Facebook Twitter

№ას-1504-2025

11 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ნ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.მ–მა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თ.ნ–ის მიმართ, ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით.

1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ.მ–ს უარი ეთქვა გორის რაონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/742-24) არასრულწლოვანი შვილების - 2008 წლის 12 თებერვალს დაბადებული - გ.მ–ის (პ/ნ ..........) და 2010 წლის 26 იანვარს დაბადებული - ლ.მ–ის (პ/ნ .........) სასარგებლოდ დაკისრებული 500-500 ლარის ოდენობით ალიმენტის 350-350 ლარამდე შემცირებაზე.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, მ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. დადგენილი არის, რომ მ.მ–ს და თ.ნ–ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - გ.მ–ი და ლ.მ–ი.

5.2. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ბავშვები კი ცხოვრობენ და იზრდებიან მოპასუხესთან.

5.3. გორის რაონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტს შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500-500 ლარის ოდენობით. სხენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

5.4. 2025 წლის 30 იანვარს აპელანტმა აღძრა სარჩელი და დაკისრებული ალიმენტის შემცირება მოითხოვა.

6. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს ალიმენტი 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით დაეკისრა და ამის შესაბამისად, ალიმენტის შემცირების ან გაზრდის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო 2024 წლის 13 მაისის შემდგომი მოვლენები, შეცვლილი ვითარება, რაც მხარეთა მატერიალურ ან ოჯახურ მდგომარეობაზე აისახებოდა.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის დაკისრების შემდეგ აპელანტის ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობა არ შეცვლილა. 2024 წლის 23 მაისამდე აპელანტის ქონებრივი მდგომრეობის ამსახველი მტკიცებულებები კი საქმეში არ მოიპოვებოდა. ამ ვითარებაში, პალატამ მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლები არ არსებობდა და რაიონულმა სასამართლომ სარჩელი არსებითად სწორად არ დააკმაყოფილა.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

9. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები. კერძოდ, მ.მ–ი არის შშმ პირი და არ არის ჯანმრთელი და შრომისუნარიანი, მისი შემოსავალი ყოველთვიურად საქართველოში შეადგენს 155 ლარს, ასევე არ გაითვალისწინა მეორე ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს კიდევ ჰყავს და მის კმაყოფაზეა ორი მცირეწლოვანი შვილი - დ. და ტ. მ–ები. ხოლო, მოწინააღმდეგე მხარეს არავინ ჰყავს დამატებით სარჩენი, ჯანმრთელი და შრომისუნარიანია და შესწევს უნარი, უზრუნველყოს თავისი შვილები მატერიალურად. მოპასუხეს დავის პერიოდში შეძენილი აქვს უძრავი ქონება. სასამართლო იყო არასამართლიანი და ტენდენციური, გასცდა ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს, როდესაც შშმ პირს დააკისრა ჯერ 500-500 ლარი, ხოლო შემდეგ იგივე დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ისე რომ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული არც მტკიცებულებანი და არც ფაქტობრივი გარემოებანი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მ.მ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (გორის რაონული სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) არასრულწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ მშობლისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 1221-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

18. კანონის მოცემული ნორმიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. აქ ჩნდება კითხვა: რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა? საკასაციო პალატის მოსაზრებით, აქ იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს ალიმენტის ოდენობა.

19. ხსენებული მუხლის დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან, სსკ-ის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას, მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს აღნიშნული ალიმენტის ოდენობაში სასამართლოს მიერ ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ საქმე №ას-617-585-2014, 30.12.2014წ.).

20. ამასთან, გასათვალისწინებელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ „მტკიცების თვალსაზრისით, ალიმენტის ოდენობის შესახებ სარჩელის აღძვრისას გარემოებათა არსებითად შეცვლის დადასტურება მოსარჩელეს ევალება, ამასთანავე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს მისი ოდენობის საკითხი (იხ. სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები. მხარეთა მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი განმარტებები სადავო ფაქტების სამტკიცებლად საკმარისად ვერ ჩაითვლება და მხარეთათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

23. კასატორი გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებზე, რომ არის შშმ პირი, მისი შემოსავალი შეადგენს 155 ლარს, ასევე მის კმაყოფაზე არის ორი მცირეწლოვანი შვილი. აღნიშნულის დასტურად წარმოადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სერვის ცენტრის ცნობა და დაბადების მოწმობები.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ ეფუძნება არცერთ ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ალიმენტის დაკისრების (2024 წლის 13 მაისის) შემდეგ წარმოიშვა და შეეძლო გავლენა მოეხდინა მის გადახდისუნარიანობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის ჯანმრთელობის და ოჯახური ვითარების შეცვლის და მატერიალური მდგომარეობის არსებითი გაუარესების ფაქტი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, შეეფასებინა მოსარჩელის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა გადაწყვეტილების მიღების დროისთვის არსებულ ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით და შვილების დაბადების მოწმობებზე დაყრდნობით ვერ დადგინდება ალიმენტვალდებული პირის რეალური, იმგვარად გაუარესებული მატერიალური მდგომარეობა, რაც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს მის სასარგებლოდ.

25. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.). ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის (დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება) წარდგენა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების შესაცვლელად საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

28. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. 30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. 31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე