საჯაროობა და წვდომა, როგორც ამ პლატფორმებზე რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ პირთათვის. გ. არ წაშალოს „Facebook-ზე“ დამეგობრებულ ადამიანთაგან, ხოლო „Youtube-ზე“ მიმდევართა რაოდენობიდან 30%-ზე მეტი.
4. ბ.მ–ვას დაევალოს სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გავრცელებული, უხამსი ინფორმაციის წაშლა, რომელიც გამოქვეყნდა მისსავე „Facebook-ზე“ 2021 წლის 13 აპრილს https://www.facebook.com/photo.php?fbid=3094316554134966&set=pb.100006699549176.- 2207520000..&type=3 და მისსავე „Youtube“ არხზე 2021 წლის 01 მაისს https://www.youtube.com/watch?v=bsMbXJs1bsw.
2. სარჩელის თანახმად, მოპასუხე ს.ს–ამ სოციალურ ქსელში გაავრცელა დამამცირებელი, არაზუსტი, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი მიმართვა მოსარჩელის მიმართ. კერძოდ, სოციალურ მედიაში, ბ.მ–ვას ,,YouTube”-ზე აიტვირთა ს.ს–ას მიმართვა, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის უფლებების შემლახავ ცნობებს. აღნიშნული ქმედება მოპასუხის მიერ განგრძობად ხასიათს ატარებს. მოსარჩელის დამამცირებელი საჯარო მიმართვა, სახელწოდებით ,,აფხაზეთის ა/რ-ის ე.წ. ხელისუფალთა ფსიქოლოგიური და ზნეობრივი შტრიხებისათვის სქემატურ მონახაზში. კიდევ ერთი ამოგმინვა, ანუ მორიგჯერ ცერცვის ამაოდ მიყრა უტიფარი წინგაუხედაობის კედელზე“, გავრცელდა 2021 წლის აპრილის თვიდან, კერძოდ, აღნიშნული მიმართვა გამოქვეყნდა: - 2021 წლის 13 აპრილს ბ.მ–ვას ,,Facebook”-ის კედელზე, პოსტის სახით (აიტვირთა მოპასუხე ს.ს–ს ფოტოსურათი, რომელსაც დაერთო სადავო წერილი); - 2021 წლის 01 მაისს ბ.მ–ვას ,,YouTube” არხზე, აუდიო მიმართვის სახით. ვიდეოს თან ერთვის ,,Facebook”-ზე პოსტის გამოქვეყნებისას ატვირთული ს.ს–ას იდენტური ფოტოსურათი; მიმართვა იწყება მოსარჩელის მიმართ გამოთქმული დამამცირებელი ეპითეტებითა და შეურაცხმყოფელი მიმართვით, მოპასუხე მას ბრალს დებს ბოროტმზრახველობაში, სახელმწიფო ღალატში, აფხაზეთის ოკუპაციის ხელშეწყობაში, ოკუპირებელი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელყოფასა და დამცირებაში, თვითმარქვია პოლიტიკოსობაში, ვითომ-და დემოკრატობაში, ცილს სწამებს, რომ მისი მიზანია სახელმწიფოს დასუსტება, წაგება და ქართველი ერის დამარცხება.
ს.ს–ას უხამსი მიმართვა გავრცელებულია ბ.მ–ვას ,,YouTube” (2021 წლის 1 მაისს) არხზე. ბ.მ–ვა სოციალური პლატფორმის გამოყენების კუთხით მაღალი აქტივობით გამოირჩევა. მის ,,YouTube”-ს არხს, რომელზეც სადავო მასალაა განთავსებული, 49 900 გამომწერი ჰყავს, ხოლო ანგარიშის შექმნიდან (2019 წ.) დღემდე, 29 277 501 მნახველი. სადავო ინფორმაცია „Facebook-ზეც“ დადებულია, როგორც ბ.მ–ვას მიერ გამოქვეყნებული პოსტი. მეტიც, პოსტს (ფოტოსურათს + ს.ს–ას წერილი) თან ახლავს სულ რვა კომენტარი, რვავე ბატონი ბ.მ–ვას მიერ გამოქვეყნებული და აბსოლუტურად ყველა მათგანი წარმოადგენს ს.ს–ას ვიდეომიმართვებს, რომლებიც ატვირთულია ისევ და ისევ ბ.მ–ვას „Youtube“ არხზე (დანართი 4: „Facebook“ კომენტარები). აქედან ორ, 38 და 40 წუთიან ვიდეომიმართვებში ბ.მ–ვა და ს.ს–ა გვერდიგვერდ და ერთობლივად ავრცელებენ დამატებითი სახის ამორალურ მიმართვებს, ერთ-ერთში კი ს.ს–ა პერსონალურად მადლობას უხდის ბ.მ–ვას. აღნიშნული „Facebook“ პოსტი გაზიარებულია 6-ჯერ, ხოლო მოწონებული აქვს 9 ადამიანს (პოსტის გაზიარებისა და მოწონების სქრინები). ცხადია, რომ ბ.მ–ვა სრულად ეთანხმება და შესაბამისად, მიზანმიმართულად ეწევა ს.ს–ას უხამსი მიმართვების გავრცელება-პროპაგანდას, რითაც იგი წარმოადგენს მოსარჩელის უფლების ხელმყოფს, პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის, ამორალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების გამო.
მოპასუხე მიმართვას იწყებს ნაცვალსახელებით, ხოლო, პირთა იდენტიფიცირებას თანდათან ახდენს. ცილისწამებლურ პოსტსა და ვიდეოში მიმართვა იწყება პირთა ჯგუფის მიმართ შეურაცხყოფით. ისინი მოხსენებულნი არიან, როგორც: ბოროტმზრახველები, ხროვა, აგვართული კლასტერი, თეროურელები, რომელთა მიზანია დამარცხდეს ქართველი ერი და წააგოს სახელმწიფომ, პოლიტიკას ამოფარებული გაიძვერათა შანტრაბა და ა.შ. პირთა დასახელებას ნელ-ნელა იწყებს მე-7 აბზაცში, თუმცა იგი არ არის ამომწურავი. მეტიც, ყველგან, სადაც მოპასუხე იწყებს სახელების ჩამონათვალს. მკაფიოდ ჩანს, რომ თითოეული ცილისწამება ეხება არა მხოლოდ დასახელებულ პირებს. არამედ ყველა იმ პირს, ვისაც დასახელებული ადამიანების ჯგუფის წევრად მიიჩნევს. უშუალოდ ხ.ქ–ვას სახელი ცილსწამებლურ პოსტსა და ,,YouTube” ვიდეოში მოხსენიებულია ოთხჯერ (იხ. აბზაცები: 38, 42, 61). ხ.ქ–ვას მოპასუხე უწოდებს პირდაპირი გაგებით სულით ავადმყოფს (აბზაცი 38), ასევე, ,,მარტო სულით ავადმყოფოს კი არა, ზნეობრივადაც სახიჩარს“ (აბზაცი 61). იმავე აბზაცებიდან ჩანს, რომ ხ.ქ–ვას ხროვის უპირობო წევრად მოიაზრებს.
სადავო პოსტი და ვიდეო მიმართვა მთლიანად ცილისწამებლურია. მოპასუხე უსაფუძვლოდ სდებს ბრალს მოსარჩელეს კრემლიდანურ აგენტურაში, ქვეყნისმგრეველობაში, უწოდებს საეთნოდივერსიო საამქროებში გამოჩარხულს ქართველი ერის საწინააღმდეგო მუდმივ ნაღმად (აბზაცი 15), ქვეყნის გამყიდველსა და ხალხის გადამჩეხს (აბზაცი 51). ბოლოს კი დასკვნის სახით მოცემულ სიტყვაშიც ხაზს უსვამს მოღალატეობასა და ქვეყნისმგრეველობას (აბზაცები 65, 66).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც იგი ასაბუთებს თავის სიმართლეს, კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა ნასამართლობის და ასევე, ჯანმრთელობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ნასამართლევ პირს. ასევე, დაძლეული აქვს მტკიცების ტვირთი სულით ავადმყოფობაზე. მოპასუხე ავრცელებს ვიდეოსა და პოსტს, რომლითაც ყოველგვარი დასაბუთების (უდანაშაულობის პრეზუმფციისა თუ სხვა სამართლებრივი წინაპირობების მითითების) გარეშე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს სხვადასხვა კანონდარღვევით ქმედებებს (ღალატს, დეზერტირობას და სხვა). ის, რომ გავრცელებული ფაქტები არსებითად მცდარია, დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სადავო პოსტის და განცხადების გავრცელებით, მოსარჩელეს შეელახა როგორც პატივი, ისე საქმიანი რეპუტაცია. კერძოდ, მოსარჩელის საქმიანი თვისებების, უნარის შესახებ საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებოდა მცდარი აზრი და ეს განპირობებული იყო სწორედ მოპასუხის ქმედებით. შედეგად, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის არაქონებრივი უფლებების შელახვის გამოვლინებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და დაუშვებელია სხვათა არაქონებრივ უფლებათა შელახვა ცილისწამების სახით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულება, განახორციელოს ქმედება, რომლითაც დაცული იქნება მოსარჩელის უფლებები (08.12.2022 წლის დაზუსტებული სარჩელი).
3. მოპასუხეების შესაგებელი
3.1 მოპასუხე ბ.მ–ვამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მითითებით, იგი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. მას არსად, სარჩელში მითითებულ პირებზე არ გამოუთქვამს საკუთარი აზრი და პოზიცია. მოპასუხემ იხელმძღვანელა რა კანონით ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“, ატვირთა სარჩელში მითითებული მასალები მის „Youtube“ არხზე. მოპასუხე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი ინტერნეტ გვერდი საქართველოში დიდი აქტივობით გამოირჩევა.
3.2. მოპასუხე ს.ს–ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მითითებით, ს.ს–ს არ აქვს არც ,,Facebook” და არც „Youtube“ ანგარიში. მოპასუხეს ამ ვებრესურსებზე არ განუთავსებია ინფორმაცია. დაუშვებელია ს.ს–ას მოეთხოვოს პასუხისმგებლობა სხვა პირის მოქმედების გამო. ვინაიდან, მოპასუხე უარყოფს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს, საპირისპიროს მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს, რადგან შეუძლებელია მოპასუხემ ამტკიცოს ის, რაც მას არ ჩაუდენია, ან რა ფაქტებსაც არ ჰქონია ადგილი.
მოპასუხის განმარტებით, წერილი ,,აფხაზეთის ა/რ-ის ე.წ. ხელისუფალთა ფსიქოლოგიური და ზნეობრივი შტრიხებისათვის სქემატურ მონახაზში. კიდევ ერთი ამოგმინვა, ანუ მორიგჯერ ცერცვის ამაოდ მიყრა უტიფარი წინგაუხედაობის კედელზე“ არ წარმოადგენს მოსარჩელის დამამცირებელ საჯარო მიმართვას. ამ წერილის ადრესატი არ არის მოსარჩელე და არც სხვაგვარად მიემართება სტატია მას. მოსარჩელის მიერ ამოკრებილია ცალკეული წინადადებები და ფრაზები მიმართვიდან და ცდილობს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას თითქოსდა ამ ამონარიდების ადრესატი არის თავად. ამონარიდები არ მიემართება მოსარჩელეს, შესაბამისად არ იდენტიფიცირდება, რომ მიმართვის ადრესატად გვევლინება მოსარჩელე. გარდა აღნიშნულისა, მიმართვა არის მოპასუხის შეფასებითი მსჯელობა ანუ მოპასუხის აზრი. აზრი კი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული, ს.ს–ას მიმართვის ტექსტიდან ამოკრეფილი ცალკეული ფრაზები არ მიემართება მოსარჩელეს. მოპასუხე ს.ს–ას არ გაუვრცელებია ისეთი განცხადება/მიმართვა, რომელიც რაიმე ფორმით ეხება ან ხელყოფს მოსარჩელე ხ.ქ–ვას ინტერესებს.
მოპასუხე ს.ს–ა 2002 წლის მარტიდან 2011 წლის 18 აპრილამდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აპარატში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. იგი პროფესიით პედაგოგია და რამდენიმე ათეული წელია ეწევა ჟურნალისტურ და სამწერლო საქმიანობას, არის 30-მდე გამოცემული წიგნის და ასევე არაერთი სტატიის ავტორი. მოპასუხის ინტერესის სფეროა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, კერძოდ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) გამოწვევები. 2011 წლის 28 აპრილს გაზეთ ,,განმათავისუფლებელში“ მოპასუხემ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შეიცავდა აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის ხელისუფალთა უმოქმედობის კრიტიკას, ამავე ნომერში მოპასუხის სტატიის მომიჯნავედ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წერილი გამოქვეყნდა. აღნიშნულ განყოფილებას, წერილის გამოქვეყნების დროისათვის ხელმძღვანელობდა ხ.ქ–ვა. აღნიშნული ბიოგრაფიული ცნობების მოწოდება მიზნად ისახავს სასამართლომ აღიქვას სიტუაციის სრული კონტექსტი. მოპასუხე, როგორც აქტიური მოქალაქე, პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს აფხაზეთის თემაზე, საპასუხო სტატიებს მისი მისამართით ავრცელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო პუბლიცისტური წერილი არ ეხება ხ.ქ–ვას პიროვნებას, არამედ აფხაზეთის დეოკუპაციის სტრატეგიის არარსებობას და სხვა კრიტიკულ საკითხებს.
მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ცილისწამებას, რამეთუ არ აკმაყოფილებს ცილისწამების ლეგალურ დეფინიციის პირობებს. ამასთან, გავრცელებულ მიმართვაში მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. მოპასუხის მიმართვა შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ყურადღების საგანს - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი ინფორმაციის დაცვის, მასში ჩარევის დაუშვებლობის სტანდარტი კი გაცილებით მაღალია. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის მითითებით, სარჩელი ხანდაზმულია. როგორც სარჩელზე თანდართული ე.წ. ,,ფეისბუქ სქრინებიდან“ ჩანს ,,სქრინები“ დათარიღებულია 2021 წლის 04 აგვისტოთი, ხოლო სარჩელი ხელმოწერილია 2022 წლის 21 იანვარს, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ხ.ქ–ვას სარჩელი მოპასუხეების ს.ს–ას და ბ.მ–ვას მიმართ არ დაკმაყოფილდა.
5. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ.ქ–ვამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებით ხ.ქ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
6.2. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ.ქ–ვა 2011 წლის 19 აპრილიდან 2019 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
6.2.2. მიმდინარე პერიოდისათვის ხ.ქ–ვა მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
6.2.3. ს.ს–ა 2002 წლის მარტის თვიდან 2011 წლის 18 აპრილამდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აპარატში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე (მთავარი სპეციალისტი, აპარატის უფროსის მოადგილე, აფხაზეთის დეოკუპაციის იდეოლოგიური უზრუნველყოფის განყოფილების გამგე, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე).
6.2.4. ს.ს–ა პროფესიით პედაგოგია. ამავდროულად, ეწევა ჟურნალისტურ და სამწერლო საქმიანობას.
6.2.5. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ე.გ–ას, ა.წ–ვას, თ.ხ–ას, რ.შ–ას, დ.გ–იას, ნ.მ–ის, თ.ლ–ძის, რ.ქ–ას და ე.ა–ვას სარჩელი, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით, მოპასუხე ს.ს–ას მიმართ, დაკმაყოფილდა.
6.2.6. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მიერ 2021 წლის 30 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
6.2.7. 2021 წლის 13 აპრილს ბ.მ–ვას „Facebook“-ის კედელზე პოსტის სახით აიტვირთა მოპასუხე ს.ს–ას ფოტოსურათი და სადავო წერილი (სათაურით ,,აფხაზეთის ა/რ-ის ე.წ. ხელისუფალთა ფსიქოლოგიური და ზნეობრივი შტრიხებისათვის სქემატურ მონახაზში. კიდევ ერთი ამოგმინვა, ანუ მორიგჯერ ცერცვის ამაოდ მიყრა უტიფარი წინგაუხედაობის კედელზე“) რომლის ავტორია ს.ს–ა.
6.2.8. 2021 წლის 01 მაისს ბ.მ–ვას ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვის სახით გახმოვანდა ს.ს–ას ავტორობით იგივე სადავო წერილი. ვიდეოს ერთვის ს.ს–ას ფოტოსურათი.
6.2.9. ს.ს–ას არ აქვს სოციალური ქსელის - ,,Facebook”-ის გვერდი და არც „Youtube“ არხის ანგარიში.
6.2.10. ს.ს–ა არ არის სადავო ,,Facebook“ პოსტის და ,,Youtube“ არხზე სადავო აუდიო მიმართვის გამავრცელებელი.
6.2.11. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით ხ.ქ–ვა არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.
6.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პალატის მხრიდან შესაფასებელია მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლითა და ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. პალატის შეფასების საგანია, მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის დისკრედიტაცია და მისთვის ზიანის მიყენება, ხოლო იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი), უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.
6.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალურ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიციას, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. მითითებული ნორმის მიხედვით, „აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ...
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ N ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.). „აზრისა“ და „ფაქტის“ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, N ას-179-172- 2012, 01.10.2014 წ.).
6.6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.
6.7. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ამდენად, მითითებული დანაწესის შესაბამისად მნიშვნელოვანია სადავო საკითხთან მიმართებით მოხმობილი იქნეს ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რათა შესაძლებელი გახდეს ეროვნული თუ საერთაშორის კანონმდებლობით საკითხის რეგულირების მიზნების სწორი განმარტება.
6.8. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. მითითებული ნორმის მე-5 პუნქტი კი შეიცავს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის ლეგალურ საფუძვლებს, კერძოდ კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ ,,კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით [ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად... ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად].
6.9. პალატამ განმარტა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
6.10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხე მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობას და აფასებს მათ ცილისწამებად. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, უნდა დადგენიდეს, გავრცელებული განცხადებები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“, შეფასებითი მსჯელობის ნაწილს.
6.11. სასამართლომ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
6.12. სააპელაციო სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნების გათვალისწინებით, ყურადღება გაამახვილა სოციალურ ქსელში (,,Facebook“-ის გვერდზე) განთავსებულ სადავო წერილზე, ასევე ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვით გავრცელებულ იგივე შინაარსის ტექსტზე და მიუთითა, რომ როგორც სადავო წერილში, ასევე ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვით გავრცელებულ იგივე შინაარსის ტექსტში, მოსარჩელე ხ.ქ–ვას სახელი და გვარი მოხსენებულია მხოლოდ რამდენიმე ადგილას, კერძოდ: - (1) ,,ამასთან, ერთად მომავალსაც იბევებენ და ნომენკლატურულ მემკვიდრეებად ტოვებენ, აწინაურებენ მათსავით უვინაო, უმაქნის, უვიც, უსამშობლოო, მიწაზე ვერ დატეული ამბიციით მოთარეშე ვიღაცათა თვითობას კი არა მარტო, მთლიანად ლასკარსაც კი (მაგალითად, სულით ავადმყოფი (პირდაპირი გაგებით) ხ.ქ–ვას ჭერქვეშეთის წევრები და მისთანები)..“; - (2) ,,ასე მაგალითად, ხ.ქ–ვას ამაყად, ხმამაღლა და ნიშნისმოგებით აქვს ნათქვამი, - ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და კონსტანტინე გამსახურდია თუ არ ვიცი, ბიჭოს, ვერ გავხდი ისტორიის დოქტორიო!.. მართალია, მის ჩემთან დამსენ ქალბატონს, მიუხედავად იმისა, რომ ზნეობრივად წუნკალია, მაინც ვერ დავასახელებ, მაგრამ მან თვითონ, ბატონმა ხ–მ შვილი დაიფიცოს, რომ არ უთქვამს ეს“; - (3) ,,...მოდგმა კი არ იმემკვიდრეთ, არამედ, მარტო სულავადმყოფი კი არა, - ზნეობრივადაც სახიჩარ ხ.ქ–ვას ნომენკლატურულ ჭერქვეშეთის ერთბაშად საძოვრად ტოვებთ დიდი ბაგრატ მესამის გაშინაარსებულ სამკვიდროს და შორობუმუს ჩვენსას...“ მითითებული ტექსტიდან (სადაც ავტორს სახელდებით ჰყავს დასახელებული ხ.ქ–ვა) სასარჩელო მოთხოვნა მიემართება მხოლოდ ერთ ფრაზას, კერძოდ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და ცილისწამებლურ ინფორმაციად აღიარდეს სადავო გამონათქვამი - ,,ხ.ქ–ვა არის სულით ავადმყოფი“ (სასარჩელო მოთხოვნის 1.19 პუნქტი -,,Facebook“-ის გვერდზე სადავო წერილის აბზაცი 38, ხოლო ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვაში 00:21:02 წუთი). რაც შეეხება დანარჩენ ფრაზებს, რომელიც მოცემულია სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენ პუნქტებში (სულ 1.25 პუნქტი), სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის 6.3 მუხლზე, რომლის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
6.13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, იმის შესახებ, რომ დანარჩენ მოთხოვნებთან მიმართებით, არც ერთ სადავო ფრაზაში, ტექსტიდან გამომდინარე არ ხდება მოსარჩელე ხ.ქ–ვას ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება.
6.14. აპელანტის მითითებაზე, რომ საერთო კონტექსტში, ჩამონათვალში ან ნაცვალსახელებით მოხსენებულ პირთა წრეში იგიც მოიაზრება, პალატამ აღნიშნა, რომ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, რომ სხვა ფრაზები მიემართება უშუალოდ მოსარჩელე მხარის მიმართ და პირადად მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას აყენებს ზიანს, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით არ ხდება მოსარჩელის იდენტიფიცირება და უტყუარად არ დასტურდება, რომ სადავო განცხადებების ადრესატი მოსარჩელეა, გავრცელებული განცხადებები, სადაც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული, არ შეიძლება შეფასდეს მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობის გავრცელებად.
6.15. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გამონათქვამებში, რომელთა გავრცელებულ ცილისწამებლურ ცნობებად აღიარებასაც ითხოვს იგი, არ ხდება მოსარჩელის იდენტიფიცირება, არ არის უშუალოდ მოსარჩელე მოხსენებული ამ ფრაზებში, ხოლო საერთო კონტექსტიდან ან ტექსტის ზოგადი შინაარსიდან კი, არ შეიძლება დადგინდეს მოპასუხე მხარის კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა.
6.16. რაც შეეხება 1.19 პუნქტით სადავოდ გამხდარ გამონათქვამს - ,,სულით ავადმყოფს’’, რომელიც ცალსახად მიემართება ხ.ქ–ვას, პალატამ აღნიშნული გამონაქვამი შეაფასა გავრცელებული ინფორმაციის საერთო კონტექსტში. მისი მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენს სადავო გამონათქვამის კვალიფიკაცია. უნდა შეფასდეს, გამონათქვამი წარმოადგენს აბსოლიტური პრივილეგიით დაცულ აზრს, თუ გამონათქვამი წარმოადგენს ცილისწამებას და შეიცავს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ მონაცემს/ბრალდებას.
6.17. პალატამ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება. აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. აზრი არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია.
6.18. სააპელაციო პალატის მითითებით, ცილისწამების საკანონმდებლო რეგულირებას შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.
6.19. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
6.20. პალატამ მიუთითა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე, რომლის თანახმად, კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს (1-ლი პუნქტი). კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ (მე-2 პუნქტი). სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ (მე-6 პუნქტი).
6.21. სასამართლომ შეაფასა მოპასუხე მხარის მიერ გავრცელებული სადავო განცხადება, გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს კერძო პირს, რომელიც ვალდებულია ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, კერძოდ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
6.22. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოცემული დავის ფარგლებში უდავოდ დადგენილ გარემოებაზე, რომ სოციალური მედიის საშუალებით, სადავო განცხადებების გამავრცელებელი არის მოპასუხე ბ.მ–ვა, ხოლო გავრცელებული სადავო წერილის და აუდიო მიმართვაში გახმოვანებული იმავე შინაარსის ტექსტის ავტორია მოპასუხე ს.ს–ა. ამასთან, ამ უკანასკნელს არ აქვს სოციალური ქსელის - ,,Facebook”-ის გვერდი და არც „Youtube“ არხის ანგარიში. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ შეფასების საკითხი იყო მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში სადავოდ გამხდარი განცხადება თავსდებოდა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში და ხომ არ არსებობდა ამგვარი გამოხატვის შეზღუდვის კანონით დაცული საფუძველი.
6.23. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, სადავო გამონათქვამი - ,,ხ.ქ–ვა არის სულით ავადმყოფი (პირდაპირი გაგებით)“ წერილის შინაარსის და საერთო კონტექსტიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ცილისწამებას. იგი არის ავტორისეული შეფასება და სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული მოვლენებიდან გამომდინარე. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (2007 წლის მდგომარეობით), სადაც მოსარჩელის დიაგნოზის გრაფაში მითითებულია - ნევროლოგიურად ჯანმრთელი, არ წარმოადგენს მოპასუხე ს.ს–ას მიერ დაწერილი ფრაზის საპირისპირო მტკიცებულებას სპეციალური კანონის მე-13 მუხლიდან გამომდინარე მტკიცების მიზნებისათვის. აღნიშნული ფრაზა წარმოადგენს არა პირის ფიზიკური ჯანმრთელობის ამსახველ მდგომარეობას, არამედ, სადავო ტექსტში ავტორის მოსაზრებებიდან და კონკრეტული სფეროს მიმართ პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მის შეფასებით მსჯელობას, რაც საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი ტონის გათვალისწინებით, გარკვეულწილად შეურაცხმყოფელია, თუმცა არა გადაჭარბებული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წერილში და აუდიო მიმართვაში გაჟღერებული სადავო გამონათქვამი, არ შეიძლება შეფასდეს ცილისწამებად და საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებიდან გამომდინარე, იგი მიჩნეული უნდა იქნეს ავტორის შეფასებად, კონკრეტული პირის მიმართ.
6.24. ამდენად, პალატის შეფასებით, მოპასუხე ბ.მ–ვას ,,Facebook“-ის გვერდზე და მისსავე „Youtube’’-ს ანგარიშზე გავრცელებულ სადავო წერილში და აუდიო მიმართვაში გაჟღერებული იგივე შინაარსის ტექსტში გადმოცემულია ავტორის ს.ს–ას შეფასება, მისი სუბიექტური შეხედულება, რის გამოც სადავო გამონათქვამი არ უნდა იქნეს მიჩნეული ცილისწამებად. ხოლო დანარჩენი ფრაზების მიმართ, ვინაიდან სადავო განცხადებების ადრესატი არ არის მოსარჩელე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლოა და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
6.25. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად არ ცნობის ნაწილში. პალატამ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დაწესებულ ხანდაზმულობის სპეციალურ ვადაზე. კერძოდ, კანონი ცილისწამების შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადად განსაზღვრავს 100 დღეს, მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას. აღნიშნული ნორმატიული დათქმა სარჩელის წარდგენის ვადის ათვლის წერტილს იმპერატიულად არ უკავშირებს სადავო განცხადებების გავრცელების დღეს.
6.26. სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით - (DVD დისკი, ,,Facebook“ გვერდის პოსტი) დასტურდება, რომ მოპასუხე ბ.მ–ვამ 2021 წლის 13 აპრილს მოპასუხე ს.ს–ას ფოტოსურათთან ერთად განათავსა სადავო წერილი თავის პირად სოციალურ გვერდ ,,Facebook“ კედელზე, პოსტის სახით, ხოლო 2021 წლის 01 მაისს ბ.მ–ვას ,,Youtube” ანგარიშზე განათავსა სადავო აუდიო მიმართვა ს.ს–ას იდენტური ფოტოსურათით. აღნიშნულ სადავო წერილთან დაკავშირებით, მოსარჩელე ხ.ქ–ვამ სხვა პირებთან ერთად სასამართლოში პირველად სარჩელი წარადგინა 2021 წლის 06 აგვისტოს, რომელიც არ იქნა განსახილველად მიღებული. ხოლო წინამდებარე სარჩელით, მოპასუხეების ს.ს–ას და ბ.მ–ვას მიმართ, ხ.ქ–ვამ სასამართლოს მიმართა 2022 წლის 31 იანვარს.
6.27. სამოქალაქო კოდექსის 140.2 მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
6.28. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რომ დიფამაციურ სარჩელზე კანონით გათვალისწინებული 100 დღიანი ვადა უნდა აითვალოს იმ პერიოდიდან, რა დროსაც, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოსარჩელემ სავარაუდოდ შეიტყო სადავო წერილის გავრცელების თაობაზე, კერძოდ 04.08.2021 წლიდან (,,Facebook“-ის გვერდიდან ამონარიდის თარიღი), შესაბამისად თავდაპირველი სარჩელის აღძვრის თარიღის გათვალისწინებით, მოსარჩელის მხრიდან დაცულია სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
7. ხ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ხ.ქ–ვამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სიტყვები: ,,პირდაპირი გაგებით სულით ავადმყოფი’’ არის მხოლოდ მოსაზრება და არ გააჩნია მას მტკიცებითი ხასიათი. წინამამდებარე საქმეში ვხვდებით შემთხვევას, როდესაც ერთის მხრივ წერილობით და მეორეს მხრივ ვერბალურად, საუბარია პირდაპირი გაგებით სულით ავადმყოფობის სახით ცილის დაწამებაზე. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაში ვხვდებით მოცემულობას, რომ თითქოს აღნიშნული სიტყვები წარმოადგენს მხოლოდ მოსაზრებას და რომ ამ სიტყვების საწინააღმდეგო შინაარსის დამტკიცება ხ.ქ–ვას მიერ არ მოხდა. რა შეიძლება წარადგინოს ადამიანმა მტკიცებულებად იმის გამოსარიცხად, რომ იგი არ არის სულით ავადმყოფი. კასატორი რომ სულით ავადმყოფი არ არის, დასტურდება რამდენიმე გარემოებით და ყველა ეს გარემოება მოსარჩელის მხრიდან გაქარწყლებულია.
7.3. სასამართლოს მსჯელობით, ხ.ქ–ვა წარმოადგენს კერძო პირს. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი. მიუხედავად ამისა, სასამართლო ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპულ საქმეს - ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ, რომელიც არა კერძო, არამედ საჯარო პირის არაქონებრივი უფლებების დაცვის საკითხს განსაზღვრავს.
7.4. კასატორი უთითებს, რომ პირდაპირი გაგებით სულით ავადმყოფი - დადასტურებადი გარემოებაა, რომელსაც აქარწყლებს ხ.ქ–ვა წარმოდგენილი მტკიცებულებებით და რომლის მოსაზრებად მიჩნევაც დაუშვებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამი: ,,ხ.ქ–ვა არის სულით ავადმყოფი (პირდაპიდი გაგებით)’’ წარმოადგენს შეფასებას საერთო კონტექსტის გათვალისწინებით. ეს კი მაშინ, როდესაც საერთო კონტექსის დროს ვერ იქნება დაკონკრეტებული პირი, მითუმეტეს მისი არაპროფესიული აქტივობის ჭრილში. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ქვაკუთხედია ნების გონივრული განსჯის შედეგად დადგენა და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ,,სულით ავადმყოფი’’ სწორედაც რომ ფსიქიკური დარღვევების მქონე პირს ნიშნავს. როგორც სამედიცინო, ისე საკანონამდებლო ენაზე და შეუძლებელია სიტყვათა ამ წყობაში სხვა რამე იგულისხმებოდეს.
7.5. კასატორი განმარტავს, რომ როგორც მედიცინის წარმომადგენლების მიერ, ისე ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებსა და ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი „სულით ავადმყოფი“ გაიგივებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პირთან.
7.6. ხ.ქ–ვამ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც მან თავისი მტკიცების ტვირთი დაძლია სულით ავადმყოფობასთან მიმართებით. მტკიცებულებით მოთხოვნა გარემოებაზე, რომელზეც ფიზიკურადაა შესაძლებლობას მოკლებული მხარე რომ წარმოადგინოს, დაუშვებელია. მითუმეტეს ტერმინი ,,გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი’’ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი განმარტების საგანია.
7.7. ხ.ქ–ვა წარმოადგენს კერძო პირს. მისი საკითხი განხილული უნდა იქნეს თმენის ვალდებულებასთან ერთობლიობაში, რა დროსაც შეიძლება რომ საჯარო პირს თმენის ვალდებულების მაღალი სტანდარტი გააჩნდეს კერძო პირისგან განსხვავებით, თუმცა კერძო პირზე ანალოგიური შინაარსის გავრცელება დაუშვებელია. შესაბამისად, თუ პოსტი უფლებადამრღვევია, ხოლო მასში ასახული ფაქტის არსებითად მცდარობა დასტურდება, ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა.
7.8. შეურაცხყოფასთან/უხამსობასთან დაკავშირებით, კასატორმა განმარტა, რომ ეს არის განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.
7.9. გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას, კასატორმა ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად საერთაშორისო დოკუმენტზე: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საერთაშორისო კონვეცია „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.“ ადამიანის უფლებათა კონვეციის მე–10 მუხლის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის აღიარებულია, თუმცა ეს უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას.
7.10. კასატორის მოსაზრებით, ალოგიკურია მსჯელობა, რომელიც აპელანტის იდენტიფიცირების შეუძლებლობას ეხება. ს.ს–ა მიმართვას იწყებს ნაცვალსახელებით, ხოლო პირთა იდენტიფიცირებას თანდათან ახდენს. პოსტის/ვიდეოს დასაწყისში ვკითხულობთ/ვისმენთ: „ქვემოთჩამოთვლილი ბოროტმზრახველების ფეხაწყობათა საძაგლურ შედეგებში გასაგნებებისა. იგი არც მათი ჩამოსახრჩობი განაჩენისკენ წამდრეკი მხილებაა, ამიტომ ამჯერად, ამ მძიმე მარხვაში მოვერიდები მათი ვინაობა-რაობის სანაგვურ დასაწყობებას და ჩემს სამარტოო ყებურთან, ასე ღალატით დახოცილების დღეს თვალვერშევლებულ ძვალსალაგთა გახსენებისა და მათზე ლოცვის გასწვრივ, სახალხო ცრემლდენას წკონდად შევეუხვები“. ამის შემდეგ კი უთითებს პირებს, სადაც ასევე ხ.ქ–ვას სახელი და გვარია მითითებული.
7.11. ცილისმწამებლურ პოსტსა და ვიდეოში მიმართვა იწყება პირთა ჯგუფის მიმართ შეურაცხყოფით. ისინი მოხსენებულნი არიან, როგორც: ბოროტმზრახველები, ხროვა, აგვართული კლასტერი, თეროღურელები, რომელთა მიზანია დამარცხდეს ქართველი ერი და წააგოს სახელმწიფომ, პოლიტიკას ამოფარებული გაიძვერათა შანტრაბა და ა.შ. პირთა ჯგუფი/რაოდენობრივი მოცემულობა უნდა გათანაბრდეს არა პირთა განსაზღვრულ წრესთან, არამედ უშუალოდ კონკრეტულ პირებთან, ვინაიდან მათი იდენტიფიცირება ხდება მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით. პირთა დასახელება ნელ-ნელა იწყება მე-7 აბზაცში, თუმცა იგი არ არის ამომწურავი. მეტიც, ყველგან, სადაც მოპასუხე იწყებს სახელების ჩამონათვალს, მკაფიოდ ჩანს, რომ თითოეული ცილისწამება ეხება არა მხოლოდ იქვე დასახელებულ პირებს, არამედ ყველა იმ პირს, ვინც დასახელებული ადამიანების ჯგუფის წევრად მიიჩნევს. ასე მაგალითად, სახელებისა და გვარების შემთხვევაში, აუცილებლად გვხვდება სიტყვათა წყობა: „და ასე შემდეგ“; „აფხაზეთის „ქართული“ პარტოკრატია“ და სხვა. უშუალოდ ხ.ქ–ვას სახელი ცილისმწამებლურ პოსტსა და იუთუბ ვიდეოში მოხსენებულია ოთხჯერ (იხ. აბზაცები: 38; 42; 61). ხ.ქ–ვას მოპასუხე უწოდებს „პირდაპირი გაგებით სულით ავადმყოფს“ (აბზაცი 38), ასევე, „მარტო სულავადმყოფს კი არა, ზნეობრივადაც სახიჩარს“ (აბზაცი 61). იმავე აბზაცებიდან ჩანს, რომ ხ.ქ–ვას ხროვის უპირობო წევრად მოიაზრებს, ხროვას კი ხუნტად და ე.შ–ძის მომხრეებად თვლის (აბზაცები: 32, 35-37).
7.12. აბზაცი 38 (ვიდეოში იგი გვხვდება 00:21:02 წუთზე): „რადგან ამ საკითხზე, მიუხედავად არაერთხელ გამოხატული საყოველთაო-სახალხო გულისწყრომისა, მაინც ვერ დადგა სათანადო პოლიტიკური თუ სამართლებრივი შედეგი, თან კიდევ ეს ხროვა ხელთმოგდებული თანამდებობებიდან სულში აფურთხებს, ანგრევს და ქუსლავს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, ეროვნულ ცნობიერებასა და თავიანთ სამხარეო სადაურობაზე ეროვნულ მეხსიერებას, ამასთან ერთად მომავალსაც იბევებენ და ნომენკლატურულ მემკვიდრეებად ტოვებენ, აწინაურებენ მათსავით უვინაო, უმაქნის, უვიც, უსამშობლოო, მიწაზე ვერ დატეული ამბიციით მოთარეშე ვიღაცათა თვითობას კი არა მარტო, მთლიანად ლასკარსაც კი (მაგალითად, სულით ავადმყოფი (პირდაპირი გაგებით) ხ.ქ–ვას ჭერქვეშეთის წევრები და მისთანები),...’’
7.13. აბზაცი 42 (ვიდეოში იგი გვხვდება 00:23:30 წუთზე): უშუალოდაა მოხსენებული ხ.ქ–ვა. იქვე კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „აგვართებსა“, „კლასტერებში“ და სხვა დასახელებებში ხ.ქ–ვას ეჭვგარეშედ მოიაზრებს:
7.14. აბზაცი 45: „მათი ინტელექტუალური არაკომპეტენტურობისა და მორალური სიდუხჭირის შედეგია ის, რომ აფხაზეთის ა/რ-ის სახელისუფლებო თანამდებობებზე (რამდენჯერ გითხარით ეს!) ფსიქიატრიულ კლინიკებში აღრიცხვაზე მყოფი გიჟებიც კი ინიშნებიან, თუ კი ეს უბედური მათი აგვართადან (კლასტერიდან) გახლავთ.“
7.15. აბზაცი 61 (ვიდეოში იგი გვხვდება 00:30:08 წუთზე): ,,აქედან გამომდინარეა, რომ ცნობიერ შთამომავლობად ხ.შ–ძის, გ.შ–ძის, დ.ჩ–ას, ი.გ–ას, ა.ხ–იას, ა.ჰ–ის, ი.ა–ასა და ა. შ. მოდგმა კი არ იმემკვიდრეთ, არამედ, მარტო სულავადმყოფი კი არა, - ზნეობრივადაც სახიჩარ ხ.ქ–ვას ნომენკლატურული ჭერქვეშეთის ერთბაშად საძოვრად ტოვებთ დიდი ბაგრატ მესამის გაშინაარსებულ სამკვიდროს და შურობუმუს ჩვენსას...’’
7.16. კასატორის მოსაზრებით, მოყვანილი მაგალითები ცალსახად ადასტურებს გარემოებას, რომ ხ.ქ–ვა იდენტიფიცირებადია არა მხოლოდ ერთ მომენტში (სადაც მას ს.ს–ა „სულით ავადმყოფს“ უწოდებს), არამედ სხვა სადავო წინადადებებშიც.
7.17. აზრისა და ფაქტის გამიჯვნასთან მიმართებით, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განმარტებით, რადგან სამედიცინო ტერმინს არ წარმოადგენს „სულით ავადმყოფი“, არ ექცევა ცილისწამების არსში და იგი გასამიჯნია პირის მოსაზრებისგან. მეტიც, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული სიტყვები არა ფაქტი, არამედ პირის აზრია. კასატორი არ ეთანხმება ამგვარ მიდგომას და მიიჩნევს, რომ ს.ს–ა განცხადებას ფაქტის სახით ავრცელებს, რომელიც მცდარია. გარდა იმისა, რომ უკვე ათეულობით წელია მოპასუხე დაჟინებით ცდილობს შელახოს მოსარჩელის სახელი, უშუალოდ გავრცელებულ ინფორმაციაშივე, მტკიცებითი ფორმით საუბრობს მოსარჩელეზე ფრაზებით: „აი, ასეთია სიცხადე“; „მათი ინტელექტუალური არაკომპეტენტურობისა და მორალური სიდუხჭირის შედეგია ის, რომ აფხაზეთის ა/რ-ის სახელისუფლებო თანამდებობებზე (რამდენჯერ გითხარით ეს!) ფსიქიატრიულ კლინიკებში აღრიცხვაზე მყოფი გიჟებიც ინიშნებიან“; „სულით ავადმყოფი (პირდაპირი გაგებით) ხ.ქ–ვა“.
7.18. კასატორის მითითებით, მოპასუხის ქმედება არ წარმოადგენს აზრს და მით უმეტეს, იგი არაა დაცული აბსოლუტური პრივილეგიით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის Nას-1278-1298-2011 გადაწყვეტილებით განსაზღვრულია, რომ ფაქტი აზრის საფუძველია, თუმცა, აზრი ვერ გახდება ფაქტის საფუძველი. ეს კი ნიშნავს, რომ პირის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით ან/და არ მოიპოვება ასეთი მტკიცებულებები რეალური შეუძლებლობის გათვალისწინებით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია და შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
8. მოცემულ საქმეზე ს.ს–ამ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, სადაც უთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და არ ექვემდებარება გაუქმებას. მოპასუხე ს.ს–ას არ გაუვრცელებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეეხება მოსარჩელეს. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ის ამონარიდები, რომელიც მოყვანილი აქვს სარჩელში მას მიემართება. დაუშვებელია ს.ს–ას დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ან/და მოეთხოვოს ინფორმაციის უარყოფა ისეთი მოქმედებისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. სიტყვისა თავისუფლების შეზღუდვისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. მოსარჩელემ, როგორც შეზღუდვის ინიციატორმა, უნდა დაამტკიცოს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მას შეეხება. სადავო ინფორმაცია არ წარმოადგენს ცილისწამებას, რადგან არ აკმაყოფილებს ცილისწამების ლეგალური დეფინიციის პირობებს. მოპასუხის მიმართვა შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ყურადღების საგანს - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთის ინფორმაციის დაცვის, მასში ჩარევის დაშვებლობის სტანდარტი კი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სახის ინფორმაციის.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის, მისი თავისუფალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად (იხ. სუსგ-ები: N ას-348-2020, 31.10.2022; N ას-989-2019, 28.06.2022წ; N ას-1016-2021, 25.05.2022წ;).
13. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებულ მიშვნელობას ანიჭებს, მის შესაზღუდად შეფასების მაღალ სტანდარტებს იყენებს და ამის გასამართლებლად წონად დასაბუთებას მოითხოვს. შესაბამისად, ამ უფლების სხვა ღირებულებებთან დაპირისპირების დროს, „სამართლიანი ბალანსის“ განსაზღვრისას, ეროვნულ სახელმწიფოთა შეფასების თავისუფლების არეალი ძალიან ფართო არასდროს არის, თუმცა განსხვავებულია სხვადასხვა საზოგადოებრივ მიზნებთან მიმართებით (გოცირიძე ევა, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის მიხედვით, თბილისი, 2008, გვ.128).
15. გამოხატვის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, მეტიც, იგი დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N 1/1/468 გადაწვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II თავი,პარ. 30) და დიდი ხანია დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნდამენტურ ელემენტს მიეკუთვნება (იხ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის /IDFI/ გზამკვლევი-გამოხატვის თავისუფლება v პატივისა და ღირსების დაცვა; 2018; გვ.4) „გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები- გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II თავი, პარ. 6). „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე“საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ , II თავი, პარ. 13.).
16. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007 V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015).
17. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას, ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას.
18. სპეციალური კანონის მე-13 მუხლი კრძალავს ნებისმიერი [კერძო და საჯარო, ფიზიკური და იურიდიული] პირის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადების გავრცელებას. ცილისწამებისათვის (რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“), გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით).
19. რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10, § 62, 16 February 2016).
20. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებლი ყველა წინაპირობა, კერძოდ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს საქმიან რეპუტაციას (იხ. სუსგ საქმე №ას-328-2020, 25 ივნისი, 2021 წელი).
21. სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს შემდეგ ქცევის წესს: პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
22. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე მოითხოვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფას. მოსარჩელე ხ.ქ–ვა მიუთითებს მოპასუხეების მხრიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე, რაც ლახავს მოსარჩელის, პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
23. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას:
- დადგენილია, რომ ხ.ქ–ვა 2011 წლის 19 აპრილიდან 2019 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე;
- მიმდინარე პერიოდისათვის ხ.ქ–ვა მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე;
- ს.ს–ა 2002 წლის მარტის თვიდან 2011 წლის 18 აპრილამდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აპარატში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე (მთავარი სპეციალისტი, აპარატის უფროსის მოადგილე, აფხაზეთის დეოკუპაციის იდეოლოგიური უზრუნველყოფის განყოფილების გამგე, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე);
- ს.ს–ა პროფესიით პედაგოგია. ამავდროულად, ეწევა ჟურნალისტურ და სამწერლო საქმიანობას;
- სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ე.გ–ას, ა.წ–ვას, თ.ხ–ას, რ.შ–ას, დ.გ–იას, ნ.მ–ის, თ.ლ–ძის, რ.ქ–ას და ე.ა–ვას სარჩელი, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით, მოპასუხე ს.ს–ას მიმართ, დაკმაყოფილდა;
- აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მიერ 2021 წლის 30 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
- 2021 წლის 13 აპრილს ბ.მ–ვას „Facebook“-ის კედელზე, პოსტის სახით, აიტვირთა მოპასუხე ს.ს–ას ფოტოსურათი და სადავო წერილი (სათაურით ,,აფხაზეთის ა/რ-ის ე.წ. ხელისუფალთა ფსიქოლოგიური და ზნეობრივი შტრიხებისათვის სქემატურ მონახაზში. კიდევ ერთი ამოგმინვა, ანუ მორიგჯერ ცერცვის ამაოდ მიყრა უტიფარი წინგაუხედაობის კედელზე“) რომლის ავტორია ს.ს–ა;
- 2021 წლის 01 მაისს ბ.მ–ვას ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვის სახით გახმოვანდა ს.ს–ას ავტორობით იგივე სადავო წერილი. ვიდეოს ერთვის ს.ს–ას ფოტოსურათი;
- ს.ს–ას არ აქვს სოციალური ქსელის - ,,Facebook”-ის გვერდი და არც „Youtube“ არხის ანგარიში.
- ს.ს–ა არ არის სადავო ,,Facebook“ პოსტის და ,,Youtube“ არხზე სადავო აუდიო მიმართვის გამავრცელებელი;
- საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით ხ.ქ–ვა არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.
24. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ბ.მ–ვას სოციალურ ქსელის - ,,Facebook“-ის კედელზე 2021 წლის 13 აპრილს ატვირთული სადავო პოსტით (ავტორი ს.ს–ა) და 2021 წლის 01 მაისს ბ.მ–ვას ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვის სახით გახმოვანებული იგივე სადავო წერილით (ავტორი ს.ს–ა) გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს თუ არა, მოსარჩელის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.
25. წინამდებარე დავის ფარგლებში, ორი მნიშვნელოვანი უფლება უპირისპირდება ერთმანეთს: გამოხატვის თავისუფლება და პირის არაქონებრივი უფლებები - პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
26. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ სოციალური მედიის საშუალებით, სადავო განცხადებების გამავრცელებელი არის მოპასუხე ბ.მ–ვა, ხოლო გავრცელებული სადავო წერილის და აუდიო მიმართვაში გახმოვანებული იმავე შინაარსის ტექსტის ავტორია მოპასუხე - ს.ს–ა. ამასთან, ამ უკანასკნელს არ აქვს სოციალური ქსელის - ,,Facebook”-ის გვერდი და არც „Youtube“ არხის ანგარიში.
27. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სპეციალური კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს კერძო პირისა და საჯარო პირის სტატუსს და ამ პირთა მიმართ ცილისწამებას, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია, დადგინდეს მხარეები წარმოადგენენ კერძო პირებს თუ საჯარო პირებს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. იმავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო პირი არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; აგრეთვე პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; ან პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
28. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხ.ქ–ვა, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, წარმოადგენს კერძო პირს. შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთიც მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლება, რომ მოპასუხეების განცხადებები არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს მის შესახებ და ამ განცხადებით ზიანი მიადგა.
29. საკასაციო პალატა მოიხმობს ბ.მ–ვას მიერ სოციალური ქსელის - ,,Facebook”-ის გვერდის და „Youtube“ არხის ეთერში გავრცელებულ ს.ს–ას განცხადებას, რომლის შესწავლით ერთმნიშნველოვნად დასტურდება, რომ სადავო წერილში, ასევე ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვით გავრცელებულ იგივე შინაარსის ტექსტში, მოსარჩელე ხ.ქ–ვას სახელი და გვარი მოხსენებულია რამდენიმე ადგილას (აღნიშნულს სადავოდ არ ხდის კასატორი), კერძოდ: 1. ,,ამასთან, ერთად მომავალსაც იბევებენ და ნომენკლატურულ მემკვიდრეებად ტოვებენ, აწინაურებენ მათსავით უვინაო, უმაქნის, უვიც, უსამშობლოო, მიწაზე ვერ დატეული ამბიციით მოთარეშე ვიღაცათა თვითობას კი არა მარტო, მთლიანად ლასკარსაც კი (მაგალითად, სულით ავადმყოფი (პირდაპირი გაგებით) ხ.ქ–ვას ჭერქვეშეთის წევრები და მისთანები)..“; 2. ,,ასე მაგალითად, ხ.ქ–ვას ამაყად, ხმამაღლა და ნიშნისმოგებით აქვს ნათქვამი, - ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და კონსტანტინე გამსახურდია თუ არ ვიცი, ბიჭოს, ვერ გავხდი ისტორიის დოქტორიო!.. მართალია, მის ჩემთან დამსმენ ქალბატონს, მიუხედავად იმისა, რომ ზნეობრივად წუნკალია, მაინც ვერ დავასახელებ, მაგრამ მან თვითონ, ბატონმა ხ–მ შვილი დაიფიცოს, რომ არ უთქვამს ეს“; 3. ,,...მოდგმა კი არ იმემკვიდრეთ, არამედ, მარტო სულავადმყოფი კი არა, - ზნეობრივადაც სახიჩარ ხ.ქ–ვას ნომენკლატურულ ჭერქვეშეთის ერთბაშად საძოვრად ტოვებთ დიდი ბაგრატ მესამის გაშინაარსებულ სამკვიდროს და შორობუმუს ჩვენსას...“ (სადავო წერილის აბზაცები: 38,42,61); მითითებული ტექსტიდან (სადაც ავტორს სახელდებით ჰყავს დასახელებული ხ.ქ–ვა) მოსარჩელის მოთხოვნა მიემართება მხოლოდ ერთ ფრაზას, კერძოდ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და ცილისწამებლურ ინფორმაციად აღიარდეს სადავო გამონათქვამი - ,,ხ.ქ–ვა არის სულით ავადმყოფი“ (სასარჩელო მოთხოვნის 1.19 პუნქტი -,,Facebook“-ის გვერდზე სადავო წერილის აბზაცი 38, ხოლო ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვაში 00:21:02 წუთი). რაც შეეხება დანარჩენ სადავო ფრაზებს, რომელიც მოცემულია სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენ პუნქტებში, არც ერთ სადავო ფრაზაში, ტექსტიდან გამომდინარე არ ხდება მოსარჩელე ხ.ქ–ვას ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი კი საერთოდ გამორიცხავს ცილისწამებაზე შედავების შესაძლებლობას, როდესაც გავრცელებული განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი ფრაზები, მათი შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, არ არის საკმარისად კონკრეტული, არ შეიცავს მითითებას უშუალოდ მოსარჩელის პიროვნების შესახებ. გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, რომ მითითებული ფრაზები მიემართება უშუალოდ მოსარჩელე მხარის მიმართ და პირადად მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას აყენებს ზიანს. იმ ფაქტზე დაყრდნობა, რომ საკმაოდ მოცულობით წერილში და აუდიო მიმართვაში, ხ.ქ–ვას სახელი და გვარიც არის მოხსენებული რამდენიმე ადგილას, არ გულისხმობს, რომ ავტორი სხვა დანარჩენ შემთხვევაშიც, უპირობოდ მოიაზრებს მოსარჩელეს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეების მიერ გავრცელებული ის განცხადებები, სადაც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული, არ შეიძლება შეფასდეს მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობის გავრცელებად და არ შეიძლება დადგინდეს მოპასუხე მხარის კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა.
31. კასატორის პრეტენზიის პასუხად, სადაც იგი აღნიშნავს, რომ პირთა ჯგუფი/რაოდენობრივი მოცემულობა უნდა გავათანაბროთ არა პირთა განუსაზღვრელ წრესთან, არამედ უშუალოდ კონკრეტულ პირებთან, ვინაიდან მათი იდენტიფიცირება ხდება მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, პირთა დასახელება ხდება ნელ-ნელა, იწყება მე-7 აბზაცში, თუმცა იგი არ არის ამომწურავი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ის პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც ხდება მოცემულ სადავო ტექსტში, არ არიან მოსარჩელეები ამ სარჩელზე. შესაბამისად, ამ მხრივ, კასატორის პრეტენზია დასაბუთებულ პრეტენზიად არ მიიჩნევა.
32. რაც შეეხება 1.19 პუნქტით სადავოდ გამხდარ გამონათქვამს - ,,სულით ავადმყოფს’’, რომელიც ცალსახად მიემართება ხ.ქ–ვას, ამ ნაწილში საკასაციო პალატა მიიჩნევს , რომ საკასაციო საჩივარი არის დასაბუთებული.
33. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მოცემული გამონათქვამი წარმოადგენს აბსოლიტური პრივილეგიით დაცულ აზრს, თუ გამონათქვამი წარმოადგენს ცილისწამებას და შეიცავს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ მონაცემს/ბრალდებას.
34. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადების საჯაროდ გავრცელების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ არის.
35. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
36. ცილისწამებისათვის პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მის მიერ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
37. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით მოცემულია როგორც აზრის, ასევე ცილისწამების დეფინიცია, კერძოდ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აზრი განმარტებულია, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით ცილისწამება განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტამდე, მნიშვნელოვანია გაირკვეს მოპასუხის მიერ გავრცელებული გამონათვამები განეკუთვნება ფაქტებს, თუ შეფასებით მსჯელობას.
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: სიტყვა „აზრი“, ფართოდ განმარტებისას, გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომაც, ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ Nას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ საქმე №ას-569-540-2014, 11.03.2016; საქმე №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.).
39. შესაბამისად, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისთვის, უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს და ამავდროულად, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
40. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო ტექსტში გამოყენებულ გამონათქვამზე - ,,სულით ავადმყოფი’’, რომელიც აღნიშნავს პიროვნებას, რომელსაც აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ან ჭკუასუსტობა. ტერმინი „სულით ავადმყოფი“ ფსიქიატრიაში ისწავლება ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანის სინონიმად. ეს ტერმინი აღწერს ადამიანს, რომლის ფსიქიკური მდგომარეობა არ შეესაბამება ჯანსაღ ნორმას, რაც ხშირად დაკავშირებულია ქცევის, აზროვნებისა და ემოციების დარღვევებთან. ასეთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რეალობის აღქმის და ქცევის კონტროლის პრობლემა. ეს გამოთქმა ხშირად გამოიყენება როგორც სამედიცინო, ისე საყოფაცხოვრებო კონტექსტში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების აღსანიშნავად. ფსიქიკური დაავადება არის სამედიცინო დიაგნოზი, რომლის დადგენაც ხდება უშუალოდ სპეციალისტის მიერ. კერძოდ, ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. პირისათვის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დადგენის უფლება აქვს შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმს.
41. სამართლებრივ სივრცეში აღნიშნულ ტერმინში მოიაზრება პირი, რომელსაც ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეიძლება ჰქონდეს შეურაცხადობა და ვერ აგებდეს პასუხს თავის ქმედებებზე. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (2015 წლის 1 აპრილის ცვლილებამდე), კონკრეტულად კი სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო პირებს უზღუდავდა თავისუფლებას, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეეძინათ და განეხორციელებინათ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის 1290-ე მუხლის თანახმად, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს ასევე ერთმეოდა უფლება, წარმოედგინა საკუთარი თავი მესამე პირებთან ურთიერთობაში. ქმედუუნაროდ აღიარებული პირი ვერ დებდა გარიგებებს, ვინაიდან მისი ნება იყო ბათილი.
42. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით აღიარებულია შშმ პირებთან ურთიერთობის, კომუკინაციის ეთიკა, აღნიშნული რეკომენდაციის თანახმადაც, მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს თანამედროვე, კორექტული ენა, რომლის მიხედვითაც აღარ გამოიყენება სტიგმასთან დაკავშირებული სიტყვები: „ავადმყოფი“, „გიჟი“, „შიზოფრენიკი“, „ფსიქოზიანი“ და ა.შ. ისინი ჩანაცვლდა ტერმინებით: „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი“, „ფსიქოსოციალური შეზღუდვის მქონე ადამიანი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებელი/სერვისებით მოსარგებლე“ და ა.შ; ამავე რეკომენდაციის თანახმად, სტიგმა იწვევს უარყოფით დამოკიდებულებებს, უარყოფითი დამოკიდებულებები კი ქმნის ცრურწმენებსა და უარყოფით სოციალურ სტერეოტიპებს, რომლებსაც მივყავართ უარყოფით მოქმედებამდე და დისკრიმინაციამდე. (,,არასრულწლოვნებსა და სხვა მოწყვლად შრომით ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურებები’’. ევროპის საბჭო 2023 წ).
43. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსგავსი ტერმინით საჯაროდ გაკეთებული ამგვარი ტიპის შეფასება საზოგადოებაში ქმნის ნეგატიურ წარმოდგენას პირის შესახებ, არის შეურაცხმყოფელი. ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი პირის მოხსენიება, როგორ სულით ავადმყოფის, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს შესაბამისი სამედიცინო დიაგნოზი, წარმოადგენს არსებითად მცდარ ფაქტობრივ მტკიცებას, რომელიც ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას, ავტორიტეტს და პროფესიულ მდგომარეობას.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, კერძო პირის რეპუტაციის დასაცავად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შეზღუდვა, ევროსასამართლოს მიერ, აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად ფასდება. ეს არ გულისხმობს იმას, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.).
45. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოხატვის ფორმა იყო უხეში, შეურაცხმყოფელი. სადავო გამონათქვამი ფორმულირებულია უკიდურესად უსიამოვნო ტერმინით და ის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცილდება. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულება - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (2007 წლის მდგომარეობით), სადაც მოსარჩელის დიაგნოზის გრაფაში მითითებულია - ნევროლოგიურად ჯანმრთელი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ ხელყო მოსარჩელე მხარის უფლებები.
46. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
47. ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რეგულირების სფერო პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც იგი ღირსების უფლების სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის გარანტიებს ადგენს. აღნიშნული კოდექსის მე-18 მუხლი ღირსების სამოქალქო კუთხით დაცვას უზრუნველყოფს. იგი პირს შესაძლებლობას აძლევს, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს მისი პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანი რეპუტაციის ხელმყოფელი ცნობების უარყოფა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არაქონებრივი უფლებების შელახვად, ამ უფლებათა სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის სტანდარტის მიხედვით, ჩაითვლება ისეთი განცხადების ან ფაქტის გავრცელება, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე უფლებას. აღსანიშნავია, რომ მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს კანონით დადგენილი წესით პირის მიერ არაქონებრივი უფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვას. მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ პირის არაქონებრივი უფლებების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით.
48. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა რომ: „გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, „საჯაროდ გავრცელება“ არ გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ პრესასა თუ ტელევიზიაში გახმაურებას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სოციალური მედია, ბლოგინგი და მიკრობლოგინგი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. ნებისმიერი საშუალება, რომელიც ინფორმაციის პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიწოდებისათვის გამოდგება, საჯაროდ გავრცელების წყაროდ უნდა შეფასდეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქსელის არსსა და დანიშნულებაზე. სოციალური ქსელი არის პლატფორმა, გამიზნული ონლაინ სოციალური კავშირის შესაქმნელად იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები, საქმიანობის სფერო, ჰობი ან რეალური, ცხოვრებისეული კავშირი (ოჯახური, ნათესაური, სამსახურებრივი და ა.შ). თითოეული სოციალური ქსელი შედგება მომხმარებლის წარმომადგენლობისაგან (ე.წ „პროფაილი“), მისი კავშირებისა და დამატებითი სერვისებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის „ფეისბუქი“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. „ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტგამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს“ (იხ. სუსგ N ას-1559-1462-2012, 09.01.2014წ.).
49. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და ცილისწამებლურ ინფორმაციად უნდა აღიარდეს სადავო გამონათქვამი - ,,ხ.ქ–ვა არის სულით ავადმყოფი“ (სასარჩელო მოთხოვნის 1.19 პუნქტი -,,Facebook“-ის გვერდზე სადავო წერილის აბზაცი 38, ხოლო ,,Youtube“ არხზე აუდიო მიმართვაში 00:21:02 წუთი), ხოლო მოპასუხეებს უნდა დაევალოთ უარმყოფელი ცნობის გამოქვეყნება, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით.
50. რაც შეეხება მოთხოვნას - დაევალოს ბ.მ–ვას საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ინფორმაციის უარყოფის (ს.ს–ასთვის დაკისრებული უარყოფის) გამოქვეყნების შემდეგ, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში: ა. არ წაშალოს სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული „Facebook“ პოსტი და „Youtube“ ვიდეო; ბ. უცვლელად დატოვოს უარმყოფელი პოსტი და ვიდეომიმართვა, არ შეზღუდოს „Facebook“ პოსტისა და „Youtube“ ვიდეოს მნახველ მსურველთა აუდიტორია და უწყვეტად უზურნველყოს მათი საჯაროობა და წვდომა, როგორც ამ პლატფორმებზე რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ პირთათვის. გ. არ წაშალოს „Facebook-ზე“ დამეგობრებულ ადამიანთაგან, ხოლო „Youtube-ზე“ მიმდევართა რაოდენობიდან 30%-ზე მეტი.
51. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, რადგან კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით (სუსგ Nას-964-899-2017, 23 თებერვალი 2018 წელი).;
52. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხ.ქ–ვას ზემოაღნიშნული მოთხოვნა არის ნაწილობრივ საფუძვლიანი და ბ.მ–ვას დავალდებულება საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ინფორმაციის უარყოფის გამოქვეყნების შემდეგ, ერთ თვის განმავლობაში: ა. არ წაშალოს სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული „Facebook“ პოსტი და „Youtube“ ვიდეო; ბ. უცვლელად დატოვოს უარმყოფელი პოსტი და ვიდეომიმართვა, არ შეზღუდოს „Facebook“ პოსტისა და „Youtube“ ვიდეოს მნახველ მსურველთა აუდიტორია და უწყვეტად უზურნველყოს მათი საჯაროობა და წვდომა, როგორც ამ პლატფორმებზე რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ პირთათვის. გ. არ წაშალოს „Facebook-ზე“ დამეგობრებულ ადამიანთაგან, ხოლო „Youtube-ზე“ მიმდევართა რაოდენობიდან 30%-ზე მეტი, სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას და გაუმართლებლად არ შეზღუდავს მოპასუხე მხარის უფლებებს.
53. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
55. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრის უმეტესი ნაწილი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველი დავა არაქონებრივ დავას წარმოადგენს, სახელმწიფო ბაჟის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დაანგარიშება/ დაკისრება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ძირითადი ნაწილი არ დაკმაყოფილდა, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 53-ე, 55-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ხ.ქ–ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. დაევალოს მოპასუხე ს.ს–ას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, სოციალური მედიის საშუალებით („Facebook-ის“ ანგარიშზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100006699549176 და „Youtube-ს“ ანგარიშზე: https://m.youtube.com/user/beso3339/) გამოაქვეყნოს ცნობა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: მოპასუხე ს.ს–ას მიერ მოსარჩელე ხ.ქ–ვას მიმართ სოციალური მედიით გავრცელებული ცნობა - ხ.ქ–ვა არის სულით ავადმყოფი - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
5. დაევალოს ბ.მ–ვას, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ცნობების უარყოფა ინფორმაციის გავრცელების იმავე საშუალებით, კერძოდ, ბ.მ–ვამ, თავის „Facebook“ ანგარიშზე: (https://www.facebook.com/profile.php?id=100006699549176) „Facebook-ის“ საჯარო პოსტის სახით, განათავსოს სასამართლო გადაწყვეტილებით ს.ს–ასთვის დაკისრებული უარყოფა სრულად, წერილობითი სახით, საჯარო აუდიენციისათვის ხელმისაწვდომად, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს მიმართვის გავრცელებისას გამოყენებული ფოტო; ასევე ბ.მ–ვას საკუთარ „Youtube“ ანგარიშზე (https://m.youtube.com/user/beso3339/) დაევალოს ს.ს–ას ხმოვანი ვიდეოფაილის უარყოფის ატვირთვა საჯარო აუდიენციისათვის ხელმისაწვდომად, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს მიმართვის გავრცელებისას გამოყენებული ფოტო;
6. დაევალოს ბ.მ–ვას საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ინფორმაციის უარყოფის (ს.ს–ასთვის დაკისრებული უარყოფის) გამოქვეყნების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში:
ა. არ წაშალოს სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული „Facebook“ პოსტი და „Youtube“ ვიდეო;
ბ. უცვლელად დატოვოს უარმყოფელი პოსტი და ვიდეომიმართვა, არ შეზღუდოს „Facebook“ პოსტისა და „Youtube“ ვიდეოს მნახველ მსურველთა აუდიტორია და უწყვეტად უზრუნველყოს მათი საჯაროობა და წვდომა, როგორც ამ პლატფორმებზე რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ პირთათვის.
გ. არ წაშალოს „Facebook-ზე“ დამეგობრებულ ადამიანთაგან, ხოლო „Youtube-ზე“ მიმდევართა რაოდენობიდან 30%-ზე მეტი.
7. დაევალოს ბ.მ–ვას სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გავრცელებული ინფორმაციის - ,,ხ.ქ–ვა არის სულით ავადმყოფი’’ წაშლა, რომელიც გამოქვეყნდა მისსავე „Facebook-ზე“ 2021 წლის 13 აპრილს https://www.facebook.com/photo.php?fbid=3094316554134966&set=pb.100006699549176.- 2207520000..&type=3 და მისსავე „Youtube“ არხზე 2021 წლის 01 მაისს https://www.youtube.com/watch?v=bsMbXJs1bsw.
8. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი;
9. ხ.ქ–ვას მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე