Facebook Twitter

№ას-1466-2025

11 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.ნ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.გ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა გ.ნ–ის (ღ–ძე) (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა გამოთხოვილ იქნეს თანმხლებ პირებთან ერთად, მოპასუხე გ.ნ–ის უკანონო მფლობელობიდან ქონება, მდებარე დაბა აბასთუმანი, .........., ფართი 44,25 კვ.მ ს/კ ............

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, მ.გ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოთხოვილ იქნა თანმხლებ პირებთან ერთად, მოპასუხე გ.ნ–ის (პ/ნ .........) უკანონო მფლობელობიდან ქონება, მდებარე: დაბა აბასთუმანი, ............., ფართი 44,25 კვ.მ, ს/კ ..........;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, გ.ნ–ის (პ/ნ .........) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება; აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. უძრავი ნივთის, მდებარე: ადიგენი, დაბა აბასთუმანი, .........., არასაცხოვრებელი ფართი N2ბ, ფართი 44,25 კვ.მ, ს/კ ........., მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოსარჩელე მ.გ–ია.

მ.გ–იას საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტიებია: მომართვა N112-1122428439, დამოწმების თარიღი: 10/10/2024, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია; მომართვა N112-1122427828, დამოწმების თარიღი: 04/10/2024, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია; გადაწყვეტილება NM25002217, დამოწმების თარიღი: 25/02/2025, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; შეთანხმება, დამოწმების თარიღი: 07/10/2024, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25/09/2024, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

6.2. მ.გ–იას კუთვნილ უძრავ ქონებას (ს/კ ..........) ფლობს მოპასუხე გ.ნ–ი.

6.3. სადავო უძრავ ქონებას (მდებარე: ქ. ადიგენი, დაბა აბასთუმანი, ..........., არასაცხოვრებელი ფართი N2ბ, ფართი 44,25 კვ.მ, ს/კ .........) მოპასუხე გ.ნ–ი ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე, საჯარო რეესტრის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე. ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაშია, თავად მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით დაადასტურა რომ სადავო მისამართზე ფლობს გარკვეულ უძრავ ქონებას, თუმცა, მიუთითებდა, რომ კანონიერად ფლობს მას და იგი არ არის მოსარჩელის კუთვნილი ქონების იდენტური.

8. პალატის მითითებით, სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელოს 2025 წლის 26 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით მ.გ–იას სახელზე საკუთრებად ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ადიგენი, დაბა აბასთუმანი, .........., არასაცხოვრებელი ფართი N2ბ, ფართი 44,25 კვ.მ, ს/კ ..........

9. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო ფართი მოპასუხის მფლობელობაშია, მიუთითა საჯარო რეესტრის ამონაწერზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო მისამართზე მოპასუხე ადასტურებს გარკვეული უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ფლობს არა სადავო, არამედ სხვა ფართს, სწორედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა აღნიშნული და წარმოედგინა, ფაქტობრივად სხვა ფართში მისი მფლობელობის მტკიცებულება.

10. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განუხორციელებია შედავება სადავო უძრავი ქონების მფლობელობის ფაქტთან დაკავშირებით და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი დადგენილი. ხოლო იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სადავო ქონების მოპასუხის მიერ ფლობა, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერით დადასტურებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და მოპასუხეს ამავე სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით მოპოვებული არ აქვს, მისი ერთადერთი სამტკიცებელი გარემოება სადავო ქონების ფლობის მართლზომიერების დადასტურებაა, რაც მოპასუხემ ვერ შეძლო.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12.1. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მ.გ–იას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დაბა აბასთუმანში, .......... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 44,25 კვ.მ. აღნიშნული ფართი თავდაპირველად გაერთიანებული იყო N.......... კოდით ნანული გაგოშიძესთან ერთად 150 კვმ-თან და შემდეგ დაიყო. შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით არ არის ასახული მოპასუხის კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართობი და რეალური მდგომარეობისგან განსხვავდება. მოსარჩელის ამონაწერში არ არის მითითებული, რომ ეს ფართი ნამდვილად პირველ სართულზე მდებარეობს, არც სადარბაზო და არც ბინის ნომერი არ არის აღნიშნული. შესაბამისად, ჯერ დასადგენია ნამდვილად მოპასუხის კანონიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი აქვს რეგისტრირებული თუ არა. როგორც საჯარო რეესტრის პირველადი რეგისტრაციის ამონაწერიდან ირკვევა, უფლების დამდასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2001 წლის 11 ივლისს გაცემული N93ა საკუთრების უფლების მოწმობა, ხოლო უძრავი ქონება დარეგისტრირდა 2024 წლის სექტემბრის ბოლოს და რეგისტრაციისთანავე, ოქტომბრის დასაწყისში ნაწილი გასხვისდა. ამასთან, მოსარჩელე იყო წარმომადგენელი პირველადი რეგისტრაციის დროსაც.

12.2. მოპასუხის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი და მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ფართი სხვადასხვა ფართებია, კერძოდ, მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე 2002 წლის 03 სექტემბრიდან (განცხადების რეგისტრაციის N8852/02, ს/კ: ..........), რეგისტრირებული/აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივშიც, 2004 წლამდე სანამ არსებობდა ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის არქივი, ეს ფართი სწორედ მათზე იყო გადაცემული უზუფრუქტის უფლებით, აღნიშნული სამსახურის გაუქმების შემდეგ ფლობს მოპასუხე. N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირველად უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2001 წლის N93ა საკუთრების უფლების მოწმობა, გაცემული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადიგენის რაიონული განყოფილების მიერ, შესაბამისად, გამორიცხულია 2001 წელს გაცემული იყოს საკუთრების უფლების მოწმობა და შემდგომ 2002 წელში რეგისტრირდებოდეს ისევ სახელმწიფოს სახელზე და გაიცეს უზუფრუქტით, თან ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის არქივის სახელზე, აღნიშნული სამსახური იქ წლების მანძილზე ბევრად ადრეც 1990 წლებიდან ფუნქციონირებდა.

12.3. გარდა ამისა, საქმეში არ არის წარდგენილი ექსპერტისა და მინიმუმ ლიცენზირებული სპეციალისტის დასკვნა, საიდანაც დადასტურდება, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი ნამდვილად მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ნივთს წარმოადგენს, მთლიანად მოიცავს თუ ნაწილობრივ და ასე შემდეგ.

12.4. მოპასუხე დაბა აბასთუმანში .......... მდებარე საცხოვრებელ ფართს ფლობს 2000 წლიდან, იგი არის კანონიერი და მართლზომიერი მფლობელი, რეგისტრირებულია აბონენტად ენერგო-პრო ჯორჯიაში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში და იხდის ყველანაირ კომუნალურ გადასახადებს, სარჩელის ჩაბარებამდე არავის არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზია. გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2011 წლის 24 ივნისის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 იანვრის N1 დადგენილებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენის გატანის მომსახურებისათვის, შესაბამისად, ვალდებული იყო, გადაეხადა და ამ დღიდან მოყოლებული იხდის სისტემატურად.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინებით გ.ნ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

20. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

21. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია ძირითადად ეფუძნება იმას, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხის მიერ დაკავებული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქონების იდენტურობის ფაქტი.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმები იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს - როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11 ნოემბერი, 2013 წელი).

24. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას, უპირველესად, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტის დადასტურების ვალდებულება, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და მოპასუხე მისი ნებართვის გარეშე ფლობს ქონებას. აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ კი, მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს გადაინაცვლებს, რომელმაც საპასუხოდ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება აქვს. ამგვარი მტკიცების ტვირთის რეალიზებისათვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება.

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთის, მდებარე: ადიგენი, დაბა აბასთუმანი, .........., არასაცხოვრებელი ფართი N2ბ, ფართი 44,25 კვ.მ, ს/კ .........., მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოსარჩელე მ.გ–ია, რაც დასტურდება 26.02.2025 წლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა). სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მითითებულ ქონებას მოპასუხე უკანონოდ ფლობს. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება მოპასუხის შესაგებელს, სადაც მან დაადასტურა სადავო მისამართზე გარკვეული უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ კანონიერად ფლობს მას და აღნიშნული არ არის მოსარჩელის კუთვნილი ქონების იდენტური.

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

27. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ არ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს და მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი და მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ფართი სხვადასხვაა. ამის დასადასტურებლად, კასატორი უთითებს, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე 2002 წლის 03 სექტემბრიდან (განცხადების რეგისტრაციის N8852/02, ს/კ: ........), რეგისტრირებული/აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივშიც, 2004 წლამდე სანამ არსებობდა ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის არქივი, ეს ფართი სწორედ მათზე იყო გადაცემული უზუფრუქტის უფლებით, ხოლო ამ სამსახურის გაუქმების შემდეგ ფლობს მოპასუხე. ხოლო N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირველად უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს კი წარმოადგენს 2001 წლის N93ა საკუთრების უფლების მოწმობა, გაცემული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადიგენის რაიონული განყოფილების მიერ, შესაბამისად გამორიცხულია 2001 წელს გაცემული იყოს საკუთრების უფლების მოწმობა და შემდგომ 2002 წელში რეგისტრირდებოდეს ისევ სახელმწიფოს სახელზე და გაიცეს უზუფრუქტით, თან ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის არქივის სახელზე, აღნიშნული სამსახური იქ ბევრად ადრეც 1990 წლებიდან ფუნქციონირებდა. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარდგენილი ექსპერტის, ან მინიმუმ ლიცენზირებული სპეციალისტის დასკვნა, საიდანაც დადასტურდება, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი ნამდვილად მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ნივთს წარმოადგენს, ან მთლიანად მოიცავს თუ ნაწილობრივ.

28. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რაც მან უნდა განახორციელოს უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომლებიც ობიექტურად დაადასტურებს სარჩელში მითითებულ სადავო გარემოებებს. მოპასუხე კი მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

29. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე აცხადებს, რომ ფლობს არა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, არამედ სხვა ფართს, სწორედ მას ეკისრება აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება. ის ფაქტი, რომ ამონაწერში არაა მითითებული, სადარბაზო, სართული და ფართის ნომერი, არ გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი ქონების არამართლზომიერად ფლობას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სხვადასხვა ფართებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის შესახებ აპელანტის მსჯელობა

30. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

31. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა მათ, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ნ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. გ.ნ–ს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს ა. პ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საგადახდო დავალება №30115609260, გადახდის თარიღი 31.10.2025);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე